19 ივლისი 2021 - 09:12

მართალია თუ არა, რომ ალერგიული ადამიანი არ უნდა აიცრას? რა უკუჩვენებები ახასიათებს ვაქცინაციას? 

ფოტო: Facebook

უკუჩვენება არის ისეთი მდგომარეობა ან დაავადება, როდესაც აცრას (ისევე როგორც სხვა სამედიცინო ჩარევას) უფრო მეტი რისკი ახლავს, ვიდრე - სარგებელი. ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის ძირითად წყაროს მისი კლინიკური კვლევების შედეგები წარმოადგენს. ამ მონაცემების საფუძველზე პრეპარატის მწარმოებელი კომპანია აყალიბებს უკუჩვენებების ჩამონათვალს, ისევე როგორც იმ მდგომარეობასა და დაავადებებს, რომელთა დროსაც ადამიანი გარკვეული სიფრთხილით უნდა აიცრას.

რას ნიშნავს "სიფრთხილით"?

მეთოდური რეკომენდაციების თანახმად, ეს პუნქტი მოიცავს იმ დაავადებებსა და მდგომარეობას, როდესაც აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ვლინდება, ვიდრე - ამის არმქონე ადამიანებში. თუმცა ეს მონაცემები სანდო უნდა იყოს და გარკვეული სახის კვლევებით დასტურდებოდეს. მსგავსი „ფრთხილი“ მიდგომის შემთხვევაში კი აცრით მიღებული სარგებელი მაინც საკმაოდ დიდია. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი ადამიანების შემთხვევაში არასასურველი გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ხდება. რეალურად კი ყველა უკუჩვენება შეიძლება სამ სახეობად დაიყოს. 

1-ლი ტიპის უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა

ჰიპერმგრძნობელობა ვაქცინის კომპონენტების მიმართ არის უნივერსალური უკუჩვენება, რომელიც ნებისმიერ ინსტრუქციაშია მოცემული. 


ზოგჯერ ჰიპერმგრძნობელობას ალერგიას უწოდებენ, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. ეს არის არა მხოლოდ ალერგიული, არამედ ფარმაკოლოგიური და ფსევდოალერგიული რეაქციები. გამოვლინებებით ისინი თითქოს მსგავსია, მაგრამ იმუნური რეაქციების ტიპების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მაგალითად, ფსევდოალერგიული რეაქციის შემთხვევაში ჯერჯერობით ბოლომდე გაურკვეველია, თუ როგორ არის ამ პროცესში ჩართული იმუნური სისტემა. თუმცა გამოვლენილი სიმპტომებით ის ალერგიულ და ფარმაკოლოგიურ რეაქციებს ძალიან ჰგავს.


რაც შეეხება COVID-19-ის ვაქცინას, ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკული კოლეჯი (ACAAI) გირჩევთ შემდეგს


1.    აცრამდე ჩაიტარეთ ალერგიის სკრინინგი, რაც სინამდვილეში მხოლოდ პაციენტის გამოკითხვას გულისხმობს. თუ ადამიანს ოდესმე რომელიმე ვაქცინაზე სერიოზული ალერგიული რეაქცია ჰქონდა, აცრამდე მან ალერგოლოგ-იმუნოლოგს უნდა მიმართოს.


2.    თუ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან ოთხი საათის განმავლობაში ადამიანს ნებისმიერი სირთულის ალერგიული რეაქცია ჰქონდა, მეორე ინექციის შეყვანა არ შეიძლება. 


3.    პოლისორბატ - 80-ს, რომელსაც Johnson & Johnson-ის ვექტორული ვაქცინა შეიცავს, ანაფილაქსიის გამოწვევა შეუძლია. თუ ცნობილია, რომ ადამიანი პოლისორბატ - 80-ზე ან ვაქცინის სხვა კომპონენტზე ალერგიულია, მისი აცრა არ შეიძლება. ამავდროულად, პოლისორბატი - 80 ფართოდ გამოიყენება მრავალ სფეროში: სხვა წამლების წარმოებით დაწყებული, საკვები პროდუქტით დამთავრებული. ასე რომ, თუ ადამიანს მასზე ალერგია აქვს, ამის შესახებ მან სავარაუდოდ იცის.


4. ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს იქ, სადაც ანაფილაქსიურ რეაქციასთან გამკლავებას შეძლებენ. 


აშშ-სგან განსხვავებით, ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპული აკადემიის (EAACI) რეკომენდაციები მიანიშნებს, რომ აცრის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქციის შემთხვევაშიც კი, მეორე ინექციის შესაძლებლობა მკაცრად არ უნდა გამოირიცხოს. თუ პირველი დოზის გაკეთების დროს ალერგიული რეაქცია სიცოცხლისათვის საშიში არ იყო, ბრიტანული რეკომენდაციების მიხედვით, ვაქცინის მეორე ინექციის შეყვანა ალერგოლოგ-იმუნოლოგთან კონსულტაციის გარეშეც არის შესაძლებელი. სიცოცხლისათვის საშიში (ანაფილაქსიური) რეაქციის შემთხვევაში, გამოყენებულ ვაქცინას სხვა პრეპარატით ანაცვლებენ და თავად აცრა უშუალოდ სტაციონარში კეთდება.


სხვა პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება ასოცირებული იყოს ოვალბუმინის ან ქათმის კვერცხის ცილის ალერგიასთან, ვინაიდან ზოგიერთი ვაქცინის შესაქმნელად ქათმის ემბრიონები გამოიყენება. ვინაიდან კვებითი ალერგიის წარმატებული მკურნალობის მაგალითი ჯერჯერობით არ არსებობს, ოვალბუმინზე ალერგიის მქონე ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ვაქცინის შემადგენლობასა და ოფიციალურ მითითებებს.

მეორე ტიპის უკუჩვენება: ცოცხალი ვაქცინების შემთხვევა

ცოცხალი ვაქცინები შეიძლება საშიში იყოს იმუნოდეფიციტის ან ზოგიერთი სხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ COVID-19-ს ეს არ ეხება.  ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა არაცოცხალია.

მესამე ტიპის უკუჩვენება: როდესაც მწარმოებელი თავს იზღვევს

ხშირად მწარმოებლები უკუჩვენებების ჩამონათვალს უმატებენ დაავადებებსა და მდგომარეობას, რომელთა შესახებაც ინფორმაცია უბრალოდ არ არსებობს. სავარაუდოდ, ეს განპირობებულია მწარმოებლის სურვილით, შესაძლო პრეტენზიებისგან თავი დაიზღვიოს. ამ მიდგომამ შეიძლება ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დასვას. ამიტომაც ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის მითითებებში, უკუჩვენებების პუნქტში, როგორც წესი, მხოლოდ ვაქცინის კომპონენტებზე ალერგიული რეაქციების შესახებ წერენ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა შეიძლება დავასკვნათ? 

-    ვაქცინების უმეტესობისთვის ერთადერთი ნამდვილი უკუჩვენება პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობაა. ამასთან, არსებობს გარკვეული  ნიუანსები, რომლებიც  იმუნური სისტემის მძიმე დაავადებებსა და სხვა სპეციფიკურ მდგომარეობას უკავშირდება. 


-    ჩვეულებრივი ადამიანისთვის საკმაოდ რთულია იმის გაგება, თუ რას უკავშირდება ესა თუ ის კონკრეტული უკუჩვენება: იმ ფაქტს, რომ ვაქცინა პაციენტთა ჯგუფის მაგალითზე კარგად არ იყო შესწავლილი თუ იმას, რომ ის სათანადოდ არის გამოკვლეული და სერიოზული არასასურველი რეაქციის ალბათობას ზრდის.

-    სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა მწარმოებლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას დეტალურად გაეცნოთ, წაიკითხოთ ან მოისმინოთ ექსპერტთა მოსაზრებები და საჭიროების შემთხვევაში დასვათ კითხვები.

სხვა თემები