23 აგვისტო 2021 - 09:21

რატომ გადავიდა მესი „პარი სენ-ჟერმენში? მართალია თუ არა, რომ ამ ცვლილების შემდეგ ფრანგული კლუბი ევროპაში საუკეთესო გახდება? 

ფოტო: Facebook

2021 წლის აგვისტოს დასაწყისში არგენტინელმა ლიონელ მესიმ, ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა,  „ბარსელონა“დატოვა და კონტრაქტი ფრანგულ „პარი სენ -ჟერმენთან“ გააფორმა. პსჟ -ში მესის გარეშეც ბევრი ვარსკვლავი იყო და როგორც ამბობენ, ამ ცვლილების შემდეგ, კლუბს შეუძლია ევროპის მთავარი გუნდის სტატუსის პრეტენდენტიც კი გახდეს.

რატომ გადავიდა მესი პარიზში?

5 აგვისტოს „ბარსელონამ“ განაცხადა, რომ ლიონელ მესისთან კონტრაქტს აღარ განაახლებს. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ეკონომიკურმა მიზეზებმა შეუშალა ხელი. COVID-19-სა და ესპანეთის ჩემპიონატის წესების გამო, მესის შენარჩუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა. 


თითქმის მაშინვე გაირკვა, რომ მესი სწორედ პარიზში გადავიდოდა. პირველ რიგში, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ასეთი გარიგების დადებას ცოტა ვინმე თუ შეძლებდა. მეორე მხრივ, ლეოს პსჟ -ში ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგალითად, ბრაზილიელი ნეიმარი (მასთან ერთად მესი „ბარსელონაში“  თამაშობდა). ნეიმარი თავადაც ცდილობდა, მესი დაერწმუნებინა, რომ ფრანგულ კლუბში გადასულიყო. მესამე ფაქტორი არის ის, რომ პსჟ-ს მწვრთნელია მესის თანამემამულე მაურისიო პოჩეტინო.


ამ ყველაფრის შედეგად, გარიგება ძალიან სწრაფად დასრულდა. უკვე 10 აგვისტოს, პსჟ -მ მესი ოფიციალურად წარადგინა, თავად არგენტინელმა კი ახალ გუნდში 30-ე ნომერი აიღო - „ბარსელონაში“ თამაში ლეომ სწორედ ამ ნომრით დაიწყო.

ვისთან ერთად ითამაშებს მესი?

ახალ სეზონს პსჟ თავისი არსებობის ისტორიაში უძლიერესი შემადგენლობით ხვდება. ფაქტობრივად, კლუბის  ყველა ძირითადი მოთამაშე (ისინიც კი, ვინც სათადარიგოთა სკამზე სხედან) სუპერვარსკვლავია. თავდასხმა კი, შეიძლება ითქვას, რომ საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძლიერი აქვს. 
თუ ტრავმებს გვერდს ავუვლით, მესისთან ერთად პსჟ -ს შეტევაზე პასუხისმგებელი იქნება ისტორიაში ორი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, ბრაზილიელი ნეიმარი და ფრანგი კილიან მბაპე. 


22 წლის მბაპე არის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ალბათ მისი თაობის უძლიერესი ფეხბურთელი. ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ კილიანი გახდება. 
ამიტომაც, როგორ ითამაშებენ ერთად მესი და მბაპე, ახალი სეზონის ერთ -ერთი ყველაზე საინტერესო კითხვაა.

ეს იმას ნიშნავს, რომ დღეისათვის პსჟ ყველაზე ძლიერი ევროპული გუნდია?

ზემოთ ხსენებული სახელების მიხედვით, ალბათ ასეა. თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პრაქტიკაში ყველაფერი (როგორც ყოველთვის) შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს. პრობლემა ისაა, რომ წარმატებული თამაშისთვის ნებისმიერ გუნდს ბალანსი სჭირდება. "ფიფაში" თამაშის დროსაც კი, თქვენ ვერ შეძლებთ მსოფლიოს ათი საუკეთესო ფორვარდის შეძენას, მოედანზე ერთდროულად მათ გამოყვანასა და ყველა ტიტულის მშვიდად აღებას. ვიღაცამ მეტოქეზე ზეწოლა სწორად უნდა მოახერხოს, სხვამ ბურთი წაართვას და  ნაწილმა საკუთარი კარი დაიცვას. 


ამ ბალანსის პოვნა და მოედანზე ყველა ვარსკვლავის სწორად განაწილება არ არის ადვილი ამოცანა მაურისიო პოჩეტინოსთვის, რომელსაც ფეხბურთელების ასეთ შემადგენლობასთან აქამდე არასდროს უმუშავია. ჯერ ბოლომდე გაურკვეველია ისიც კი, თუ რა პოზიციაზე ითამაშებს ლიონელ მესი. 


პოჩეტინოსადმი ნდობას არ ზრდის ის ფაქტიც, რომ არგენტინელი მწვრთნელი ფრანგულ კლუბთან წელიწადზე ნაკლებია თანამშრომლობს და მან გასული სეზონის ბოლო, ფაქტობრივად, ჩააგდო. მისი ხელმძღვანელობით, პარიზილიელები საფრანგეთის ჩემპიონები ვერ გახდნენ, ჩემპიონთა ლიგას კი ნახევარფინალში გამოეთიშნენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ პსჟ-ს დამარცხება ვიღაცას მაინც შეუძლია?

რა თქმა უნდა. დიახ, გასულ სეზონში პარიზში მესი არ იყო, თუმცა მის გარეშეც გუნდის შემადგენლობა სუპერვარსკვლავთა ჩამონათვალი იყო. ჩემპიონი კი მოკრძალებული „ლილი“ გახდა. ამ გუნდის მთავარმა შემქმნელმა - მწვრთნელმა ქრისტოფერ გალატიემ კლუბი ფინანსური პრობლემების გამო დატოვა. თუმცა „ლილის“ გარეშეც საფრანგეთში არის რამდენიმე გუნდი, რომელსაც შეუძლია, სულ მცირე, პსჟ -ს წინააღმდეგობა გაუწიოს. როგორც ჩანს, პირველ რიგში, ეს იქნება „ლიონი“ და „მონაკო“ (სხვათა შორის, გასულ სეზონზე მათ პსჟ ორჯერ დაამარცხეს). 


პსჟ -ს კიდევ უფრო გაუჭირდება საფრანგეთის ფარგლებს გარეთ. პარიზელები უკვე 10 წელია, რაც კონტინენტის მთავარ ტურნირს - ჩემპიონთა ლიგას - ვერ იგებენ. უფრო მეტიც, პსჟ ფინალში ერთადერთხელ იყო. შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე კლუბი, რომლებსაც პსჟ -ს დამარცხება ნამდვილად შეუძლიათ:


-    „მანჩესტერ სითი“;
-    „ჩელსი“;
-    „ლივერპული“;
-    „ბაიერნი“;
-    „ატლეტიკო“. 


ნუ დავივიწყებთ „რეალსა“ და „ბარსელონასაც“, რომლებსაც ახლა რთული პერიოდი აქვთ, თუმცა სეზონის განმავლობაში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

სხვა თემები