31 იანვარი 2021 - 20:37

რა არის კოლივინგი? შეუძლიათ თუ არა ინტროვერტებს ასეთ სივრცეში ცხოვრება?

ფოტო: shutterstock.com

კოლივინგი (co living) – თანაცხოვრებას ნიშნავს. ეს არის ერთიანი საცხოვრებელი სივრცე, რომელსაც საბჭოთა საერთო საცხოვრებლებთან არაფერი აკავშირებს. აღნიშნული ტრენდი დასავლეთიდან წამოვიდა. აშშ-სა და ევროპაში ასეთი სახლები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში, რომლებიც გაზიარების ეკონომიკის პრინციპებს ეთანხმებიან. კოლივინგის შემთხვევაში, ყველანაირი კომფორტი თქვენს სახლშია: მაღაზია, სილამაზის სალონი, ბარი, ბიბლიოთეკა და ფიტნეს ცენტრიც კი.

კოლივინგში საერთო სამზარეულოთი უნდა ვისარგებლო და შხაპი რიგის მიხედვით უნდა მივიღო? ამის არანაირი სურვილი არ მაქვს!

მსგავსი რამ არც მოგიწევთ! თითოეულ მობინადრეს საკუთარი აბაზანა და სამზარეულო უშუალოდ ბინაში ექნება. შესაბამისად, მათი გაზიარებაც არავისთან მოუწევთ. თავისი არსით, კოლივინგი თანამედროვე არა ძვირადღირებული საცხოვრებლის ვარიანტია, რომელსაც ბევრი სარგებელი და კარგი ინფრასტრუქტურა აქვს. მის მცხოვრებლებს შეუძლიათ იქონიონ საერთო სამუშაო სივრცე, დარბაზი კინოპროექტორით, სილამაზის სალონი, კაფე, სამრეცხაო და საგარდერობო, ასევე - ფიტნეს დარბაზი SPA ზონით - ეს ყველაფერი კი ერთ სახლშია.  


ამავდროულად, მობინადრეს შეუძლია, სულ ცოტა, 19 კვ.მ-ის ფართის მქონე პირადი სივრცე იქონიოს. რა თქმა უნდა, სხვა ვარიანტებიც არსებობს. შესაძლოა, ბინა 60-დან 92 კვ.მ-მდე მერყეობდეს ან 100 კვ.მ-ს აღემატებოდეს. 

სულაც არ მაქვს იმის დრო, რომ ასეთ საერთო სივრცეებში ვფლანგო. საერთოდაც, ძნელი წარმოსადგენია, რატომ შეიძლება ეს დამჭირდეს

ზოგადად, სულაც არ არის აუცილებელი მეზობლების განუყრელი ნაწილი გახდეთ. თუმცა ალბათ დროთა განმავლობაში, მსგავსი სტილით ცხოვრების ყველა სარგებელი კიდევ უფრო გამოვლინდება. სოციალური ინტეგრაცია ძალზე მნიშვნელოვანია და ეს პანდემიამ ძალიან  კარგად დაგვანახა. მას შემდეგ, რაც ყველა საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა, ყველა შეხვედრა და გართობა ონლაინ რეჟიმში გადავიდა, ადამიანებმა პირდაპირი კომუნიკაციის როლიც გადააფასეს. უფრო მეტიც, ევროპული კოლივინგების მცხოვრებლები არა მხოლოდ ურთიერთობენ ერთმანეთთან, არამედ ერთობლივ საქმიანობასაც გეგმავენ. მაგალითად, ისინი ქმნიან  წიგნის კლუბებსა და ენის კურსებს, აწესებენ კინოს დღეებს და სხვ.


კოლივინგ-პროექტების მთავარი იდეა არის ადამიანების მდგრადი საზოგადოების შექმნა, რომლებიც ცდილობენ მეგობრულ ატმოსფეროში იცხოვრონ და საცხოვრებელი სივრცე უფრო საინტერესო გახადონ.

თუ მეზობლების ნახვა და მათთან კომუნიკაცია ხშირად მომიწევს, ვისურვებდი მცოდნოდა, თუ ვინ იქნებიან ისინი. ამის წინასწარ გარკვევა შეიძლება?

საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე ხშირად ასეთი ტიპის ბინების მყიდველები არიან ახალგაზრდა შემოქმედებითი ადამიანები, სტუდენტები, IT- სპეციალისტები და ახალბედა მეწარმეები. კოლივინგ-ფორმატი ერთდროულად აკმაყოფილებს ორ ძირითად მოთხოვნას, რაც მილენიალებსა და  თაობა „ზეტის“ წარმომადგენლებს აქვთ. პირველ რიგში, ამ ადამიანებს სურთ იგრძნონ, რომ ისინი თანამოაზრეთა საზოგადოებაში იმყოფებიან, ურთიერთობენ ნებაყოფლობით ატმოსფეროში, ერთმანეთს საკუთარ აზრებს, ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. მეორე მხრივ, კი ისინი  გაზიარების ეკონომიკის პრინციპებს ეთანხმებიან. ამ მიდგომის მიზანია ისარგებლონ იმ რესურსით, რაც უკვე არსებობს და სხვებს გაუზიარონ, რათა პლანეტისთვის მიყენებული ზიანი შეამცირონ. ამიტომაც მსოფლიოში ძალიან პოპულარულია ავტომობილების გაზიარება (carsharing), ტაქსის ერთობლივად დაქირავება, ონლაინპლატფორმები, სადაც მომხმარებლები არასაჭირო ნივთებსა და მსგავსი ცხოვრებისეული ორიენტაციის მქონე ადამიანებთან შეხედულებებს ცვლიან. 


ასე რომ, კოლივინგში დიდია ალბათობა, რომ სასიამოვნო და შეგნებულ მეზობლებთან საუზმეზე ან დილის იოგამდე შეხვედრისას საინტერესო დიალოგი გამართოთ.

ალბათ დიდი აურზაური იქნება! მე კი ინტროვერტი ვარ და ნორმალური ცხოვრებისთვის სიჩუმე და სიმშვიდე მჭირდება

თქვენ შეგიძლიათ განცალკევდეთ იმდენ ხანს, რამდენიც გჭირდებათ. არავინ გაიძულებთ, რომ მეზობლებთან ყოველდღიური კონტაქტი იქონიოთ. მთავარია, იყოთ მეგობრული და დაიცვათ რამდენიმე მარტივი წესი, რომლებიც ევროპულ კოლივინგებში არის მიღებული (და ზოგადად, ნებისმიერ სიტუაციაში გამოდგებათ):


-    იყავით მეგობრული. გაეცანით მათ, ვისაც პირველად ხედავთ, მიესალმეთ თქვენს მეზობელს, გაუღიმეთ მიმღებში მომუშავე პერსონალს.
-    იყავით მოწესრიგებული. დაიცავით წესრიგი და სისუფთავე საერთო სივრცეებში, ბიბლიოთეკიდან ან სპორტული დარბაზიდან გასვლის შემდეგ კი თან წაიღეთ პირადი ნივთები.
-    არ იხმაუროთ, როდესაც ეს აკრძალულია. გახსოვდეთ, რომ ღამის საათებში განსხვავებული წესები მოქმედებს. კოლივინგ სივრცეებში ხმაურიან დისკუსიებს ნუ მოაწყობთ. საერთო ზონაში მუსიკის მოსმენის დროს ყურსასმენები იხმარეთ.
-    ჩაერთეთ ერთობლივ აქტივობებში. თუ აპირებთ დაესწროთ საინტერესო ღონისძიებას ან მოაწყოთ გასართობი წვეულება, ჰკითხეთ სხვასაც, ხომ არ სურს შემოგიერთდეთ.

სხვა თემები