10 თებერვალი 2021 - 10:51

როგორც ჩანს, COVID - პასპორტების შემოღება სულ უფრო რეალური ხდება, თუმცა ეს მაინც ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა. რა უშლის ხელს ამ ინიციატივის განხორციელებას?

ფოტო: shutterstock.com

2021 წლის იანვარში დანიის მთავრობამ განაცხადა, რომ სრულყოფილი კოვიდ-პასპორტის ან იმუნიტეტის დამადასტურებელი მოწმობის შექმნაზე მუშაობს. ეს ნამდვილად არ იყო პირველი ინიციატივა იმ მრავალთაგან, რომლებიც აქტიურად განიხილება, თუმცა ჯერ არცერთი მათგანი არ განხორციელებულა. აღნიშნული მოსაზრების მომხრეთა განმარტებით, ეს ციფრული დოკუმენტი მიზნად ისახავს დაადასტუროს, რომ ადამიანი ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილია ან მის ორგანიზმში საჭირო ანტისხეულები არსებობს. თუმცა ყველა არ არის მზად, რომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროს. სკეპტიკოსების მიერ დასმული მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ ხომ არ ჩამოაყალიბებს კოვიდ-პასპორტების შემოღება ბიოლოგიური უთანასწორობის ახალ ტიპს? უფრო მეტიც, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული იდეა ჯერჯერობით რეალობისგან შორს დგას. ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსგავსი დოკუმენტის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.

კოვიდ-პასპორტის შექმნის იდეა პანდემიის დაწყებიდან მალევე გაჩნდა

2020 წლის გაზაფხულზე, ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ერთად, ქვეყნებმა სხვადასხვა ხარისხის საკარანტინო ზომების მიღება სათითაოდ დაიწყეს. ამან სახელმწიფო საზღვრების გადაკვეთა თითქმის შეუძლებელი გახადა. მაშინვე გაჩნდა კითხვა იმის თაობაზე, შეიძლებოდა თუ არა, შეზღუდვების შემსუბუქების მიზნით, გარკვეული ზომების მიღება. რა თქმა უნდა, ვაქცინის გამოგონებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა იყო გასავლელი, ამიტომაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია საკარანტინო ვალდებულებებისგან უნდა გათავისუფლებულიყო. პირველ რიგში, ეს ეხებოდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ახალი კორონავირუსი უკვე გადაიტანეს და შესაბამისად, მათმა ორგანიზმმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები უკვე გამოიმუშავა. 


სანამ ეს იდეა სახელმწიფო დონეზე გაფორმდებოდა, მან ჩილეში ჩააღწია. უკვე აპრილში ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "covid-ბარათების" სისტემის შექმნას აპირებდა. მათ გადასცემდნენ იმ მოქალაქეებს, რომელთაც ახალი კორონავირუსი გადაიტანეს. შესაბამისად, ისინი საკარანტინო შეზღუდვებთან დაკავშირებული ვალდებულებებისგან უნდა გათავისუფლებულიყვნენ.


აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ამ დოკუმენტის შემოღების გეგმა გაუქმდა. მიზეზი კი საზოგადოების მხრიდან დიდი უკმაყოფილება გახლდათ. კრიტიკოსები ამ ინიციატივას უსამართლოდ მიიჩნევდნენ, რადგან მათი აზრით, კარანტინით ჩაკეტილ ქვეყანაში პრივილეგირებულთა კასტა უნდა გაჩენილიყო. ეს უპირატესობა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას არ ეხებოდა. ამ ბარათის მფლობელ ადამიანებს შეეძლებოდათ სამუშაო ადგილზე გამოცხადება მაშინ, როდესაც სხვები იძულებული იყვნენ თავიანთ ყოველდღიურ სარჩოზე უარი ეთქვათ.


გარდა ამისა, 2020 წლის აპრილში აღნიშნულ ინიციატივაზე უარის თქმის მიზეზი იყო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული არაერთი კითხვა. არავის შეეძლო დანამდვილებით ეთქვა, რამდენად ძლიერია იმუნური სისტემა გამოჯანმრთელების შემდეგ, გამოიმუშავებს თუ არა ანტისხეულებს ყველა ადამიანის ორგანიზმი და შეიძლება თუ არა კოვიდგადატანილი პაციენტები დაავადების მატარებლები და გამავრცელებლები იყვნენ. ყოველივე ამან, ისევე როგორც ჩილეში არსებულმა რეალობამ, რაც შავ ბაზარზე მსგავსი ბარათების გამოჩენას არ გამორიცხავდა, აიძულა ქვეყნის ხელისუფლება ექსპერიმენტზე უარი ეთქვა.

ტურისტული სექტორი ასეთი დოკუმენტის არსებობის მომხრეა

2020 წლის გაზაფხულიდან, პოსტკოვიდური იმუნიტეტის მეცნიერული გაგება, რა თქმა უნდა, წინ წავიდა და მსოფლიოში მასობრივი ვაქცინაცია ზამთარში დაიწყო. ამავდროულად, ხანგრძლივმა შეზღუდვებმა ადამიანები ძალიან დაღალეს. შესაბამისად, კოვიდ-პასპორტების იდეის განხილვა პერიოდულად გრძელდება. ამასთანავე, არავის აქვს მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს აღნიშნული დოკუმენტი და რისთვის იქნება ის გამოყენებული. ეს სკეპტიკოსების მხრიდან ბევრ კითხვას იწვევს, თუმცა ენთუზიასტებს ხელს არ უშლის, რომ ამ მიმართულებით დისკუსიები გააგრძელონ. 


უპირველეს ყოვლისა, ტურიზმის ბიზნესის ლობისტები ემხრობიან დოკუმენტს, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ მის მფლობელს გადაადგილების თავისუფლებას ანიჭებს. კერძოდ, იანვრის ბოლოს, საერთაშორისო ტურისტული კრიზისის კომიტეტმა (გაეროს ეგიდით მოქმედი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სპეციალური ქვედანაყოფი) ასეთი დოკუმენტის შემოღების შესახებ განაცხადა. დაახლოებით იმავე პერიოდში, ევროკავშირის ბოლო სამიტის წინ, საბერძნეთის პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა "ვაქცინაციის სერტიფიკატის" შემოღების შესახებ თავისი მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა. ის მხარს უჭერდა "საერთოევროპული სტანდარტებისა და შეთანხმების მიხედვით შექმნილი ვაქცინაციის სერტიფიკატის" იდეას, რომელიც ევროკავშირის მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილდნენ. ამის მიზეზი არის ის, რომ საბერძნეთის ეკონომიკა ტურისტულ ინდუსტრიაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. 


ცალკეული ქვეყნების დონეზე COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოღების შესახებ გარკვეული ექსპერიმენტები უკვე ტარდება. მაგალითად, ასეთი ციფრული დოკუმენტის შექმნის სურვილი დანიამ უკვე გამოთქვა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ახალი კორონავირუსის ვაქცინაციის დადასტურებას მათი ვებგვერდის მეშვეობით უახლოეს თვეებში გეგმავს. რთული სათქმელია, რამდენად შეიძლება ასეთი მომსახურება კოვიდ-პასპორტად ჩაითვალოს, მაგრამ ეს ყოველი შემთხვევისთვის კეთდება - თუ რომელიმე ქვეყანაში შესასვლელად დანიის მოქალაქეს მსგავსი ინფორმაცია დასჭირდება.

როგორც ჩანს, აზიაში მსგავს სისტემას უკვე კარგა ხანია იყენებენ

აზიის ქვეყნებმა, რომელთა ხელისუფლებასაც საკუთარი მოქალაქეების პირადი მონაცემების კონფიდენციალობა ნაკლებად აინტერესებს, ჯანმრთელობის საიდენტიფიკაციო სისტემები ჯერ კიდევ ეპიდემიის დასაწყისში დანერგეს. კერძოდ, ჩინეთში გამოჩნდა სპეციალური სატელეფონო აპლიკაცია, რომლებიც ადამიანის იმუნურ სტატუსს ფერის კოდების საშუალებით ადგენს და განსაზღვრავს, რამდენად თავისუფლად შეუძლია მას გადაადგილება. ამავდროულად, მოქალაქის სტატუსი ტესტირების საფუძველზე არ დგინდებოდა. პირს სიმპტომებისა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ ნებაყოფლობით უნდა განეცხადებინა. თეორიულად, ამ დოკუმენტის მიღება ქაღალდის სახითაც  შეიძლებოდა, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება დიდად არ მიესალმებოდა იმ მოქალაქეებს, რომლებიც აპლიკაციით არ სარგებლობდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია COVID - პასპორტებს ჯერჯერობით ეწინააღმდეგება 

სტანდარტიზებული COVID - პასპორტის შემოღების ინიციატივას ამ დროისთვის საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. კრიტიკოსები აღნიშნული იდეის ეთიკურ და ტექნიკურ ბუნდოვანებაზე საუბრობენ. კერძოდ, საერთოევროპული კოვიდპასპორტის ინიციატივაზე საბერძნეთის პრემიერმინისტრის წინადადება საფრანგეთმა მკაცრად უარყო. ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა ევროპულ საკითხებში, კლემან ბონმა განაცხადა, რომ ამ თემაზე დებატები მხოლოდ მაშინ შეიძლება დაიწყოს, როდესაც ვაქცინაცია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდება.


2021 წლის 15 იანვარს გამართულ სხდომაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ვაქცინაციის შესახებ მონაცემების მოთხოვნა ამ ეტაპზე სწორი არ არის. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯანმოს თანხმობის გარეშე, ჯანდაცვის სფეროში  გლობალურად აღიარებული დოკუმენტის შედგენა შეუძლებელია, კოვიდ-პასპორტის იდეა უახლოეს მომავალში ვერ განხორციელდება. 

თუმცა მოგვიანებით, შესაძლოა, COVID- პასპორტები მაინც გამოჩნდეს

ლობისტის ზეწოლა, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა და მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის მასშტაბის გაფართოება კოვიდ-პასპორტებისადმი დამოკიდებულებას, დიდი ალბათობით, შეცვლის. მით უმეტეს, ამა თუ იმ აცრის შესახებ საერთაშორისოდ აღიარებული დოკუმენტები, ეგრეთ წოდებული ყვითელი ბარათები - რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არსებული რეალობაა. ის პირადი მონაცემების მესამე მხარისთვის გადაცემის საფრთხეს არ ქმნის და ამით სარგებლობენ ის ადამიანები, რომლებიც ეპიდემიურად საშიშ ადგილებში მოგზაურობენ.

სხვა თემები