24 თებერვალი 2021 - 12:19

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი შორდებიან. მათი განქორწინების შესახებ ჭორები ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა

ფოტო: shutterstock.com

ამერიკელმა ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა რეპერ კანიე უესტთან განქორწინების შესახებ სასამართლოში განცხადება შეიტანა. წყვილს 6-წლიანი ქორწინება და 4 შვილი აკავშირებს. ამერიკულ საზოგადოებაში კიმისა და კანიეს სიყვარულის ისტორია საკმაოდ გაიდეალებული იყო. მათ ხშირად მეფესა და დედოფალსაც კი უწოდებდნენ და პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ამერიკულ ვერსიად მიიჩნევდნენ. თუმცა 2020 წელს გაირკვა, რომ ცოლ-ქმარს შორის სერიოზული უთანხმოება იყო. კიმისა და კანიეს ქონება, რომლის გაყოფაც მათ მოუწევთ, 2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. თუმცა დიდი ალბათობით, განქორწინებას სკანდალური სასამართლო პროცესი არ მოჰყვება, რადგან წყვილს საქორწინო კონტრაქტი აქვს გაფორმებული. 


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება მოითხოვა, პირველად ამერიკულმა ტაბლოიდმა TMZ-მ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. ეს ამბავი მოგვიანებით ტელევარსკვლავის წარმომადგენელმა ქრისტი უელდერმა და ლოს-ანჯელესის სასამართლოს (სწორედ აქ შეიტანა კიმ კარდაშიანმა განქორწინების მოთხოვნით განცხადება) თანამშრომელმა CNN-თან ოფიციალურად დაადასტურეს. 


TMZ-ს ცნობით, „განქორწინება იქნება იმდენად მშვიდობიანი, რამდენადაც ეს პრინციპულად შესაძლებელია“. კარდაშიანი არ აპირებს, ქმარს შვილებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა შეუზღუდოს. შესაბამისად, მან სასამართლოს ბავშვებზე ერთობლივი იურიდიული და ფიზიკური მზრუნველობის უფლების მიღების თხოვნით მიმართა. გარდა ამისა, წყვილს აქვს წინასწარი შეთანხმება, რომელიც მათი ფინანსური აქტივების გაყოფის ყველა ასპექტს არეგულირებს. ამიტომაც, არც კარდაშიანი და არც უესტი საქორწინო კონტრაქტის გასაჩივრებას არ აპირებენ. კანიე უესტის ქონება 1,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, კიმ კარდაშიანის კი - 780 მილიონ დოლარად.

როდის და როგორ დაიწყო კარდაშიანი-უესტის რომანი?

უესტმა და კარდაშიანმა ურთიერთობა 2012 წელს დაიწყეს. მაშინ ტელევარსკვლავს ჯერ კიდევ ჰყავდა ოფიციალური მეუღლე - კალათბურთელი კრის ჰამფრისი, თუმცა მასთან აღარ ცხოვრობდა. კარდაშიანი-უესტის რომანმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია. ამის მიზეზი იყო ის, რომ წარმატებულ მომღერალს, ბიზნესმენსა და ქველმოქმედს - კანიე უესტს საზოგადოების თვალში კიმ კარდაშიანი არ შეეფერებოდა. ეს უკანასკნელი იმ დროისთვის ბევრისთვის იყო მხოლოდ ვულგარული ტელევარსკვლავი, რომელიც ცნობილი ინტერნეტში თავისი სექსუალური ვიდეოების გავრცელების გამო გახდა. უკვე 2013 წელს კარდაშიანს უესტისგან ქალიშვილი - ნორტი შეეძინა, რამდენიმე თვის შემდეგ, საკუთარ დაბადების დღეზე კი კიმი კანიეზე დაინიშნა. 


კიმისთვის ცოლობა რომ ეთხოვა, კანიემ სან-ფრანცისკოში კალათბურთის სტადიონი იქირავა. კარდაშიანის გამოჩენის შემდეგ ეკრანზე აენთო წარწერა - "გთხოვ, ცოლად გამომყევი!", საგანგებოდ მოწვეულმა სიმფონიურმა ორკესტრმა კი შეასრულა ლანა დელ რეის სიმღერა "ახალგაზრდა და ლამაზი" („Young and Beautiful“). უესტმა მომავალ მეუღლეს ცნობილი საიუველირო ბრენდის - Lorraine Schwartz-ის 15-კარატიანი ბრილიანტის თვალის მქონე ოქროს ბეჭედი გაუკეთა და ცერემონია ფოიერვერკით დასრულდა. კანიემ ნიშნობის ორგანიზებისთვის 3 მილიონი დოლარი დახარჯა. აღნიშნულ ცერემონიალს კი მედიამ "ცნობილი ადამიანების ყველა დროის საუკეთესო ნიშნობა" უწოდა.


კარდაშიანი-უესტის ქორწილი 2014 წლის მაისში, ფლორენციაში გაიმართა. ჟურნალმა Vogue-მა, რომელმაც ახალდაქორწინებულთა ფოტო თავის გარეკანზე გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია ჰეშთეგით #worldsmosttalkedaboutcouple (#მსოფლიოში ყველაზე განხილვადი წყვილი). ქორწინების შემდეგ უესტსა და კარდაშიანს შეეძინათ კიდევ სამი შვილი, რომელთაგან ორი სუროგატმა დედამ გააჩინა. 

რა მოხდა ქორწინების შემდეგ?

ქორწინების შემდეგ კარდაშიანმა იმიჯის მნიშვნელოვნად შეცვლა დაიწყო. ის შეეცადა, მოეშორებინა ტელევარსკვლავის გარეგნული სახე, რომელიც მხოლოდ რეალითი შოუში- "Keeping Up with Kardashians" მონაწილეობით შეიქმნა. კიმი ქველმოქმედი  გახდა და ბიზნესიც დაიწყო. მან შექმნა კოსმეტიკური ბრენდი KKW Beauty და ფულს სოციალურ ქსელებში საკუთარი პოპულარობითაც შოულობდა. 2018 წელს, Business Insider-ის თანახმად, კარდაშიანის ინსტაგრამზე სარეკლამო პოსტი დაახლოებით 720 ათასი დოლარი ღირდა. სწორედ მაშინ კიმმა აღიარა, რომ ოცნებობდა, გარდაცვლილი მამის მსგავსად, თავადაც იურისტი გამხდარიყო. ამისათვის კი მან სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში სწავლების 4-წლიანი პროგრამა დაიწყო. პარალელურად, კიმ კარდაშიანი სოციალური მიმართულებით გააქტიურდა - ის ამერიკის ციხეებში მყოფ პატიმრებს ეხმარებოდა. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, კარდაშიანი მას ორჯერ შეხვდა, რათა რამდენიმე პატიმრის საქმე, მათი ვადაზე ადრე გათავისუფლება და  ციხის სისტემის რეფორმირების აუცილებლობა განეხილა.


ქორწინების შემდეგ კანიე უესტი კონცენტრირდა თავის ახალ ალბომზე - "Yeezus" და მოდის ბრენდზე - Yeezy. 2020 წელს ის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა, რამაც მისი მისამართით ბევრი სახუმარო ტექსტი გამოიწვია. მას სერიოზული საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებია, თუმცა კარდაშიანი-უესტის ქორწინების პრობლემები სწორედ ამ დროს გამოვლინდა. სამხრეთ კაროლინაში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, კანიემ (რომელიც თავის წინასაარჩევნო პროგრამაში აბორტის წინააღმდეგი იყო) თქვა, რომ 2012 წელს კიმს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა სურდა, თუმცა მან "გაიგო უფლის ხმა", რომელმაც უთხრა, რომ კარდაშიანი შეეჩერებინა, სწორედ ასე დაიბადა მათი პირველი ქალიშვილი - ნორტი. ამ ამბის მოყოლის შემდეგ რეპერი ატირდა და ყვირილი დაიწყო: ”მას ხელში აბები ეჭირა! ჩემი ქალიშვილი კინაღამ მოვკალი!" კარდაშიანმა ქმრის ემოციური მოქმედება ბიპოლარული აშლილობის გამწვავებით ახსნა. აღნიშნული დიაგნოზი მომღერალს მრავალი წლის წინ დაუსვეს. რამდენიმე დღის შემდეგ უესტმა თავისი საქციელის გამო სოციალურ ქსელში მეუღლეს ბოდიში მოუხადა. 


მოგვიანებით, მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ წყვილმა კორონავირუსის მთელი პანდემია 2020 წელს ცალ-ცალკე გაატარა. კარდაშიანი შვილებთან ერთად კალიფორნიის სახლში ცხოვრობდა, უესტი კი - უაიომინგის შტატში მდებარე რანჩოზე. ამავდროულად, ამომრჩეველთა წინაშე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, კარდაშიანი მეუღლესთან მივიდა - პაპარაცებმა ისინი მანქანაში კამათის დროს გამოიჭირეს. გარდა ამისა, წყვილი ერთობლივ შვებულებაშიც გაემგზავრა, რათა "ურთიერთობის გადარჩენა" ეცადა - წერდა TMZ-ი. თუმცა ამან ვერაფერი შეცვალა, რადგან გამოცემის მტკიცებით, უთანხმოება ძალიან შორს იყო წასული.


”კიმი სერიოზულად უყურებს ადვოკატის გამოცდას, რათა ლიცენზია მიიღოს და ციხეების რეფორმირების კამპანია გააგრძელოს. ამასობაში, კანიე პრეზიდენტობის კანდიდატურასა და მსგავს სისულელეებზე საუბრობს, რამაც კიმი ძალიან დაღალა", - ასე განმარტავს პრობლემების მიზეზს წყვილთან დაახლოებული წყარო. ინსაიდერების მტკიცებით, კარდაშიანი "გადაღლილია" იმის გამო, რომ ქმარს გამუდმებით ეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების გამკლავებასთან. კანიე კი მედიკამენტების მიღებაზე პერიოდულად უარს ამბობს, რაც მის შემოქმედებით საქმიანობაზე უარყოფითად მოქმედებს. ბოლოს და ბოლოს, როდის დაიწყება კარდაშიანისა და უესტის განქორწინების საქმეზე მოსმენები, ჯერჯერობით უცნობია. 

სხვა თემები