09 თებერვალი 2021 - 12:04

2020 წელი კინოინდუსტრიისთვის ურთულესი იყო. როგორ გაიცემა კინოპრემიები - მაგალითად, „ოქროს გლობუსი“? 

ფოტო: shutterstock.com

ლოს-ანჯელესში ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის მიერ დაწესებული კინოპრემია "ოქროს გლობუსის" ნომინანტები უკვე დაასახელეს. გამარჯვებულებს კი 28 თებერვალს გამოაცხადებენ. ყველაზე მეტი ნომინაცია Netflix-ის პროექტებს აქვს, რაც გასაკვირი არც არის, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფილმებსა და სერიალებს ყველა სახლში უყურებდა. „საუკეთესო დრამის“ ნომინაციაში  გამარჯვებისთვის დევიდ ფინჩერის „Mank”-ი და აარონ სორკინის „ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი“ იბრძოლებენ. საინტერესოა, როგორ დაიწყო მთავარი კინოპრემიების სეზონი კინოინდუსტრიისთვის ძალიან მძიმე წლის შემდეგ?


რუტინულმა პროცედურამ, რომელიც ორი უმნიშვნელოვანესი ამერიკული კინოპრემიიდან პირველისთვის კანდიდატთა სიის გამოცხადებას გულისხმობს, 2021 წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიიღო. კინოინდუსტრიას მოუწევს ანგარიში გაუწიოს თავისი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდს - 2020 წელს, როდესაც ფილმებს ვერ იღებდნენ და შესაბამისად, ვერც უშვებდნენ, პრემიერები კი სამომავლოდ, გაურკვეველი ვადით გადაიდებოდა. დარჩა ჰოლივუდს ძველებურად ურყევი ძალა და ძლიერი გავლენა? რა მოჰყვება იძულებით ტრანსფორმაციებს? ნომინაციების ჩამონათვალში ონლაინ პლატფორმების (და განსაკუთრებით ყოვლისშემძლე Netflix-ის) დომინირება - ეს არის სიტუაციური კომპრომისის შედეგი თუ ახალი რეალობა, რომელშიც დამოუკიდებელი და მობილური სტრიმინგები გიგანტურ სტუდიებს პირველობას აღარ დაუთმობენ? 


დაბოლოს, არსებობს მარტივი სამომხმარებლო კითხვა: გასული კრიზისული წლის განმავლობაში შეიქმნა თუ არა იმდენად ღირებული ფილმები, რომელთათვისაც ჯერ - „ოქროს გლობუსის“, შემდეგ კი „ოსკარის“ გადაცემა ნამდვილად ღირს? თუ მთელი ეს ღონისძიებები მხოლოდ იმისთვის ჩატარდება, რომ წელი არ ჩავარდეს?

უფრო ვრცლად ნომინირებული ფილმების შესახებ

მშრალი ციფრები Netflix-ის გამარჯვებაზე უკვე მეტყველებს და სწორედ მისი წყალობით, ჩამონათვლის საერთო მხატვრული დონე, სულ მცირე, სამარცხვინოდ სულაც არ გამოიყურება. სწორედ სტრიმინგის მიერ არის დაფინანსებული დევიდ ფინჩერის რეტრობიოგრაფიული ფილმი “Mank“-ი, რომელიც „ოქროს გლობუსის“ კანდიდატთა ამჟამინდელ სიაში 6 ნომინაციით ლიდერობს. ის წარდგენილია ყველა ცენტრალურ კატეგორიაში: საუკეთესო დრამა, რეჟისორი, სცენარი, მსახიობი, მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი, მუსიკა. იმავე Netflix-ის პროდუქციაა “Mank“-ის მთავარი კონკურენტი - აარონ სორკინის დრამა „ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი“. ეს ფილმი ხუთ ნომინაციაზეა წარდგენილი - საუკეთესო დრამა, რეჟისორი, სცენარი, მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი, მუსიკა. თუ სატელევიზიო ნომინაციებს გადავხედავთ, აქაც Netflix-ის პროდუქცია ლიდერობს. სერიალი "გვირგვინი" ექვს ნომინაციაზეა წარდგენილი. საერთო ჯამში, ონლაინ პლატფორმა „ოქროს გლობუსის“ ამჟამინდელ ჩამონათვალში 42-ჯერ არის მოხსენიებული და ამაში მას კონკურენციას ვერავინ უწევს. სწორედ ეს არის სეზონის ლოგიკური დასასრული, როდესაც ადამიანები ფილმებს სახლში უყურებდნენ. 


ზემოთ აღნიშნული ორი მთავარი პრეტენდენტიდან რომელმაც არ უნდა გაიმარჯვოს "საუკეთესო დრამის" კატეგორიაში (იქნება ეს “Mank”-ი თუ „ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი“), ორივე შემთხვევაში მოქმედება შორეულ წარსულში მიმდინარეობს და ჰოლივუდის დიდებულ ტრადიციებსა თუ მის ჟანრულ სისტემას ასახავს. თუმცა ჟიურის ახალი სიტყვის თქმის შანსი ნამდვილად აქვს, თუ ის ძირითად კატეგორიებში უპირატესობას ახალგაზრდა რეჟისორის, ქლოა ჩჟაოს "მომთაბარეთა მიწას" მიანიჭებს. ფრენსის მაკდორმანდის მონაწილეობით შექმნილმა ამ პოეტურმა დრამამ შარშან უკვე მოიგო ორი დიდი ფესტივალი - ვენეციასა და ტორონტოში. ბევრი კრიტიკოსი და ექსპერტი „მომთაბარეთა მიწას“ ოსკარზე ტრიუმფს უწინასწარმეტყველებს, რაც შეიძლება პატარა რევოლუციად იქცეს. ეს ხომ დაბალბიუჯეტიანი და დამოუკიდებელი ფილმია, რომელიც არაპროფესიონალი მსახიობებით არის დაკომპლექტებული. "მომთაბარეთა მიწა" ოთხ ნომინაციაზეა წარდგენილი, ისევე როგორც კიდევ ორი პრეტენდენტი: ემირალდ ფენელის ფსიქოლოგიური თრილერი „იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“ (კრიტიკოსები მას უფრო გულგრილად მიუდგნენ) და ფლორიან ზელერის "მამა". დემენციაზე გადაღებული ეს უკანასკნელი ნამუშევარი „საუკეთესო რეჟისორის“ კატეგორიაში ვერ მოხვდა. ასე რომ, მთავარ ნომინაციაში მისი გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოა. უფრო მოსალოდნელია, რომ ამ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, 82 წლის ენტონი ჰოპკინსი მისი მორიგი როლისთვის დაჯილდოვდეს. 

ენტონი ჰოპკინსის გარდა, რომელი მსახიობები არიან „ოქროს გლობუსის“ პრეტენდენტები?

რაც შეეხება მსახიობებს, „საუკეთესო მსახიობის“ ნომინაციაში კონკურენცია, ტრადიციულად, მაღალია: ჰოპკინსის გარდა, აღნიშნულ კატეგორიაში მოხვდნენ: გარი ოლდმანი (“Mank”- „მანკი“) და უფრო ახალგაზრდები რიზ აჰმედი („Sound Of Metal“ - „მეტალის ხმა“), ტაჰარ რაჰიმი (“The Mauritanian” -„მავრიტანელი“) და ჩედვიკ ბოუზმანი (“Ma Rainey's Black Bottom” - “მა რეინი: ბლუზის დედა”). ეს უკანასკნელი შარშან ტრაგიკულად დაიღუპა. ქალ მსახიობებს შორის მთავარი პრეტენდენტები არიან ფრენსის მაკდორმანდი და კერი მალიგანი („იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“). თუმცა არანაკლებ საინტერესოა ვიოლა დევისისა (“მა რეინი: ბლუზის დედა”) და ვანესა კირბის ნამუშევრები ("ქალის ფრაგმენტები").

და სხვა ნომინაციებში რა ხდება?

საინტერესოა, რომ წელს ეგრეთ წოდებული "კომედიებისა და მიუზიკლების" კატეგორია (ყოველწლიურად ეს განმარტება უფრო და უფრო პირობითი ხდება) "დრამებს" ყველა პარამეტრით აშკარად ჩამორჩება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ნომინაცია ძლივს შეივსო. მათ შორის არის „მორიგი ფილმი ბორატზე“, რომელიც კრიტიკოსების უმეტესობამ გაკიცხა და რაიან მერფის არც თუ ისე დადებითად შეფასებული ნამუშევარი „გამოსაშვები საღამო“, ასევე, მაქს ბარბაკოვის „პალმ სფრინგზი“, მიუზიკლ „ჰამილტონის“ ვიდეოვერსია და მომღერალ სიას ფილმი „მუსიკა“. 


„საუკეთესო უცხოური ფილმის“ ნომინაციაში, სავარაუდოდ, ყველაზე ძლიერი პრეტენდენტები არიან დანიელი რეჟისორის, თომას ვინტერბერგის „კიდევ ერთი ჭიქა“, რომელმაც ევროპული კინოაკადემიის პრემია ახლახან მოიგო და  შარშანდელი „სანდენსის“ ლაურეატი- „მინარი“ (რეჟისორი-ლი აიზეკ ჩანგი). თუმცა ეს უკანასკნელი ამერიკული ფილმია. 


აქ არსებული კონსერვატიზმის მიუხედავად, ასეა თუ ისე, „ოქროს გლობუსზე“ ერთი პატარა რევოლუცია უკვე მოხდა. კენჭისყრის შედეგების მიუხედავად, წლევანდელი ჟიური რეჟისორ ქალთა უგულებელყოფის გამო ჩვეულ საყვედურებს აღარ მიიღებს. უფრო მეტიც, აღნიშნულ ნომინაციაში ქალები, რომელთაგან ორი დებიუტანტია, უმრავლესობაში არიან - ხუთიდან სამი. ეთნიკურად ჩინელ ქლოა ჩჟაოსა და ბრიტანელ ემირალდ ფენელთან ერთად, ამ კატეგორიაში წარდგენილია აფროამერიკული რეჯინა კინგი ფილმით - „ერთი ღამე მაიამიში“. ისინი დევიდ ფინჩერისა და აარონ სორკინის კონკურენტები არიან.


მცირე პარადიქსების სერიიდან: ანიმაციის კატეგორიაში, Pixar-ის ერთი მულტფილმი (“წინსვლითი“) კონკურენციას გაუწევს მეორეს („სული“) და სავარაუდოდ, ეს „ოსკარზეც“ განმეორდება. საშა ბარონ კოენი კი ნომინირებულია როგორც მთავარ („მორიგი ფილმი ბორატზე“), ასევე, მეორეხარისხოვან როლზე („ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი“). ამავდროულად, ტრენტ რეზნორისა და ატიკუს როსის დუეტმა (Nine Inch Nails) საუკეთესო მუსიკისთვის ერთდროულად ორი ნომინაცია მიიღო და ორივე მათგანი ჯაზთან არის დაკავშირებული („მანკი" და "სული"). 


ოქროს გლობუსების დაჯილდოების ცერემონია 28 თებერვალს ჩატარდება. ორი კვირის შემდეგ კი, „ოსკარის“ ნომინანტებს დაასახელებენ.

სხვა თემები