05 აგვისტო 2021 - 12:52

სერიალ „გაქცევის“ მთავარი როლის შემსრულებელს, 49 წლის უენთუორთ მილერს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. რამდენად შესაძლებელია ეს ამ ასაკში?

უენთუორთ მილერი

უენთუორთ მილერი

ფოტო: Facebook

ამერიკელმა მსახიობმა უენთუორთ მილერმა განაცხადა, რომ მას აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. როგორც წესი, განვითარების ეს თავისებურება ადრეულ ბავშვობაში დგინდება. თუმცა მილერმა ამის შესახებ მხოლოდ 49 წლის ასაკში შეიტყო. აუტიზმი გავლენას ახდენს ადამიანის კომუნიკაციის უნარზე, მის ქცევასა და სამყაროს აღქმაზე. ამ ადამიანების შესაძლებლობები და საჭიროებები განსხვავებულია და შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს.

ვინ არის უენთუორთ მილერი?

ყველაზე მეტად მილერი ცნობილია მაიკლ სკოფილდის როლით სერიალ „გაქცევაში“ (Prison Break). ის ასევე მონაწილეობდა სერიალებში Flash და DC's Legends of Tomorrow. მილერმა მოგვიანებით აღიარა, რომ წარსულში დეპრესიას ებრძოდა და 15 წლის ასაკში თვითმკვლელობა სცადა. 2020 წელს, გავრცელებული ხმების თანახმად, მან „გაქცევის“ ახალ სეზონში მონაწილეობაზე უარი თქვა. მსახიობმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ მას ჰეტეროსექსუალის როლის შესრულება არ სურდა. 


"გაქცევის" ვარსკვლავმა თავისი დიაგნოზი ინსტაგრამზე 27 ივლისს გამოაქვეყნა. მსახიობის თქმით, მან  საკუთარ თავში აუტიზმის ნიშნები ერთი წლით ადრე, ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე აღმოაჩინა. მოგვიანებით კი დიაგნოზი ექიმებმაც დაადასტურეს. კონკრეტულად რა სახის სიმპტომებზე იყო საუბარი, მილერს არ დაუკონკრეტებია. მსახიობის თქმით, დიაგნოზის ოფიციალური დადასტურების მიღება მას საკმაოდ გაუჭირდა, თუმცა ეს არ გაჰკვირვებია. ამავდროულად, მილერმა ისიც დაამატა, რომ ის თავის ცხოვრებაში არაფერს შეცვლიდა და მან აუტიზმს მისი პიროვნების მნიშვნელოვანი ნაწილი უწოდა: ”ეს არ არის ის, რის შეცვლასაც ვისურვებდი. არა! მე მაშინვე მივიღე აუტიზმი, როგორც ჩემი არსი. ეს არის ის, რასაც მე უკვე მივაღწიე!”.


აუტისტური სპექტრის აშლილობის ზუსტი მიზეზები დღემდე უცნობია და მისი სამკურნალო მედიკამენტიც არ არსებობს. ამასთანავე, არსებობს მეთოდები, რომლებიც ადამიანს ეხმარება, გარკვეულწილად საზოგადოებაში ადაპტირდეს და გაუმკლავდეს ქცევის იმ მახასიათებლებს, რომლებიც მისი ცხოვრების ხარისხს აუარესებს. 


პოსტის კომენტარებში მსახიობს მხარი დაუჭირეს თავისმა ინსტაგრამ- გამომწერებმა, აუტისტური სპექტრის აშლილობის აქტივისტებმა და პედაგოგებმა, ასევე - სხვა ცნობილმა ადამიანებმა. მათ შორის იყვნენ მილერის კოლეგები სერიალიდან "ხვალინდელი დღის ლეგენდები" - ნიკ ზანო და ბრენდონ რუთი, ასევე, მსახიობი ბრენდონ ფლინი ("13 მიზეზი"). ამის საპასუხოდ, მილერმა მათ მადლობა მორიგი პოსტით გადაუხადა და პროფილის აღწერილობაში დაამატა „autistic/neurodivergent“ (აუტისტი/სპეციალური საჭიროებების მქონე პირი), რაც ხაზს უსვამს იმას, რომ აუტიზმი მისი იდენტობის ნაწილი გახდა. 

შეიძლება თუ არა, რომ ადამიანს აუტიზმი ზრდასრულ ასაკში აღმოაჩნდეს?

დიახ! როგორც ჩანს, მილერის შემთხვევა უნიკალური სულაც არ არის. მსუბუქი ფორმით აუტიზმი ზრდასრულ ადამიანებში არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა. ამასთანავე, აუტიზმის მსუბუქი ვერსიის მქონე ადამიანები ხშირად იმდენად ადაპტირებულები და სოციალიზებულები არიან, რომ თავიანთი დარღვევის სახელწოდებაც კი არ იციან. 


როგორც წესი, აუტისტური სპექტრის აშლილობის ნიშნები ადამიანს შეიძლება ჯერ კიდევ წლინახევრის ასაკში გამოუვლინდეს. თუმცა მშობლებმა ყოველთვის არ იციან რას უნდა მიაქციონ ყურადღება. შესაძლოა, ექიმიც არ იყოს მზადყოფნაში. შესაბამისად, ზოგიერთი ადამიანი თავის დიაგნოზს მოზარდობის ან ზრდასრულ ასაკში იგებს. 


ძნელი სათქმელია, რამდენად ხშირად ხდება ეს, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში სიტუაცია შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს. სადღაც, თითქმის ყველა პედიატრმა იცის, რომ სკრინინგის ჩატარება რეკომენდებულია , სხვაგან კი მხოლოდ იშვიათ ექიმებს ესმით, თუ როგორ უნდა დატესტონ ბავშვი და საერთოდ, რა უნდა გაკეთდეს. 


ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური ზრდასრულებში აუტიზმის ძირითად სიმპტომებს შემდეგნაირად აყალიბებს:


-    ადამიანს უჭირს გაიგოს, რას ფიქრობენ ან გრძნობენ სხვა ადამიანები;
-    მას სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაზე ძლიერი შფოთვა აქვს;
-    ადამიანს მეგობრების შეძენა უჭირს ან სხვების კომპანიას საკუთარ თავთან მარტო ყოფნას ამჯობინებს;
-    ადამიანი უხეშად ან დაინტერესებულად ეჩვენება სხვებს, თუმცა სხვაგვარად გულისხმობდა;
-    მას უჭირს იმის თქმა, თუ როგორ გრძნობს თავს;
-    ადამიანი ფრაზებსა და სიტუაციებს პირდაპირი მნიშვნელობის იგებს (მაგალითად, ეს იწვევს იმ ფაქტს, რომ მას სარკაზმი არ ესმის);
-    ადამიანი ყოველდღიურად ერთსა და იმავეს აკეთებს და ძალიან შფოთავს, თუ რამე იცვლება. 

სხვა თემები