18 იანვარი 2021 - 10:38

ჯულიან ასანჟს აშშ-ს (ჯერ) არ გადასცემენ. ბრიტანეთის სასამართლოს აზრით, ამერიკელები მას თვითმკვლელობისგან ვერ დაიცავენ

ჯულიან ასანჟი

ჯულიან ასანჟი

ფოტო: Sky News

ბრიტანეთის სასამართლომ აშშ-ის ხელისუფლებას WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ექსტრადიციაზე უარი განუცხადა. ამ უკანასკნელს ამერიკის ხელისუფლება საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოქვეყნებაში ადანაშაულებს. ყველა ბრალდების გათვალისწინებით, ასანჟს 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. თუმცა მოსამართლე ვანესა ბარაიტზერმა ჩათვალა, რომ WikiLeaks- ის დამფუძნებელს შეუძლია ამერიკის ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. ამავდროულად, გამომძიებლის მომხრეები თვლიან, რომ ასანჟის დევნა თავიდანვე პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

რამ განაპირობა ბრიტანელი მოსამართლის ეს გადაწყვეტილება?

მოსამართლე ვანესა ბარაიტზერმა თავისი გადაწყვეტილების მოტივად განაცხადა, რომ ასანჟი "ტოვებს დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის შთაბეჭდილებას, ზოგჯერ კი - სასოწარკვეთილისასაც, რომელსაც საკუთარი მომავლის ეშინია". მისი განმარტებით, აშშ-ის სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ წარმოადგინეს იმის საკმარისად დამაჯერებელი გარანტია, რომ ექსტრადიციის შემდეგ ასანჟი თავს ვერ მოიკლავს.

რამ მიიყვანა აქამდე ჯულიან ასანჟი?

აშშ-ში ასანჟს 175 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას ბრალად ედება საიდუმლო ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება (17 პუნქტი, თითოეულზე 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა) და ჰაკერული თავდასხმის შეთქმულებაში მონაწილეობა (5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა). აღნიშნული ბრალდებები დაკავშირებულია ამერიკული დაზვერვისა და შეიარაღებული ძალების საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებასთან, რომელზე წვდომის უფლებაც ასანჟს CIA-ს ყოფილმა თანამშრომელმა ჩელსი მენინგმა (ტრანსგენდერობამდე ის ბრედლი მენინგის სახელს ატარებდა) მიანიჭა. ეს მასალები ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ეხებოდა. აღნიშნული დოკუმენტაცია მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვისა და ამერიკელი სამხედროების მიერ ტყვეების წამების ფაქტებსაც მოიცავდა. გარდა ამისა, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო დიპლომატიური მიმოწერა.


ყველა ეს დოკუმენტი WikiLeaks-ის ვებგვერდზე 2010–2011 წლებში გამოქვეყნდა. ასანჟისა და მისი მომხრეების თვალსაზრისით, ის მოქმედებდა როგორც გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელმაც წყაროსგან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებმა განაცხადეს, რომ WikiLeaks-ის პუბლიკაციებმა მათ საშუალება მისცა, მათი ახლობლების შესახებ სიმართლე გაეგოთ და ზოგიერთ შემთხვევაში, დამნაშავეები სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მიეცათ. ასანჟის საცოლემ, სტელა მორისმა განაჩენის გამოტანამდე დაწერა, რომ აშშ-ში ჯულიანის ექსტრადიცია მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ ნებისმიერ საუბარს მკვეთრად გაართულებს. 


თავის მხრივ, აშშ-ის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ასანჟი ინფორმაციის გაჟონვის ორგანიზებაში უშუალოდ მონაწილეობდა და ქვეყნის კანონმდებლობა მრავალგზის უხეშად დაარღვია. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ბარაიტზერმა WikiLeaks-ის დამფუძნებლის ექსტრადიციაზე უარი თქვა, ის ამერიკელ პროკურორებს იმაში დაეთანხმა, რომ ბრალდებულის ქმედებები ჟურნალისტური სტანდარტებისგან შორს იყო. ასანჟის ინფორმატორი ჩელსი მენინგი აშშ-ში 2013 წელს გაასამართლეს, მაგრამ პრეზიდენტის პოსტის დატოვებამდე ბარაკ ობამამ ის 2017 წელს შეიწყალა. ჩელსი მენინგი კვლავ დააკავეს 2019 წლის მარტში, როდესაც WikiLeaks-ის დამფუძნებლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. 

ჯულიან ასანჟი ციხეში წელიწად-ნახევარზე მეტია იმყოფება. წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი ბრიტანეთის ხელისუფლებას არაადამიანურ მოპყრობაში  ადანაშაულებს

ასანჟის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება სხვადასხვა მიზეზით 10 წელზე მეტია მიმდინარეობს. პირველი საქმე WikiLeaks-ის დამფუძნებლის წინააღმდეგ შვედეთის პროკურატურამ დაიწყო 2010 წლის დეკემბერში, როდესაც ვებგვერდზე ზემოხსენებული პუბლიკაციები ქვეყნდებოდა. მას სტოკჰოლმში მოგზაურობის დროს გაუპატიურებაში დასდეს ბრალი. ამის შემდეგ ასანჟი ბრიტანეთის პოლიციას ჩაბარდა და გირაოთი გაათავისუფლეს. თუმცა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მისი შვედეთში ექსტრადიცია გადაწყვიტა, მან ლონდონში არსებულ ეკვადორის საელჩოს შეაფარა თავი. თავად ასანჟი კი ამტიცებდა, რომ შვედეთის ხელისუფლება აშშ-ისთვის მის გადაცემას გეგმავდა. მალე ამერიკაში მის წინააღმდეგ პირველი საქმეც აღიძრა. 2017 წელს შვედეთის პროკურატურამ გამოძიება შეაჩერა და აღნიშნა, რომ მას არ შეეძლო საქმის დასრულება ასანჟის ჩვენებების გარეშე, რაც შეუძლებელია, სანამ ის ეკვადორის საელჩოში რჩებაო. 


CNN-ის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 2016 წელს, აშშ-ში საარჩევნო კამპანიის დროს, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებისგან მოპარული წერილების გამოქვეყნებას ჯულიან ასანჟი პირადად ხელმძღვანელობდა. აქ საუბარია იმ პუბლიკაციებზე, რომლებიც სპეცპროკურორ რობერტ მიულერის თქმით, რუსული დაზვერვის ოფიცრებმა კიბერთავდასხმის შედეგად მოიპოვეს. ითვლება, რომ აღნიშნულმა წერილებმა დონალდ ტრამპის ოპონენტის, ჰილარი კლინტონის კომპრომეტირება შეძლო. ამ ხნის განმავლობაში, ასანჟი სავარაუდოდ შეხვდა ტელეკომპანია RT-ის წარმომადგენლებს, სადაც ის 2012 წელს პროგრამა World Tomorrow-ს წამყვანი იყო. 


2019 წლის აპრილში ეკვადორის ხელისუფლებამ ასანჟი პოლიტიკური თავშესაფრის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ ის იძულებული გახდა საელჩოს შენობა დაეტოვებინა და ბრიტანეთის პოლიციამ მაშინვე დააპატიმრა. სასამართლომ ასანჟს ეკვადორის საელჩოში გაქცევისთვის 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შემდეგ მალევე წამების საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ნილს მელცერმა ბრიტანეთის ხელისუფლება WikiLeaks-ის დამფუძნებლისადმი არაადამიანურ მოპყრობასა და აშშ-ს ხელისუფლებასთან შეთქმულებაში დაადანაშაულა. 


WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯანმრთელობის საგანგაშო მდგომარეობის შესახებ შეშფოთება ბევრმა ექიმმაც გამოთქვა. მათ შექმნეს ასოციაცია "ექიმები ასანჟისთვის" და ავტორიტეტული სამედიცინო გამოცემა The Lancet-ით მისი გათავისუფლება მოითხოვეს. ანალოგიური მოთხოვნა ჰქონდა ჟურნალისტურ ორგანიზაციას ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”. საქმეს მოსამართლე ვანესა ბარაიტზერი ხელმძღვანელობდა. მან იზოლატორიდან ასანჟის გათავისუფლებაზე უარი რამდენჯერმე თქვა, მათ შორის მაშინაც კი, როდესაც ადვოკატები ციხეში COVID-19-ით ინფიცირების მაღალ რისკზე საუბრობდნენ. ყოველ ჯერზე მოსამართლე ბარაიტზერი იხსენებდა იმ ფაქტს, რომ გირაოთი პირველად გათავისუფლების შემდეგ, WikiLeaks-ის დამფუძნებელი გაიქცა. იმავდროულად, შვედეთის პროკურატურამ გაუპატიურების საქმის გამოძიება განაახლა. თუმცა მალევე საბოლოოდ დახურა საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო, რადგან მათი კომპენსირება სავარაუდო დანაშაულიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეუძლებელი იყო. 2020 წლის მაისში კი ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხის მოსმენა დაიწყო. ამ დროისთვის მისი იზოლატორში ყოფნის ვადაც გაგრძელდა. 


სასამართლო სხდომები ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო არაერთხელ გადაიდო. მრავალი მოწმე იძულებული გახდა ჩვენება ვიდეოზარით მიეცა, ზოგ შემთხვევაში პირადი ჩვენება წერილობითით ჩანაცვლდა, ზოგიერთმა უფლებადამცველმა პროცესის ტრანსლაციაზე წვდომა ვერ მიიღო - როგორც მოსამართლე ბარაიტზერმა განაცხადა, ამ ყველაფრის მიზეზი ტექნიკური პრობლემები იყო. ორგანიზაციის ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” წარმომადგენლებმა ”შოკისმომგვრელი” უწოდეს იმ პირობებს, რომელშიც სასამართლო პროცესი ჩატარდა.

ექსტრადიციაზე უარის გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა - არა საბოლოო

ამ ფონზე ცოტას სჯეროდა, რომ ბრიტანული სასამართლო აშშ-ის ხელისუფლებას ექსტრადიციაზე უარს ეტყოდა, მიუხედავად იმისა, რომ ასანჟის გათავისუფლების კამპანიამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო. ამას განსაკუთრებით მხარს ბევრი გერმანელი პოლიტიკოსი უჭერდა. განაჩენის გამოცხადების წინა დღეს, ასანჟის გათავისუფლების მოთხოვნით, პიკეტირება მოაწყვეს ლონდონში, ბერლინსა და ევროპის სხვა ქალაქებში. იმასაც კი ამბობდნენ, რომ თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში WikiLeaks-ის დამფუძნებელს დონალდ ტრამპი შეიწყალებდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. 


ასანჟის მომხრეები, რომლებიც სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ, ექსტრადიციაზე უარის თქმის ამბავს აპლოდისმენტებით შეხვდნენ. WikiLeaks-ის დამფუძნებელს მხარს უჭერდა ბევრი ბრიტანელი პოლიტიკოსიც, მათ შორის - მმართველი კონსერვატიული პარტიის წევრები. ისინი თვლიან, რომ ასანჟი, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლი გახდა. ამავე დროს, ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მოსამართლე ბარაიტზერი ასანჟის ქმედებების ხასიათის შესახებ ამერიკული მხარის არგუმენტებს დაეთანხმა. ამ ორგანიზაციის იურისტები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ WikiLeaks-ის დამფუძნებელი თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო იდევნებოდა და  ხელისუფლების მხრიდან ამის აღიარებას ითხოვენ. 


აშშ-ის პროკურატურას, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, განაჩენის გამოცხადებიდან 14 დღე აქვს. ასანჟის დედა აპელაციაზე უარის თქმას ითხოვს და ათი წლის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესებს "საკმარის სასჯელს" უწოდებს. თუმცა აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ ისინი მოსამართლე ბარაიტზერის განაჩენს გაასაჩივრებენ.

სხვა თემები