18 ივნისი 2021 - 10:58

როგორ მოქმედებს COVID-19 ადამიანის ნერვულ სისტემაზე? გახადა თუ არა პანდემიამ ფსიქიკური ჯანმრთელობა უფრო აქტუალური განვითარებულ ქვეყნებშიც კი?

ფოტო: Facebook

COVID-19-ის პანდემიამ ადამიანებს წონასწორობა დააკარგვინა და განვითარებული ქვეყნების კეთილდღეობა ათწლეულით უკან დაწია ისედაც რთული მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რასაც მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება ჰქვია. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ 38 მდიდარი ქვეყანა გააფრთხილა, რომ თუ ამ მიმართულებით ზომებს დროულად არ მიიღებენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი არაფრისმომცემი იქნება. მათივე განმარტებით, ასეთ სიტუაციაში კორონავირუსის კრიზისიდან გამოსვლის პროცესი კიდევ უფრო გაჭიანურდება. 


"მრავალი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით გამოყოფილი რესურსები არასაკმარისი იყო. თუმცა ფსიქიკური  ავადმყოფობის საერთო დონე ბოლო 20 წლის განმავლობაში შედარებით სტაბილური გახლდათ და OECD-ს ქვეყნების მოსახლეობაში დაახლოებით 18% -ს შეადგენდა. კოვიდკრიზისმა კი 2020 წელს ეს ტენდენცია დაარღვია“, - ნათქვამია ორგანიზაციის ბოლო კვლევაში. ამ ორი ათწლეულის განმავლობაში თვითმკვლელობების რიცხვი 21% -ით შემცირდა. ანალოგიური მონაცემები წელიწადნახევრიანი პანდემიის პერიოდიდან ჯერ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა სტატისტიკის გაუარესებაზე საუბარი უკვე დაწყებულია: შფოთის, წუხილისა და დეპრესიის დონე ყველგან გაიზარდა, ბევრ ქვეყანაში კი გაორმაგდა. განსაკუთრებით დაზარალდნენ ახალგაზრდები, - აღნიშნავს OECD. ამ პრობლემის დეტალები და მისი მოგვარების გზები BBC-მ გააარკვია. 

პრობლემა რაში მდგომარეობს?

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ემოციური წონასწორობის დასაკარგად საკმარისი მიზეზი არსებობდა, თუმცა განსაკუთრებული დარტყმა ახალგაზრდებმა მიიღეს. ლოქდაუნმა ადამიანებს კომუნიკაციისა და გართობის საშუალება წაართვა, ამავდროულად, მათ ცხოვრების ჩვეული რუტინა დაურღვია. პანდემიის თანმდევმა კრიზისმა უმუშევრობის დონე გაზარდა და ფინანსური პრობლემები წარმოქმნა. გარდა ამისა, ჯანდაცვის სისტემები ძირითადად  COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაზე გადაერთნენ, ეს კი, არც თუ ისე იშვიათად, სხვა დაავადებების მკურნალობის ხარჯზეც ხდებოდა. აღნიშნული პრობლემა ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანებსაც შეეხო. 


პანდემიის პიკზე ავსტრიელთა 44% -მა, ამერიკელთა 41% -მა და ავსტრალიელთა 78% -მა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბარი დაიწყო. სტატისტიკის თანახმად, სამხრეთ კორეასა და ახალ ზელანდიაშიც კი ყოველ მეორე ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ფსიქიკური პრობლემა. როდესაც ეს მდგომარეობა ქრონიკულ ხასიათს იღებს, ადამიანებს უჭირთ საკუთარი ადგილის დამკვიდრება, მათთვის უფრო ძნელია სწავლა, სამსახურის პოვნა და ზოგადად, სრულფასოვანი ცხოვრების წარმართვა. 


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჯანმრთელობას განსაზღვრავს არა მხოლოდ როგორც დაავადებისა და ფიზიკური დეფექტის არარსებობას, არამედ როგორც ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის ჰარმონიას. ფსიქიკური ჯანმრთელობა კი არის "კეთილდღეობის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს შეუძლია თავისი შესაძლებლობების რეალიზება, გაუძლოს ცხოვრებისეულ სირთულეებს და საზოგადოების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს". ამ ჰარმონიის დარღვევა, გარდა სამედიცინო და სოციალური პრობლემებისა, საკმაოდ ხელშესახებ ფინანსურ შედეგებს იწვევს. OECD- ს შეფასებით, ზარალი ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მშპ-ს 4.2% -ს შეადგენს, რაც მთელი მსოფლიოს ეკონომიკური საქმიანობის სამ მეოთხედს შეადგენს.


გასულ წელს აღნიშნული ქვეყნების მთლიანმა შიდა პროდუქტმა 60 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს იმას ნიშნავს, რომ სულიერი წონასწორობის არარსებობა მდიდარ ქვეყნებს წელიწადში, სულ ცოტა, 2.5 ტრილიონი დოლარი უჯდებათ. კორონაკრიზისის დროს მათ ამ რაოდების თანხის დახარჯვა უბრალოდ არ შეუძლიათ, რამაც OECD-ის უკმაყოფილება გამოიწვია და თავის წევრებს გამოსავალიც შესთავაზა. 

რაში მდგომარეობს გამოსავალი?

„2020-2021 წლებში მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებამ პრობლემის სიმძიმე გამოკვეთა ისე, როგორც არასდროს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად სათანადო ზომები მიიღოს და ამ მიმართულებით მკურნალობის ეფექტიანი სისტემა შექმნას“, - ნათქვამია კვლევაში, რომელშიც OECD პირველად შეეცადა აღეწერა, თუ რა სისტემაა ეს და როგორ უნდა შეაფასდეს, უმკლავდება თუ არა ესა თუ ის ქვეყანა მოცემულ ამოცანას. 


განვითარებული ქვეყნები დიდი ხანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე მუშაობენ. ჯერ კიდევ 2017 წელს მათ გადაწყვიტეს შეექმნათ შეფასების სახელმძღვანელო პრინციპები და კრიტერიუმები, თუმცა ისინი მხოლოდ ახლა დაამტკიცეს. მათ შეიმუშავეს 23 ინდიკატორი, სტიგმით დაწყებული ფსიქოლოგიური დახმარებით დამთავრებული, რითაც ქვეყნებს შეუძლიათ ამ მიმართულებით თავიანთი ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა შეაფასონ. ამჟამად არსებობს მხოლოდ ორი ასეთი უნივერსალური ინდიკატორი, რომელთა საშუალებითაც OECD-ს წევრი ქვეყნების შედარებაა შესაძლებელი: ცხოვრებით კმაყოფილება და თვითმკვლელობების რიცხვი. 


გამოკითხვების თანახმად, პრობლემა შავ-თეთრი სულაც არ არის. იმ ადამიანების ორი მესამედი, ვინც დახმარებას ითხოვდა, აღიარებს, რომ შესაბამისი მკურნალობის მიღება მარტივი არ ყოფილა. ყოველი მეხუთე ადამიანი კი, ვინც ფსიქიკური აშლილობით საავადმყოფოში აღმოჩნდა, მის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას უჩიოდა. ახლა კი მდიდარი სახელმწიფოების ხელისუფლება ბიუჯეტიდან აქტიურად აფინანსებს კორონაკრიზისისგან გამოსვლის პროცესს და მნიშვნელოვანი თანხები სწორედ ჯანდაცვისკენ არის მიმართული. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ფინანსები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც დაიხარჯება (როგორც ავსტრალიაში, სადაც 2020 წელს ფსიქოლოგიური დახმარების ბიუჯეტი გაორმაგდა), ადამიანებს მიეცემათ შანსი, რომ ლოქდაუნის შედეგად მწყობრიდან გამოსული ნერვული სისტემა აღიდგინონ და სიმშვიდე დაიბრუნონ.

სხვა თემები