12 აგვისტო 2021 - 10:36

კორონავირუსი: აფინანსებდა თუ არა აშშ სახიფათო კვლევას ჩინეთში?

ფოტო: Facebook

აშშ-ში განახლებული ენერგიით დაიწყო კამათი იმის თაობაზე, ფინანსდებოდა თუ არა ამერიკიდან ჩინური კვლევები, რომელთა შედეგადაც, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ, შესაძლოა, ახალი კორონავიური წარმოიშვა. აქ საუბარია ჩინეთის ქალაქ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში ჩატარებულ ცდებზე. როგორც ცნობილია, COVID-19-ის აფეთქება პირველად სწორედ ამ ქალაქში დაფიქსირდა. თუმცა ახალი კორონავირუსის კავშირი აღნიშნულ ლაბორატორიასთან დამტკიცებული არ არის, მაგრამ არც უარყოფილია. 


რესპუბლიკელი სენატორი რენდ პოლი ვარაუდობს, რომ აშშ-მ ნაწილობრივ დააფინანსა ჩინელების კვლევა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები ცდილობდნენ ვირუსების (მაგრამ არა კორონავირუსების) მუტაციას, მათ უფრო გადამდებ და მომაკვდინებელ შტამებად ქცევას. მეცნიერები ამ პროცესს "ფუნქციის გაძლიერებას“ უწოდებენ. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი მრჩეველი ჯანდაცვის მიმართულებით, დოქტორი ენტონი ფაუჩი ზემოთ ხსენებულ ეჭვს კატეგორიულად უარყოფს. შეესაბამება თუ არა რეალობას ეს მოსაზრება, ამის გარკვევას BBC შეეცადა.

რას ნიშნავს კვლევა „ფუნქციის გაძლიერებით“?

„ფუნქციების გაძლიერება" ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც ორგანიზმში მუტაციის შედეგად ჩნდება. ეს ხდება როგორც ბუნებრივ გარემოში, ისე - ლაბორატორიებში. ამ დროს მეცნიერები ორგანიზმის გენეტიკურ კოდს მიზანმიმართულად ცვლიან ან ათავსებენ მას სხვადასხვა გარემოში, რათა მისი თვისებები შეიცვალოს. მაგალითად, მკვლევრები ცდილობენ, შექმნან გვალვაგამძლე მცენარეული ჯიშები ან შეცვალონ კოღოები ისე, რომ მათ სხვადასხვა ინფექცია ნაკლებად გადაჰქონდეთ.


როდესაც "ფუნქციის გაძლიერების" კვლევის ობიექტი ადამიანისთვის საზიანო ვირუსია, ამის შედეგად მიიღება ვირუსი, რომელიც კიდევ უფრო საზიანოა, შესაბამისად - უფრო გადამდები და საშიში. მეცნიერების განმარტებით, ასეთი ვირუსების შექმნის პოტენციური რისკი გამართლებულია, რადგან ეს სპეციალისტებს საშუალებას აძლევს გაიგონ, როგორ იცვლება ვირუსი დროთა განმავლობაში, შექმნან წამლები და ვაქცინები, შესაბამისად, მომავალი ეპიდემიებისა თუ პანდემიებისთვის უკეთ მოემზადონ.

აფინანსებდა თუ არა აშშ ვირუსების კვლევას ჩინეთში?

დიახ, გარკვეული თანხა ნამდვილად გამოიყო. დოქტორი ფაუჩი არის არა მხოლოდ პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველი, არამედ ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი. ეს დაწესებულება აშშ-ს სახელმწიფო სისტემის - „ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების“ ნაწილია. ამ სისტემამ ნამდვილად გადაურიცხა თანხა ორგანიზაციას, რომელიც უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობდა. 


ამ ამერიკულ ორგანიზაციას EcoHealth Alliance ჰქვია. 2014 წელს მან „ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტებისგან" მიიღო 3,7 მილიონი დოლარი, რათა ღამურებში კორონავირუსები შეესწავლა. ამ თანხიდან 600 ათასი უჰანის ინსტიტუტს გადაეცა. 2019 წელს ეს ჩინურ-ამერიკული პროექტი კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივდა, თუმცა 2020 წლის აპრილში პანდემიის გამო შეჩერდა.

დაიხარჯა თუ არა ამერიკული ფული "ფუნქციების გაძლიერებაზე”?

მიმდინარე წლის მაისში, დოქტორმა ფაუჩიმ განაცხადა, რომ „ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტებს" არც არასდროს დაუფინანსებია და არც აფინანსებს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში "ფუნქციების გაძლიერების" კვლევას. თუმცა სენატორმა რენდ პოლმა დოქტორ ფაუჩის კონგრესში საჯაროდ ჰკითხა, ხომ არ იტყოდა უარს ეს უკანასკნელი საკუთარ განცხადებებზე და რომ კონგრესის წინაშე ტყუილი სისხლის სამართლის დანაშაულია.


სენატორ პოლს მიაჩნია, რომ პროექტი, რომელსაც ამერიკა აფინანსებს, შეიძლება "ფუნქციების გაძლიერების" კვლევად ჩაითვალოს. ის ამ შემთხვევაში ეყრდნობა უჰანის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ორ სამეცნიერო ნაშრომს, რომელთაგან ერთი 2015 წელს, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტთან ერთად გამოიცა, მეორე კი - 2017 წელს. გარდა ამისა, რენდ პოლი  საკმაოდ ავტორიტეტული მეცნიერის, რატგერსის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორის, რიჩარდ ებრაიტის მოსაზრებას იშველიებს. 


როგორც ებრაიტმა BBC- სთან ინტერვიუში განმარტა, სენატორის მიერ ციტირებული ორივე ნამუშევარი მიუთითებს იმაზე, რომ კვლევის დროს ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს ახალი, ხელოვნური ვირუსები, რომლებიც შეიძლება უფრო გადამდები იყოს, ვიდრე მათი პირვანდელი ვარიანტები. ”ორივე სტატიაში აღწერილი კვლევა „ფუნქციების გაძლიერებას" ეხება,"- დარწმუნებულია პროფესორი ებრაიტი.

  როგორია დოქტორ ფაუჩის არგუმენტები? 

დოქტორმა ფაუჩიმ აშშ-ს სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ექსპერტებმა ბევრჯერ შეაფასეს ჩინური კვლევები და აღიარეს, რომ ისინი "ფუნქციის გაძლიერების" განმარტებას არ ექვემდებარებიან. გარდა ამისა, მან განმარტა, რომ კორონავირუსად გადაქცევა იმ ვირუსებისა, რომლებზეც ექსპერიმენტები ჩატარდა, "მოლეკულურ დონეზე შეუძლებელია". თუმცა ამ საუბარში ის დეტალებს არ შეხებია. „ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტები“ და EcoHealth Alliance-იც ასევე უარყოფენ, რომ მათ დააფინანსეს ან წაახალისეს პროექტი, რომელიც ჩინეთში უფრო საშიში ვირუსების შექმნას ითვალისწინებდა. 

ამ ორმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მათი ფულით ჩინელი მეცნიერები სწავლობდნენ მოლეკულურ დონეზე ახალ ვირუსებს ღამურებში და მათ ზედაპირზე მდებარე სპაიკ-ცილებს, რომელთა მეშვეობითაც ვირუსი უჯრედზე მაგრდება. ამავდროულად, მათივე თქმით, კვლევა არ ითვალისწინებდა მიზნობრივ მუტაციებს, რომლებსაც შეეძლოთ "გარემოზე, ორგანიზმის განვითარებასა თუ ფუნქციურ შესაძლებლობებზე" ზემოქმედება.


ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის დოქტორმა, ამერიკელმა მეცნიერმა რალფ ბარიკმა, რომელიც უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობდა, Washington Post-თან დეტალურად განმარტა, რომ ჩინელებთან მათი ერთობლივი მუშაობა 2015 წელს „ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტებმა“ და იმავე უმაღლესი სასწავლებლის ბიოუსაფრთხოების კომიტეტმა შეაფასეს. ერთობლივი დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ კვლევა ”ფუნქციების გაძლიერების” განმარტებას არ ექვემდებარებოდა. გარდა ამისა, დოქტორ ბარიკის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში შესწავლილი არცერთი ვირუსი არ ასოცირდება პანდემიის „მთავარ დამნაშავესთან“ - კორონავირუს Sars-Cov-2-თან. 

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგი ალინა ჩანი აღნიშნავს, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ 2014 წელს, ლაბორატორიებში ინციდენტის გამო, ვირუსებზე ექსპერიმენტების დაფინანსება შეაჩერა. მაშინ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ფულს არ მისცემდნენ კვლევებს, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს გონივრული შიში, რომ მათ შეიძლება გამოიწვიონ უფრო პათოგენური გრიპის ვირუსები, რომლებიც ძუძუმწოვრების ორგანიზმში სასუნთქი გზების საშუალებით ხვდებიან.  


ეს შეიძლება გაგებული იყოს ისე, რომ ვირუსებზე ჩატარებული ზოგიერთი ექსპერიმენტი შეიძლება მიზნად არც ისახავდეს ”ფუნქციების გაძლიერებას”, თუმცა საბოლოოდ მაინც აქამდე მივიდეს. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ვირუსების კვლევისა და მასთან დაკავშირებული რისკების შეფასება, შესაძლოა, სუბიექტური იყოს. ”სპეციალისტებიც კი კონსენსუსამდე [ასეთ კვლევებზე] ხშირად ვერც მიდიან და სხვადასხვა ორგანიზაცია განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევს ამ საკითხს, შესაბამისად, თავიანთ პოლიტიკასაც განსხვავებულად ადგენენ, ” - განუცხადა BBC- ს კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოუსაფრთხოების დირექტორმა რებეკა მორიცმა. 

სხვა თემები