15 მარტი 2021 - 08:36

მსოფლიოს ტროპიკული ტყეების ორი მესამედი უკვე განადგურებული ან დეგრადირებულია. ახლა იმედიანი მზერა მხოლოდ ბრაზილიისკენ არის მიმართული

ფოტო: shutterstock.com

ფონდმა Rainforest Foundation Norway-მ მოამზადა გლობალური ანგარიში, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ტროპიკული ტყეების მდგომარეობას ეხება. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი კვლევა პირველად ჩატარდა. აღნიშნული დოკუმენტი დედამიწის ყველა ტროპიკული ტყის შესახებ ამ დროისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას მოიცავს. ანგარიშში გაანალიზებულია 2002-დან 2019 წლამდე მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც მსოფლიოს 73 ქვეყნის ტყეებში მომხდარ ცვლილებებს ეხება.

რას ამბობს კვლევა?

კვლევის მთავარი დასკვნა: დაახლოებით 14,5 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტროპიკული ტყეებიდან, რომელიც ერთ დროს დედამიწის ზედაპირს ფარავდა, ხელუხლებელი მხოლოდ 36% -ი დარჩა. ტროპიკული ტყეების მესამედზე მეტი (34%) მთლიანად გაქრა, დამატებით 30%-ი კი ამა თუ იმ დონეზე დეგრადირდა. 


”ახლა უკვე ვიცით რამდენი ტროპიკული ტყეა დარჩენილი და რა მდგომარეობაშია ისინი. ჩვენ შევადარეთ რიცხვები, თანამედროვე ადამიანის ჩარევამდე რამდენი ტროპიკული ტყე არსებობდა. ეს ცოდნა აუცილებელია გლობალური ბრძოლის გასაფართოებლად, რათა ის მაინც შევინარჩუნოთ, რაც დარჩა”, - აცხადებს მოხსენების ავტორი, Rainforest Foundation Norway-ის უფროსი მრჩეველი ანდერს კროგი.


ფონდის მონაცემების თანახმად, მხოლოდ 2002-დან 2019 წლამდე მსოფლიომ 571 863 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტროპიკული ტყე დაკარგა. მეტი თვალსაჩინოებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ეს მოცულობა საფრანგეთის მატერიკზე დიდია. ამავე დროს, ხელუხლებელი ტყეების ფართობი ევროპის ფართობის ნახევართან არის შედარებული.

განსაკუთრებით რომელ კონტინენტზეა ტყეები განადგურებული და რატომ?

განსაკუთრებით აზიის ტერიტორია  დაზარალდა. დღეისათვის აქ ხელუხლებელი ტყეების მხოლოდ 7%-ი მდებარეობს. ანგარიშის თანახმად, კუნძულ სუმატრაზე თავდაპირველი ტროპიკული ტყეების მხოლოდ 9%-ი დარჩა ხელუხლებელი. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტყეები ძირითადად ზეთის პალმის პლანტაციების გაშენების მიზნით არის გაჩეხილი, ცენტრალურ აფრიკაში კი - ტრადიციული და კომერციული მიწათმოქმედების, ასევე ხეების გაჩეხვის გამო.


ამის მიუხედავად, კვლევა ოპტიმიზმის საფუძველსაც იძლევა, - აცხადებენ Rainforest Foundation Norway-ში. „დადებითი შედეგია ის, რომ ჩვენ მსოფლიოს ტროპიკული ტყეების ნახევარი არ გავანადგურეთ - ეს არის განცხადება, რომელიც შეგიძლიათ სხვადასხვა ავტორიტეტულ ვებგვერდზე იხილოთ”, - ნათქვამია ანგარიშში. თუმცა ტროპიკული ეკოსისტემები გარდატეხის მომენტს უახლოვდება. ტყეების ბუნებრივი თვითრეგულაცია კლიმატის ცვლილების გამო ირღვევა. ეს გამოწვეულია მწვანე საფარის შემცირებით, რაც, თავის მხრივ, დარჩენილი ტროპიკული ტყეების გადარჩენას ართულებს. ”ეს საშინელი ციკლია”, - განუცხადა კროგმა სააგენტო Reuters-ს.

და ამაზონის ტყე?

Rainforest Foundation Norway-ის თანახმად, ამ დროისთვის ხელუხლებელი ტროპიკული ტყეების 72%-ი მდებარეობს ამაზონის აუზში, აქედან 42%-ი კი- მხოლოდ ბრაზილიის ტერიტორიაზე.


ამ ეკოსისტემების შენარჩუნების იმედს მკვლევრებს სწორედ ამაზონის აუზი აძლევს. თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამაზონიც ძლიერ ანთროპოგენულ ზეწოლას განიცდის. ამის მიზეზია ის, რომ სოფლის მეურნეობის ბუმმა ფერმერები და მიწით მოვაჭრეები აიძულა, ნაკვეთები სოიოსა და სხვა კულტურების მოსაყვანად გადაეწვათ. ეს ტენდენცია კიდევ უფრო გამწვავდა 2019 წელს, როდესაც ბრაზილიის ახალმა პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ თანამდებობა დაიკავა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესუსტება დაიწყო, - აცხადებს Reuters-ი. 


როგორც ფონდის ანგარიშშია ნათქვამი, 2019 წელს განადგურებული ტროპიკული ტყეების 37% -ზე მეტი, სწორედ ბრაზილიაში დაფიქსირდა. "ბრაზილიას მსოფლიოში უდიდესი ტროპიკული ტყე აქვს, მაგრამ ის ასევე ყველაზე სწრაფად კარგავს მას", - ასე დაადასტურა ზემოთ ხსენებული კვლევის შედეგები ამაზონიის ეკოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის გეოგრაფმა ანე ალენკარმა, რომელიც ამ დოკუმენტის მომზადებაში არ მონაწილეობდა.

სხვა თემები