25 ივნისი 2021 - 10:30

არის თუ არა Novavax-ის მიერ წარმოებული პრეპარატი ვაქცინა, რომელიც COVID-19-ისგან 100%-იან დაცვას უზრუნველყოფს?

ფოტო: Facebook

ამერიკულ კონცერნ Novavax-ის მის მიერ წარმოებულმა პრეპარატმა NVX-CoV2373  კლინიკური კვლევების მეორე და მესამე ფაზები რომ წარმატებით გაიარა და თავისი ეფექტიანობა დაადასტურა, ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ 2021 წლის იანვრის ბოლოს გახდა. თუმცა თუ სპორტულ ტერმინოლოგიას მივყვებით, SARS-CoV-2-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა არის მარათონი და არა სპრინტი, ამიტომაც Novavax-ის ვაქცინამ შეიძლება აცრის გლობალურ კამპანიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში ის, რომ აღნიშნული პრეპარატის შესაქმნელად გამოყენებული ტექნოლოგია კარგად არის ცნობილი. მეორე მხრივ, თავად ვაქცინა ეფექტიანია. ამავდროულად, მისი ტრანსპორტირება და შენახვა მარტივია, ასევე ამ პრეპარატის დიდი რაოდენობით მოკლე დროში წარმოება სავსებით შესაძლებელია. რამდენად ეფექტიანია NVX-CoV2373 კორონავირუსის ახალი შტამების მიმართ, რა გვერდითი ეფექტი შეიძლება ამ პრეპარატს ჰქონდეს და რით განსხვავდება ის სხვა ვაქცინებისგან? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას Deutsche Welle შეეცადა.

უტოლდება თუ არა NVX-CoV2373-ის ეფექტიანობა რნმ ვაქცინების დამცველობის მაჩვენებელს? 

კომპანია Novavax-ის განცხადებით, მის მიერ წარმოებული პრეპარატის საერთო ეფექტიანობა 90.45%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი NVX-CoV2373-ს BioNTech / Pfizer-ისა და Moderna- ს რნმ ვაქცინების გვერდით აყენებს. რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული პრეპარატი ადამიანს ლეტალური შედეგისა და COVID-19-ის მძიმე ფორმისგან 100%-ით იცავს. 


აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ კლინიკური კვლევების მესამე ფაზაში აშშ-სა და მექსიკის 119 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 29 960 ადამიანი მონაწილეობდა. ამ კატეგორიის წარმომადგენლებში გამოიყო ჯგუფი, რომლის წევრებმაც პლაცებო მიიღეს და ამის შემდეგ  კორონავირუსული ინფექციის 63 შემთხვევა გამოვლინდა. ამავდროულად, 10 პაციენტს დაავადება საშუალო სიმძიმით განუვითარდა, მძიმე ფორმა კი მხოლოდ 4 პირს აღენიშნა. აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე აცრილთა ჯგუფში COVID-19-ის 14 შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ ყველა მათგანი მსუბუქი იყო.

რა გვერდითი ეფექტები აქვს Novavax-ის ვაქცინას?

კომპანია  Novavax-ის საერთო შეფასებით, ვაქცინა NVX-CoV2373 პაციენტებმა კარგად გადაიტანეს. დაფიქსირდა აცრისთვის დამახასიათებელი ისეთი ზოგადი რეაქციები, როგორიცაა ინექციის ადგილის დროებითი ტკივილი, დაღლილობა, თავისა და კუნთების ტკივილი.

არის თუ არა ეფექტიანი Novavax-ის ვაქცინა კორონავირუსის ახალ შტამებთან მიმართებით?

როგორც უკვე აღინიშნა, NVX-CoV2373-ის კლინიკური კვლევის მესამე ფაზა ჩატარდა აშშ-სა და მექსიკაში, სადაც ძირითადად გავრცელებულია B. 1.1.7 შტამი, რომელიც თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა. შესაბამისად ეს ვაქცინა კორონავირუსის თავდაპირველი ვარიანტის ამ მუტირებული შტამისგან იცავს. თუმცა სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი B. 1.351 შტამის წინააღმდეგ Novavax-ის ვაქცინა გაცილებით ნაკლებეფექტიანი იყო და ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 49%-ი შეადგინა. თუ როგორ იცავს NVX-СoV2373 კორონავირუსის სხვა ვარიანტებისგან, ამის შესახებ სანდო ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

რით განსხვავდება NVX-СoV2373 სხვა ვაქცინებისგან?

NVX-CoV2373 არც რნმ ვაქცინაა (როგორიცაა BioNTech / Pfizer-ი და Moderna) და არც ვექტორული ვაქცინა (მაგალითად, AstraZeneca და Johnson & Johnson). ის, ჩინური კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული პრეპარატის მსგავსად, ინაქტივირებულ კორონავირუსზე დაყრდნობით არის შექმნილი და სახასიათო სპაიკ-ცილის პაწაწინა ნაწილაკებს შეიცავს. ამრიგად, ის მუშაობს საკმაოდ ცნობილი მეთოდით, რომელიც B ჰეპატიტის ან ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოებაში გამოიყენება. ამ დროს იმუნური სისტემა ვაქცინის ცილებზე რეაგირებს. ამასთანავე, იმუნური რეაქცია ბევრად უფრო სწრაფია, რადგან სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ორგანიზმს S-ცილების წარმოება აღარ სჭირდება. თუმცა ვაქცინა სრულად ეფექტიანია NVX-CoV237-ის ორივე დოზის გაკეთების შემდეგ. 


საერთოდ, ცილოვანი ვაქცინები მომავალზე ორიენტირებულ ტექნოლოგიად ითვლებოდა მანამ, სანამ კორონავირუსის პანდემიის დროს რნმ ვაქცინები საკუთარ თავს წარმოაჩენდნენ. სპეციალისტების შეფასებით, ცილაზე დაფუძნებული ვაქცინები კარგად არის ცნობილი, ზოგადად, როგორც წესი, პაციენტებს უფრო მარტივად გადააქვთ და კითხვებიც ნაკლებია. თუმცა ამ კატეგორიის პრეპარატების ნაკლი ის არის, რომ მათი შექმნა უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე- ვექტორული და რნმ ვაქცინები.

Novavax-ის ვაქცინა სეზონური გრიპისგანაც იცავს? 

გარდა ამისა, NVX-CoV2373 არის კომბინირებული ვაქცინა, რომელიც ერთდროულად კორონავირუსისა და სეზონური გრიპისგან დასაცავად არის შექმნილი. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, როგორც წესი, "ცოცხალი" და "მკვდარი" ვაქცინების კომბინირება და ერთდროულად მიღება სავსებით შესაძლებელია. თუმცა არსებობს ეჭვები, თუ რა გავლენას ახდენს ვაქცინების კომბინაცია მათ ეფექტიანობაზე. სპეციალისტების შეფასებით, Novavax-ის მიერ ცილოვან ვაქცინაზე გამოქვეყნებული პრეპრინტი შეიძლება ერთგვარ გარღვევადაც ჩაითვალოს. ის იძლევა პირველ მტკიცებულებას, რომ COVID-19-ისა და სეზონური გრიპის საწინააღმდეგოდ ერთდროული აცრა სავსებით შესაძლებელია ისე, რომ მისი ეფექტიანობა არ შემცირდეს.

როდის მიიღებს Novavax-ი გამოყენების ნებართვას? 

თუ კვლევის შედეგები ასეთივე დამაიმედებელი იქნება, სექტემბრის ბოლოს Novavax-ი აშშ-სა და ევროპაში გამოყენებაზე ნებართვის შესახებ განაცხადის შეტანას გეგმავს. სწრაფი განხილვის პროცესი ევროკავშირში თებერვლიდან მოქმედებს. თუმცა ევროპის წამლის სააგენტო (EMA) აპირებს ე.წ. უწყვეტი განხილვის პროცესი გააგრძელოს მანამ, სანამ  განაცხადის ოფიციალურად დამტკიცებისთვის საკმარისი მონაცემები არ იქნება მიღებული.

რა როლი შეიძლება შეასრულოს NVX-CoV2373-მა აცრის გლობალურ კამპანიაში?

აშშ-ს მთავრობა  Novavax-ის ვაქცინის წარმოებას აქტიურად აფინანსებს. თუმცა ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის სხვა ვაქცინები უკვე არსებობს. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ NVX-CoV2373-ი ძირითადად სხვაგან გამოიყენონ. მთელ მსოფლიოში ხომ ვაქცინებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა.


კორნუოლში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე სახელმწიფოს მეთაურებმა განაცხადეს, რომ 2,3 მილიარდი დოზის ვაქცინას უფრო ღარიბ ქვეყნებს გადასცემენ. ამასთანავე, ცილოვანი ვაქცინების ტრანსპორტირება ბევრად უფრო ადვილია. ისინი ინახება 2-დან 8 ° C-მდე ტემპერატურაზე, მაშინ როდესაც რნმ ვაქცინების ტრანსპორტირება და შენახვა 0 გრადუსზე დაბალ ტემპერატურას მოითხოვს. ცილოვანი ვაქცინების ეს თვისება შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს სუსტი ინფრასტრუქტურის მქონე რეგიონებში აცრის კამპანიის წარმოებისთვის. 

კომპანია Novavax-ის ცნობით, თვეში 150 მილიონამდე ვაქცინის წარმოება იგეგმება. ეს ნიშნავს, რომ NVX-CoV2373-ს შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს ღარიბ ქვეყნებში აცრის კამპანიის მიმართულებით. ”ჩვენ მიერ წარმოებული ვაქცინის პირველი პარტიის ძირითადი ნაწილი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს გადაეცემა. ეს მიზანი ჩვენ თავიდანვე პრიორიტეტად მიგვაჩნდა”, - განუცხადა სააგენტო Associated Press- ს Novavax-ის გენერალურმა დირექტორმა სტენლი ერკმა.

სხვა თემები