06 აპრილი 2021 - 20:06

ჯორჯ მარტინმა HBO-სთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რათა “სამეფო კარის თამაშების“ პრიქველებზე იმუშაოს. ვიხილავთ თუ არა ამჯერად „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ დასასრულს?

ფოტო: shutterstock.com

ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინმა HBO-სთან 5-წლიანი ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმა - ამის შესახებ ინფორმაცია The Hollywood Reporter-მა გაავრცელა. ამერიკელი მწერალი “სამეფო კარის თამაშების“ პრიქველების გადაღებებში აღმასრულებელი პროდიუსერისა და სცენარისტების კონსულტანტის სახით მიიღებს მონაწილეობას. The Hollywood Reporter-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ჯორჯ მარტინი რვანიშნა ანაზღაურებას მიიღებს. 


ცნობილია, რომ HBO მუშაობს ხუთ სერიალზე, რომლებშიც მიმდინარე მოქმედებები "ყინულისა და ცეცხლის სიმღერაში" ( ჯორჯ მარტინის სწორედ ეს წიგნი დაედო საფუძვლად სერიალს „სამეფო კარის თამაშები“) განვითარებული მოვლენების ციკლამდე ხდებოდა. პირველი მათგანი არის „დრაკონის სახლი“, რომლის გადაღებაც 2021 წლის აპრილში უნდა დაიწყოს, ეკრანებზე კი 2022 წელს გამოვიდეს. რაც შეეხება დანარჩენ პროექტებს, ისინი დამუშავების სტადიაშია.

რას ეხება „დრაკონის სახლი“? 

„დრაკონის სახლი“ არის ჯორჯ მარტინის წიგნზე „ცეცხლი და სისხლი“ (2018) დაყრდნობით შექმნილი პრიქველი,  რომელშიც მოქმედება „ყინულისა და ცეცხლის სიმღერამდე“ 300 წლით ადრე მიმდინარეობს. ამ ნაწილის მთავარი პერსონაჟები არიან ტარგარიანთა დინასტიის წევრები (დეინერის ტარგარიანის წინაპრები), რომლებიც ვესტეროსს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მართავდნენ. სერიალი ეხება სამოქალაქო ომის მოვლენებს, რომელიც „დრაკონების ცეკვის“ სახელით არის ცნობილი. შოურანერები არიან მიგელ საპოჩნიკი („სამეფო კარის თამაშების“ რამდენიმე ეპიზოდის რეჟისორი, მათ შორის არის ნაბიჭვრების ბრძოლა) და რაიან კონდალი. პირველი სეზონი 10 ეპიზოდისგან იქნება შემდგარი. მთავარ როლებს შეასრულებენ მეტ სმიტი ( სერიალ „გვირგვინის“ ვარსკვლავი, რომელიც დეიმონ ტარგარიანის როლს შეასრულებს), ოლივია კუკი (ალისენტ ჰაიტაუერი), ემა დ’არსი (რეინირ ტარგარიანი) და პედი კონსიდაინი (ვისერის ტარგარიანი). გადაღებების ადგილი ინგლისი იქნება.

დანარჩენი 4 პრიქველი რას ეხება? რას მოგვითხრობს „მოთხრობები დუნკანსა და ეგზე“? 

ეს პრიქველი დაფუძნებულია ჯორჯ მარტინის ნოველების სერიაზე, რომელიც რაინდ დუნკან მაღალსა და მის მეიარაღე ეგზეა, რომელიც მოგვიანებით გახდა მეფე ეგონ V ტარგარიანი (შეშლილი მეფის ბაბუა, დეინერის ტარგარიანის დიდი ბაბუა, მაისტერ ეიმონის ძმა). 2013 წლისთვის ჯორჯ მარტინმა დუნკანისა და ეგის შესახებ სამი მოთხრობა გამოსცა: „სასაზღვრო რაინდი“ (1998), „ ნაფიცი რაინდი (2003) და „იდუმალი რაინდი“ (2010). სერიალში მოქმედება მიმდინარეობს „სამეფო კარის თამაშებამდე“ 90 წლით ადრე. ვინ შეასრულებს მთავარ როლებს და ვინ იქნება შოურანერი, ჯერ უცნობია.

ანიმაციურ პროექტზეც საუბრობენ? ეს რას ნიშნავს? 

The Hollywood Reporter-ი იტყობინება, რომ ანიმაციური პრიქველი ზრდასრული აუდიტორიისთვის, რომელიც “სამეფო კარის თამაშების“ სამყაროზეა დაფუძნებული, დამუშავების ყველაზე ადრეულ ეტაპზეა. გამოცემის თანახმად, მას შეუძლია ვესტეროსის ისტორიის უზარმაზარი პერიოდი მოიცვას, რაც ჯორჯ მარტინს ჯერ მხოლოდ ენციკლოპედიური ფორმით აქვს დაფიქსირებული. თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებია.

პრიქველი #3. "ზღვის გველი" (სამუშაო სათაური - "ცხრა მოგზაურობა")

ამ სერილზე "რომისა" და "გოთემის" სცენარისტი ბრუნო ჰელერი მუშაობს. მთავარი პერსონაჟია მეზღვაური კორლის ველარიონი, მეტსახელად „ზღვის გველი“. ის ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი სახლის წარმომადგენელია, ამავდროულად, დედოფალ რეინირის მარჯვენა ხელი „დრაკონების ცეკვის“ დროს. გმირი ასევე გამოჩნდება სერიალში "დრაკონის სახლი", სადაც მის როლს ბრიტანელი მსახიობი სტივ ტუსენი შეასრულებს. თუ ამ უკანასკნელმა ველარიონი "ზღვის გველშიც" წარმოადგინა, ეს იქნება ჯორჯ მარტინის სამყაროში პირველი პროექტი, რომელშიც მთავარ როლს შავკანიანი მსახიობი შეასრულებს.

“რწყილის ფსკერიც“ არსებობს? 

ნამდვილად არსებობს. სერიალი სამეფო ნავსადგურის ყველაზე ღატაკ ჯურღმულს ეძღვნება. "სამეფო კარის თამაშებში" სწორედ აქ იმალებოდა არია სტარკი. „რწყილის ფსკერში“ გაატარეს თავიანთი ბავშვობა სერ დავოს სივორტმა და ჯენდრი ბარათეონმა. სავარაუდოდ, ეს იქნება პროექტი ვესტეროსის რიგითი მოსახლეობის და არა მდიდრებისა თუ ლორდების ინტრიგების შესახებ. 

პრიქველი #5. პროექტი ნიმერიის შესახებ, რომლის სამუშაო სახელია „ათი ათასი გემი“ 

ნიმერია არის როინარების მეომარი დედოფალი, რომელიც ესოსიდან ვიწრო ზღვის გავლით თავის ხალხთან ერთად დორნში გაიქცა. ამის შემდეგ მან თავისი ფლოტი ისე გადაწვა, რომ დაბრუნება ვეღარავის შესძლებოდა. ნიმერია მორს მარტელის მეუღლე იყო. მათ დორნის დაქსაქსული სამეფო ერთად გააერთიანეს, რის გამოც ადგილობრივები დედოფალს ძალიან დიდ პატივს სცემდნენ. «სამეფო კარის თამაშებში“ სწორედ მის საპატივცემულოდ ჰქვია ორ პერსონაჟს სახელი. ერთია ობერინის ქალიშვილი მარტელ ნიმერია სენდი, მეორე კი - არია სტარკი. აქ აღწერილი მოვლენები მოხდა "სამეფო კარის თამაშებში" განვითარებულ მოვლენამდე ათასი წლით ადრე. ამრიგად, ქრონოლოგიური თვალსაზრისით, ზემოთ ხსენებულ პრიქველებში ეს პირველი იქნება. 

სხვა თემები