19 მარტი 2021 - 10:50

უნდა აიცრან თუ არა კორონავირუსზე ის ადამიანები, რომლებმაც COVID-19 უკვე გადაიტანეს?  

ფოტო: shutterstock.com

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ინდოეთი, კანადა) პროფილური სამედიცინო დაწესებულებები რეკომენდაციას უწევენ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას, მიუხედავად იმისა, ადამიანმა უკვე გადაიტანა COVID-19 თუ არა. 

ჯანმოს ექსპერტები Pfizer / BioNTech-ისა და Moderna-ს მიერ წარმოებულ ვაქცინებთან დაკავშირებით გვირჩევენ, საერთოდ არ გავიკეთოთ საკონტროლო ტესტი და გადატანილი დაავადების შესახებ ინფორმაცია ვაქცინაციის საკითხის გადაწყვეტისას არ გავითვალისწინოთ. ამასთან, აქვე მითითებულია, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია პასუხის გაცემა კითხვაზე, კოვიდგადატანილი პაციენტისთვის იძლევა თუ არა ვაქცინა დამატებით დაცვას და რამდენად მნიშვნელოვანია ეს დაცვა მსგავსი კატეგორიის შემთხვევაში. ამის შესაფასებლად საკმარისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არსებობს.

კოვიდინფიცირების შემდეგ რა დრომ უნდა გაიაროს, რომ ვაქცინის გაკეთება შევძლო? 

აქ რეკომენდაციები საკმაოდ განსხვავდება. იმაზე ყველა თანხმდება, რომ ისევე, როგორც სხვა ვაქცინების შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა გამოჯანმრთელდეთ. თუმცა ლოდინის რეჟიმის ხანგრძლივობაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. 


მაგალითად, ჯანმო მიიჩნევს, რომ იმ ადამიანებმა, ვინც COVID-19 ახლახან გადაიტანეს, შეუძლიათ ვაქცინაცია ექვსი თვით გადადონ. ამ მოსაზრებას იმით ხსნიან, რომ განმეორებითი ინფიცირება დაავადებიდან ექვს თვეზე ადრე ძალიან იშვიათია. ამავე დროს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოლოდინის რეჟიმის ხანგრძლივობა შეიძლება მომავალში ბუნებრივი იმუნიტეტის შესახებ ახალი მონაცემების მიღების შემდეგ გადაიხედოს. 


ჯანმოს მსგავსად, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ახლახან კოვიდგადატანილ პაციენტებს ურჩევს, ვაქცინაცია გარკვეული დროით გადადონ. თუმცა აქ კონკრეტული პერიოდი მითითებული არ არის (ან საუბარია 90-დღიან საორიენტაციო პერიოდზე). CDC-ში ასევე ყურადღებას ამახვილებენ არა მხოლოდ ბუნებრივი იმუნიტეტის არსებობაზე, არამედ იმ ფაქტზეც საუბრობენ, რომ ვაქცინის დეფიციტის პირობებში, ახლად კოვიდგადატანილმა პირმა აცრაზე დროებით შეიძლება უარი თქვას, რათა ვაქცინა ჯერ რისკ-ჯგუფის სხვა წევრებს გაუკეთდეთ. 
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური (NHS) გვირჩევს, რომ ახლად კოვიდგადატანილი პირი აცრას მხოლოდ 28 დღე დაელოდოს. ათვლის წერტილად კი ტესტის პირველი დადებითი პასუხი ან სიმპტომების გამოვლენის დღე აირჩიოს. ინდოეთში ეს პერიოდი კიდევ უფრო ხანმოკლეა - მხოლოდ 14 დღე


გერმანიის კოხის ინსტიტუტი (უფრო სწორად, ამ დაწესებულების ვაქცინაციის კომისია), ჯანმოს მსგავსად, გვირჩევს, გამოჯანმრთელებიდან დაახლოებით ექვსი თვე არ ავიცრათ. 

როგორ მოვიქცე, თუ პირველ და მეორე ინექციას შორის შუალედში დავინფიცირდი?

ამას მნიშვნელობა არ აქვს - მეორე ინექცია მაინც უნდა გაიკეთოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელების შემდეგ. 

თუ ვაქცინა არ გავიკეთე, ხელმეორედ დაავადების რისკი არსებობს? 

„ჩვეულებრივი“ შტამით ხელმეორედ ინფიცირების შანსი, როგორც ჩანს, არც ისე დიდია. ვირუსის ერთი და იმავე ვარიანტით რეინფიცირების მაჩვენებელი ცუდად არის შესწავლილი, მაგრამ ის შკარად ძალიან დაბალია. ყატარში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც კორონავირუსის ანტისხეულების მქონე 43 ათასი ადამიანის ნიმუში შეისწავლეს, ვირუსის ერთი და იმავე სახეობით ხელმეორედ ამ პაციენტების მხოლოდ 0,1% დაავადდა (საშუალოდ, კოვიდგადატანილებს პირველი 4 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ ). ამ თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.


თუ ვსაუბრობთ კორონავირუსის ახალი შტამებით რეინფიცირებაზე (ბრიტანული, სამხრეთაფრიკული და ბრაზილიური - აქ არის დეტალური ინფორმაცია მათ შესახებ), მაშინ ასეთი შემთხვევები, სავარაუდოდ, შეიძლება საკმაოდ ხშირი აღმოჩნდეს. ამ ეტაპზე შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევაშიც კი, უკვე არსებული ვაქცინა ადამიანს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან დაიცავს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ამის შესახებ საიმედო მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს.  

სხვა თემები