05 მარტი 2021 - 22:24

ბერლინის კინოფესტივალი დაიწყო - წლევანდელ კონკურსში არც წითელი ხალიჩაა, არც პაპარაცები და არც ამერიკული ფილმები

1 მარტს ბერლინის კინოფესტივალი დაიწყო. 2021 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ის ონლაინ რეჟიმში ტარდება. კრიტიკოსები მთელი მსოფლიოდან მთავარ პრემიერებს სახლის პირობებში უყურებენ. ორგანიზატორები კი იმედოვნებენ, რომ გამარჯვებულებს მიღებულ ჯილდოებს საზეიმო ვითარებაში ზაფხულში მაინც გადასცემენ (თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას მათ  ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მისცემს). წელს ბერლინალეს ჟიურის თავმჯდომარე არ ჰყავს, ასევე არ იქნება გახმაურებული საერთაშორისო პრემიერები. მთავარ კონკურსში მხოლოდ 15 ფილმია, რომელთა შორის არც ერთი ამერიკული ნამუშევარი არ არის.

როგორ მიმდინარეობს ბერლინალე ონლაინ რეჟიმში?

გერმანიის დედაქალაქში მკაცრი საკარანტინო ზომები მოქმედებს, ამიტომაც ყოველგვარი კინოჩვენება აკრძალულია. უფრო მეტიც, ბერლინი კორონავირუსის მესამე ტალღის დაძაბულ მოლოდინშია. მიუხედავად ამისა, ფილმები დიდ ეკრანზე გერმანიის დედაქალაქში მაინც გამოჩნდება, თუმცა მხოლოდ ექვსი პრივილეგირებული მაყურებლისთვის, რომლებიც კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრები არიან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ თავმჯდომარე არ ჰყავთ და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ყველა მათგანი თანასწორია. ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა მოიწვია „ოქროს დათვის“ ექვსი ლაურეატი, რომლებიც 21-ე საუკუნეში დააჯილდოვეს. ესენი არიან: გასული წლის ტრიუმფატორი, ირანელი მოჰამედ რასულოფი ("ბოროტება არ არსებობს", 2020), ისრაელელი ნადავ ლაპიდი ("სინონიმები", 2019), რუმინელი ადინა პინტილიე ("არ შეეხო", 2018 ), უნგრელი ილდიკო ენედი ("სხეულისა და სულის შესახებ ”, 2017), იტალიელი დოკუმენტალისტი ჯანფრანკო როსი („ცეცხლი ზღვაში“, 2016) და ბოსნიელი იასმილა ჟბანიჩი („გრბავიცა“, 2006).  წლევანდელ ბერლინალეს არამხოლოდ ჟიურის თავმჯდომარე არ ჰყავს.  არც ფესტივალის გახსნისა და დახურვის კინოჩვენებები იქნება. რა საჭიროა ისინი, თუ არც ცერემონიებია, არც საზეიმო გამოსვლები, არც საღამოს კაბები, არც წითელი ხალიჩა, არც VIP სტუმრები და არც მათ გარშემო მოფუსფუსე უამრავი ფოტოგრაფი? ამბობენ, რომ ეს უფრო ეკონომიურიც არის და თანამედროვეც. ზედმეტი პათოსის გარეშე რომ ვთქვათ, იმავე მიზეზების გამო, ბერლინის წლევანდელი კინოფესტივალი მოკლებულია ცნობილი რეჟისორების მაღალი დონის პრემიერებს, რომელთაც ხშირად კონკურსგარეშე აჩვენებდნენ. 2021 წლის ბერლინალე არც საერთაშორისო ვარსკვლავებით გადაჭრელებული ფილმებით არის განებივრებული. 

თუმცა ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეც აქვს - ამით ფესტივალის ნივთიერებათა ცვლის პროცესი მკვეთრად ირღვევა. ბერლინალეს ჩვეული მოდელი კარგად მუშაობს: ფესტივალზე აჩვენებენ და აჯილდოებენ ცნობილ ფილმებს, ვარსკვლავები პრესისთვის პოზირებენ, მათ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი  და საპრიზო ინტრიგა საზოგადოების ყურადღებას იზიდავს, რაც შემდგომში ეხმარება ფილმებს, საკმაოდ ინოვაციურსაც კი, კინოთეატრებში გამოჩნდეს და მაყურებელმა შეამჩნიოს. ახლა კი, აჟიოტაჟის, ცნობილი სახეებისა და პაპარაცების არ არსებობის გამო, ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევრებიც კი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. უფრო მეტიც, ფილმების ტრადიციულ დისტრიბუციაზე დაბრუნების დრო ჯერჯერობით არავინ იცის. თუ ამ პროცესს ჰოლივუდიც კი განიცდის, მითუმეტეს არტ-კინო კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაშია. 

ეს შეიძლება საგულდაგულოდ შექმნილი და  შენარჩუნებული ილუზია იყო, მაგრამ არსებობდა მოსაზრება, რომ მსოფლიო კინოს ისტორია სწორედ ევროპულ ფესტივალებზე იწერებოდა. ეს ასევე იყო სადღესასწაულო დღეები, სულ ცოტა, ბერლინში მაინც.  დღეს კი ბერლინალე 2021-ს მაყურებელი ჯერ საერთოდ არ ჰყავს, ამიტომ ფესტივალი ფორუმიდან ელიტურ ლაბორატორიად გარდაიქმნა.

როდემდე გრძელდება ბერლინის წლევანდელი კინოფესტივალი?

წლევანდელი ბერლინალეს ფარგლებში გამართული კინოჩვენებები გაგრძელდება არა ჩვეულებრივ 10-12 დღეს, არამედ მხოლოდ ერთ კვირას და ისიც - არასრული დატვირთვით. ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში ჟიური პროგრამით გათვალისწინებულ ფილმებს ნახავს (გარდა ძირითადი კონკურსისა, ესენია - "შეხვედრები", "პანორამა", "ფორუმი", მოკლემეტრაჟიანი ფილმები), უკვე ხუთშაბათსა და პარასკევს გამარჯვებულები  გამოცხადდებიან, შაბათ-კვირას კი ფილმი-ლაურეატების განმეორებითი ჩვენებები შედგება. შესაბამისად, მონაწილეთა რაოდენობაც საგრძნობლად არის შემცირებული.

ვინ არის წარდგენილი წლევანდელ ბერლინალეზე?

წარმოგიდგენთ რამდენიმე ცნობილ რეჟისორს, რომლებიც „ოქროს დათვის“ პრეტენდენტები არიან. ეს არის დამოუკიდებელი კორეული კინოს გურუ - ჰონგ სანგ სუ. მისი ფილმი „ქალი, რომელიც გაიქცა“ ერთი წლის წინ „ვერცხლის დათვის“ მფლობელი გახდა. რეჟისორის ახალ კამერულ ნამუშევარს ჰქვია „შესავალი“. ამავე კატეგორიაშია ფრანგი სელინ სიამა, რომლის "ალმოდებული ქალის პორტრეტი" ორი წლის წინანდელი სენსაციაა. წელს ის წარმოდგენილია ფილმით - "პატარა დედა". ბერლინალე 2021-ში წარმოდგენილია უნგრელი ბენს ფლიგაუფი, რომლის შემოქმედებაც ბერლინის კინოფესტივალზე არაერთხელ აღინიშნა ექსპერიმენტული სურათით "ტყეო, მე ყველგან გხედავ". აქვეა ფესტივალების ფავორიტი - რუმინელი რადუ ჟუდე ფილმით "წარუმატებელი სექსი ან შეშლილი პორნო". 


არანაკლებ საინტერესოა ფრანგი ქსავიერ ბოვუას ფსიქოლოგიური დრამა "ალბატროსი", რომელშიც მთავარ როლს პირველი კლასის მსახიობი ჟერემი რენიე ასრულებს. აქვეა იაპონელი რიუსუკე ჰამაგუტის სურეალისტური "ფორტუნისა და ფანტაზიის ბორბალი", სამეცნიერო ფანტასტიკა კაცი-ანდროიდის შესახებ " მე შენი კაცი ვარ” და მსახიობ დანიელ ბრიულის სარეჟისორო დებიუტი - „მეზობლად”, რომელშიც მთავარი როლი მან თავად შეასრულა. 
პროგრამაში Berlinale Special წარმოდგენილია "ბესტსელერები", რომელიც წიგნის ინდუსტრიას ეხება და მასში მთავარ როლს მაიკლ კეინი ასრულებს. აქვეა ალექსეი პალუიანის დოკუმენტური ფილმი "მამაცობა", რომელიც ბელარუსის საპროტესტო გამოსვლებს ეძღვნება და უპრეცედენტოდ გულწრფელი ბიოგრაფიული ფილმი "თინა“, რომელიც თინა თერნერის ცხოვრებაზეა. 


ასე რომ, თუნდაც შეზღუდული ფორმატით, ბერლინალე რეპერტუარის სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით მაინც გამოირჩევა. ამავდროულად, ის გაზაფხულის პირველ დღეს პირველად დაიწყო, ეს კი საფესტივალო ცხოვრებაში მომავალი დათბობის შესახებ იმედს იძლევა.

სხვა თემები