09 მარტი 2021 - 16:37

„ჩემი ახლობელი ფიქრობს, რომ ბილ გეიტსი კაცობრიობას დაჩიპავს“. როგორ მოვიქცე?

EUvsDisinfo

ვებგვერზე euvsdisinfo.eu გამოქვეყნდა სტატია, სათაურით - „ჩემი ახლობელი ფიქრობს, რომ ბილ გეიტსი კაცობრიობას დაჩიპავს“. როგორ მოვიქცე? ეს არის ერთგვარი მოკლე სახელმძღვანელო მათთან სასაუბროდ, ვისაც აცრის საწინააღმდეგო კონსპირაციული თეორიების სჯერა.

ვაქცინები ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი საერთოდ არაა საშიში. წამში კეთდება!“- არწმუნებს ჩიტი მარაბუ ვაქცინების მიმართ სკეპტიკურად განწყობილ (და შეშინებულ!) ჰიპოპოტამს 1966 წელს გადაღებულ საბჭოთა მულტფილმში. მას შემდეგ 50 წელზე მეტი გავიდა და კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის დროს ვაქცინები იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მაგრამ პროკრემლისტური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მესიჯები გამამხნევებლად სულაც არ ჟღერს.

პანდემიის განმავლობაში ინტერნეტის ყველაზე შავბნელ კუთხეებში ვაქცინების შესახებ გაჩნდა ისეთი დაუსაბუთებელი მტკიცებები, როგორიცაა „ბილ გეიტსი ვაქცინებს კაცობრიობის დასაჩიპად გამოიყენებს“ და მასობრივი ინფორმაციის პროკრემლისტურმა საშუალებებმა მათ ახალი იმპულსი შესძინა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდება სოციალურ მედიაში, რაც დაბნეულობას იწვევს და ჯანდაცვის სფეროში არსებულ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს.

ბევრი ხვდება, რომ ვაქცინებში Microsoft-ის ჩიპების არსებობის მტკიცება უბრალოდ აბსურდულია. მაგრამ ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას ვერ ხვდებიან? როგორ უნდა დაელაპარაკოთ მათ, ვინც ინტერნეტში წააწყდა კონსპირაციულ თეორიებს ვაქცინებთან დაკავშირებით და დაიჯერა ისინი?

ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ:

1. შეინარჩუნეთ სიმშვიდე!

თუ სოციალურ მედიაში ვაქცინებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ან კონსპირაციულ თეორიებს წააწყდებით, სწორი იქნება ასეთი პუბლიკაციების შესახებ პლატფორმებისთვის შეტყობინების გაგზავნა, რადგანაც ისინი, დიდი ალბათობით, არღვევსამ პლატფორმების წესებს. მსგავსი შინაარსის მასალაზე რეაგირება (თუნდაც უარყოფითი კომენტარის დატოვება) მხოლოდ მის გავრცელებას შეუწყობს ხელს.

მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ადამიანი, რომელსაც სჯერა და აზიარებს შეცდომაში შემყვან ცნობებსა და აშკარა კონსპირაციულ თეორიებს ვაქცინებთან დაკავშირებით, თქვენი ახლობელია – მეგობარი, ნათესავი ან მეზობელი? იმის მტკიცება, რომ პაპი თავის მიმდევრებს აცრას სთხოვს გლობალური ფარმაკოლოგიური კომპანიებისთვის სამსახურის გაწევის მიზნით, შეიძლება სასაცილო იყოს, მაგრამ ამ საკითხით გულწრფელად შეწუხებული ადამიანის დაცინვა, აბუჩად აგდება ან მასზე გაბრაზება საპირისპირო შედეგს გამოიწვევს.

მიღებული განათლების მიუხედავად, ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ შიშები და ეჭვები, რომელთა წყარო შესაძლოა იყოს საფუძვლიანი წუხილი ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობასთან  დაკავშირებით. სხვების მიმართ პატივისცემის გამოვლენა და მათი მოსმენის სურვილი შინაარსობრივი და შედეგიანიკომუნიკაციის გასაღებია.

2. გაუგეთ!

აკადემიური კვლევები დადასტურებულია, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა მხოლოდ სამეცნიერო ფაქტებზე ან სამედიცინო მოსაზრებებზე დაყრდნობით, არამედ სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების, პირადი გამოცდილებების და მორალური შეხედულებების გათვალისწინებითაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ვაქცინებთან დაკავშირებულ უსაფუძვლო მტკიცებებს მხოლოდ ცოდნის ნაკლებობის გამო არ იჯერებენ.

გამოცემაში Nature Human Behaviour 2017 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც ამერიკელი მშობლების ორი დიდი ჯგუფის შესწავლის საფუძველზე გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირები ვაქცინის მიუღებლობასა და მორალურ ღირებულებებს შორის. ვაქცინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებზე გავლენას ახდენს შეხედულებები, რომ აცრა მათი ბავშვების „წმინდა“ სხეულებს შებღალავს. მათ ასევე სწამთ, რომ ხელისუფლებამ  ინდივიდის ქცევა არ უნდა „გააკონტროლოს“.

დეზინფორმატორებმა საკმაოდ კარგად იციან, ასეთი შეხედულებები ბოროტად როგორ გამოიყენონ. სოციალურ მედიაში გავრცელებული ისეთი დაუსაბუთებული მტკიცებები, როგორიცაა ვაქცინის უნარი, შეცვალოს ადამიანის დნმ  ან ის, რომ ისინი დაბინძურებულია შიდსით, მალარიით ან „5G-ის ნაწილაკებით“, ემოციებზე აპელირებს და ფაქტებს უგულებელყოფს. მსგავსი მტკიცებები იყენებს ღრმად გამჯდარ რწმენებს ჩვენი (და ჩვენი შვილების) სხეულების ნებისმიერი „არაბუნებრივი“, „ბინძური“ ან „საშიში“ რამისგან დაცვის შესახებ, ხოლო ვაქცინები სწორედ ასეთად არის წარმოდგენილი.

ანალოგიურად, მტკიცებები, თითქოს კოვიდ-19-ის ვაქცინა გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ „დაიჩიპოს“ და გაკონტროლდეს კაცობრიობა, მიზნად ისახავს თავისუფლებისა და პიროვნული დამოუკიდებლობის გრძნობებზე თამაშს (ბოლოს და ბოლოს, ვაქცინაციის პროგრამები კოლექტივიზმის ელემენტებს აღძრავს).

პიროვნებისთვის რთული და არასასიამოვნო პროცესი იქნება იმის გაცნობიერება, რომ მისი მორალური შეხედულებები მანიპულაციის შედეგი შეიძლება იყოს. შეეცადეთ, წაახალისოთ კრიტიკული თვითანალიზი ვაქცინებთან დაკავშირებული შიშებისა და შფოთვის შესახებ შეკითხვების დასმით და მზად იყავით განსჯის გარეშე მოსასმენად.

3. დაამყარეთ კავშირი!

ვაქცინების მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს, დიდი ალბათობით, არ სურთ საკუთარი თავისთვის ან ახლობლებისთვის ზიანის განზრახ მიყენება. როგორც ეს ლაკონურად ჩამოაყალიბა ერთმა მშობელმა TED talk-ში, როცა საქმე ვაქცინებს ეხება, მშობლების უმეტესობას „განსაკუთრებულად ეშინია არასწორი რამის გაკეთების“.

შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინები საკუთარი წარმატების მსხვერპლია. ისეთი დაავადებების შესახებ, როგორიცაა ყვავილი ისტორიის სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ და არა ახალი ამბების ვებგვერდებზე სწორედ იმიტომ, რომ ისინი ვაქცინების წყალობით აღმოიფხვრა. თუმცა, ეს ვაქცინის პოტენციური გვერდითი ეფექტების რისკს (თუნდაც მცირეს) უფრო „რეალურს“ ხდის, ვიდრე თავად დაავადების საფრთხეა.

შეიძლება თქვენი ახლობელი/მეგობარი/მეზობელი ასევე ფიქრობდეს? დაავადებაზე მეტად ვაქცინის ეშინოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაავადება უფრო შორეული საფრთხე ჰგონია? მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ დეზინფორმაციის აქტორები, მათ შორის, პროკრემლისტური მედიასაშუალებები და მათთან დაკავშირებული სატელიტები ავრცელებენ მტკიცებებს, რომლებიც სწორედ ამ გრძნობებს აღვივებს. მაგალითად, აცხადებენ, რომ კორონავირუსის კრიზისი შეიქმნა მედიის მიერ ან დიდი ფარმაკოლოგიური კომპანიების მიერ მათი ბიზნეს-ინტერესების განსახორციელებლად.

საერთო პოზიციის გამონახვა (იმედია) საზიარო საჭიროების თაობაზე ჯანმრთელობასთან მიმართებაში საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით დიალოგის შესაძლებლობას აჩენს. მოერიდეთ „უარყოფების სერიას“, რამაც ანტაგონიზმამდე და გაბრაზებამდე შეიძლება მიგიყვანოთ. შეეცადეთ, დაამყაროთ კავშირი ემოციურ და პიროვნულ დონეზე. რატომ არის მნიშვნელოვანი „სწორი რამის“ გაკეთება, როცა საქმე ვაქცინებს ეხება? იმის აღიარება, რომ თქვენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაღელვებთ, ძლიერი სტიმული შეიძლება იყოს მათთვის, რომ საკუთარ შეხედულებებს გადახედონ. პირადი ისტორიები იმის შესახებ, თუ რატომ ხართ თავდაჯერებულად განწყობილი ვაქცინების მიმართ (და თქვენ შეგიძლიათ, უფრო მეტი შეიტყოთ ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიღებულ ზომებზე) ხშირად მეტად დამაჯერებელი შეიძლება იყოს, ვიდრე აბსტრაქტული მსჯელობა. ამის გაკეთება მნიშვნელოვანია, რადგანაც კონსპირაციული თეორიის ზერელე გაცნობასაც შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს იმ ადამიანებშიც კი, რომლებსაც კონსპირაციული თეორიის დიდად არ სჯერათ.

4. დააკავშირეთ სანდო წყაროებს!

ამას წინათ ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვით აცრის მოწინააღმდეგეთა კლასტერები უფრო მრავალფეროვან ნარატივს იყენებენ ონლაინ, ვიდრე-აცრის მომხრეთა ჯგუფები. მარტივად რომ ვთქვათ: აცრის მოწინააღმდეგეთა მტკიცებები იშვიათად ეხება მხოლოდ ვაქცინებს. ისინი მოიცავს უფრო ფართო საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია (ალტერნატიულ) ჯანმრთელობასა და ზოგად კეთილდღეობასთან. როგორც ასეთი, ისინი უფრო ფართო ქსელს ქმნიან, ვიდრე ვაქცინების დამცველთა ტრადიციული ისტორიები, რომლებიც სამეცნიერო მონაცემებსა და ჯანდაცვის ორგანოების მიერ გაკეთებულ განცხადებებზეა კონცენტრირებული.

მაგალითად, „ალტერნატიული“ მედიცინის Facebook-გვერდი, რომელიც უკრაინელებისკენ არის მიმართული, მტკიცებების მთელ სერიას აყალიბებს და კორონავირუსის ვაქცინებს „საშიშ“ ნანონაწილაკებსა და 5G ტექნოლოგიას უკავშირებს. იგივე გვერდი აიურვედული მედიცინის საოცრებებსა და კიბოთი დაავადებულთათვის ყავის უპირატესობებს უწევს პროპაგანდას.

ეს არ ნიშნავს, რომ ყავა ან აიურვედა აუცილებლად მავნებელია, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც სოციალურ ქსელში მსგავსი თემები აქვთ გამოწერილი, შეიძლება გაუცნობიერებლად ვაქცინების შესახებ შეცდომაში შემყვანი და მავნე ინფორმაციის ნახვის საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ. ამასთანავე, თუ ბევრი ადამიანი მიიჩნევს გარკვეულ იდეებს ჭეშმარიტებად, უფრო დიდია ალბათობა, რომ ჩვენც გავიზიაროთ მათი შეხედულება. ამიტომ, კონსპირაციული თეორიისა და დეზინფორმაციის საკითხებზე თანამოაზრეთა გარემოცვაში („ბუშტში“) ყოფნა ხელს უწყობს მსგავსი შეხედულებების დამკვიდრებას ჩვენს აზროვნებაში.

თუ თქვენი ახლობელი ან მეგობარი მსგავს „ალტერნატიულ“ ბუშტშია, მიეცით მას სტიმული, რომ გამოიწეროს და მოიწონოს იმ ადამიანების გვერდები, რომლებიც საინტერესო, სანდო და ფაქტებზე დაფუძნებულ მასალებს აზიარებენ. მეცნიერებთან, აკადემიურ წრეებთან, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებთან, ფაქტების გადამმოწმებლებსა და მსგავს ჯგუფებთან დაკავშირება დეზინფორმაციის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავების კარგი გზაა, მათ შორის ვაქცინებთან მიმართებით.

5. წაახალისეთ კრიტიკული აზროვნება!

ადამიანები, რომლებიც კონსპირაციულ თეორიებს იზიარებენ, ხშირად საკუთარ თავს კრიტიკულად მოაზროვნეებად მიიჩნევენ. უბრალო დამთხვევა არაა, რომ პროკრემლისტური დეზინფორმაციის მედიასაშუალება RT საკუთარ აუდიტორიას „მეტი შეკითხვების“ დასმისკენ მოუწოდებს.

მაგრამ როგორც BBC-ის ეს სტატია მართებულად აღნიშნავს, ეჭვის შეტანა, ფაქტობრივად,  რაციონალური აზრის გაჩენის გზაა. მიზანი სხვა ადამიანის ინტერესის ან სკეპტიციზმის გაქრობა კი არა, იმის შეცვლაა, თუ რის მიმართ არიან ისინი ინტერესით ან სკეპტიკურად განწყობილნი და ეს შეკითხვების დასმით უნდა დავიწყოთ.

კონსპირაციული თეორიები კომპლექსურ რეალობებს ზოგად და ვრცელ კონტურებში ხატავს, ხსნის „ყველაფერს“ და ყველა შესაძლო შეკითხვაზე პასუხებს ერთბაშად იძლევა. როგორც სოციოლოგი ჯონ განიონი ამტკიცებს, „მეცნიერულ თეორიასა და კონსპირაციულ თეორიას შორის განსხვავება ისაა, რომ მეცნიერულ თეორიაში აქა-იქ სიცარიელეა“. გლობალური პანდემიის ხანაში, კონსპირაციული თეორიების მიერ შემოთავაზებული „ყველაფრის მცოდნე“ თავდაჯერებულობა ყოველდღიური შფოთვის მოხსნის საშუალება შეიძლება გახდეს. გაითვალისწინეთ, ადამიანი საეჭვო წყაროებს ცოდნის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად შეიძლება იყენებდეს.

ამას გარდა, დეზინფორმაცია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კომერციული მიზნებითაც გამოიყენება. დეზინფორმაციის გლობალური ინდექსის თანახმად, ათასობით დეზინფორმაციულ ვებგვერდს ყოველწლიურად მეოთხედ მილიარდ დოლარს უხდიან რეკლამების ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც მათთან ბევრი პოპულარული ბრენდის რეკლამას ათავსებენ. ვაქცინების ნაცვლად, „ალტერნატიული“ სამკურნალო საშუალებების მხარდამჭერი ვებგვერდები ხშირად საეჭვო საკვებ დანამატებს უკეთებენ რეკლამას და ვიზიტორებისგან პირდაპირი ფინანსური სარგებლის ნახვას ცდილობენ. დეზინფორმატორებმა სოციალური მედიის გამომწერებიც შეიძლება „ფულად აქციონ“ ან რეპუტაციული გამორჩენისთვის გამოიყენონ.

ჰკითხეთ თანამოსაუბრეს, ვის ენდობა ვაქცინებსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და რატომ? უბიძგეთ დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ ეძებენ და აფასებენ ინფორმაციას, მათ შორის, კრიტიკულად გააანალიზონ აცრის საწინააღმდეგო შეტყობინებების გამავრცელებელთა მოტივები.

6. იცოდეთ როდის გაჩერდეთ!

თუ ამ ნაბიჯებს მიყვებით, შესაძლოა, შინაარსობრივი საუბარი გამოგივიდეთ და საბოლოოდ გამოიყვანოთ თქვენი მეგობარი ან ახლობელი ადამიანი კონსპირაციული ლაბირინთიდან.თუმცა შედეგის სწრაფად მიღების იმედი ნუ გექნებათ.

ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ ჩვენი შეხედულებები და გრძნობები ღრმად პირადული და კომპლექსურია და დიდი ალბათობით, ერთ დღეში არ შეიცვლება. ამას გარდა, როგორც ჰალის უნივერსიტეტის პროფესორი კომუნიკაციისა და ქიმიის დარგებში, მარკ ლორჩი აღნიშნავს, ახალი მტკიცებულებები შეუსაბამობებს აჩენს ჩვენს შეხედულებებში, რაც ემოციურ დისკომფორტს იწვევს. ასე რომ, ძალიან თუ შეუტევთ, არსებობს რისკი, რომ თანამოსაუბრე საკუთარი პოზიციის გამართლებას შეეცადოს და საწინააღმდეგო მტკიცებულებების მიუხედავად, ამით თავის შეხედულებებში უფრო მეტად დარწმუნდება.

გამოიჩინეთ თანამოსაუბრისადმი თანაგრძნობა მაშინაც კი, თუ თქვენ კონსპირაციული თეორიის მიმართ მკვეთრად უარყოფითად ხართ განწყობილი და უკვე ამით დადებით გავლენას მოახდენთ გლობალური პანდემიის მიერ გამოწვეულ რთულ და მშფოთვარე ატმოსფეროზე.

და წარმატებას თუ მიაღწევთ, ყოველთვის შეგიძლიათ, აჩვენოთ მეგობარს, ახლობელს ან მეზობელს მულტფილმი ჰიპოპოტამზე. გახსოვდეთ, ვაქცინები ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი საერთოდ არაა საშიში!

სხვა თემები