16 ივლისი 2021 - 10:45

მართალია თუ არა, რომ „დელტა შტამი“ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრით არის გამოწვეული?

ფოტო: Facebook

დიდ ბრიტანეთში COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი  იზრდება. შემთხვევათა 95%-ი ეგრეთ წოდებულ დელტა შტამს გულისხმობს. ამავდროულად, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის ორი მესამედი უკვე აცრილია. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები ამას ერთ-ერთ არგუმენტად იყენებენ და სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ხმებს, რომ ახალი კორონავირუსის მუტაცია და „დელტა შტამის“ წარმოქმნა ვაქცინაციის შედეგია. Deutsche Welle-მ გაარკვია, ნამდვილად ასეა თუ არა.

ვირუსის მუტაცია: როგორ ჩნდება ახალ-ახალი შტამები?

ვირუსები თავიანთ გენეტიკურ ინფორმაციას მასპინძელ უჯრედს გადასცემენ, რათა გამრავლდნენ. რეპროდუქციის ყოველი მცდელობისას, კოპირების მცირე შეცდომა ხდება და ვირუსის გენეტიკურ კოდს სწორედ ეს შეცდომები ცვლის. ამრიგად, ის მუდმივად მუტაციას განიცდის და ეს სავსებით ნორმალურია. 


ზოგიერთი მუტაცია ვირუსს ვაქცინის მიმართ უფრო მდგრადს ხდის, ზოგი კი პირიქით, მას ასუსტებს. ხშირად მათ საერთოდ არანაირი გავლენა არ აქვთ. თუმცა ვირუსის ევოლუციის პროცესში ყველაზე ძლიერი შტამი იმარჯვებს. კორონავირუსის შემთხვევაში კი ეს იმას ნიშნავს, რომ „დელტა შტამი“ სხვა, ნაკლებად საშიშ ვარიანტებს ანაცვლებს.

რაზეა პასუხისმგებელი ახალი კორონავირუსის „დელტა ვარიანტი“?

ახალი კორონავირუსის „დელტა შტამის“ ზუსტი ფუნქციები ჯერ მეცნიერულად შესწავლილი არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მუტაცია ადამიანის უჯრედებზე ვირუსის მიბმას აადვილებს და შეუძლია ზოგიერთ იმუნურ რეაქციას გვერდი აუაროს, - აცხადებს ლონდონის დედოფალ მარიას სახელობის უნივერსიტეტის კლინიკური ეპიდემიოლოგი დეეპტი გურდასანი. ამასთანავე, ახალი კორონავირუსის დელტა ვარიანტს არაერთი მუტაცია აქვს. 


ჰელმჰოლცის ცენტრის ინფექციური კვლევის მეცნიერი პეგი რიზი ამბობს, რომ „დელტა შტამი“ ვირუსის უფრო მაღალ კონცენტრაციას იწვევს. ეს კი მეტ ვირუსულ დატვირთვას გულისხმობს, მაგალითად, ხახაში. ამას ადასტურებენ სხვა ექსპერტებიც, რომლებსაც Deutsche Welle დაუკავშირდა.

Immune Escape- რას ნიშნავს იმუნური სისტემისგან გაქცევა? 

თუ ვირუსი მუტაციას განიცდის ისე, რომ ანტისხეულები, რომლებიც აცრილ და გამოჯანმრთელებულ ადამიანებს აქვთ, მხოლოდ მისი თავდაპირველი ვერსიის მიმართ არიან მდგრადები, ამას Immune Escape- იმუნური სისტემისგან გაქცევა ეწოდება. ფაქტობრივად, ეს არის ვირუსის უნარი, ადამიანის იმუნური სისტემის მიერ მისი გამოვლენა თავიდან აირიდოს. შესაბამისად, შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც აცრილი, ასევე ამა თუ იმ ვირუსგადატანილი პაციენტებიც. 


„დელტა შტამი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება, რადგან ის სხვა მუტირებულ ვარიანტებთან შედარებით, უფრო ინფექციურია და ამავდროულად, მას შეუძლია ადამიანის იმუნურ სისტემას "დაემალოს". ”მუტაცია ანტისხეულების მოქმედებასა და იმუნური სისტემის მიერ ვირუსის დაფიქსირების უნარს ასუსტებს,” - აცხადებს ჰანოვერის სამედიცინო სკოლის პროფესორი, იმუნოლოგიისა და რევმატოლოგიის კლინიკის ექსპერტი გეორგ ბერენსი. ”თუმცა ეს იმუნური სისტემისგან გაქცევას ნამდვილად არ ნიშნავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უფრო შესამჩნევი იქნებოდა,” - განმარტავს პეგი რიზი.


იმუნური სისტემისგან გაქცევა არც ისე ძლიერია, რომ მის საწინააღმდეგო ვაქცინას აზრი არ ჰქონდეს. პირიქით, კვლევების პირველადმა შედეგებმა აჩვენა, რომ მიუხედავად აცრის მიმართ „დელტა შტამის“ მეტი მდგრადობისა, სრული ვაქცინაცია ინფიცირებისგან მაინც საიმედოდ გვიცავს. ამავდროულად, ვაქცინის მწარმოებლები, კერძოდ, BioNTech / Pfizer-ი, უკვე მუშაობენ ახალ მედიკამენტზე, რომელიც „დელტა შტამის“ წინააღმდეგაც უფრო ეფექტიანი იქნება.

იწვევს თუ არა ვირუსის მუტაციას აცრა?

ადამიანები, რომლებიც ჯერ არ აცრილან, კორონავირუსის მუტაციური შტამების გავრცელებას ხელს უწყობენ, - აცხადებს იუსტუს ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ფრიდემან ვებერი. ”სწორედ ინფიცირებულებმა შეუწყვეს ხელი იმ ფაქტს, რომ ახალმა შტამმა ვირუსს მისცა შესაძლებლობა, ადამიანის იმუნური სისტემისგან შეუმჩნეველი დარჩეს,”- აცხადებს ის. ეს  ცხადია ინდოეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის მაგალითებით. სწორედ იქ გაჩნდა ახალი შტამები და სწორედ ამ ქვეყნებში აცრილი ადამიანების პროცენტული წილი საკმაოდ დაბალია. 


ვაქცინას რომ გაეზარდა ვირუსის მუტაციის ალბათობა, მაშინ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ისრაელი და დიდი ბრიტანეთი, სადაც უკვე უამრავი აცრილი ადამიანია, კორონავირუსის ახალი ვარიანტები სწორედ იქ გაჩნდებოდა,- განმარტავს თავის მხრივ პეგი რიზი. ”მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. ვირუსის მუტაციური ვარიანტების ჩნდება იქ, სადაც ჯერ კიდევ არ არის დიდი რაოდენობით აცრილი ადამიანი და სადაც დიდი რაოდენობით ადამიანი მცირე ტერიტორიაზე სახლობს, ” - ამბობს ის DW- სთან ინტერვიუში.

ის, რომ „დელტა შტამი“ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შედეგად წარმოიქმნა, სრულად გამორიცხულია. ვირუსის პირველი მუტაცია 2020 წლის ოქტომბერში ინდოეთში, მაჰარაჯაში დაფიქსირდა. არა და, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრა ინდოეთში 2021 წლის იანვარში დაიწყო ანუ „დელტა შტამის“ გამოჩენიდან სამი თვის შემდეგ. ამრიგად, ამ თემაზე ყველა ვარაუდი აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

სხვა თემები