26 აგვისტო 2021 - 11:14

მართალია თუ არა, რომ ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თალიბები მეზობელ ქვეყნებშიც გადავლენ? რატომ დანებდა ავღანეთის არმია „თალიბანს“ ასე სწრაფად და ფაქტობრივად, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე?

ავღანეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიღმა თავისი გავლენის გაფართოების გეგმის შესახებ თალიბებს არასდროს უსაუბრიათ. შესაძლოა, ეს განპირობებულია როგორც მათი რელიგიური სწავლების თავისებურებებით (მესიანიზმის არ არსებობა), ასევე, აღნიშნული იდეოლოგიის ნაციონალისტური კომპონენტით. ტრანსსასაზღვრო ტერორშიც (პაკისტანელ თალიბებთან კავშირს თუ არ ჩავთვლით), ისინი დღემდე არსად დაფიქსირებულან. 

თუმცა მეორე მხრივ, როგორც გაეროს ექსპერტები ირწმუნებიან, „თალიბანს“ „ალ-ქაიდასა“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი დღემდე არ გაუწყვეტია. ამაზე იმ ფაქტმაც კი იმოქმედა, რომ თალიბები ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის სანაცვლოდ, აშშ-ს ქვეყნის ტერიტორიიდან ტერორისტების გაძევებას დაჰპირდნენ.

2020 წელს, გაეროს მორიგი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, აღნიშნული ორგანიზაციის ექსპერტებმა ისევ განაცხადეს, რომ „თალიბანი“ და „ალ-ქაიდა“ ერთად მოქმედებდნენ. რა თქმა უნდა, თალიბებმა გაეროს წარმომადგენელთა განცხადება უარყვეს და აღნიშნეს, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტერორისტები არ იყვნენ. თუმცა იმავე ექსპერტებმა ერთი წლის შემდეგაც კი, 2021 წლის მაისში, კვლავ განაცხადეს, რომ ”გაეროს რამდენიმე წევრი ქვეყნის ინფორმაციით, „თალიბანსა“ და „ალ -ქაიდას“ შორის კავშირი 2021 წლისთვისაც შენარჩუნებულია”, მაგრამ ეს ფაქტი არ ხმაურდება. უფრო მეტიც, „ალ-ქაიდას“ ლიდერები იმყოფებიან პაკისტანის  იმავე ნაწილში, სადაც „თალიბანის“ მეთაურები და მათი ოჯახები არიან. ეს ინფორმაცია რომელმა "წევრმა ქვეყნებმა" მიაწოდეს, გაეროს ექსპერტებს არ დაუზუსტებიათ. თუ ეს ინფორმაცია სწორია, დიდი ალბათობით, „ალ-ქაიდას“ წევრები ავღანეთ-პაკისტანის საზღვარს სხვა ქვეყნებში ოპერაციების დაგეგმვის ბაზად გამოიყენებენ. 

გარდა ამისა, „თალიბანის“ შემადგენლობაში შედის, სულ ცოტა, ერთ ორგანიზაცია, რომლის სიახლოვე „ალ -ქაიდას“ ხელმძღვანელობასთან არანაირ ეჭვს არ იწვევს. ეს არის „ჰაკანის ქსელი“ - გასამხედროებული დაჯგუფება, რომლის წევრებიც ტერორისტებად არიან აღიარებული როგორც აშშ -ში, ისე- პაკისტანში. აღნიშნული დაჯგუფების დამფუძნებელი ჯალალედინ ჰაკანი (გარდაიცვალა 2018 წელს) ოსამა ბინ ლადენის მეგობარი იყო. სავარაუდოდ, სწორედ ჰაკანი დაეხმარა ბინ ლადენს, 2000 -იან წლებში თორა-ბორას მთებში მდებარე სამალავიდან გაქცეულიყო (ამერიკელები ცდილობდნენ, თავიანთი მთავარი მტერი შეეპყროთ და შეცვივდნენ მღვიმის კომპლექსში, სადაც ბინ ლადენი რამდენიმე წელი იმალებოდა, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა ) და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სწორედ ჰაკანმა დანერგა „თალიბანის“ პრაქტიკაში ისეთი ტერორისტული მეთოდები, როგორიცაა აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მეშვეობით. 

დღეისათვის ჰაკანის ერთი ვაჟი „თალიბანის“ მეთაურის მოადგილეა, მეორე კი მონაწილეობს ქაბულის მოლაპარაკებებში, რომელიც „ავღანეთის ისლამური საამიროს“ მთავრობის შექმნას ეხება. არც „ჰაკანის ქსელია“ შემჩნეული, რომ ავღანეთის ფარგლებს გარეთ თავისი გავლენის გავრცელებაზე ფიქრობდეს, მაგრამ ის, სავარაუდოდ, „თალიბანისა“ და საერთაშორისო ტერორისტების დამაკავშირებელ მნიშვნელოვან რგოლად ნამდვილად რჩება. 

რთული სათქმელია, თუ როგორ იმოქმედებს „თალიბანის“ გამარჯვება სხვა ქვეყნებში მყოფი რადიკალი ისლამისტების საქმიანობაზე. არის მოსაზრება, რომ  „ავღანური სტილის შეუპოვარი ომი“ რადიკალებს შორის ტრენდული გახდება. თუმცა „თალიბანის“ ავღანური წარმატების გამეორება ნებისმიერ სხვა რეგიონში საკმაოდ რთული იქნება: ეს საერთაშორისო დახმარებასა და მტრის დეზორგანიზაციას მოითხოვს.

რატომ დანებდა ავღანეთის არმია მასზე მცირე რაოდენობის „თალიბანს“ ასე სწრაფად და ფაქტობრივად, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე? 

პენტაგონმა წინასწარ იცოდა, რომ ავღანეთის ეროვნულ არმიას თალიბების მოგერიება აშშ-ს  დახმარების გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა -  ასეთია დასკვნა SIGAR ჯგუფის მოხსნებებიდან, რომელიც ავღანეთში მიმდინარე სამხედრო პროგრამისა და ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო ხარჯების აუდიტისთვის შეიქმნა. თუმცა მოკლედ რომ ვთქვათ, ძირითადი მიზეზები, რის გამოც ავღანეთის არმია საბრძოლო ძალად საბოლოოდ მაინც ვერ ჩაოყალიბდა, ასეთია:


-    თავდაპირველად, ავღანეთში მცირე პროფესიონალური არმიის შექმნა იყო დაგეგმილი. თუმცა „თალიბანთან“ მიმდინარე ომი დიდ რესურსს მოითხოვდა. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო არა ბრძოლებში მონაწილეობა, არამედ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სიტუაციის რუტინული კონტროლი. ამან 2000-იანი წლების ბოლოს არმიის მრავალჯერადი რაოდენობრივი ზრდა გამოიწვია. 


-    იგივე ისტორია განმეორდა 2010-იან წლებში ეროვნული პოლიციის შექმნის მიმართულებითაც - წვევამდელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მათი მომზადების ხარისხი სისტემატურად ეცემოდა.


-    ადამიანები ჯარში მიჰყავდათ არა იმისთვის, რომ სამხედრო საქმე ესწავლათ და ებრძოლათ, არამედ იმიტომ, რომ ანაზღაურება ჰქონოდათ. შესაბამისად, 2010-დან 2020 წლამდე ჯარის რაოდენობა 80% -ით - 185 ათასამდე გაიზარდა. ამ ყველაფრის პარალელურად, სამხედრო პერსონალის მომზადების ხარჯები (მათ შორის, დროებითი) შემცირდა. 


-    ჯარის შემადგენლობის 25%-ი ყოველწლიურად იცვლებოდა.


-    სამხედრო მოსამსახურეები არმიას შემოსავლის წყაროდ მიიჩნევდნენ. ისინი დაბალი ხელფასის კომპენსირებას ქურდობით ცდილობდნენ. როდესაც აშშ -ს სამხედროებმა ავღანეთის არმიის ინვენტარიზაციის კონტროლის ელექტრონული სისტემა შემოიღეს, ჯარისკაცთა რიცხვი მალევე 56 ათასით შემცირდა.  


-    ვერ მოხერხდა ქვეყანაში რაიონებსშორისი ქვედანაყოფების შექმნა. ძირითადად, ჯარი დასახლებების მიხედვით ჩამოყალიბდა. ჯარისკაცები ქვეყნის ამა თუ იმ ოლქის მეთაურს ექვემდებარებოდნენ. როდესაც „თალიბანის“ გადამწყვეტი შეტევა დაიწყო, ბევრი მათგანი უბრალოდ მომავალ გამარჯვებულებს შეუერთდა. 

სხვა თემები