13 ივლისი 2021 - 10:49

ელექტროსკუტერი: გადაადგილების მოსახერხებელი საშუალება თუ სიცოცხლისთვის საშიშროება?

ფოტო: Facebook

ბოლო წლების განმავლობაში ელექტროსკუტერები ბევრი ევროპული ქალაქის განუყოფელი ნაწილი გახდა. გადაადგილების ამ საშუალების დაქირავება შესაძლებელია ლონდონში, პარიზსა და ბევრ სხვა დედაქალაქში. გამონაკლისი არც თბილისია. 

რამ განაპირობა ელექტროსკუტერების პოპულარობა? ისინი ადვილი გამოსაყენებელი და მოსავლელია, ასევე - შედარებით უსაფრთხო (საგზაო მოძრაობის წესების, შესაბამისი აღჭურვილობისა და მძღოლის სწორი მანევრირების გათვალისწინებით). როგორც წესი, შეიძლება მათი დაკეცვა და ავტობუსსა თუ მეტროში შეტანა. ელექტროსკუტერის ბატარეა დაახლოებით 30 კილომეტრს ჰყოფნის, რაც სავსებით საკმარისია მთელი დღის მოძრაობისთვის. გარდა ამისა, ისინი არ აბინძურებენ გარემოს, რაც დღეს იმდენად მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ამის მიუხედავად, ელექტროსკუტერებს მაინც აკრიტიკებენ. თუ რატომ, მიზეზებში გარკვევას BBC შეეცადა.

მაშ, რატომ აკრიტიკებენ ელექტროსკუტერებს?

ყოველთვის არის რაღაც, რაც შეიძლება კრიტიკის მიზეზი გახდეს. ელექტროსკუტერების კრიტიკოსები გეტყვიან, რომ მათი წარმოების პროცესში ატმოსფეროში ბევრი მავნე ნივთიერება გამოიყოფა. ამავდროულად, გაქირავების შემთხვევაში ისინი პერიოდულად ერთი ავტოსადგომიდან მეორეზე უნდა გადააადგილონ მანქანებით, რომლებიც ასევე აბინძურებენ ატმოსფეროს. გარდა ამისა, ნაქირავები სკუტერების მომხმარებლები მათ ხშირად დაუფიქრებლად ტოვებენ, რაც ქალაქებს ზედმეტ პრობლემებს უქმნის. 


ამასთანავე, ამ სკუტერების უსაფრთხოება არც ისე მარტივია. მხოლოდ გერმანიაში, გასული წლის განმავლობაში, პოლიციამ დააფიქსირა ელექტროსკუტერთან დაკავშირებული ორი ათასზე მეტი ინციდენტი, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ ან უფრო მეტიც, გარდაიცვალნენ კიდეც. ელექტროსკუტერით გარდაცვალების ფაქტები დაფიქსირდა ბრიუსელში, სტოკჰოლმსა და ლონდონში. 
ელექტროსკუტერით დაჯახების შედეგად ადამიანის გარდაცვალების პირველი ცნობილი ფაქტი დაფიქსირდა ბარსელონაში, სადაც 2019 წელს 92 წლის ქალი გარდაიცვალა. იმავე წელს, შვედეთში, ახალგაზრდა მამაკაცი ავარიაში მოყვა და ველობილიკზევე გარდაიცვალა. ყველაზე ხმაურიანი შემთხვევა კი პარიზში ახლახან მოხდა, როდესაც ელექტროსკუტერით მოძრავმა ორმა პირმა მოკლა ქალი, რომელიც მეგობრებთან ერთად სენის სანაპიროზე მშვიდად საუბრობდა. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ისინი პოლიციამ მხოლოდ 10-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვა და ელექტროსკუტერის მძღოლს დამამძიმებელი გარემოებით არაგანზრახ მკვლელობაში ბრალი უკვე წარდგენილი აქვს. 


ელექტროსკუტერების კრიტიკამ ყველა ევროპულ ქვეყანას მოუტანა ის, რომ მათ სასწრაფოდ მიიღოს საკუთარი წესები და კანონები, რომლებიც  ტრანსპორტის ამ სახეობას არეგულირებს.

რა წესები მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში? 

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება სიჩქარის ლიმიტი, ელექტროსკუტერების გამოყენებისთვის ნებადართული და აკრძალული ადგილები, მძღოლის ასაკი და ეკიპირება. მაგალითად, გერმანიაში, 2019 წლიდან გადაადგილების მსუბუქი ელექტროსაშუალებების შესახებ კანონის თანახმად, ელექტროსკუტერების გამოყენება ნებადართულია საზოგადოებრივ გზებზე, თუმცა სიჩქარე 20 კმ / სთ-ს არ უნდა აღემატებოდეს, ძრავის სიმძლავრე კი- 500 ვატს. ამავდროულად, მძღოლი, სულ ცოტა, 14 წლის უნდა იყოს. შვედეთმა და დანიამაც, უსაფრთხოების მიზნით, სიჩქარის შეზღუდვა 20 კმ / სთ-ით განსაზღვრეს. 


2019 წელს მსგავსი წესები შემოიღეს საფრანგეთში. თუმცა იქ სკუტერების ტროტუარზე დატოვება ისევ აკრძალულია. ამისათვის მოქალაქეს 135 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება. კანონის თანახმად, ელექტროსკუტერების სიჩქარის ზღვარი 25 კმ / სთ-ია , თუმცა 20 კმ / სთ-ზე უფრო სწრაფად მოძრაობა მაინც არ შეიძლება. უფრო მეტიც, ქალაქის განსაკუთრებით დატვირთულ ადგილებში სიჩქარე 8 კმ / სთ-მდე იზღუდება. 


2020 წელს, იტალიაში გადაწყდა, რომ ელექტროსკუტერებით მოძრაობა 25 კმ / სთ სიჩქარით დასაშვებია. თუმცა იქ, სადაც ბევრი ფეხით მოსიარულეა, ლიმიტი  6 კმ / სთ-მდე მცირდება. გარდა ამისა, ჩაფხუტის ტარება 18 წლამდე სავალდებულოა, ხოლო ელექტროსკუტერის მართვა 14 წლიდან არის შესაძლებელი. 


ევროპული ქალაქების ასოციაცია EUROCITIES-მა ევროკავშირის მასშტაბით ელექტროსკუტერების მარეგულირებელი წესების ფართო სპექტრზე ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში გაამახვილა ყურადღება და ერთიანი კანონების შექმნა მოითხოვა. თავის მხრივ, ელექტროსკუტერების მწარმოებლებისა და მოიჯარეების წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის თებერვალში შექმნეს საკუთარი ასოციაცია- "Micro-Mobility for Europe" (MMfE), რომელმაც ბრიუსელში მათი ინტერესები უნდა დაიცვას. აღნიშნულ ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ელექტროსკუტერები ევროპის ცენტრებში საცობების მოხსნასა და პარკინგის პრობლემის მოგვარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

სხვა თემები