05 აპრილი 2021 - 10:49

მართალია თუ არა, რომ აპრილისთვის შეიძლება ახალი კორონავირუსისადმი პოპულაციური იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს? 

ფოტო: shutterstock.com

უკვე წელიწადზე მეტია, რაც მთელი მსოფლიო Covid-19-ის შესახებ გამაფრთხილებელ და ზოგჯერ საგანგაშო გზავნილებს იღებს. თუმცა როგორც ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო სკოლისა და ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორი მარტი მეკერი (Marty Makary) აცხადებს, ამ ყველაფრის პარალელურად ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ნამდვილად ყურადღების მიღმა დარჩა. საქმე ის არის, რომ ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 77%-ით შემცირდა. რამ განაპირობა კლების ეს მაჩვენებელი, რომელიც იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დოქტორი მეკერი შეეცადა.

რა არის ინფიცირების შემთხვევათა კლების მიზეზი? 

ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ ყოველი წინა ინფექციისგან გამომუშავებული ბუნებრივი იმუნიტეტი გაცილებით ხშირია, ვიდრე ამის ტესტირების შედეგად დადგენაა შესაძლებელი. ტესტს შეუძლია ვირუსის მხოლოდ 10% -დან 25% -მდე შემთხვევა გამოავლინოს. ესეც დამოკიდებულია იმაზე, პაციენტი პანდემიის დროს როდის დაავადდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საშუალო შეწონილი პროცენტული გამოთვლის მიხედვით, 28 მილიონი დადასტურებული შემთხვევიდან ამერიკელთა 55%-ს ბუნებრივი იმუნიტეტი აღმოაჩნდა. 


პროფესორ მეკერის აზრით, ამ მაჩვენებელს ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობაც უნდა დაემატოს. ჯერ კიდევ თებერვლის მონაცემებით, ამერიკელთა 15%-ი აიცრა და ეს მაჩვენებელი სწრაფად იზრდება. სურსათისა და წამლის ყოფილი კომისრის, სკოტ გოტლიბის შეფასებით, მარტის ბოლოს 150 მილიონი ადამიანისთვის 250 მილიონი დოზა ვაქცინა მზად იქნება. 


იმავე მეკერის განმარტებით, არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ აშშ-ში ინფიცირების შემთხვევების უკიდურესი კლების ტენდენცია შეინიშნება. სტატისტიკის თანახმად, პაციენტების უმრავლესობას დაავადების მსუბუქი გამოვლინებები აღენიშნება ან ისინი სრულიად უსიმპტომოები არიან.

შესაბამისად, რჩება სულ უფრო ნაკლები მოქალაქე, რომლებიც ინფიცირების საფრთხის წინაშე დგანან. დოქტორ მეკერის განცხადებით, მოცემული სიტუაცია მას იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ Covid-19 აპრილამდე უმეტესად აღარ იქნება, რაც ამერიკელებს საშუალებას მისცემს, ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ.

რა იძლევა ამის თქმის საფუძველს?

დოქტორ მეკერის განცხადებით, ანტისხეულების შესწავლა ბუნებრივ იმუნიტეტს სათანადოდ ვერ აფასებს. ტესტირების ეს ფორმა ანტიგენის სპეციფიკური T- უჯრედების გამოვლენის საშუალებას არ იძლევა. არადა, ვირუსის აქტივაციის შემდეგ ორგანიზმის "მეხსიერებას" სწორედ ეს უკანასკნელი ავითარებს. იმავე პროფესორ მეკერის განმარტებით, 2008 წელს (90 წლის შემდეგ) დადგინდა, რომ 1918 წლის ესპანური გრიპის შედეგად გადარჩენილებს აღმოაჩნდათ მეხსიერების უჯრედები, რომელთაც  გამანეიტრალებელი ანტისხეულების გამომუშავება ჯერ კიდევ შეეძლოთ. 


შვედეთის კაროლინსკის ინსტიტუტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ Covid-19-ის მსუბუქად ან უსიმპტომოდ გადატანილ პაციენტებში T- უჯრედული რეაქციის მქონე ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი ანტისხეულების მქონე პირთა რაოდენობას მუდმივად აჭარბებს. T- უჯრედების იმუნიტეტი დაფიქსირდა იმ ადამიანებშიც, რომლებსაც ინფიცირებულ ოჯახის წევრებთან კონტაქტი ჰქონდათ, მაგრამ სიმპტომები არ გამოვლენიათ.  გაერთიანებული სამეფოს მეცნიერთა ჯგუფმა ჯერ კიდევ სექტემბერში აღნიშნა, რომ სამედიცინო საზოგადოება აქტივირებული T- უჯრედებისგან განვითარებულ იმუნიტეტს შეიძლება სათანადოდ ვერ აფასებს. 


პროფესორ ბეკერის თქმით, აშშ-ში Covid-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობაც იმაზე მეტ იმუნიტეტს ადასტურებს, ვიდრე ეს აღიარებულია. სტატისტიკის თანახმად, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 600 ამერიკელიდან 1 გარდაიცვალა, რაც მოსახლეობის სიკვდილიანობის მაჩვენებლის მხოლოდ 0,15% -ს შეადგენს. ზოგადად ახალი კორონავირუსის ლეტალობა კი დაახლოებით 0,23% -ია. ეს ციფრები მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ის მოსახლეობის  თითქმის ორი მესამედი ინფიცირებული იყო. 


პროფესორ ბეკერის თქმით, სამედიცინო ექსპერტებთან საუბრისას მან შეამჩნია, რომ ისინი ბუნებრივი იმუნიტეტის არსებობას საკმარისი მონაცემების არქონის არგუმენტით უარყოფენ. მისივე განმარტებით, ეს მონაცემები ძველი სამედიცინო ისტებლიშმენტის კლასიკურ რანდომიზებულ-კონტროლირებადი კვლევის მოდელს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება. თუმცა დაკვირვების შედეგად მიღებული ინფორმაცია უდავოდ დამაჯერებელია.


როგორც დოქტორი ბეკერი ჰყვება, ის თვეების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მეტი ამერიკელის სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი, თუ კოვიდგადატანილი პაციენტები უარს იტყოდნენ აცრაზე მანამ, სანამ ხანდაზმულთა მოწყვლადი ჯგუფი პირველ დოზას მთლიანად არ მიიღებდა. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდგადატანილ ადამიანებს ბუნებრივი იმუნიტეტი გარკვეული დროით იცავს. ამიტომაც მათი აცრის გადადება ვაქცინის სრულ ხელმისაწვდომობამდე შეიძლება. პროფესორ ბეკერის თქმით, სამედიცინო საზოგადოების ნაწილმა მისი ეს მოსაზრება მოიწონა. თუმცა იყო მეორე კატეგორია, რომელიც ამბობდა, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის დამადასტურებელი საკმარისი მონაცემები არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის რეინფიცირების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია და მათი აბსოლუტური უმრავლესობა მსუბუქად ვითარდება. 

რას ეფუძნება მოსაზრება, რომ აპრილისთვის Covid-19, ფაქტობრივად, აქტუალური აღარ იქნება?

პროფესორ ბეკერის თქმით, პროგნოზი იმის შესახებ, რომ Covid-19 აპრილამდე უმეტესად აქტუალური აღარ იქნება, ლაბორატორიულ და მათემატიკურ მონაცემებს, გამოქვეყნებულ სამეცნიერო მასალებსა და ექსპერტებთან წარმართულ დიალოგებს ემყარება. თუმცა ეს ასევე ეფუძნება პირდაპირ დაკვირვებას იმის შესახებ, თუ რამდენად რთულად ხდებოდა ტესტირება, განსაკუთრებით დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელთა შემთხვევაში. დოქტორი ბეკერი ამბობს, რომ თუ ადამიანი მიეკუთვნება მაღალ სოციალურ ფენას, სადაც შეშფოთებული ხალხი გამოკვლევას სისტემატურად იტარებს, ვირუსის გამოვლენა უმეტესად ტესტირების საფუძველზე ხდება. განსხვავებული სიტუაციაა დაბალშემოსავლიანი ამერიკელების შემთხვევაში. მათი ტესტირებისთვის ისეთი ბარიერები არსებობდა, რომ  სპეციალურ ცენტრებში ინფიცირების ძალიან მცირე რაოდენობა ფიქსირდება. პროფესორი ბეკერი ასევე შეგვახსენებს, რომ ინფიცირების უმეტესობა მაინც ასიმპტომურია, რაც ისევ და ისევ პოპულაციურ იმუნიტეტს იწვევს.

ბოლოს და ბოლოს, პოპულაციური იმუნიტეტი ჩამოყალიბდება თუ არა? 

პროფესორ ბეკერის აზრით, ექსპერტები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები პოპულაციურ იმუნიტეტზე  საუბარს ერიდებიან. ამ ტერმინს ერთგვარი პოლიტიკური ელფერი აქვს, რადგან ზოგიერთები ვარაუდობდნენ, რომ აშშ-მა კოვიდის გავრცელება ეგრეთ წოდებული კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად ხელოვნურად დაუშვა. დოქტორი ბეკერი ამ მოსაზრებას უგუნურს უწოდებს. თუმცა პოპულაციური იმუნიტეტი ვირუსის გავრცელებისა და აცრის გარდაუვალი შედეგია. როდესაც ინფექციის  გადაცემის ჯაჭვი რამდენიმე ადგილზე წყდება, მისი გავრცელება უფრო რთულია და ეს ახალ შტამებსაც ეხება. 


პოპულაციური იმუნიტეტი დოკუმენტურად იყო დადასტურებული ბრაზილიის ქალაქ მანაუსში, სადაც გამოცემა Lancet-ის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ახალი კორონავირუსის პირვანდელი ვერსიის გავრცელების მაჩვენებელი 76%-ს შეადგენდა. ამის შემდეგ ინფექცია მნიშვნელოვნად  შენელდა. ექიმები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ახალ შტამებს, რომლებიც  ბუნებრივ იმუნიტეტს საფრთხეს უქმნიან. თუმცა ქვეყნებში, სადაც ეს ახალი ვარიანტები გაჩნდა (მაგალითად, გაერთიანებული სამეფო, სამხრეთ აფრიკა და ბრაზილია) ინფიცირების ყოველდღიურმა შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო. ამავდროულად, ახალი შტამების მუტაციის რისკზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგაც  კოვიდ -19  ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნდება. ასე რომ, მის ახალ ვერსიებს კაცობრიობამ ახალი ვაქცინები უნდა დაუპირისპიროს. 


ზოგიერთი სამედიცინო ექსპერტი დაეთანხმა პროფესორი ბეკერის პროგნოზს, რომ Covid-19 აპრილამდე შეიძლება ძალიან მცირე რაოდენობით იყოს. თუმცა მათ მეცნიერს ურჩიეს, რომ პოპულაციურ იმუნიტეტზე ხმამაღლა არ ესაუბრა, რადგან ამან შეიძლება ადამიანები მეტად თავდაჯერებული გახადოს და მათ უსაფრთხოების წესების დაცვაზე ან ვაქციანაზე უარი თქვან. პროფსორი ბეკერი თვლის, რომ მეცნიერები სიმართლის დამალვით საზოგადოების მანიპულირებას არ უნდა ცდილობდნენ. მისი აზრით, ვაქცინაციის წახალისების პარალელურად, აუცილებელია სკოლებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გახსნა, რათა ხანგრძლივი იზოლაციის შედეგად მიყენებული ზარალი გარკვეულწილად მაინც შემცირდეს.

სხვა თემები