21 ივნისი 2021 - 10:31

ვინ იქნება ირანის ახალი პრეზიდენტი და როგორ აისახება ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ბირთვული პროგრამის მოლაპარაკებებზე?

ფოტო: Twitter

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებზე 59 მილიონზე მეტმა მოქალაქემ პრეზიდენტ ჰასან რუჰანის პოტენციურ მემკვიდრეებს შორის საკუთარ არჩევანი გააკეთა. ამ უკანასკნელს ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ კენჭისყრის უფლება აღარ ჰქონდა.


საპრეზიდენტო მარათონის ერთპიროვნული ლიდერია ულტრაკონსერვატორი იურისტი და მქადაგებელი იბრაჰიმ რაისი, რომელიც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, თუმცა გამოკითხვების თანახმად, მიმდინარე კამპანიის დროს ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ 60 წლის რაისი, აწ უკვე პრეზიდენტის რანგში, თავისი წინამორბედის ზომიერი კურსის გაგრძელებაზე უარს იტყვის. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის ყურადღებას ეკონომიკურ თემებზე ამახვილებდა და თავის ელექტორატს ჰპირდებოდა, რომ აშშ-ის სანქციების შედეგად წარმოქმნილი ფინანსური კრიზისიდან ქვეყანას მალე გამოიყვანდა. აღსანიშნავია, რომ ირანის ახალი პრეზიდენტი თავისი მოვალეობის შესრულებას აგვისტოში უნდა შეუდგეს.

ვინ არის იბრაჰიმ რაისი? 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ირანის ახალი სავარაუდო პრეზიდენტი არის კონსერვატორი სასულიერო პირი და "სეიდი"- შიიტური ტრადიციის თანახმად, ასე უწოდებენ მათ, ვისი წინაპრებიც უშუალოდ წინასწარმეტყველ მუჰამედს უკავშირდებიან. გარდა ამისა, ის აიათოლა ხამენეის თანაქალაქელია, ორივე მათგანი შიიტებისთვის წმინდა ქალაქ მეშჰედში დაიბადა. რაისი განთქმულია თავისი ანტიდასავლური რიტორიკით და ამიტომაც ის ხამენეის თანამოაზრედ ითვლება. აიათოლა უკვე 82 წლისაა და ბევრი ფიქრობს, რომ მისი მემკვიდრე სწორედ რაისი იქნება. ებრაჰიმი ხამენეიზე 20 წლით უმცროსია და 2019 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ის გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. 


1988 წელს რაისი იყო იმ ოთხ მოსამართლეს შორის ერთ-ერთი, რომლებიც ეგრეთ წოდებულ "სიკვდილის კომისიების" წევრები იყვნენ. მათ ათიათასობით ადამიანს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. 2017 წელს ის ასევე მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ წააგო ჰასან რუჰანისთან, რომელიც რეფორმისტულ ბანაკის წევრად მიიჩნევა. მაშინ თანამდებობიდან მიმავალმა პრეზიდენტმა რაისის კარიერა შემდეგნაირად შეაფასა: "ის 38 წელი ადამიანებს სიკვდილით სჯიდა და გისოსებს მიღმა კეტავდა". ორი წლის წინ აშშ-მა რაისი სანქცირებულთა სიაში დაამატა. მას უფლებადამცველთა ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორ იმოქმედებს არჩევნების შედეგი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე?

ირანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის სანქციების მოხსნა, რაც მოლაპარაკებებში ბირთვული შეთანხმების განახლების მიმართულებით გარკვეულ დათმობებზე წასვლას გულისხმობს. ირანი იმედოვნებს, რომ ნავთობის ექსპორტს განაახლებსდა ბიუჯეტში არსებულ გარღვევებს ოდნავ მაინც შეავსებს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკას  უმაღლესი ლიდერი განსაზღვრავს, პრეზიდენტი კი მის მიერ გაჟღერებულ იდეებს მხოლოდ ახორციელებს. ამ შემთხვევაში აიათოლა ხამენეიც და იბრაჰიმ რაისიც აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლებას უჭერდნენ მხარს. 

ჰასან რუჰანის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში აგვისტომდე რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ თანამდებობიდან მიმავალ პრეზიდენტს შეთანხმების დრო ჯერ კიდევ აქვს. ”მმართველ ელიტას, შესაძლოა სურს, რომ აღნიშნული გარიგება ჯერ კიდევ რუჰანის დროს შედგეს. ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ყველა წარუმატებლობა და გაუთვალისწინებელი შედეგი სწორედ მას გადააბრალონ. რაისი კი ყველა ეკონომიკური დივიდენდის (ეკონომიკური სანქციების გაუქმებიდან მიღებული დადებითი შედეგები) მისაკუთრებას შეძლებს“, - აცხადებს International Crisis Group-ის ირანის პროგრამის დირექტორი ალი ვაეზი, რომელსაც Bloomberg-ი ციტირებს. 


განსხვავებული სცენარის მიხედვით, მოლაპარაკებები მიმდინარე წლის სექტემბრამდე არ დაიწყება. ”ირანელები 2022 წლის დასაწყისსა  და აშშ-ში შუალედურ არჩევნებს დაელოდებიან. თუმცა ჯერჯერობით ისინი დაჟინებით მოითხოვენ დათმობას, რათა შემდეგში ეს ყველაფერი ისლამური რესპუბლიკის გამარჯვებად წარმოჩინონ”, - აცხადებს ფრანგი ექსპერტი პიერ რაზუ. 


საერთაშორისო ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ირანის ახალი ლიდერების ულტრაკონსერვატორული განწყობები და ანტიდასავლური რიტორიკა აღნიშნულ გარიგებას ხელს არ შეუშლის. თუმცა იქნება თუ არა ეს შეთანხმება ყოვლისმომცველი, გრძელვადიანი და ნამდვილად ეფექტიანი, ამას ვერავინ ამბობს. "მათ თეთრი სახლის მხარდაჭერა სჭირდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გარე სამყაროსთან ურთიერთობების დეესკალაცია უნდათ. ქვეყნის შიგნით კონკურენტების არყოლის პირობებში, ულტრაკონსერვატორებისთვის ბევრად ადვილი იქნება დაპირებების შესრულება, ვიდრე მათი წინამორბედების შემთხვევაში იყო," - ასკვნის ალი ვაეზი.

სხვა თემები