26 ივლისი 2021 - 10:12

მართალია თუ არა, რომ კიბერთავდასხმების შემდეგ ჰაკერები გამოსასყიდის სახით ბიტკოინებს ითხოვენ? 

ფოტო: Facebook

ჰაკერების ჯგუფმა Revil-მა მთელ მსოფლიოში ათასობით კომპანიის მუშაობა დაბლოკა. მათ დაზიანებულ კომპიუტერულ სისტემებზე წვდომის სანაცვლოდ, 50 მლნ-ის ღირებულების ბიტკოინები მოითხოვეს. კომპანია Enigma Securities-ის წარმომადგენლისა და კრიპტოვალუტის ბროკერის, ჯოზეფ ედვარდსის აზრით, ასეთი დიდი რაოდენობის ბიტკოინის მიღების სურვილი საკმაოდ უჩვეულოა. ”ეს უფრო სარეკლამო ტრიუკს ჰგავს“, - აცხადებს ის. 

ბიტკოინმა ჰაკერების ახალი გამოძალვითი მეთოდი უფრო პოპულარული გახადა 

Deutsche Welle-სთან ინტერვიუში ჯოზეფ ედვარდსი განმარტავს, რომ გამომძალველები შედარებით ნაკლებ თანხას ითხოვენ. როგორც წესი, ეს მაჩვენებელი 100 ათასიდან 2 მილიონ დოლარამდე მერყეობს. „ხშირად კომპანიები მზად არიან გადაიხადონ ასეთი თანხა რაც შეიძლება სწრაფად, რათა მედიასაშუალებებში ნეგატიური მასალების გავრცელება თავიდან აიცილონ და ეს პროცესი არ გააჭიანურონ”, - განმარტავს ის. ექსპერტის განცხადებით, ბოროტმოქმედებიც ცდილობენ, საქმე სამართალდამცავი ორგანოების ჩარევამდე არ მიიყვანონ, რადგან თუ ისინი აშშ-ის იურისდიქციის ფარგლებს გარეთ არ იმყოფებიან (მაგალითად, ჩინეთში ან რუსეთში), მათ კვალს პოლიცია საკმაოდ ადვილად აგნებს. 


ამასთან, ბიტკოინმა ჰაკერების მხრიდან ასეთი სახის შანტაჟი კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გახადა, - აცხადებს კიბერუსაფრთხოების ფინური კომპანია F-Secure- ის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიკკო ჰიპპონენი. „ეს 2013 წელს დაიწყო. ბოროტმოქმედები მაშინ ფიქრობდნენ, რომ ბიტკოინი ანონიმურია და ტრანზაქციის მიგნება შეუძლებელია. თუმცა ისინი მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ეს მეთოდი არც თუ ისე მოუხელთებელია, როგორც ისინი ფიქრობდნენ“, - აცხადებს ექსპერტი. 


ანალიტიკური ცენტრი Chainalysis კრიპტოვალუტის გადაადგილებას სწავლობს. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი კვლევა ეხება გამოძალვის შემთხვევებს, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. ამ სფეროში კრიპტოვალუტების წილი იზრდება. ყველაზე ხშირად, გამომძალველები ითხოვენ არა მხოლოდ ბიტკოინებს, არამედ არანაკლებ პოპულარულ კრიპტოვალუტა Monero-ს,- ამბობს Chainalysis- ის ხელმძღვანელი დანკან ჰოფმანი DW- სთან ინტერვიუში. ”ალბათ კიდევ არის მრავალი სხვა შემთხვევა, რომელთა შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით. ასეთ დროს ორგანიზაციები გამოსასყიდს ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე იხდიან”, - დარწმუნებულია ექსპერტი.

როდიდან აღარ არის ბიტკოინი ანონიმური?

ბიტკოინების უპირატესობა აშკარაა - ეს არის ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა. „სწორედ ამის გამო გამოძალვის მსხვერპლი მოთხოვნებს უფრო ადვილად თანხმდება”, - აცხადებს ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენელი თომას ფაბერი. ბიტკოინებით ვაჭრობისთვის საჭიროა ელექტრონული საფულე. ამ საფულეს აქვს საკუთარი მისამართი, რომელიც ყოველი ტრანზაქციის შემდეგ სამუდამოდ ინახება და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ”ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ანგარიშის მონაცემები ნახოს და შემდგარ გარიგებებს გაეცნოს”, - განმარტავს ფაბერი. 


თქვენ შეგიძლიათ თავიდან დამალოთ, ვინ დგას ამა თუ იმ ელექტრონული საფულის უკან, მაგრამ ”ამის მიუხედავად, ბიტკოინები რეალურ ფულზე ოდესმე უნდა გადაცვალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უმეტესად გამოუსადეგარია”. ექსპერტების განმარტებით, ამ პროცესის წარმართვა, როგორც წესი, პიროვნების იდენტიფიკაციის გარეშე შეუძლებელია, ამიტომაც ბიტკოინს ანონიმურს ვერ დავარქმევთ. სწორედ კრიპტოვალუტის ფულზე გადაცვლის მომენტში გამომძიებლებს ბოროტმოქმედთა გამოაშკარავების დიდი შანსი აქვთ. „თითქმის ყველა გაცვლით ბირჟას ნებისმიერი ტრანზაქციის დროს პირადობის გადამოწმებისათვის ძალიან მაღალი მოთხოვნები აქვს”, - აცხადებს Enigma Securities- ის წარმომადგენელი ჯოზეფ ედვარდსი. 


Chainalysis-ის შეფასებით, გამომძალველების მიერ ბიტკოინებში მიღებული თანხების დაახლოებით 80%-ის გაცვლა მხოლოდ ხუთი ბირჟის მეშვეობით ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ გადამცვლელების უმრავლესობა ყველა წესს იცავს. ”მეორე მხრივ, ეს ასევე გვიჩვენებს, რომ რამდენიმე პლატფორმა უსაფრთხოების მოთხოვნებზე თვალს ხუჭავს ან უბრალოდ ოპერაციებს თვალყურს არ ადევნებს”, - აცხადებს დანკან ჰოფმანი.

კიბერდამნაშავეებს Darknet-ი და Bitcoin Mixer-ი არ ეხმარებიან?

ბიტკოინის განაღდების კიდევ ერთი გზაა ე.წ. დეცენტრალიზებული ბირჟები, სადაც გაცვლა უშუალოდ ორ პირს შორის ხდება. გარდა ამისა, გამომძალველებს შეუძლიათ მიღებული კრიპტოვალუტა Darknet- ზე ამა თუ იმ პროდუქტისა თუ მომსახურების შესაძენად გამოიყენონ, - ამბობს ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენელი თომას ფაბერი. თუმცა ორივე შემთხვევაში, ჩვენ კვლავ ვსაუბრობთ ბიტკოინებზე, რომელთა მფლობელის დადგენა მაინც შესაძლებელია. ასევე არსებობს კვალის დაფარვის სხვა გზაც - ეგრეთ წოდებული ბიტკოინ-მიქსერების დახმარებით. ეს უკანასკნელი სხვადასხვა მომხმარებლის ბიტკოინებს ერთ ანგარიშზე აგროვებს და შემდეგ მათ შემთხვევითი თანმიმდევრობის პრინციპით ანაწილებს. 


ამასთანავე, ჯოზეფ ედვარდსის განმარტებით, კრიპტოვალუტის წარმომავლობის დადგენის მეთოდები იხვეწება. „თუ გამოსასყიდი საკმარისად დიდია და სამართალდამცავი ორგანოები საქმეს სათანადო ყურადღებით ეკიდებიან, კრიმინალების კვალის მიგნება არც ისე რთულია”, - აცხადებს ის. 


ის ფაქტი, რომ ბიტკოინი წარმატებული გამოძალვის გარანტიას არ წარმოადგენს, ამაში საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა ჰაკერთა ჯგუფი Darkside, რომელიც სავარაუდოდ რუსეთიდან მუშაობს. კიბერდამნაშავეებმა ამერიკული კომპანია Colonial Pipeline-ის კომპიუტერული სისტემების განბლოკვისთვის 4 მილიონ დოლარზე მეტი ბიტკოინი მოითხოვეს. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) კრიპტოვალუტის 23 საფულეში მოიძია და თანხების დაახლოებით ნახევრის უკან დაბრუნება შეძლო. თუმცა მალევე, იმავე ჯგუფმა REVil- თან ერთად, სხვა ფირმისგან - JBS  გამოსასყიდის სახით 11 მილიონი დოლარი მიიღო. ამ შემთხვევაში ჯერ კიდევ ვერ ხერხდებოდა იმის დადგენა, თუ სად მოხდა კრიპტოვალუტის გადინება.

სხვა თემები