21 აპრილი 2021 - 08:06

COVID-19-ის პანდემიის შედეგად ჰაერში გამონაბოლქვის რაოდენობა შემცირდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ისევ იზრდება. რატომ?

ფოტო: shutterstock.com

მოულოდნელმა კარანტინმა, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო, ჰაერში ნახშირბადის გამოყოფაზე საინტერესო ეფექტი იქონია. თუმცა ის ჩვეულ რიტმს გაცილებით სწრაფად დაუბრუნდა, ვიდრე თავად საზოგადოება.  


მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა, ტემპერატურა ჩვენს პლანეტაზე, პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით, უკვე დააახლოებით 1,2C-ით მომატებული იყო. პანდემიამ ადამიანური აქტივობის მოულონელი და უპრეცედენტო შემცირება გამოიწვია. ამის მიზეზი იყო ის, რომ მსოფლიო კარანტინში აღმოჩნდა - ქარხნებმა შეწყვიტეს მუშაობა, მანქანებმა და თვითმფრინავებმა კი - მოძრაობა.


მას შემდეგ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. თუმცა გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე მეცნიერებისთვის ამ ერთმა წელმა ბევრ ახალ და მოულოდნელ დასკვნას დაუდო საფუძველი. როგორც BBC Future-ს სტატიაში ვკითხულობთ, მკვლევრებმა ამ მიმართულებით რამდენიმე ძირითადი ფაქტორი გამოჰყვეს. 

გამოავლინა თუ არა პანდემიამ ამ პრობლემის დაძლევის გზა?

პანდემიამ მეცნიერებს დაანახა, თუ როგორ გადალახონ ჰაერში მომწამვლელი გაზების გამოყოფის პრობლემა. განსაკუთრებით კი ეს ეხება ნახშირბადის ემისიის კონტროლთან დაკავშირებულ საკითხს. პანდემიის დაწყების შემდეგ ნახშირბადის გლობალური ბიუჯეტი, რომელიც  წლის განმავლობაში ემისიის ტენდენციებს ასახავს, წლის ბოლომდე არ დასრულებულა. შედეგად მეცნიერებმა დაიწყეს სხვა მონაცემების მოძიება, რომელიც შესაძლოა  მიუთითითებდა, თუ როგორ იცვლება  CO2. 


მეცნიერებმა ლოკდაუნის შესახებ ინფორმაცია გამოიყენეს, როგორც ნახშირბადის ემისიის გლობალური სარკე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ თუ იცოდნენ რამდენი იყო ემისია სხვადასხვა ეკონომიკური სექტორიდან ან ქვეყნიდან პანდემიამდე, ამასთან, იცოდნენ თუ როგორ შემცირდა აქტოვობები პანდემიის შედეგად, მათ შეეძლოთ დაესკვნათ, რომ ნახშირბადის ჰაერში გამოყოფის მაჩვენებელმა ზუსტად იმავე პროპორციით დაიკლო. 


Google-ის უახლესი მონაცემების თანახმად, მიუხედავად იმისა რომ ადამიანური აქტივობა პრეპანდემიურ ნიშნულს ჯერ კიდევ არ დაბრუნებია, კონკრეტულ დონემდე ის მაინც აღდგა. შესაბამისად, ეს  ნახშირბადის ემისიის შესახებ მომზადებულ ბოლო შეფასებაში უკვე აისახა. 

რამდენად მნიშვნელოვანი  ეფექტი იქონია პანდემიამ კლიმატის ცვლილებაზე?

როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი პერსპექტივით, პანდემიას ექნება გაცილებით მცირე პოზიტიური ეფექტი კლიმატის ცვლილებაზე, ვიდრე ამას ბევრი იმედოვნებდა. 2030 წლისთვის  მოსალოდნელი შედეგების შეფასებისას, კლიმატის მოდელი ტემპერატურის 0.01 C-ით ნაკლებ მატებას პროგნოზირებს, ვიდრე ეს COVID-19-ის გარეშე იქნებოდა. 


მიუხედავად ცარიელი და წყნარი ცისა, კვლევამ აჩვენა, რომ ლოკდაუნს 2020 წლის გაზაფხულზე ოდნავ მცირე დათბობის ეფექტი ჰქონდა. როდესაც ინდუსტრიული საქმიანობა შეჩერდა, ჰაერის დაბინძურება შემცირდა და იკლო საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილმა მცირე ნაწილაკებმაც, რომელთაც აქვთ უნარი დედამიწიდან მზის სხივების არეკვლის გზით პლანეტა გააგრილონ. გლობალურ ტემპერატურაზე ეფექტი იყო მოკლევადიანი და ძალიან მცირე (ზრდა მხოლოდ 0,03 C), მაგრამ ის ამავდროულად იყო გაცილებით დიდი, ვიდრე ლოკდაუნით გამოწვეული ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ოზონთან, CO2-თან ან ავიაციასთან არის დაკავშირებული.  

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2030 წლისთვის  მოსალოდნელი შედეგების შეფასებისას, კლიმატის მარტივი მოდელები  0.01 C-ით ნაკლებ ტემპერატურას პროგნოზირებენ, ვიდრე ეს პანდემიის გარეშე იქნებოდა. ეს შედეგები მოგვიანებით კომპლექსური სიმულაციური მოდელებით გამყარდა. 

ნიშნავს თუ არა ეს კლიმატის ცვლილებების შეჩერებას?

მხოლოდ ადამიანური აქტივობის რიტმის დროებით შენელება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კლიმატის ცვლილების პროცესი შევაჩეროთ. ის არ არის ისეთი მდგრადი და თანმიმდევრული, როგორც თავად კლიმატის ცვლილების მიმდინარეობა. მეცნიერთა განმარტებით, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, რომ შევამციროთ გამონაბოლქვი კარანტინის გარეშე, რომელსაც ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე ნეგატიური ეფექტი აქვს. შესაბამისად, უნდა გამოიძებნოს ისეთი  გამოსავალი, რომელსაც პოზიტიური გავლენა ექნება ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდრეობაზე. ფართოდ გავრცელებული ამბიციური გეგმები კლიმატის ცვლილების შეჩერებასთან დაკავშირებით და შესაბამისი აქტივობები ინდივიდების, ინსტიტუტებისა და ბიზნესსექტორის მხრიდან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის სტრუქტურული ეკონომიკური ცვლილებებით უნდა გამყარდეს. 


მეცნიერთა განმარტებით, სამწუხაროდ, მწვანე ინვესტიციები საკმარის დონეზე არ არის. თუმცა გარკვეული ცვლილებები უახლოეს თვეებში ამ მიმართულებით იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ კლიმატის მხარდასაჭერი აქტივობები ინტეგრირებული იყოს დაგეგმილ ინვესტიციებში. ხარჯი შეიძლება მაღალი იყოს, მაგრამ პოტენციური სარგებელი გაცილებით მეტია.  

სხვა თემები