23 იანვარი 2021 - 22:27

ამბობენ, რომ ამა თუ იმ წამლის უკუჩვენება უარესია, ვიდრე თავად დაავადება. ეს მართლა ასეა?

ფოტო: shutterstock.com

ნებისმიერ მედიკამენტს, რეცეპტურული წამლებიდან ვიტამინების კომპლექსამდე, არასასურველი რეაქციის გამოწვევა შეუძლია. ამა თუ იმ პრეპარატის მიღებას ზოგჯერ სხვადასხვა შედეგამდე მივყავართ. ეს შეიძლება იყოს ფაღარათი, ალერგიული გამონაყარი, კანის შეფერილობის ცვლილება და სხვ. ამავდროულად, ქრონიკული დაავადებები ხშირად წლების ან მთელი ცხოვრების განმავლობაში მედიკამენტოზურ მკურნალობას მოითხოვს, ახალი გვერდითი მოვლენები კი შეიძლება პრეპარატის მოხმარებიდან დიდი ხნის შემდეგაც გამოვლინდეს. რატომ შეიძლება რომელიმე მედიკამენტმა არასასურველი რეაქცია გამოიწვიოს და რა უნდა გაკეთდეს ამ რისკის შესამცირებლად?

ამისათვის წამლების მიღება უნდა შევწყვიტო?

ეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა გააკეთოთ. მედიკამეტის სავარაუდო არასასურველი რეაქცია პრეპარატის თვითნებურად შეწყვეტის მიზეზი არ შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ წამალი ხელს უწყობს ისეთი ქრონიკული დაავადების კონტროლს, როგორიც არის დიაბეტი. თუ პრეპარატის მიღების შემდეგ ესა თუ ის სიმპტომი გამოგივლინდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მკურნალობის დანიშვნისას სპეციალისტი ირჩევს მეთოდებს, რომელთა სარგებელი პაციენტის პოტენციურ ზიანს მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაცემა - ჰიპოგლიკემია. ამ არასასურველი რეაქციის თავიდან ასაცილებლად, ექიმები კვების რეჟიმის მკაცრ დაცვასა და სისხლში შაქრის დონის კონტროლს გვირჩევენ.

თუკი რამდენიმე პრეპარატს ერთდროულად ვიღებ, როგორ გავიგო რომელი წამალი იწვევს გვერდით მოვლენებს?

ამის გაგებაშიც ექიმი დაგეხმარებათ. ერთდროულად რამდენიმე წამლის მიღებამ შეიძლება არასასურველი რეაქციის განვითარების რისკი გაზარდოს, ზოგიერთ პრეპარატს კი ურთიერთქმედება შეუძლია. ეს, თავის მხრივ, თითოეული მათგანის ეფექტს ასუსტებს ან აძლიერებს. როდესაც ექიმი ახალ პრეპარატს ნიშნავს, მნიშვნელოვანია ყველა იმ მედიკამენტის ჩამონათვლის განხილვა, რომელსაც უკვე იღებთ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთ საკვებს (მაგალითად, გრეიპფრუტი), ალკოჰოლსა და საკვებ დანამატებს (მაგალითად, ჟენშენი) მედიკამენტებთან ურთიერთქმედება შეუძლია, რაც გვერდითი რეაქციების განვითარების რისკზე გავლენას ახდენს.

ჩემი წამლის ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი მოჰყვება. იქნებ სჯობს, საერთოდ არ დავლიო?

უპირველეს ყოვლისა, უნდა მიმართოთ ექიმს. შესაძლო უარყოფითი რეაქციების გრძელი ჩამონათვალი ნუ დაგაფრთხობთ. როგორც წესი, სიტუაცია მდგომარეობს იმაში, რომ რაც უფრო დიდხანს იკვლევენ და იყენებენ პრეპარატს, მისი შესაძლო უარყოფითი რეაქციების შესახებ სპეციალისტები მეტ ინფორმაციას ფლობენ. შესაბამისად, პაციენტებისთვის მოულოდნელი შედეგების ალბათობა მცირდება. არასასურველი რეაქციების შესახებ მცირე მონაცემები მათი არ არსებობის გარანტიას სულაც არ იძლევა, პირიქით, ეს შეიძლება პრეპარატის მიღების გამოცდილების ნაკლებობით ან მისი არასაკმარისი გამოკვლევებით აიხსნას.

შესაძლებელია თუ არა წინასწარ გაირკვეს, წარმოიქმნება თუ არა არასასურველი რეაქცია?

ყოველთვის არა. თუ თქვენ ამ პრეპარატის მიღების გამოცდილება უკვე გაქვთ და გვერდითი რეაქციებიც გამოგივლინდათ (მაგალითად, ანაფილაქსიური შოკი ან სხვა ალერგიული სიმპტომები), დიდი ალბათობით, ეს განმეორდება. ასეთ სიტუაციაში, აუცილებელია, მკურნალობის დაწყებამდე ექიმს მიმართოთ და მას თქვენს წარსულ გამოცდილებაზე მოუყვეთ. ზოგჯერ გენეტიკური ტესტირება სპეციალისტებს ეხმარება იმის გარკვევაში, მაღალია თუ არა კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში უარყოფითი რეაქციის განვითარების რისკი. ამის გაკეთება არის თუ არა აუცილებელი, ესეც ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.

მართალია თუ არა, რომ გვერდითი მოვლენები შეიძლება თავად დაავადებაზე უარესი იყოს? 

ამა თუ იმ პრეპარატის დანიშვნისას, ექიმი სარგებელსა და რისკს ერთმანეთს ადარებს. შესაბამისად, ის წამალს მხოლოდ იმ შემთხვევაში ნიშნავს, თუ პირველი მეორეს აჭარბებს. ამიტომაც ყველა შესაძლო ვარიანტი ექიმთან განიხილოთ. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს, ინფექციის (საშარდე გზების ჩათვლით) განვითარების რისკი თავშივე მაღალია. ამას ხშირად აკავშირებენ იმუნური პასუხის დაქვეითებასა და სისხლძარღვების დაავადებებთან, რომლებიც აღნიშნული კატეგორიის ადამიანებში არც თუ ისე იშვიათად გვხვდება. დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებმა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ინფექციის განვითარება გამოიწვიოს. თუმცა ამავდროულად, ამ რისკის შემცირების გზებიც არსებობს. ამიტომაც ახალი მედიკამენტის მიღების დაწყებამდე, ექიმთან უნდა განიხილოთ არასასურველი რეაქციების განვითარების პროფილაქტიკური ზომები.

რა უნდა გავაკეთო, რომ გვერდითი ეფექტი თავიდან ავირიდო? 

უპირველეს ყოვლისა, დაიცავით ექიმის რეკომენდაციები და პრეპარატის მიღების ინსტრუქცია. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს საშარდე გზების ინფექციის განვითარების რისკის შესამცირებლად, ექიმები გარკვეული წესების დაცვას გვირჩევენ. მათ შორის: 


-    გააკონტროლეთ სისხლში გლუკოზის დონე (მკურნალი ექიმი გეტყვით, ეს ზუსტად როგორ უნდა გააკეთოთ);
-    დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, რათა რეგულარულად მოშარდოთ და დღის განმავლობაში არ მოგწყურდეთ;
-    ნუ მოითმენთ, როდესაც ტუალეტში წასვლა მოგინდებათ; 
-    განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ინტიმურ ჰიგიენას; 
-    არ ატაროთ სინთეტიკური და მოტმასნილი საცვალი. 


ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ექიმთან შესაძლო უარყოფითი რეაქციების განხილვა აუცილებელია. ამავდროულად, წინასწარ ინსტრუქციის გაცნობა წესად უნდა გაიხადოთ. ასეთ სიტუაციაში შეძლებთ თავიდან აიცილოთ სიტუაცია, როდესაც ადამიანი იღებს ორ მედიკამენტს, რომლებიც ერთმანეთთან შეუთავსებელია.

სხვა თემები