19 თებერვალი 2021 - 10:00

რა დაავადებაში შეიძლება აგვერიოს COVID-19?

ფოტო: shutterstock.com

ხველა, სუნთქვის გაძნელება და დაღლილობა დღეს ექიმებისა თუ მათი პაციენტებისთვის, პირველ რიგში, კორონავირუსულ ინფექციას უკავშირდება. თუმცა ეს სიმპტომები შეიძლება სხვა დაავადებების შემთხვევაშიც გამოვლინდეს. სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება ფილტვის კიბო. ქმნის თუ არა ასეთი დაბნეულობა მკურნალობის პროცესში პრობლემებს? რა რეკომენდაციებს გასცემენ საერთაშორისო ორგანიზაციები პანდემიის პერიოდში დიაგნოსტირების დროს?

ფილტვის კიბოსა და ახალი კორონავირუსის სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს?

ამ ორი დაავადების ძირითადი საერთო სიმპტომებია ხველა, ქოშინი და დაღლილობა. თუმცა COVID-19-ის შემთხვევაში ეს გამოვლინებები სწრაფად ჩნდება და დროთა განმავლობაში ქრება, ფილტვის კიბოთი დაავადებულებს კი აღნიშნული სიმპტომები დიდხანს უნარჩუნდებათ. მაგალითად, დაღლილობა შეიძლება თვეზე მეტხანს გაგრძელდეს.


ამ ორი მდგომარეობის დიფერენცირებისთვის, სპეციალისტები საუბრობენ სხვა "წითელ დროშებზე“, რომლებიც კონკრეტული დაავადებისათვის არის დამახასიათებელი. ფილტვის კიბოსთვის ეს არის სისხლიანი ნახველი, გულმკერდის არეში ტკივილი, წონაში კლება ან უმადობა. COVID-19-ის შემთხვევაში ასეთი სიმპტომებია სიცხე, კუნთების ტკივილი, სუნისა და გემოს დაკარგვა. გარდა ამისა, სპეციალისტები ყურადღებას აქცევენ რისკფაქტორებსაც. ეს არის ასაკი, მწეველობის სტაჟი,  ორგანიზმზე აზბესტის შესაძლო ზემოქმედება ან ახლო კონტაქტი პირთან, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა ან ჯერ კიდევ თვითიზოლაციაში იმყოფება. 


თუ ყველაფერი COVID-19- ზე მიუთითებს, პაციენტს ამ დაავადების შესახებ მომზადებული უახლესი რეკომენდაციების შესაბამისად მკურნალობენ. თუ ფილტვის კიბოს ალბათობა მაღალია, პირველ რიგში, PCR ტესტი კეთდება. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პაციენტს დამატებითი კვლევები (ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია ან რენტგენი) და ონკოლოგთან ვიზიტი ენიშნება. თუ პირს COVID-19 დაუდასტურდა, ჯერ კორონავისზე მკურნალობენ, შემდეგ კი ფილტვის კიბოს შესაძლო დიაგნოსტირებას განიხილავენ. 


არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს რაიმე განსაკუთრებული "წითელი დროშა" არ აქვს და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შეიძლება ნიშნავდეს როგორც კორონავირუსულ ინფექციას, ასევე - ფილტვის კიბოს. ასეთ დროს რეკომენდებულია PCR ტესტის გაკეთება. თუ პასუხი დადებითია, COVID-19 მკურნალობენ, თუ უარყოფითი - პირს ჯერ 14-დღიან თვითიზოლაციაში უშვებენ, შემდეგ კი გამოვლენილ სიმპტომებს აანალიზებენ. თუ საეჭვო გამოვლინებები გახანგრძლივდა, მაშინ ფილტვის კიბოს გამოსავლენად ან პირიქით, მის გამოსარიცხად დამატებითი კვლევები იქნება საჭირო.


კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ფილტვის კიბო თავიდან, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამიტომაც მაღალი რისკჯგუფების წარმომადგენლებისთვის არსებობს სკრინინგი - გულმკერდის ორგანოების დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფია. ეს საშუალებას იძლევა, რომ ადამიანმა დაავადება ადრეულ ეტაპზე დააფიქსიროს და მკურნალობა რაც შეიძლება მალე დაიწყოს. თუმცა ეს კვლევა აბსოლუტურად ყველას არ სჭირდება. სკრინინგი ტარდება 55-დან 80 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ სიგარეტს 15 წლის განმავლობაში, აგრეთვე მათთვის, ვინც წელიწადში 30 კოლოფზე მეტს ეწევა. ფილტვის კიბო შეიძლება აღმოაჩნდეთ იმ ადამიანებსაც, რომელთაც არასდროს მოუწევიათ (მაგალითად, იყვნენ პასიური მწეველები). თუმცა ეს ბევრად უფრო იშვიათად ხდება, ამიტომაც სკრინინგი მათ არ უტარდებათ.

კიდევ რა დაავადებები შეიძლება COVID-19-ში აგვერიოს? 

სპეციალისტების განმარტებით, ბოლო 9 თვის განმავლობაში ნებისმიერი დაავადება, რომელსაც სუნთქვის პრობლემები ან სიცხე ახლავს, ექიმებმა კორონავირუსულ ინფექციად აღიქვეს. ამიტომაც პრაქტიკაში ხშირია პნევმოთორაქსი, აქტიური ტუბერკულოზი და გულის ქრონიკულ უკმარისობა, რომლებიც COVID-19- ის ნიღაბს არის ამოფარებული. ასეთ შემთხვევებში სამედიცინო ვიზუალიზაციის მეთოდები ხელს უწყობს სწრაფ და სწორ დიაგნოსტირებას, პაციენტის შესაბამისი პროფილის სპეციალისტთან გადამისამართებას. 


თუმცა შეიძლება იყოს რთული შემთხვევებიც. მაგალითად, თუ პაციენტს ერთდროულად ფილტვის კიბო და კორონავირუსი აქვს. არის შემთხვევა, როდესაც ადამიანს აღენიშნება პნევმოცისტური პნევმონია ან ასპერგილოზი, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეული მწვავე პნევმონიისგან რადიოლოგიურად არ განსხვავდება. შესაბამისად, თავად ექიმებიც აღიარებენ, რომ სამწუხაროდ, მედიცინა იყო და რჩება ალბათობათა, არსებული გამოცდილებისა და კაცობრიობის მიერ დაგროვილი მცირე ცოდნის ერთობლიობად. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, არ არსებობს სახელმძღვანელო ან ინსტრუქცია, რომელშიც აღწერილია ყველა შესაძლო პრობლემა და მათი აღმოფხვრის გზები.

სხვა თემები