26 თებერვალი 2021 - 11:42

გამოაცხადებს თუ არა შოტლანდია დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას? ქვეყანა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მეორე რეფერენდუმისთვის ემზადება

შოტლანდია მორიგი რეფერენდუმისთვის ემზადება. ქვეყნის მთავრობა კონკრეტულ ვადას უახლოეს რამდენიმე კვირაში განსაზღვრავს. დიდი ბრიტანეთისგან შოტლანდიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეფერენდუმზე დაყენებული საკითხიც ჩამოყალიბების პროცესშია. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა The National-ი ავრცელებს


დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ პირველი რეფერენდუმი 2014 წელს ჩატარდა. მაშინ შოტლანდიელთა 55%-ი დიდ ბრიტანეთში დარჩენის მომხრე იყო. თუმცა 2016 წელს, როდესაც Brexit-ის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა უმეტესობა ევროკავშირის დატოვების მომხრე იყო, შოტლანდიელებმა საპირისპირო მოსაზრება დააფიქსირეს. ამის შემდეგ მალევე შოტლანდიის მმართველმა პარტიამ (შოტლანდიის ნაციონალური პარტია, რომელიც ტრადიციულად მხარს უჭერდა დამოუკიდებლობას და რომელმაც Brexit-ის რეფერენდუმამდე რამდენიმე თვით ადრე გაიმარჯვა) მიზნად დაისახა ქვეყანაში ახალი რეფერენდუმის ჩატარება. შოტლანდიის ნაციონალურ პარტიაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას სიტუაციის რადიკალური ცვლილებით ხსნიან. 


„შოტლანდიას, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, ევროკავშირის დატოვების პერსპექტივა ელის. ეს, დემოკრატიის თვალსაზრისით, მიუღებელია. ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის დატოვების შესახებ გამართული კენჭისყრით მნიშვნელოვნად იცვლება ის გარემოებები, რომლის პირობებშიც, 2014 წელს, შოტლანდიამ დამოუკიდებლობაზე უარი თქვა”, - განმარტა შოტლანდიის პირველმა მინისტრმა და პარტიის ლიდერმა ნიკოლა სტარჯენმა. 


მან ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე პირობა დადო, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ ხელახალი რეფერენდუმი ჩატარდებოდა. თუმცა ასევე განმარტა, რომ მზად არის ზუსტი თარიღი ოფიციალურ ლონდონთან განიხილოს. საბოლოოდ კი სტარჯენის მთავრობამ რეფერენდუმის პროექტის შესახებ მხოლოდ 2020 წლის სექტემბერში განაცხადა. ამავდროულად, პირველმა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახალხო გამოკითხვის ჩატარება მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ”რეფერენდუმი შოტლანდიელებს არჩევნის საშუალებას მისცემს. სწორედ ეს არის დემოკრატია”, - განაცხადა ნიკოლა სტარჯენმა.

უკვე მაისში შოტლანდიაში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. 129-კაციან პარლამენტში შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას 64 მანდატი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობამდე მხოლოდ ერთი ხმა აკლია. როგორც სააგენტო Savanta ComRes-ის მიერ შოტლანდიაში 2021 წლის თებერვალში ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით The National-ი წერს, მომავალი არჩევნების შედეგების მიხედვით, პარლამენტში მოხვედრა მმართველი პარტიის 71 დეპუტატს შეუძლია. ამის შემდეგ, შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას რეფერენდუმის პროექტის დამტკიცება ხმათა უმრავლესობით უპრობლემოდ შეეძლება.


დიდი მხარდაჭერით სარგებლობს თავად ნიკოლა სტარჯენი. კორონავირუსის პანდემიის დროს მის საქმიანობას შოტლანდიელთა 74%-ი დადებითად აფასებს - წერს The Wall Street Journ-ი. შედარებისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ქმედებებს მოსახლეობის 19% -ი ემხრობა. გარდა ამისა, ბორის ჯონსონმა შოტლანდიის გამოყოფის საწინააღმდეგო კამპანია უკვე დაიწყო. მან განაცხადა, რომ ”დაუსრულებელი საუბრები რეფერენდუმზე” ახლა ”სრულიად შეუსაბამოა” და 2014 წლის საყოველთაო კენჭისყრაც სავსებით საკმარისი იყო. 


ამავდროულად, გამოკითხვების თანახმად, შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. შესაბამისად, აღნიშნული კატეგორია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენის მსურველებს უკვე აღემატება. სააგენტო Savanta ComRes- ის მიერ 2021 წლის 4-9 თებერვალს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა 47%-ი მხარს უჭერს დამოუკიდებლობას, 42%-ი წინააღმდეგია, დაახლოებით 10% -ს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 


The Guardian-ის ინფორმაციით, შოტლანდიელები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ისინი  ევროკავშირის ბაზარზე ზღვის პროდუქტების გატანას ვეღარ შეძლებენ. ამის მიზეზი, "Brexit"-ის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის საბაჟო ბარიერების გაჩენაა. ამავდროულად, გამოცემა ციტირებს ამონარიდს ლონდონის ეკონომიკის სკოლისა და ჰონგ კონგის უნივერსიტეტის თებერვლის მოხსენებიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის დატოვება შოტლანდიის ეკონომიკისთვის 2-3-ჯერ უფრო მძიმე დარტყმა იქნება, ვიდრე - Brexit-ი. ბრიტანელებზე მოდის შოტლანდიის ექსპორტის 61%-ი და იმპორტის 67%-ი, რაც ევროკავშირთან შოტლანდიის ვაჭრობის მოცულობაზე დაახლოებით ოთხჯერ მეტია. 


ამის საპასუხოდ შოტლანდიის ეკონომიკის მინისტრმა ფიონა ჰისლოპმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობას შორსმიმავალი სარგებელი მოაქვს. ”როგორც ევროკავშირის დამოუკიდებელი წევრი და Brexit-ით გამოწვეული ზარალისგან თავისუფალი, შოტლანდია გახდება უზარმაზარი ერთიანი ბაზრის (ევროკავშირის) ნაწილი, რაც დიდი ბრიტანეთის ბაზარს 7-ჯერ აღემატება", - განმარტა მან.  ამის მაგალითად ჰისლოპმა ირლანდიის ეკონომიკა მოიყვანა. ”ევროკავშირში გაწევრიანების წყალობით, დამოუკიდებელმა ირლანდიამ დიდ ბრიტანეთზე სავაჭრო დამოკიდებულება მკვეთრად შეამცირა და ეკონომიკის დივერსიფიკაცია ევროპისკენ მიმართა. სწორედ ამ პროცესის ფარგლებში, ქვეყნის ეროვნულმა შემოსავალმა ერთ სულ მოსახლეზე დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებელს გადააჭარბა”, - განაცხადა შოტლანდიის ეკონომიკის მინისტრმა. 


თუმცა როგორც The Economist-ი აღნიშნავს, შეიძლება რეფერენდუმს იურიდიული დაბრკოლება შეექმნას. თეორიულად, ლეგიტიმური საყოველთაო სახალხო კენჭისყრა მხოლოდ ოფიციალური ლონდონის სანქციით არის შესაძლებელ. ბრიტანეთის მთავრობამ, დევიდ კამერონის ხელმძღვანელობით, ასეთი ნებართვა 2014 წლის რეფერენდუმზე გასცა, მაგრამ ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ის ასე არ მოიქცევა.


სტარჯენი კი ამბობს, რომ ის ამ დაბრკოლებას გვერდს აუვლის. კენჭისყრა გაფორმდება როგორც "კონსულტატიური რეფერენდუმი", რისი უფლებაც შოტლანდიის მთავრობას აქვს. მისივე განმარტებით, შოტლანდიის მთავრობა ბრიტანეთის ხელისუფლების  მხრიდან ნებისმიერ სამართლებრივ წინააღმდეგობას "მტკიცედ შეეწინააღმდეგება". როგორც The Economist-ი ვარაუდობს, რეფერენდუმის ლეგიტიმურობის შესახებ დავას მხარეები უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტენ. გამოცემის აზრით, მაშინაც კი, თუ სახალხო კენჭისყრის ჩატარებას კანონიერად აღიარებენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ "კონსულტაციური რეფერენდუმის" სამართლებრივი შედეგი რეალური დამოუკიდებლობა იქნება. 

სხვა თემები