20 იანვარი 2021 - 14:01

მართალია თუ არა, რომ D ვიტამინის მიღება კოვიდინფიცირების შემთხვევაში სასარგებლოა? 

ფოტო: shutterstock.com

ბლოგებითა და საინფორმაციო საშუალებებით ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ D ვიტამინი COVID-19-ის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, უკვე გამოქვეყნებულია არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც ეს საკითხია გამოკვლეული. რა არის სინამდვილეში ცნობილი ახალი კორონავირუსისა და ორგანიზმში D ვიტამინის დონის ურთიერთკავშირის შესახებ? ღირს თუ არა ამ პრეპარატის დამატებით მიღება?

ბოლოს და ბოლოს, ღირს თუ არა?

ეს საკმაოდ რთული საკითხია. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი მხრივ, ამჟამად არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ D ვიტამინი COVID-19-ის პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით მიიღოთ. მეორე მხრივ კი, ის შეიძლება სხვა მიზეზების გამო იყოს საჭირო. 


უფრო დეტალურად თუ განვიხილავთ, არსებობს კვლევები, რომლებშიც მეცნიერებმა შეისწავლეს, ავადდებიან თუ არა COVID-19-ით D ვიტამინის უკმარისობის მქონე ადამიანები. ამავდროულად, ჩატარდა კვლევები, რომელთა მიზანიც იყო დაედგინათ, რამდენად მძიმედ ვითარდება ახალი კორონავირუსი D ვიტამინის დეფიციტის მქონე და არ მქონე პირებში. შედეგები ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდა. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, D ვიტამინის უკმარისობა კოვიდინფიცირებასა და მის რთულ მიმდინარეობასთან მართლაც არის დაკავშირებული, სხვა კვლევის მიხედვით კი - არა. უფრო მეტიც, ცხადი გახდა, რომ ზოგიერთმა ავტორმა გადაწყვიტა, სწორედ ამ ცხელი თემის წყალობით მიეპყრო ყურადღება. მათ აშკარად დაბალხარისხიანი კვლევა ჩაატარეს და ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში D ვიტამინის შესაძლებლობების შესახებ საკმაოდ ხმამაღალი დასკვნა გამოიტანეს. 


ამ მხრივ, სახასიათოა ის ფაქტიც, რომ COVID-19-ის მკურნალობის ამ დროისთვის არსებული ძირითადი რეკომენდაციების უმრავლესობაში D ვიტამინი მოცემული არ არის. იქ კი, სადაც ის მოხსენიებულია, მის მიღებაზე რეკომენდაციის გაწევას ერიდებიან (ამის შესახებ წერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც). 


ამავდროულად, არსებობს თეორიული საფუძველი იმისთვის, რომ D ვიტამინზე გარკვეული იმედები დამყარდეს - COVID-19-ით ინფიცირების პროცესსა და დაავადების მიმდინარეობაზე მისი გავლენა შეისწავლონ. კერძოდ, D ვიტამინი იმუნური სისტემის მუშაობაში მონაწილეობს და ეხმარება მას,  ვირუსულ ინფექციებს გაუმკლავდეს, ასევე ხელს უშლის ზედმეტად მძაფრ რეაქციას, რამაც შეიძლება ადამიანს ზიანი მიაყენოს.

და როგორ მოვიქცეთ? 

შესაძლებელია დეყრდნოთ სპეციალურ სახელმძღვანელოს, რომელიც 2020 წლის 17 დეკემბერს, დიდ ბრიტანეთში გამოიცა. ჯანმრთელობისა და სამედიცინო დახმარების ხარისხის ეროვნული ინსტიტუტისა და კვების სამეცნიერო მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციაა, რომ მიიღოთ იმავე დოზის D ვიტამინი, როგორც ეს პანდემიამდე ხდებოდა. 


ექსპერტების აზრით, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში, ახალი კორონავირუსული ინფექცია უფრო რთულ ფორმებში მიმდინარეობს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის მიზეზი სწორედ ზემოთ ხსენებული უკმარისობაა. მაგალითად, ჭარბი წონისა და მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებიც რისკჯგუფს მიეკუთვნებიან. 


ამიტომაც ბრიტანელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ D ვიტამინის დანიშვნის ერთადერთი მიზეზი არის COVID-19, ამის გაკეთება საჭირო არ არის. ამ მიდგომის დასანერგად ძალიან მწირი მონაცემები არსებობს, განსაკუთრებით კი მკურნალობის კუთხით.

შეიძლება თუ არა პროფილაქტიკის მიზნით, სხვა ვიტამინები მივიღო? 

არა, ასეთი პროფილაქტიკური საშუალებები არ არსებობს. იმისათვის, რომ COVID-19-ით არ დაავადდეთ და ვირუსი არც სხვას გადასდოთ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია:


•    ხელები რეგულარულად და სწორად დაიბანოთ
•    სახეს არ შეეხოთ
•    სულ ცოტა, 2-მეტრიანი დისტანცია დაიცვათ!
•    ატაროთ პირბადე
 

სხვა თემები