18 ივნისი 2021 - 11:31

რამდენად დაცულია ადამიანი აცრის პირველი დოზის შემდეგ და არის თუ არა აუცილებელი მეორე ინექცია? რატომ უკეთებენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ზრდასრულებს და ბავშვებს - არა?

ფოტო: shutterstock.com

ახალი კორონავირუსის პანდემია მთელ მსოფლიოს თავს მეხივით დაატყდა, ამიტომაც აცრისთვის საჭირო ყველა პრეპარატს სპეციალისტები შეიმუშავებდნენ და ცდიდნენ ექსტრემალურ და დაჩქარებულ რეჟიმში. ვაქცინაციის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დასაწყებად, ამა თუ იმ პრეპარატის შემქმნელებს მოუწიათ, დიდ რისკზე წასულიყვნენ და უმკაცრესი მოთხოვნები მაქსიმალურად შეემცირებინათ. 


ზოგიერთმა დეველოპერმა პრეპარატის მასობრივი წარმოება დაიწყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ ადამიანების მონაწილეობით კლინიკური კვლევების პირველად შედეგებს მიიღებდა. საბოლოო ჯამში, ექსპერიმენტული ლაბორატორიული ნიმუშების შერჩევიდან აცრის დაწყებამდე გასავლელი გზა, რომელიც ნორმალურ პირობებში შეიძლება ათ წელსაც გაგრძელდეს, ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში დასრულდა. იმის გამო, რომ ბავშვებს ინფექცია გაცილებით მარტივად გადააქვთ, ინფიცირების შემთხვევაში გართულების ნაკლები რისკი აქვთ და გამოსაცდელ პერიოდში არასრულწლოვნების მოხალისეებად ჩართვა ბევრად მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ისინი კლინიკურ კვლევებში თავიდანვე არ იყვნენ ჩართული. 

ზუსტად იმავე მიზეზით, თავდაპირველად ზრდასრულებისთვის დამტკიცებული ვაქცინებით 60- 65 წელს გადაცილებულ პირებსაც არ ცრიდნენ. კლინიკურ კვლევებში მონაწილეთა პირველ ჯგუფში ამ ასაკობრივი კატეგორიიდან მოხალისეები ან საერთოდ არ იყვნენ, ან საკმარისი რაოდენობით არ იყვნენ. შესაბამისად, პრეპარატის შემქმნელებს არ შეეძლოთ დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, რამდენად ეფექტიანი და უსაფრთხო იქნებოდა ვაქცინა მათთვის. თუმცა რადგანაც ხანდაზმულ ადამიანებში Covid-19 უფრო მწვავედ ვითარდებოდა, ამიტომაც ისინი კვლევაში ჩართეს მაშინვე, როგორც კი უფრო ახალგაზრდა და ჯანმრთელ ახალგაზრდებში ეს პროცესი დასრულდა. ახლა უკვე ხანდაზმული ადამიანების ასაცრელად თითქმის ყველა ძირითადი ვაქცინა გამოიყენება. 


ამჯერად ჯერი არასრულწლოვნებზე მიდგა. როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინა მოზარდებზე იტესტება. კომპანია Pfizer-ის ხელმძღვანელმა (მის მიერ წარმოებული პრეპარატი ჯანმომ სასწრაფო წესით ჯერ კიდევ 2020 წლის 31 დეკემბერს დაამტკიცა) განაცხადა, რომ 12-16 წლის მოზარდებისთვის განკუთვნილი პირველი ვაქცინა 2021 წელის შემოდგომაზე დარეგისტრირდებოდა, თუმცა თინეიჯერების აცრა აშშ-ში უკვე დაიწყო. როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, უფრო მცირეწლოვანი ბავშვების ასაცრელად საჭირო პრეპარატები წლის ბოლომდე უნდა გამოჩნდეს.

COVID-19 უკვე გადავიტანე. აცრა მაინც მჭირდება? 

აცრა მკაცრად რეკომენდებულია, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვისაც COVID-19 ჯერ არ გადაუტანია (ან უსიმპტომოდ გადაიტანეს და ამის შესახებ არაფერი იციან). შესაბამისად, თუ დანამდვილებით იცით, რომ COVID-19 ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანეთ, უმჯობესია, დაელოდოთ. თუ ეჭვი გაქვთ, მაგრამ COVID-19-ის დიაგნოზი ოფიციალურად არ დაგიდასტურდათ, სასურველია, რომ აცრამდე გაიკეთოთ ტესტი ანტისხეულებზე.  


ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ ანტისხეულების არსებობა თქვენი დაცვის სრული გარანტია ნამდვილად არ არის. მეცნიერებმა ამ დრომდე არ იციან, რა დონის ანტისხეულები უზრუნველყოფს საიმედო იმუნიტეტს და რამდენად სწორხაზოვანია ეს კავშირი. არსებობს ვერსია, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტ როლს ასრულებს არა ანტისხეულები, არამედ უჯრედული იმუნიტეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ მეხსიერების უჯრედების დახმარებით, ორგანიზმი ინფექციას იმახსოვრებს და ვირუსთან ხელახლა შეხვედრის შემთხვევაში საჭირო ანტისხეულებს სასწრაფო წესით გამოიმუშავებს. 

ასეა თუ ისე, გადატანილი დაავადების შედეგად მიღებული იმუნიტეტი განსხვავდება იმ დაცვისგან, რომელსაც აცრა იძლევა. ამიტომაც გარკვეულ მომენტში, როდესაც მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები აიცრებიან, სპეციალისტები გასცემენ მკაცრ რეკომენდაციებს, რომ კოვიდგადატანილი პირების ვაქცინაცია აქტიურად დაიწყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ექიმები ამ კატეგორიის წარმომადგენლებს ურჩევენ, რომ აცრამდე IgG ანტისხეულებზე ტესტი გაიკეთონ და დარწმუნდნენ, რომ მათი დონე ნამდვილად საკმარისად დაეცა.

რამდენად მიცავს ვაქცინის პირველი დოზა? 

მარტივად რომ ვთქვათ, გიცავთ, მაგრამ ამის იმედი დიდად არ უნდა გქონდეთ. პირველ რიგში, იმუნიტეტი აცრისთანავე არ ყალიბდება. ეს პერიოდი განსხვავებულია ვაქცინის ტიპის მიხედვით და დაახლოებით, ერთიდან ორ კვირამდე სჭირდება. ამ დროის განმავლობაში, ორგანიზმში ანტისხეულების კონცენტრაცია (შესაბამისად, იმუნური დაცვის ხარისხი) ნელა იზრდება და ქვემოთ მოყვანილი ყველა ციფრი მაქსიმალურ დონეს უახლოვდება. 
წინასწარი გამოკვლევების თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის პირველი ინექცია Covid-19-ით სიკვდილის რისკსა და ჰოსპიტალიზაციის ალბათობას ნულამდე ამცირებს. კორონავირუსით ინფიცირებისგან დაცვის დონე, შედარებით მსუბუქი სიმპტომებით, დაახლოებით 50%-იანი მაჩვენებლით არის შეფასებული. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ პირველი ინექციიდან დაახლოებით სამი-ოთხი კვირის შემდეგ, დაცვის მაჩვენებელი არის "სულ ცოტა, 80% -ი და შესაძლოა, 90% -ზე მეტიც კი". თითქმის ანალოგიურ შედეგებს აჩვენებს კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინა.


ოქსფორდის მიერ წარმოებული AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით გარანტირებული გაქვთ, სულ ცოტა, 70%-იანი დაცვა ახალი კორონავირუსისგან დაახლოებით სამი თვის განმავლობაში.

მაშინ საერთოდ რაში მჭირდება მეორე დოზა? 

ვაქცინის პირველი ინექცია იმუნიტეტის ფორმირების მექანიზმის ამუშავებას იწყებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ინაქტივირებული ვირუსი ან უცხო ცილა (ეს ისევ დამოკიდებულია ვაქცინის ტიპზე) აიძულებს ორგანიზმს დაიწყოს ანტისხეულების წარმოება, რომლებსაც "დამპყრობლის" განეიტრალება შეუძლიათ. თუმცა როგორც მრავალი კვლევა აჩვენებს, ვირუსისგან საიმედოდ დასაცავად მხოლოდ ანტისხეულები საკმარისი არ არის. აუცილებელია, რომ ორგანიზმმა დაიმახსოვროს ინფექცია ანუ შეინახოს ინფორმაცია მის შესახებ სპეციალურ "მეხსიერების უჯრედებში". 


ასეთ შემთხვევაში, ახალ კორონავირუსთან მორიგი შეხვედრის დროს ამ უჯრედებს შეუძლიათ ანტისხეულების წარმოების განახლება და ორგანიზმი სწრაფ, ეფექტიან იმუნურ რეაქციას იწყებს. გარდა ამისა, ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეგრეთ წოდებული T- ქილერები: ისინი ანადგურებენ სხეულის ინფიცირებულ უჯრედებს, რაც ვირუსის შემდგომ გავრცელებას აფერხებს. სწორედ ამისათვის არის საჭიროა მეორე ინექცია. ზოგიერთი ექსპერტი ინფექციასთან ბრძოლაში ანტისხეულებს ხმალს ადარებს, T- უჯრედებსა და მეხსიერების უჯრედებს კი - ფარს.

სხვა თემები