11 ივნისი 2021 - 09:52

ვინ შეცვლის ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის პრემიერმინისტრის პოსტზე? რა არის ცნობილი ნაფტალი ბენეტის შესახებ? 

ფოტო: JERUSALEM POST

მომდევნო ორი წლის განმავლობაში ისრაელის პრემიერმინისტრის პოსტი ნაფტალი ბენეტიმ უნდა დაიკავოს. ეს არის მემარჯვენე პოლიტიკოსი, რომელიც ისრაელისა და პალესტინის "ორი სახელმწიფოს" ფორმულის სასტიკი მოწინააღმდეგეა. ამავდროულად, ნაფტალი ყოფილი სპეცრაზმელი და მილიონერია. უფრო მეტი ნეთანიაჰუს შესაძლო მემკვიდრის შესახებ BBC-მ გაარკვია. 


მარტის არჩევნებზე, 49 წლის ბენეტის პარტია "იამინამ“ (ებრაულიდან თარგმანში "ახალ მემარჯვენეებს" ნიშნავს) ქნესეთის 120 მანდატიდან მხოლოდ შვიდი მოიპოვა. თუმცა ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც ორმა კონკურენტმა ბლოკმა დაახლოებით თანაბარი შედეგები მიიღო, ბენეტის ფრაქციის პოზიცია კი ამ სიტუაციაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. მას პრემიერმინისტრის პოსტი შესთავაზეს როგორც მთავრობის ამჟამინდელმა მეთაურმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ასევე,  ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა. 


ბენეტმა, ცენტრისტ ლაპიდთან იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, ოპოზიციის მხარე აირჩია და ამით, ფაქტობრივად, ნეთანიაჰუს მმართველობა დაასრულა.  ამ უკანასკნელს პრემიერმინისტრის პოსტი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდხანს, ზედიზედ 12 წელი ეკავა.

ვინ არის ნაფტალი ბენეტი?

ნაფტალი ბენეტი ჰაიფაში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ ემიგრანტები აშშ-დან. ნეთანიაჰუს მსგავსად, ისიც მსახურობდა ისრაელის არმიის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფში “საიერეტ მატკალი“, რომელიც ატარებს სპეცოპერაციებს, მათ შორის მძევლების გათავისუფლებასა და ისრაელის მტრებად მიჩნეულ ადამიანთა დატყვევებას. 


ბენეტი ერთხანს ნეთანიაჰუს პროტეჟედ ითვლებოდა. 2006-2008 წლებში ის მაშინდელი პრემიერმინისტრის აპარატის უფროსი იყო. თუმცა შემდეგ მათ შორის უკმაყოფილება წარმოიშვა. ბენეტი გამოეყო „ლიკუდს“ (ნეთანიაჰუს პარტია) და შეუერთდა მემარჯვენე პარტიას „ებრაული სახლი“, რომელიც 2013 წელს პარლამენტში შეიყვანა. 


ამავდროულად, ბენეტს მინისტრის პოსტები ეკავა სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურაში 2019 წლამდე, სანამ მისმა ახლანდელმა, მაშინ ჯერ კიდევ ახლად შექმნილმა პარტიამ ქნესეთის მორიგ არჩევნებში კრახი განიცადა. თუმცა უკვე მომდევნო რიგგარეშე არჩევნებით ბენეტი პარლამენტში დაბრუნდა. 


ბენეტს ხშირად ულტრანაციონალისტს უწოდებენ, თვითონ კი თავს ნეთანიაჰუზე უფრო მემარჯვენედ თვლის. მისი თქმით, ისრაელი უნდა იყოს ებრაელთა ნაციონალური სახელმწიფო და ამტკიცებს, რომ ისრაელს ისტორიული უფლებები აქვს დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და 1967 წელს ისრაელის მიერ ოკუპირებულ, სირიის გოლანის მაღლობებზე. 

კონკრეტულად, როგორია ბენეტის მემარჯვენე შეხედულებები? 

ბენეტი დიდი ხანია მხარს უჭერს, რომ დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებები შენარჩუნდეს. ამ ადგილებში 600 ათასზე მეტი ებრაელი ცხოვრობს. თუმცა თითქმის მთელი საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ აღნიშნული დასახლებები ისრაელის მიერ პალესტინის მიწების უკანონო ექსპანსიის შედეგს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ისრაელის ხელისუფლება ასეთ ინტერპრეტაციას არ ეთანხმება. 


სწორედ ამ დასახლებების საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში. პალესტინელები მათ ლიკვიდაციას მოითხოვენ. ნეთანიაჰუ კი ამ დასახლებების მომხრეა, თუმცა ნაფტალი ბენეტი აღნიშნულ საკითხში მის პოზიციას საკმარისად მტკიცედ არ მიიჩნევს. 
ამავდროულად, ბენეტი ღაზას სექტორის ტერიტორიაზე ისრაელის პრეტენზიების გაუქმების მომხრეა. ისრაელმა 2005 წელს ამ ტერიტორიიდან საკუთარი მოქალაქეები და სამხედრო შენაერთები გაიყვანა. ბენეტი კარგად ფლობს ინგლისურ ენას და ხშირად მონაწილეობს უცხოური ტელეარხების გადაცემებში, სადაც ისრაელის პოლიტიკას იცავს. საერთოდ, ის ოსტატურად იყენებს მედიის შესაძლებლობებს და საუბრობს პირდაპირ და უხეშადაც კი. ერთხელ, ისრაელის ერთ-ერთ ტელეარხზე გამართულ დებატებში მონაწილეობისას ქნესეთის არაბმა წევრმა განაცხადა, რომ ებრაელებს არ აქვთ დასავლეთის სანაპიროზე დასახლების უფლება, რაზეც ბენეტმა უპასუხა: "აქ ჩვენ გვქონდა ებრაული სახელმწიფო მაშინ, როდესაც თქვენ ჯერ კიდევ ხეებზე დაძვრებოდით!“.


ბენეტი უარყოფს ორი სახელმწიფოს, ისრაელისა და პალესტინის თანაარსებობის იდეას, რაც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების  ერთგვარი ფორმულაა და მას მხარს უჭერს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის აშშ-ი და მისი ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

"ერთ გოჯსაც არ დავთმობ!"

"ისრაელის მიწის არც ერთ სანტიმეტრს არ დავთმობ. წერტილი!", - განაცხადა ბენეტმა მიმდინარე წლის თებერვალში მიცემულ ინტერვიუში. ის მიიჩნევს, რომ პირიქით, ისრაელმა, უნდა შეიერთოს იუდეისა და სამარიის უმეტესი ნაწილი - სწორედ ამ ბიბლიური სახელებით მოიხსენიებს ბენეტი იორდანიის დასავლეთ სანაპიროს. ამავდროულად, ის მხარს უჭერს პალესტინელი მებრძოლების სიკვდილით დასჯას, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ისრაელში სასჯელის ეს უმაღლესი ზომა არასოდეს გამოუყენებიათ ერთადერთი გამონაკლისის გარდა, როდესაც 1962 წელს ისრაელში ნაცისტი ადოლფ აიჰმანი ჩამოახრჩვეს. 


2018 წელს, ღაზას სექტორში რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება „ჰამასთან“ მორიგი  კონფლიქტის დაწყების დროს, ბენეტი ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგებოდა. ბოლოდროინდელი აფეთქებების სერიების კომენტირებისას კი მან განაცხადა, რომ ჰამასის ლიდერები, რომელთაც ისრაელზე  სარაკეტო შეტევები დაიწყეს, თვითონ იყვნენ დამნაშავეები ისრაელის არმიის საპასუხო დარტყმების შედეგად დაღუპული ათობით მშვიდობიანი მოქალაქის წინაშე. 
ბენეტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ეროვნული სიამაყისა და თავდაჯერებულობის შეგრძნება. 2014 წელს, მემარცხენე ლიბერალური გაზეთის The New York Times-ის მიერ ისრაელის პოლიტიკის გაკრიტიკების საპასუხოდ, მან გადაიღო სატირული ვიდეო, რომელშიც ებრაელი ჰიპსტერის როლი მოირგო და გარშემო მყოფებს უსასრულოდ ბოდიშებს უხდიდა. შემდეგ კი ჩვეულ ამპლუაში განაცხადა: ”მორჩა, დღეიდან ბოდიშების მოხდა საკმარისია!”. 


პოლიტიკაში მოსვლამდე, ნაფტალი ბენეტმა სამხედრო სამსახურში, შემდეგ კი - ბიზნესში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მაიორი ბენეტი ისრაელის სპეციალური დანიშნულების ძალების ორ ნაწილში მსახურობდა და საომარ მოქმედებებში არაერთგზის მონაწილეობდა. რეზერვში გადასვლის შემდეგ კი, მან კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში შექმნა სტარტაპი, რომელიც გაყიდა და მულტიმილიონერი გახდა. "მე ერთდროულად 17 სტეიკს არ ვჭამ, არ ვფლობ პირად თვითმფრინავს ან იახტას. მე უბრალოდ ვიყიდე თავისუფლება, რომ გავაკეთო ის, რაც მინდა", - თქვა ბენეტმა 2014 წლის ინტერვიუში.

სხვა თემები