12 იანვარი 2021 - 14:06

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედება

ზაზა შათირიშვილი

ზაზა შათირიშვილი

ფოტო: IMEDI

უკვე კარგა ხანია, რაც დიდი იდეოლოგიების კვდომის ეპოქა დადგა. როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში საზოგადოებრივი ენთუზიაზმი ბოლომდე დაიწრიტა. გადმოცემები, ლეგენდები, მითები თუ თქმულებები კაცობრიობის ინფანტილიზმის გამოხატულებად ჩაითვალა, ხოლო უანგარობა და ქველმოქმედება - ინტელექტუალური ალგორითმის ყველაზე უფრო ნატიფ და ეშმაკურ გამოვლინებად. ჩვენ დიდი ხანია, აღარ გვწამს უანგარო ჟესტისა,  მითუმეტს პოლიტიკაში. ამიტომაც, ლამის პოტენციურად არ გვჯერა იმისა, რასაც პოლიტიკური ქველმოქმედება შეიძლება ვუწოდოთ და რომელიც, არსებითად, განსხვავდება ჩვეულებრივი ქველმოქმედებისა თუ ფილანთროპიისაგან.

- მაგრამ რა არის პოლიტიკური ქველმოქმედება?

ბიძინა ივანიშვილი ორჯერ მოვიდა პოლიტიკაში - ჯერ მოგვაცილა ტრაგიკომიკური ტირანია და მაშინვე წავიდა, ხოლო მეორედ - დაბრუნდა, რათა შეექმნა პოლიტიკურ სისტემა. ამის შემდეგ, როცა დარწმუნდა, რომ ხალხმა შეიძინა საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება და რომ უკვე საჭირო აღარ იყო ის ჭარბი პოლიტიკური ნდობა, რომლითაც ქართველმა ხალხმა ის აღჭურვა, ბიძინა ივანიშვილი მეორედ ჩამოცილდა პოლიტიკურ ველს. აი, სწორედ ესაა პოლიტიკური ქველმოქმედება, როგორც  უანგარო პოლიტიკური ჟესტი.

თუკი მეცენატობა-ქველმოქმედება ესაა რეალური კაპიტალის ნაციონალურ პროექტებში დაბანდება ყოველგვარი პირადი ინტერესისა და პირადი მოგების გარეშე, პოლიტიკური ქველმოქმედება ესაა სიმბოლური კაპიტალის - ნდობის ხალხისთვის უკან დაბრუნება, როცა ამ ნდობის მატარებელი ადამიანი უარს ამბობს ყოველგვარ ძალაუფლებაზე.

ბიძინა ივანიშვილმა, ერთი მხრივ, თავისი ქონების უდიდესი ნაწილი ხალხის საკუთრებად აქცია, ხოლო, მეორე მხრივ, ის უდიდესი პოლიტიკური ნდობა, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა, ასევე, უკან დაუბრუნა საკუთარ ხალხს. ძველი რომაელი პოლიტიკოსის არ იყოს, მან უარი თქვა ყოველგვარ ძალაუფლებაზე და მისი მშვიდობიანი ტრანზიცია მოახდინა: მან ძალაუფლება ერთ რომელიმე (თუნდაც საკუთარ) პარტიას კი არა, არამედ - მთელ ხალხს გადასცა. აი, სწორედ ესაა პოლიტიკური ქველმოქმედება.

წინა ეპოქაში, რომელსაც ტრადიციული თუ კლასიკური კულტურის პერიოდსაც უწოდებენ და რომელიც კარგა ხანია, რაც დასრულდა, არსებობდა გადმოცემებები შესახებ ძლიერთა ამა ქვეყნისათა, რომლებსაც ერთ მშვენიერ დღეს დაუტოვებიათ მთელი მათი ძალაუფლება და ჯვალოში გამოწყობილთ ან მონასტრისთვის მიუშურებიათ, ან მთელი დარჩენილი ცხოვრება მუდმივ პილიგრიმობაში გაუტარებიათ. ჩვენ დღეს ამ “ქესიების” უკან ეშმაკურ დაფარულს საზრისს ან იძულების ფარულ გამოვლინებას ვეძებთ.

გავა დრო და ჩვენი ცინიკური კულტურა სრულიად განსხვავებული კულტურით შეიცვლება რომელიც, როგორც ჩანს, უფრო მკაცრი და დაუნდობელი, მაგრამ, ამასთანავე, უფრო პირდაპირი იქნება. და სწორედ მათთვის ჩვენი ეპოქიდან შემორჩენილი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ამოშალა ერთმა მილიარდერმა “ფორბსის” ნუსხიდან საკუთარი თავი, რადგან თითქმის მთელი თავისი ქონება საკუთრ ხალხს უანგაროდ დაუტოვა, ისეთივე გასაოცარი და დაუჯერებელი იქნება, როგორც ჩვენთვის ის ძველი თქმულებები შესახებ ჯვალოში გადაცმულ ძლიერთა ამა ქვეყნისათა, რომელთაც მთელი თავისი ძალაუფლება მიატოვეს. მაგრამ ყველაზე უფრო დაუჯერებელი ჩვენ ისტორიაში ის გახლვთ, რომ ეს ორივე ნაბიჯი ერთმა და იგივე ადამიანმა გადადგა.

ზაზა შათირიშვილი

სხვა თემები