09 აგვისტო 2021 - 10:59

ინსულტი ახალგაზრდავდება, თუმცა ჩვენ ვიცით, როგორ შევამციროთ მისი განვითარების რისკი. ინსტრუქცია

ფოტო: Facebook

ინსულტის (ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა) ალბათობა ასაკთან ერთად იზრდება. ითვლება , რომ 55 წლიდან ინსულტის რისკი ყოველ ათწლეულში ორმაგდება. თუმცა ინსულტი შეიძლება უფრო ახალგაზრდა ადამიანს ან უფრო მეტიც, ბავშვს დაემართოს. თან როგორც ჩანს, მსგავსი შემთხვევები მზარდი სიხშირით ფიქსირდება. თუმცა, სპეციალისტების განმარტებით, ხშირად ინსულტის თავიდან აცილება მაინც შესაძლებელია. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?

შეისწავლეთ შესაძლო რისკფაქტორები და ოჯახის სამედიცინო ისტორია

ბავშვებსა და ახალგაზრდებში ინსულტის გამომწვევი მიზეზები და რისკფაქტორები ხანდაზმულებისაგან შეიძლება განსხვავდებოდეს. თუმცა ამის დადგენა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. უფრო მეტიც, ზოგიერთი მონაცემით , 30 პაციენტების ნახევრისა და 55 წლამდე პირების მესამედის შემთხვევაში ამის გაკეთება შეუძლებელია (ასეთ ინსულტს კრიპტოგენურს უწოდებენ). ეს სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ ინსულტი ახალგაზრდებში შეიძლება ხანდაზმული პაციენტების კრიტერიუმების მიხედვით კლასიფიცირდეს. მაშინ, როდესაც ეს კრიტერიუმები "ახალგაზრდა" ინსულტის გამომწვევ ხშირ მიზეზებს სულაც არ ითვალისწინებს. 


თუმცა გარკვეულწილად მაინც ცნობილია, თუ რა ზრდის ინსულტის ალბათობას ახალგაზრდა ასაკში. ტრადიციულად, ეს რისკფაქტორები არის მოდიფიცირებადი (ისეთები, რომლებზეც შეიძლება პრევენციულმა ღონისძიებებმა გავლენა იქონიოს) და არამოდიფიცირებადი. ბავშვებისა და ახალგაზრდების შემთხვევაში, ინსულტის რისკი ხშირად სწორედ მეორე კატეგორიის გავლენით იზრდება. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია :


- არტერიის სტრუქტურაში არსებული ანომალია;
- თანდაყოლილი მანკი და გულის სხვა შეძენილი დაავადებები;
- სისხლის დაავადებები;
- არტერიის გაკვეთა.


ამავდროულად, ოჯახის წევრებში (მშობლები, და -ძმები, ბებია და ბაბუა) ახალგაზრდა ასაკში განვითარებული ინსულტი შეიძლება მიუთითებდეს, რომ რისკი მაღალია. შესაძლოა, ეს ასოცირდებოდეს როგორც მემკვიდრეობით დაავადებებთან, ასევე ოჯახში არსებულ ცხოვრების წესთან. მსგავს სიტუაციაში უმჯობესია მიმართოთ ექიმს.

აკონტროლეთ არტერიული წნევა!

მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია) გარკვეული დროის შემდეგ სისხლძარღვებს აზიანებს, რაც მათ ნაკლებად ელასტიურს ხდის. სწორედ ამიტომ არის ალბათობა, რომ სისხლის ნაკადი არასაკმარისად ინტენსიური იქნება, არტერია დაიბლოკება ან გაირღვევა. 

მიირთვით ნაკლები მარილი, თუმცა მეტი ბოსტნეული და ხილი!

ჭარბ ნატრიუმს (ჩვეულებრივი მარილი არის ნატრიუმის ქლორიდი) შეუძლია არტერიული წნევა გაზარდოს. მოზრდილთათვის მარილის რეკომენდებული რაოდენობა არის დღეში არა უმეტეს 1 ჩაის კოვზისა (ხუთი გრამი). თუ კერძს მარილს საერთოდ არ ამატებთ, თვალყური ადევნეთ თქვენ მიერ შეძენილ პროდუქტში ნატრიუმის ქლორიდის რაოდენობას: 100 გრამზე 1,5 გრამი მარილი უკვე ძალიან ბევრია.

მეტი იმოძრავეთ!

ფიზიკური აქტივობა ჰიპერტენზიის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, გაცხიმოვნებისა და დეპრესიის განვითარების ალბათობას ამცირებს. თითოეული ეს მდგომარეობა კი ინსულტის რისკის ფაქტორად ითვლება. 

არ მოწიოთ (ამავე კატეგორიაში არიან პასიური მწეველები)!

მოწევა ათეროსკლეროზის განვითარების რისკს ზრდის. ეს აზიანებს სისხლძარღვების შიდა უჯრედებს, ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლებზე ქოლესტერინის დაგროვებას, იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას და ასევე ზრდის თრომბოზის ალბათობას. ამ ყველაფერმა კი შეიძლება ინსულტი გამოიწვიოს.

ნუ მიიღებთ ჭარბი დოზით ალკოჰოლს, თუმცა უმჯობესია, მასზე საერთოდ უარი თქვათ 

რა თქმა უნდა, ზოგადად ალკოჰოლს არ შეიძლება სასარგებლო ეწოდოს. მისი უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე საკმაოდ მასშტაბურია . მისი გამოყენება ასევე ზრდის ინსულტის რისკს, განსაკუთრებით კი - ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში. ეს ალბათ იმით არის განპირობებული, რომ ალკოჰოლის დიდი რაოდენობის შედეგად ორგანიზმში წნევა იმატებს და შეიძლება ტვინის სისხლძარღვები გასკდეს. გარდა ამისა, სისხლის თვისებები იცვლება, რის შედეგადაც თრომბის განვითარების რისკი იზრდება. 

არ მიიღოთ ნარკოტიკები! 

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღება (ეს არის ნიკოტინი, ალკოჰოლი, ნარკოტიკები) 18–54 წლის ადამიანებში ინსულტის განვითარების ერთ -ერთი მიზეზია. ნარკოტიკების (კოკაინი, ოპიატები, ამფეტამინი) მიღების შედეგად შეიძლება ადამიანს ინსულტი დაემართოს. კერძოდ, ამის მიზეზი შეიძლება გახდეს სისხლძარღვების სპაზმი, ჰიპერტონიული კრიზისი (არტერიული წნევის გადაჭარბებული მატება) და კარდიოემბოლია (როდესაც გულში წარმოქმნილი თრომბი თავის ტვინის არტერიებს ბლოკავს). 

შეიმოწმეთ ქოლესტერინის დონე

ქოლესტერინის მაღალი დონე ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას, რაც თავის მხრივ, ინსულტის მიზეზი შეიძლება გახდეს. ქოლესტერინის დონის გარკვევა ლიპიდური სპექტრის ანალიზის საშუალებით არის შესაძლებელი. ეს არის სისხლის ტესტი, რომელიც "კარგი" და "ცუდი" ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების რაოდენობას აჩვენებს. უმჯობესია, თქვენთვის ოპტიმალური ქოლესტერინის დონე და შემდგომი ქმედებები კარდიოლოგთან შეათანხმოთ.

აკონტროლეთ შაქრიანი დიაბეტი

მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, რომელსაც არ აკონტროლებთ, ინსულტისა და სხვა გართულებების (როგორიცაა თირკმლის დაზიანება და სიბრმავე) რისკს ზრდის. გაქვთ თუ არა დიაბეტი და ამ დიაგნოზის შემთხვევაში, რამდენად სტაბილურია თქვენი მდგომარეობა, ამის გარკვევა შეგიძლიათ სისხლში გლუკოზის შემცველობისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HBA1c) ანალიზით. სკრინინგის სიხშირეზე კი ექიმს უნდა გაესაუბროთ. ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ, როგორც წესი, სპეციალისტები ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვასა და ზოგიერთი მედიკამენტის მიღებას უწევენ რეკომენდაციას. 

სხვა თემები