16 თებერვალი 2021 - 13:19

ახალი სოციალური ქსელი Clubhouse-ი. რა არის ეს და როგორ მუშაობს?

ფოტო: shutterstock.com

2021 წლის დასაწყისში ხმოვანი კომუნიკაციის სოციალური ქსელი - Clubhouse ძალიან პოპულარული გახდა. აქ შეგიძლიათ ესაუბროთ ილონ მასკს ან მარკ ცუკერბერგს (ან თუნდაც მოუსმინოთ მათ). იანვრის ბოლოს, მხოლოდ ექვსი დღის განმავლობაში, Clubhouse-ს  1,1 მილიონი ადამიანი შეუერთდა. თუმცა ამა თუ იმ პირს აღნიშნულ სოციალურ ქსელზე წვდომა მხოლოდ მისი მოქმედი წევრის მოწვევის შემდეგ აქვს. საინტერესო ის არის, რომ ახლა Clubhouse-ის მოსაწვევებს აქ გაწევრიანების მსურველები არა მხოლოდ მეგობრებს სთხოვენ, არამედ eBay-სა და Alibaba-ზეც კი ყიდულობენ. როგორ შეიქმნა ახალი სოციალური ქსელი და რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი მის გარშემო?

ვინ და როგორ შექმნა Clubhouse-ი?

სოციალური ქსელი Clubhouse-ი ჯერ ერთი წლისაც არ არის. სტენფორდის კურსდამთავრებულებმა და Google- ის ყოფილმა დეველოპერებმა- პოლ დევისონმა და როგან სეტმა ის 2020 წლის აპრილში შექმნეს. დევისონი სოციალური ქსელების შექმნაზე ექსპერიმენტებს დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა. 2012 წელს მან შეიმუშავა აპლიკაცია Highlight-ი, რომელიც ახლომახლო მყოფ სხვა მომხმარებლებს პოულობდა და აჩვენებდა, თუ რა საერთო ჰქონდათ მათ. ამისათვის პროგრამა აანალიზებდა Facebook-პროფილებს, რომლებიც მომხმარებლებს  Highlight-ის ანგარიშზე აუცილებლად უნდა მიებათ. აპლიკაციას აკრიტიკებდნენ კონფიდენციალობის დარღვევისა და მესამე პირისთვის პირადი ინფორმაციის გადაცემის გამო და ამის შეზღუდვა თავად მომხმარებლებს არ შეეძლოთ.


2015 წელს Highlight-ი გაუქმდა და მისი შემქმნელი სხვა პროექტზე გადაერთო. ეს იყო სოციალური ქსელი- Shorts, რომელიც ადამიანს ამ პროგრამის სხვა მომხმარებლებისთვის საკუთარ მედიათეკაზე (სმარტოფონში არსებულ ყველა ფოტოსა და ვიდეოზე) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საშუალებას აძლევდა. ის ინსტაგრამის მსგავსი იყო, მაგრამ- უფრო თამამი და გაბედული: აქ ხვდებოდა არა შერჩეული და გაფილტრული ფოტოები, არამედ საერთოდ ყველა კადრი, რაც კი სმარტფონში ინახებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფოტოს დამალვა შეიძლებოდა, იდეა სწორედ ადამიანის რეალური, არაშელამაზებული ცხოვრების ტრანსლაცია იყო. "ამ ყველაფრის აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ სხვა ადამიანებს თქვენი ცხოვრების შესახებ ყველაზე გულწრფელი და ინტიმური შეხედულება ჰქონოდათ და ამავდროულად, რაღაც დოზით კონფიდენციალობაც ყოფილიყო დაცული", - წერდა გამოცემა Techcrunch-ი. 


პოპულარობა ვერც ამ სოციალურმა ქსელმა მოიპოვა და მალე დაიხურა. პოლ დევისონი კი სამუშაოდ Pinterest- ში გადავიდა, სანამ თავის ძველ ნაცნობ როგან სეტთან ერთად 2020 წელს Clubhouse-ი არ შექმნა. საკუთარი ბიზნესის დაწყების უკეთესი გამოცდილება ჰქონდა სეტს. 2014 წელს მან შექმნა სტუდია Memry Labs, რომელიც მობილური აპლიკაციების შექმნასა და სოციალური ქსელების განვითარებაზე მუშაობდა. მოგვიანებით თავისი ბიზნესი როგან სეტმა უძრავი ქონების მიმართულებით მომუშავე ინტერნეტ კომპანია OpenDoor- ს მიჰყიდა. 
Clubhouse-ის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, ცოცხალ კომუნიკაციას დაეყრდნონ. სოციალური ქსელი შედგება ინტერესების მიხედვით დაყოფილი "ოთახებისა" და "კლუბებისაგან", სადაც მხოლოდ ხმოვანი ურთიერთობაა შესაძლებელი და ისიც რეალურ დროში - წესების თანახმად, საუბრის ჩაწერა აკრძალულია.

Clubhouse-ში დარეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ამა თუ იმ თემაზე სასაუბროდ საჯარო "ოთახი" შექმნას, რის შემდეგაც მისი ყველა გამომწერი დისკუსიაში მონაწილეობის შეთავაზებას იღებს. მომდევნო ეტაპზე ანალოგიურ მოწვევას მიიღებენ უკვე გაწევრიანებული მომხმარებლების გამომწერები და ასეთი ჯაჭვური რეაქციის შედეგად, "ოთახები" საუბრის მონაწილეებით ივსება. ისინი იყოფიან მომხსენებლებად და მსმენელებად, თუმცა ყველას აქვს შესაძლებლობა "ხელი აწიოს" და გახდეს სპიკერი, რათა მოსაუბრეს კითხვა დაუსვას. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი "ოთახში" დისკუსიას სამჯერ მოაწყობს, შეუძლია საკუთარი მუდმივი "კლუბი" შექმნას. თუმცა მისი რეგისტრაციისთვის Clubhouse-ის მოდერატორების თანხმობა დასჭირდება. სოციალურ ქსელში ყველა "ოთახი" შეიძლება იყოს საჯარო, კერძო ან  მხოლოდ კონკრეტული "კლუბის" წევრებისთვის ხელმისაწვდომი.


მომხმარებელს საინტერესო თემის „ოთახის“ პოვნა აპლიკაციაში საძიებო სისტემის საშუალებით ან საკუთარი გვერდის დათვალიერებით შეუძლია. ეს უკანასკნელი სრულად პერსონალიზებულია: ის რეგისტრაციის დროს მითითებული ინტერესების ჩამონათვლის შესაბამისად ყალიბდება და აჩვენებს იმ "ოთახებს", რომლებშიც გაწევრიანებულები არიან მომხმარებლის მიერ გამოწერილი პირები. თითოეულ "ოთახში" გაწევრიანება 5 ათასამდე ადამიანს შეუძლია. აპლიკაცია ამ ეტაპზე მხოლოდ iOS მოწყობილობებისთვის არის ხელმისაწვდომი.


მიუხედავად იმისა, რომ Clubhouse-ში მოხვედრა მხოლოდ უკვე რეგისტრირებული მომხმარებლის მოწვევით არის შესაძლებელი,  მისი ყოველკვირეული აუდიტორია 2021 წლის იანვრის ბოლოს უკვე ორ მილიონ აქტიურ მომხმარებელს შეადგენდა - აცხადებდა პოლ დევისონი. რეგისტრირებული მომხმარებლების საერთო რაოდენობა კი კიდევ უფრო მეტი იყო - 3.6 მილიონი ადამიანი. 

რამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი?

Clubhouse-ის პოპულარობა უმეტესწილად Tesla-ს შემქმნელი ილონ მასკისა და Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგის დამსახურებაა. მათ ამ სოციალურ ქსელში გაწევრიანება გადაწყვიტეს და ამით სხვა ცნობილ ადამიანებს მაგალითი აჩვენეს. სწორედ ამან განაპირობა აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობის მოზღვავება. 


ამავდროულად, მასკმა Clubhouse-ში გამოსვლის შესახებ განაცხადა Twitter-ზე, სადაც მას 46 მილიონი გამომწერი ჰყავს. ამან ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ საუბრის ჩანაწერი YouTube-ზე ატვირთა, თუმცა წესების თანახმად ეს აკრძალულია. ამ შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს, რადგან 5 ათას მომხმარებელზე გათვლილი "ოთახი" უბრალოდ ვერ იტევდა ყველას, ვისაც მასკის გამოსვლის მოსმენა სურდა. მან ისაუბრა არა მარტო მთვარეზე ექსპედიციის შესახებ, არამედ ბავშვის აღზრდის თანამედროვე მეთოდებსაც შეეხო. 


ილონ მასკის გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ, Clubhouse-ში შეხვედრა მარკ ცუკერბერგმა გამართა. მისი გამოსვლა უფრო ფორმალური იყო - მან ძირითადად ოფიციალურ თემებზე ისაუბრა. საბოლოოდ, Clubhouse-ს მასობრივად შეუერთდნენ სხვა ცნობილი სახეები: ოპრა უინფრი, ჯარედ ლეტო, დრეიკი და სხვები. 

პირველი პრობლემები 

თებერვლის დასაწყისში Clubhouse-ის მზარდ პოპულარობას ყურადღება მიაქცია ჩინეთის ხელისუფლებამ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა ჩინურ AppStore-ში ხელმისაწვდომი არ იყო, ადგილობრივებმა ის გადმოწერეს, გეოლოკაცია შეცვალეს და მოსაწვევები Twitter-ზე, eBay-სა და Alibaba-ზე იყიდეს. ამის შედეგად, ჩინეთში Clubhouse-ი გახდა ურთიერთობის ონლაინ პლატფორმა ცენზურის გარეშე. აქ იმართებოდა დისკუსიები პოლიტიკის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ- წერდა გამოცემა South China Morning Post-ი. 8 თებერვალს ჩინეთში სოციალური ქსელი აიკრძალა. 


ამავდროულად, Clubhouse-ში ყოველგვარი ცენზურისა და მოდერაციის არარსებობამ, რაც ჩინეთის მოსახლეობისთვის ძალიან სასარგებლო იყო, სოციალურ ქსელში პირველი კონფლიქტები უკვე გამოიწვია. გამოცემა VICE-ი წერდა, რომ COVID-19-ისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ შეთქმულების თეორიები აპლიკაციაში ფართოდ გავრცელდა. Vanity Fair- ის ცნობით, სოციალური ქსელის ერთ-ერთ "ოთახში" გაიმართა დისკუსია პარიზში მომხდარი ტერორიზმის შესახებ, რომლის დროსაც საფრანგეთის ეთიკისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის ცენტრის თანამშრომელმა ამ მოვლენებში მუსლიმების როლის შესახებ რადიკალური განცხადებები გააკეთა. ”სხვა ტექნოლოგიური პლატფორმებისგან განსხვავებით, რომლებმაც დაიწყეს მომხმარებლების გაფრთხილება ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის შესახებ, Clubhouse-ი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებას არ იძლევა. აქ არ არის კომენტარების განყოფილება, მოწონების ან სხვა რეაქციების შემცველი ღილაკები, რომლებიც აუდიტორიას საშუალებას მისცემს, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ", - აღნიშნავს გამოცემა.


ამავდროულად, ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ამ საუბრების ჩანაწერების მომხმარებლებისგან მიღება მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელის წესები მათ ჩაწერას კრძალავს. ამასთან, Clubhouse-ის დიალოგების გარკვეული რაოდენობა YouTube- ზე უკვე გამოქვეყნდა და ასევე არსებობს უამრავი ვიდეო, თუ როგორ უნდა გადალახოთ ჩაწერის აკრძალვა. 


მომავალში, ზოგიერთ „სენსიტიურ“ თემაზე გამართული საუბრის „გაჟონვამ“, შესაძლოა, ამ სოციალური ქსელიდან მომხმარებლების გადინება გამოიწვიოს. კერძოდ, ესენი შეიძლება იყვნენ ცნობილი სახეები, რომლებიც ახლა Clubhouse-ს იყენებენ მეტწილად იმიტომ, რომ დისკუსიის მონაწილეთა რაოდენობა რამდენიმე ათასით შემოიფარგლება და საუბრის შინაარსი დაცულია. 


გარდა ამისა, Clubhouse-ს უახლოეს მომავალში ბევრი კონკურენტი ეყოლება: სოციალური ქსელები ერთმანეთის სიახლეებს ხშირად იმეორებენ. კერძოდ, TikTok-ის პოპულარობის ზენიტში, თითქმის ყველა სოციალური ქსელი ცდილობდა მოკლე ვიდეოების შექმნის დანერგვას. The New York Times-ის თანახმად, Facebook- მა უკვე დაიწყო მუშაობა მსგავს სერვისზე და მისი სამუშაო სახელია Fireside-ი. 

სხვა თემები