19 თებერვალი 2021 - 10:00

რატომ არის კარგი, რომ მაღაზიები ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ?

ფოტო: shutterstock.com

ახალი კორონავირუსის პანდემიამ ონლაინ შოპინგის მნიშვნელობა და მასშტაბი ძალიან გაზარდა. 2020 წლის მონაცემებით, ელექტრონული კომერციული ბაზარი სულ უფრო პოპულარული ხდება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დროა, მაღაზიები ონლაინ რეჟიმში გადავიდნენ? და რაც მთავარია, როგორ უნდა გაკეთდეს ეს?

თქვენი ბიზნესის გაფართოება გსურთ, მაგრამ არ იცით ეს როგორ გააკეთოთ?
დღეს მცირე ოფლაინ ბიზნესსაც კი, იქნება ეს ჩვეულებრივი მაღაზია, საცხობი თუ სახელოსნო, ახალი მომხმარებლების მოზიდვა ონლაინ ვერსიის გარეშე ძალიან უჭირს. ინტერნეტში გამოჩენა საშუალებას გაძლევთ დაუკავშირდეთ მათ, ვინც აქამდე ამ მაღაზიას ვერასდროს იპოვიდა. ამისათვის კი ონლაინ სივრცეში ერთდროულად ბევრი სხვადასხვა საშუალებაა ხელმისაწვდომი. დასაწყისისთვის შეგიძლიათ SEO-ოპტიმიზაცია  გააკეთოთ, რაც თქვენს მაღაზიას საძიებო სისტემებში მაქსიმალურად მაღლა გამოაჩენს. გარდა ამისა, ეფექტიანია შინაარსობრივი რეკლამის გადაღება და მისი სოციალურ ქსელებში განთავსება. პოტენციური მყიდველების დამატებითი ყურადღების მისაქცევად:  

- მაღაზიის ადგილმდებარეობა Google-ის რუკაზე მონიშნეთ; 
- სოციალურ ქსელებში მაღაზიის გვერდი შექმენით;
- ადგილობრივ ბლოგერებსა და ორგანიზაციებთან ითანამშრომლეთ.

ირგვლივ ყველანი ინტერნეტით ყიდულობენ, თუმცა მე ამაში  ვერაფრით გავერკვიე

მაშინაც კი, თუ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, სავარაუდოდ, მომავალში მაღაზიას პრობლემები შეექმნება. როგორი მრავალფეროვანი არჩევანიც არ უნდა  გქონდეთ, იგივე პროდუქცია დიდ მარკეტფლეისებზე უკვე იყიდება. საკუთარი საქონლის გასაყიდად მცირე ბიზნესს შეუძლია გამოიყენოს როგორც აღნიშნული პლატფორმები, ასევე, თავად მაღაზია. მსხვილ პლატფორმებს შეუძლია ხელი შეუწყოს მომხმარებელთა ბაზის გაფართოებასა და საკუთარი ონლაინ ვიტრინის შექმნას, რაც  ძირითადი გაყიდვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ ეს გჭირდებათ, ხარჯები შეამცირეთ! 

ოფლაინ მაღაზიის ყოველთვიური ხარჯები იჯარას, კომუნალურ და სხვა გადასახადებს, ასევე მომსახურე პერსონალის ხელფასს მოიცავს. ზოგჯერ საჭირო ხდება შენობის რემონტი, დიზაინის განახლება და თუ ქირასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ, ადგილმდებარეობის შეცვლა. ონლაინ მაღაზიასთან მიმართებით კი ყველაფერი გაცილებით მარტივია: შეკვეთების დასამუშავებლად საწყობი საკმარისია, დანარჩენი ყველაფერი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

მომხმარებლები დისკომფორტს განიცდიან?

ონლაინ მაღაზიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ აქ შეძენა შეგიძლიათ გვიან საღამოს, სამსახურისა თუ  სხვა საქმიანობის შემდეგ, როდესაც ყველა ოფლაინ მაღაზია უკვე დაკეტილია. რაც მთავარია, არსად წასვლა არ გჭირდებათ. სხვათა შორის, ინტერნეტ შოპინგი გასულ წელს  ძალიან გაფართოვდა, ოფლაინ მაღაზიების გარკვეული და არც თუ ისე მცირე ნაწილი კი დაიხურა. მართალია, კორონავირუსის პანდემიამ ეს პროცესები გარკვეულწილად აპროვოცირა, თუმცა საერთო ტრენდი მაინც საკმაოდ აშკარაა. ადამიანები ონლაინ შეკვეთას შეეჩვივნენ და ყიდულობენ საღამოობით ან გვიან ღამით. მაგალითად, სურსათის ადგილზე მიტანის ბაზარი ძალიან გაფართოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი ინტერნეტ შეკვეთას სულ უფრო მეტად ირჩევს.

არ იცით, როგორ დააბრუნოთ მაღაზიაში მხოლოდ ერთხელ შემოსული მომხმარებელი?

ოფლაინის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ძნელია თვალ-ყურის დევნება, ვინ რას ყიდულობს მაღაზიაში, რათა მოგების გაზრდის მიზნით, გაყიდვების ანალიზი ჩატარდეს. ამის გაკეთება ინტერნეტით უფრო ადვილია. მაგალითად, სანამ ადამიანი რამეს იყიდის, შეგიძლიათ სთხოვოთ პირადი ანგარიში შექმნას (ამისათვის შეგიძლიათ მცირე ფასდაკლებას ან ბონუსს დაჰპირდეთ) და დააფიქსიროს მონაცემები - ელ. ფოსტა და ტელეფონი. თუ ეს მომხმარებელი აღარ დაგიბრუნდებათ, შეგიძლიათ სპეციალური შეთავაზება გაუკეთოთ მას ან უბრალოდ დაურეკოთ და ჰკითხოთ, თქვენს მაღაზიაში რატომ აღარ მოდის. კარგი იქნება, თუ კლიენტს  თქვენ შესახებ შეახსენებთ: ამა თუ იმ სასარგებლო თემატურ ბმულს გაუგზავნით ან ფასდაკლებას შესთავაზებთ. გარდა ამისა, ონლაინ მაღაზიებს რემარკეტინგის გამოიყენების საშუალება აქვთ. მათ შეუძლიათ ონლაინ რეკლამები გაუგზავნონ ზუსტად იმ მომხმარებლებს, რომლებმაც მათი ვებგვერდი უკვე დაათვალიერეს. 


მომხმარებლების შესანარჩუნებლად საკუთარი თავის შეხსენება საკმარისი არ არის. ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკა მომსახურების გაუმჯობესებაა. ონლაინ მაღაზია ამაშიც დაგეხმარებათ. აქტიური ინტერაქციისთვის ვებგვერდზე შეგიძლიათ კითხვარი და გამოხმაურების ფორმა გააკეთოთ. გარდა ამისა, ინტერნეტ მაღაზიაში შეგიძლიათ ჩატი დაამატოთ. ეს დაგეხმარებათ მომხმარებელი ვებგვერდზე დააკავოთ, პრობლემების შემთხვევაში დაამშვიდოთ და საკითხი სწრაფად გადაჭრათ. ასევე შესაძლებელია ჩატბოტი გამოიყენოთ და ასეთი კომუნიკაციის ნაწილის ავტომატიზება დანერგოთ. ყველა ეს მეთოდი ერთგული მომხმარებლების რაოდენობის ზრდას შეუწყობს  ხელს და არც დიდ ხარჯს საჭიროებს.

 
თუ მომხმარებლები მოდიან და გეუბნებიან, რომ აქამდე თქვენ შესახებ არაფერი იცოდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ რეკლამა არ მუშაობს. თუ ოფლაინში მისი ეფექტიანობის შეფასება  ძალზე რთულია, ამისათვის ინტერნეტში ყველა საჭირო ინსტრუმენტი არსებობს. მაგალითად, Google-ის სარეკლამო პლატფორმა და სოციალური ქსელები სარეკლამო შთაბეჭდილებების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აგროვებენ. შესაბამისად, სარეკლამო კამპანიის კორექტირება თავად პროცესშია  შესაძლებელი. გარდა ამისა, ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ თვალ-ყური ადევნოთ, ყველაზე მეტ მყიდველს კონკრეტულად რომელი არხები იზიდავს და ძირითადად მათზე დაიხარჯეთ.

თუ  თქვენს პროდუქციას ინსტაგრამზე ყიდით, მაგრამ პირდაპირი მიმოწერით დაიღალეთ

ბევრი გამყიდველი, რომლებიც თავიანთი საქმიანობისთვის სოციალურ მედიას უკვე იყენებენ, ფიქრობს, რომ მათ ონლაინ მაღაზია არ სჭირდებათ. სინამდვილეში, ეს ხელს შეუწყობს თქვენი ბიზნესის განვითარებასა და მრავალი პრობლემის მოგვარებას. მაგალითად, ონლაინ მაღაზიას შეგიძლიათ CRM-სისტემა დაუკავშიროთ, რაც შეკვეთების ორგანიზებას, მომხმარებლებისთვის თვალ-ყურის დევნებასა და ყველა შესყიდვის მონიტორინგს გაგიადვილებთ. გარდა ამისა, ონლაინ მაღაზია სტატისტიკის შედგენაში, თქვენი გვერდის ვიზიტორების ზუსტი რაოდენობის ცოდნასა და მომხმარებლის შეკითხვებზე უფრი სწრაფ რეაგირებაში დაგეხმარებათ.

სხვა თემები