10 სექტემბერი 2021 - 08:42

რას ნიშნავს შარიათი და რას უკრძალავს ის ქალებს? 

ავღანეთის ხელისუფლებაში „თალიბანის“ დაბრუნებამ შარიათის კანონი კვლავ აქტუალური გახადა. თუმცა ის მსოფლიოში არც პირველი და არც უკანასკნელი ქვეყანაა, რომელიც ამ წესებით ხელმძღვანელობს. რა არის შარიათი და რას უკრძალავს ის კონკრეტულად ქალებს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას BBC შეეცადა.

რა არის შარიათის კანონი?

შარიათი არის წესებისა და ჩვეულებების სისტემა, რომელზეც აგებულია ისლამური კანონი. ის ეფუძნება მუსლიმთა წმინდა წიგნს, ყურანს, ასევე - სუნებსა და ჰადისებს, რომლებიც წინასწარმეტყველ მუჰამედის ბიოგრაფიასა და მის გამონათქვამებს მოიცავს.

„შარიათი“ არაბული სიტყვაა და ხშირად ითარგმნება როგორც "ჭეშმარიტი გზა" ან "გზა წყლისკენ", რაც არაბეთის უდაბნოში ცხოვრების კონტექსტში შეიძლება ღვთაებრივ, სამართლიან გზას ნიშნავდეს. ალბათ ამიტომაც ამ სიტყვას იყენებდნენ არა მხოლოდ მუსლიმები, არამედ ქრისტიანი არაბები და ზოროასტრიზმის მიმდევრებიც. 

შარიათი არის არა კანონების, არამედ გარკვეული ინსტრუქციების ერთობლიობა, რომელიც თითოეული მუსლიმის ცხოვრებას განსაზღვრავს. მათ შორის არის ლოცვა, მარხვა, პილიგრიმობა, ამავდროულად, მეზობლებთან და ზოგადად, დანარჩენ სამყაროსთან კომუნიკაცია. იდეალურ შემთხვევაში, შარიათის მიზანია მუსლიმს მიაწოდოს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გახადოს თავისი ცხოვრების ყველა ასპექტი ღმერთისთვის სასიამოვნო. აქ იგულისხმება: რწმენა და ქველმოქმედება, ქორწინება, ოჯახური და საქმიანი ურთიერთობები, მემკვიდრეობითი დავები და სხვ.


თუ ამ წესების საფუძველზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, მუსლიმ იურისტებს შეუძლიათ მიიღონ რეკომენდაცია ან გადაწყვეტილება კონკრეტულ თემასა თუ საკითხზე რელიგიური განკარგულების სახით, რომელსაც ფატვა ეწოდება. "სურები [ყურანი] მიუთითებს იმაზე, თუ როგორ უნდა მოექცეს სწორად ადამიანი მეუღლეს, როგორ გაზარდოს შვილები, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მშობლებისადმი. ამიტომაც ამ სურების უმრავლესობა, რომელიც სულაც არ არის ისეთი კანონი, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია, ისლამური სამართლის საფუძველი გახდა“, - განმარტავს გლაზგოს უნივერსიტეტის ისლამის კვლევის მიმართულების პროფესორი მონა სიდიკი. 

მაგალითად, თუ მუსლიმი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ კოლეგებმა ბარში დაპატიჟეს, მას შეუძლია ღვთისმეტყველს რჩევა ჰკითხოს და მსგავსი შემთხვევებისთვის რეკომენდაცია მიიღოს. სწორედ ანალოგიურად განსაზღვრავს შარიათის კანონი მუსლიმებისთვის ოჯახურ სამართალს, ფინანსურ და ბიზნეს ურთიერთობებს. 

რომელ ქვეყნებში მოქმედებს შარიათის კანონი? 

შარიათის კანონი ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, თუმცა ძირითადად ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. აქ შარიათს ოჯახურ სამართალში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. ის მოიცავს განქორწინებას, მემკვიდრეობის სადავო საკითხებს, მშობლისა და მეურვეობის უფლებებს. მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში შარიათი სისხლის სამართლის კანონმდებლობასაც მოიცავს. ეს ქვეყნებია: 


•    პაკისტანი
•    ავღანეთი
•    ირანი
•    საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურეში მდებარე სხვა ქვეყნები
•    ერაყი
•    იემენი
•    მავრიტანია
•    ბრუნეი
•    სომალი. 

სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სინამდვილეში რას უკრძალავს შარიათის კანონი ქალებს?

ყურანი ქალებსა და მამაკაცებს შორის აბსოლუტურ თანასწორობას აღიარებს,- აცხადებს ასმა აფსარუდინი. ბევრი უფლება, რომელიც მან ქალებს მიანიჭა, იმ დროს პრაქტიკულად რევოლუციური იყო: მათ მამაკაცების მსგავსად განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლება ჰქონდათ, ქალს შეეძლო მომავალი ქმარი თავად აერჩია, ქმრის ქონება მემკვიდრეობით მიეღო და განქორწინების პროცესი თავად დაეწყო (გარკვეულ პირობებში). მუსლიმი ღვთისმეტყველები ორსულობის სამ თვემდე ქალს აბორტის უფლებას აძლევდნენ, თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. 

რაც შეეხება განქორწინებას, კლასიკური ფორმულირების მიხედვით, ქმარმა ამ განზრახვის შესახებ სამჯერ უნდა განაცხადოს, თუმცა თითოეულ მათგანს შორის გარკვეული შუალედი უნდა იყოს, როგორც წესი, ერთი თვე მაინც. ეს იმას ნიშნავს, რომ ყურანი დაქორწინებულ წყვილს ურთიერთობების აღსადგენად სამ თვეს აძლევდა. თუმცა მოგვიანებით, თითქმის ყველა თეოლოგმა წმინდა წიგნიდან ეს ნაწყვეტი შემდეგნაირად განმარტა: კაცმა ზედიზედ სამჯერ უნდა თქვას განქორწინების შესახებ, რომ ის ძალაში შევიდეს. შარიათის კანონშიც სწორედ ეს გვიანდელი ინტერპრეტაციები შევიდა და მას დაემატა სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის (რომელთაც ისლამი მიიღეს) ტომობრივი წეს-ჩვეულებები. ისლამური მეცნიერების მკვლევრების აზრით, სწორედ აქედან მომდინარეობს ის გარკვეული წესები, რომლებიც დღეს ბევრს ჩამორჩენილად და ბარბაროსულადაც კი მიაჩნია. მაგალითად, ამასვე ეფუძნება ქალის მდგომარეობის განმარტება, რომ ის მამის ან მეურვე კაცის საკუთრებაა. იმავე მეცნიერების აზრით, ისეთი ფენომენები, როგორიცაა "ღირსების მკვლელობა" და ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება, არანაირ კავშირში არ არის ისლამურ პრაქტიკასთან და არ ემყარება შარიათის კანონებს. შესაბამისად, მეცნიერები აცხადებენ, რომ მსგავსი არაადამიანური ქმედებების გამართლება შარიათის კანონებითა და მითუმეტეს, ყურანით ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია. 

სხვა თემები