05 ივლისი 2021 - 11:00

აფრიკის კონტინენტზე კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ომია გაჩაღებული. რა ხდება ეთიოპიაში?

ფოტო: Facebook

2020 წლის ნოემბრის დასაწყისიდან ეთიოპიაში სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. უკვე 8 თვეა, რაც ფედერალური მთავრობის ჯარები თავს ესხმიან ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე  ტიგრაის რეგიონს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით (მათი სახელწოდება იგივეა, რაც ამ რეგიონის-ტიგრაი) არის დასახლებული.


ივნისის ბოლოს ტიგრაელ მეამბოხეებს მოულოდნელად გაუმართლათ. მათ სამთავრობო ჯარებისგან ტიგრაის დედაქალაქ მეკელეს გათავისუფლება მოახერხეს. ცოტა ხნით ადრე, ამბოხებულთა შეტევის მოლოდინში, რეგიონის დროებითი მთავრობის ყველა წარმომადგენელმა ქალაქი დატოვა. ეთიოპიის პრემიერმინისტრმა აბი აჰმედმა სცადა, ეს მარცხი ცალმხრივ ჰუმანიტარულ ზავად წარმოედგინა. თუმცა ეს ასე სულაც არ არის.

რამ გამოიწვია ეს კონფლიქტი?

მიმდინარე კონფლიქტი დაიწყო იმით, რომ 2020 წლის ნოემბრის დასაწყისში, სახელმწიფოს მეთაურმა აბი აჰმედმა ტიგრაის გათავისუფლების სახალხო ფრონტის წარმომადგენლები ეთიოპიის სამხედრო ყაზარმებზე თავდასხმაში დაადანაშაულა და რეგიონში ჯარი შეიყვანა. არა და, სახალხო ფრონტის წევრები მმართველ კოალიციაში სწორედ ქვეყნის პრემიერმინისტრის ყოფილი მოკავშირეები იყვნენ. ისინი ეთიოპიის ხელისუფლებას 1991 წლიდან წარმოადგენენ, მაგრამ 2018 წელს აბი აჰმედის ახალ პარტიაში შესვლაზე უარი განაცხადეს და ოპოზიციაში გადავიდნენ. ამისათვის ქვეყნის პრემიერმინისტრმა ტიგრაისა და მისი 6-მილიონიანი მოსახლეობის დასჯა გადაწყვიტა. Associated Press-ის მიერ აპრილში მომზადებულ რეპორტაჟში ნათქვამია, რომ რეგიონში დანიშნული ახალი დროებითი მთავრობა სრულად დედაქალაქიდან გაგზავნილი პირებით იყო დაკომპლექტებული. ადგილობრივი ტიგრაიელი მოხელეები იძულებულნი გახდნენ, სამოქალაქო დაპირისპირების გამო, მშობლიური მიწიდან გაქცეულიყვნენ, დარჩენილები კი მათი ეთნიკური წარმომავლობის შესახებ დოკუმენტებიდან ყველა კვალს პირწმინდად შლიდნენ. რაც შეეხება დროებით მთავრობას, ის ეთიოპიის ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებით - ამჰარიელებით იყო წარმოდგენილი.


აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეთიოპიის არმიასა და შეიარაღებულ ფორმირებებს ტიგრაის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხრეთ რეგიონების მცხოვრებლებთან ერთად (სადაც ქვეყნის უდიდესი ეთნიკური ჯგუფის წევრები, ამჰარიელები ცხოვრობენ),  მეზობელი ერითრეას ჯარიც შეუერთდა. ეს არის ქვეყანა, რომელიც ერთ დროს ეთიოპიის შემადგენლობაში იყო, მაგრამ მრავალწლიანი სისხლისმღვრელი ომის შედეგად 1990-იანი წლების დასაწყისში მას გამოეყო და დამოუკიდებლობა მოიპოვა. თავდაპირველად, ეთიოპიის ხელისუფლება ტიგრაის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო დაპირისპირებაში ერითრეის მონაწილეობას უარყოფდა. ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს, აბი აჰმედი  გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს  ამაში პირადად არწმუნებდა. თუმცა როდესაც სამოქალაქო ომში ერითრეელთა მონაწილეობის დამალვა შეუძლებელი გახდა, ეთიოპიის პრემიერმინისტრმა უბრალოდ პირობა დადო, რომ უცხოელი ჯარისკაცები ქვეყანას მალე დატოვებდნენ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მიმდინარე კონფლიქტის დროს რეგიონში ადამიანის უფლებების ყველაზე სასტიკი დარღვევის შემთხვევები, მათ შორის ეთნიკური წმენდა და მშვიდობიან მოსახლეობაზე მასობრივი სექსუალური ძალადობა სწორედ ერითრეელებს მიეწერებათ. 


მიუხედავად დაპირებისა, ერითრეელ ჯარისკაცებს ტიგრაის რეგიონი არ დაუტოვებიათ. მაისში CNN- ის კორესპონდენტები აცხადებდნენ, რომ ეთიოპიის არმიის უნიფორმაში გამოწყობილ ერითრეელ ჯარისკაცებს რეგიონის დედაქალაქ მეკელედან ქალაქ აქსუმამდე მიმავალი გზა ჰქონდათ გადაკეტილი და ჰუმანიტარულ დახმარებას არ უშვებდნენ. როგორც ადგილობრივები „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში ამბობდნენ, ერითრეელთა ამოცნობა ძალიან ადვილია იმ დამახასიათებელი აქცენტით, რომლითაც ისინი ტიგრაიელებთან საერთო ენაზე საუბრობენ.  


მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში ახლაც გრძელდება. გაერომ არაერთხელ გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ რეგიონში მცხოვრები ასობით ათასი ადამიანი, მათ შორის 140 000 ბავშვი, შიმშილით სიკვდილის ზღვარზეა. ამავდროულად, სამხედრო დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია: ეთიოპიის ხელისუფლებამ ტიგრაის რეგიონში სატელეფონო კომუნიკაცია და ინტერნეტ-კავშირი გათიშა. ამავდროულად, კონფლიქტის ზონაში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა შეღწევა და მუშაობა ძალიან გართულებულია, ამიტომაც ჟურნალისტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სიტუაციაში გარკვევა ტიგრაიდან სხვა ქვეყანაში გადასული ლტოლვილების ნაამბობით უწევთ. 


მიუხედავად ამბოხებულთა ბოლოდროინდელი გამარჯვებისა, რომლის მეშვეობითაც ისინი რეგიონის დედაქალაქში არიან დაბანაკებული, ტიგრაის დიდ ნაწილს კვლავ ეთიოპიის ფედერალური ძალები, ადგილობრივთა მიმართ მტრულად განწყობილი ეთნიკური ჯგუფები და ერითრეის ჯარისკაცები აკონტროლებენ. მაშინაც კი, თუ ქვეყნის ხელისუფლება ამბოხებულებს საბოლოოდ მაინც დაამარცხებს, ეთიოპიის პრემიერმინისტრის აბი აჰმედის საერთაშორისო იმიჯს უკვე გამოუსწორებელი ზიანი აქვს მიყენებული. 

მართალია თუ არა, რომ ეს სასაკლაო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა მოაწყო?

დიახ, ეს ნამდვილად ასეა! სამხედრო ოპერაციის დასაწყისში, აბი აჰმედმა- მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, პირობა დადო, რომ ტიგრაის აჯანყებულებს სწრაფად და სისხლისღვრის გარეშე გაუმკლავდებოდა. თუმცა ეთიოპიის პრემიემინისტრმა ამის სანაცვლოდ ნამდვილი სასაკლაო მოაწყო. ამ სამოქალაქო ომის შედეგად, ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, მილიონზე მეტი პირი ლტოლვილი გახდა, კიდევ ასობით ათას ადამიანს კი შიმშილით სიკვდილი ემუქრება. 


ეს იმას ნიშნავს, რომ შექმნილი არასტაბილური სიტუაცია საფრთხეს უქმნის აღმოსავლეთ აფრიკის მთელ რეგიონს. მას შემდეგ, რაც ეთიოპიას მეზობელი სომალიდან  ჯარის გაყვანა მოუწია, იქ შეიძლება რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების გავლენა და აქტივობა გაიზარდოს. ამავდროულად, ასობით ათასი ლტოლვილი ტიგრაიდან ისედაც ღარიბ და ჭარბი მოსახლეობით გამორჩეულ სუდანში გადადის (მათ უბრალოდ წასასვლელი აღარსად აქვთ), რაც იქ არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. 

სხვა თემები