04 სექტემბერი 2017 - 00:54

10 საფრთხე, რომლის წინაშეც კაცობრიობა 2050 წლისთვის აღმოჩნდება. პროგნოზი

რა იქნება 30 წლის შემდეგ, ამის ზუსტად თქმა დღეს შეუძლებელია, მაგრამ სპეციალისტების აზრით, მეცნიერების და ტექნიკის განვითარება გარკვეულ მინიშნებებს გვაძლევს.

ადამიანის გენური მოდიფიცირება

ამ ტექნოლოგიის გამოყენების მასშტაბები დღეს არ არის ისეთი, რომ ის თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ჩაითვალოს, მაგრამ 2050 წლისთვის ეს საკითხი შეიძლება ძალიან აქტუალური გახდეს.

ახალი ტექნოლოგიით შესაძლებელია ადამიანის დეენემის რედაქტირება. მას ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. ტექნოლოგიას დაარქვეს Crispr (ინგლისური crisper-იდან, რაც “უფრო მკაფიოს” ნიშნავს). თეორიულად, მისი საშუალებით ადამიანის დეენემის შეცვლა იმდენად შეიძლება, რომ მასში აღარ დარჩება ისეთი დაავადებების რისკი, როგორიცაა კიბო.

მოწინააღმდეგეების თქმით, ადამიანის დეენემის ცვლილებასთან დაკავშირებული ექსპერიმენტების ეთიკური კონტროლი ყველა ლაბორატორიაში, უნივერსიტეტსა და კორპორაციაში, შეუძლებელი გახდება; ტექნოლოგიები ისეთი სიჩქარით გვთავაზობს სიახლეებს, რომ ადამიანებს დრო არ რჩებათ, დაფიქრდნენ ამ შესაძლებლობების ეთიკურ შემადგენელზე და საბოლოო შედეგზე; ადამიანებმა უნდა გაიაზრონ ის, თუ რა ქმნის რეალურად ადამიანს ადამიანად და რა არის ის, რისთვის ხელის ხლებაც საჭირო არ არის.

მოსახლეობის დაბერება

პლანეტის მოსახლეობა არამხოლოდ რაოდენობრივად იზრდება, არამედ ადამიანები უფრო დიდხანსაც ცოცხლობენ. მოხუცებს საზოგადოებისგან მეტი დახმარება და ხშირად სპეციალური მოვლა სჭირდებათ. 2100 წლისთვის 100 წლამდე ადამიანების რიცხვი 50-ჯერ გაიზრდება (დღევანდელი 500 ათასიდან - 26 მილიონზე მეტ ადამიანამდე); გაიზრდება მსოფლიოში იმ სახელმწიფოთა რიცხვიც, სადაც 65-ზე მეტი წლის ადამიანი იცხოვრებს. შესაბამისად, ქვეყნებს მოუწევთ მოხუცების მოვლაზე ფიქრი.

მაგალითად, იაპონიაში ამისთვის რობოტების გამოყენება უკვე იგეგმება. შეიძლება ეს იყოს სპეციალური კანონები, რომლითაც სახელმწიფოებში დიდი რაოდენობით მიგრანტების შესვლას წაახალისებენ, იმისთვის, რომ გაუმკლავდნენ მოსახლეობის დაბერების შეუქცევად პროცესს და შობადობის შემცირებას.

ქალაქების გაქრობა

კლიმატი იცვლება და ლაპარაკია არამხოლოდ ტეხასის მსგავს წყალდიდობებზე. ამინდის ცვლილებები ქალაქების დიზაინსაც შეცვლის. სპეციალური დამბების გარდა, საჭირო გახდება მაღალი პირველსართულიანი სახლების აშენება. თუმცა, ეს ყველაფერი დროებითი ზომებია. თუ კლიმატში დღევანდელი ტენდენცია შენარჩუნდა, გაქრება მთელი რიგი კუნძულები, ქალაქების და რეგიონების ნაწილი, რომლებიც ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. ამას სერიოზული ეკონომიკური ეფექტი მოჰყვება, ხოლო ეკომიგრანტები გავრცელებულ მოვლენად გადაიქცევა. სერიოზული პრობლემები და კრიზისები ელით იმ სახელმწიფოებს, საითკენაც მიგრანტთა ნაკადები დაიძვრება.

სოცქსელების ევოლუცია

უკვე დღეს, ადამიანების უმრავლესობა ინფორმაციას სწორედ სოცქსელებიდან იღებს. შესაბამისად Facebook-ი, Instagram-ი და Twitter-ი (ან ის, რაც მათ მაგივრად იქნება), მომავალშიც არსად გაქრება. 

30 წლის შემდეგ, სოცქსელების წყალობით, ადამიანები დაკარგავენ პირადი ცხოვრების უფლებას (ეს დღესაც პრობლემაა); მომავალში გამწვავდება ასევე ინტერნეტ-ბულინგის (ჩაგვრის) საფრთხეც. ინტერნეტ-ტროლების წინააღმდეგ უკვე ბევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა მობილიზებული, მაგრამ არავინ იცის, შეძლებენ თუ არა სამართალდაცავი ორგანოები და სოცქსელების მფლობელი კომპანიები ამ სასტიკ ფენომენთან გამკლავებას.

თუ ადამიანი, თვიდან თვემდე და ათობით წლის განმავლობაში მოიხმარს გადაუმოწმებელ, ყალბ ინფორმაციას, ის დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს ცივილიზებულ დიალოგში მონაწილეობას და ცივილიზებული საზოგადოების წევრად დარჩენას. თუ ცრუ ახალი ამბების რაოდენობა არ შემცირდება, არავინ იცის ეს, საბოლოო ჯამში, როგორ აისახება ადამიანების შეხედულებებზე და როგორ შეცვლის მათ მსოფლხედველობას.

გეოპოლიტიკური ქაოსი

უახლოესი 30 წლის განმავლობაში, მსოფლიოში პოლიტიკური სტაბილურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ჩრდილოეთ კორეა რაკეტების გამოცდას არ წყვეტს; ათასობით დევნილი საზღვრებს ლახავს, გაურბის ომებს და ძალადობას; ჰაკერები სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევას ცდილობენ (ან ერევიან კიდეც); მთელ მსოფლიოში იზრდება ნაციონალისტური განწყობები; ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ბლოკის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ტრანსპორტის უსაფრთხოება

სწრაფი ურბანიზაციის, ჩქაროსნული მატარებლებისა და Hyperloop-ის ტექნოლოგიის მიუხედავად (ილონ მასკის ვაკუუმური მატარებლის პროექტი), ავტომობილები არსად გაქრება. პირიქით, კვლევების თანხმად, უახლოეს 20-30 წელიწადში მათი რაოდენობა გაიზრდება და მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება უპილოტო თუ ადამიანის მიერ მართული ავტომობილები (ავტოსამშენებლო გიგანტები ცდილობენ რაც შეიძლება მალე გამოუშვან უპილოტო ავტომობილები).

შესაბამისად, სახელმწიფოებს მოუწევთ ისეთი პრობლემების გადაწყვეტა, როგორებიცაა, გზებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გარემოს დაბიძნურებისგან დაცვა, ასევე იმაზე ფიქრი, რომ უპილოტო ავტომობილები ადამიანების სიცოცხლისთვის ახალ საფრთხედ არ გადაიქცეს.

ამოწურვადი ბუნებრივი რესურსები

21-ე საუკუნის ტექნოლოგიები და გაჯეტები მოითხოვს დედამიწისთვის იშვიათ ელემენტებს: საშუალო სმარტფონი შედგება 60-ზე მეტი “ინგრედიენტისგან”. ბუნებრივი რესურსები შემაშფოთებელი სისწრაფით მცირდება. მაგალითად, ჩინეთში, სადაც ასეთი იშვიათი ლითონების 90% მოიპოვება, მათი მარაგი 20 წელიწადში ამოიწურება და თანაზომადი შემცვლელის პოვნა ძალიან გართულდება.

სხვა პლანეტების დაპყრობა

ახლა კოსმოსში ფრენების განხორციელება მხოლოდ სახელმწიფო აეროკოსმოსურ სააგენტოებს და მილიარდერებს შეუძლიათ, მაგრამ ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად გაჩნდება ისეთი თემები, როგორებიცაა - კოსმოსური ლოგისტიკა, კოსმოსური უსაფრთხოება და კოსმოსური დიპლომატია.

გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა კოსმოსური ტურიზმის მომსახურებით დაკავებული კომპანიები კლინტების უსაფრთხოების დაცვას; ან შესაძლებელი გახდება თუ არა მარსის დაპყრობის გზების გამონახვა, რისკენაც სტივენ ჰოკინგი მოუწოდებს.

ინტელექტის სტიმულატორები

თავის ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად სტიმულატორების მიღება (თუნდაც ყავის) დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა. სმარტფონების დახმარებით ჩვენი ტვინები დამატებით “გარე” მეხსიერებით არის აღჭურვილი. დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიაში უკვე მუშაობენ ისეთი პრეპრატების და იმპლანტატების შექმნაზე, რომლებიც ადამიანს დაეხმარება ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად იფიქროს და კონცენტრირდეს სამუშაოზე.

სპეციალისტების თქმით, ამ პრეპარატებს, რა თქმა უნდა, ყველა ვერ იყიდის, რაც გაზრდის ადამიანებს შორის უთანასწორობას. იმავდროულად, არსებობს პრობლემის სამართლებრივი და ეთიკური ასპექტებიც: გამოცდის წინ ყავის დალევა ერთია და სპეციალური აბის მიღება - კიდევ სხვა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ადამიანებს წარმოდგენაც არ აქვთ, რა შეიძლება მოჰყვეს ინტელექტის ამ ხელოვნური სტიმულატორების გამოყენებას.

ხელოვნური ინტელექტის მზარდი გავლენა

ამერიკელ ფუტუროლოგ რეი კურცვეილს მომავალზე ბევრი პროგნოზი აქვს გაკეთებული, მათგან ნაწილი დამაიმედებელია, ნაწილი კი შემაშფოთებელი. ერთ-ერთის თანახმად, ერთხელაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანისას გადააჭარბებს და დამოუკიდებლად, დიდი სისწრაფით დაიწყებს განვითარებას.

ამ პროგნოზს ბევრი არ ეთანხმება, მაგრამ იმასაც არავინ უარყოფს, რომ ხელოვნური ინტელექტი განვითარდება. ადამიანის დეენემის რედაქტირების მსგავსად, აქაც სულ ცოტა ეთიკური პრობლემები წარმოიქმნება. ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტ სფეროში იჭრება, დაწყებული ჯანდაცვიდან დამთავრებული ფინანსებით.

მართალია, ხელოვნური ინტელექტის მიერ კაცობრიობის სრული განადგურების შესაძლებლობა ნაკლებად სარწმუნოა, მაგრამ მას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ადამიანების ცხოვრება. არ არის გამორიცხული არც გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემები, რომლის დროსაც ამ ინტელექტით მართული გარკვეული მოწყობილობები ადამიანის კონტროლს აღარ დაექვემდებარება. სპეციალისტების პროგნოზით, ასეთ შემთხვევაში მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის წარმოქმნის საფრთხე რეალურია, რომელიც გამოიხატება ან დიდი რაოდენობით ადამიანების დაღუპვაში, ან მილიონობით დოლარის დაკარგვაში.

წყარო: BBC

კომენტარები ()

სხვა თემები