13 სექტემბერი 2021 - 11:28

ჟან-პოლ ბელმონდო - როგორ იქცა მსახიობი „ახალი ტალღის“ კინოვარსკვლავად და საზოგადოების რჩეულად? 

ფოტო: Twitter

საფრანგეთმა „ახალი ტალღის“ კინოვარსკვლავს, ჟან-პოლ ბელმონდოს ეროვნული პატივი მიაგო. მსახიობის გასვენების ცერემონია ძალიან ემოციური და ბევრისმთქმელი აღმოჩნდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბელმონდო იყო უფრო მეტი, ვიდრე - მსახიობი. მიუხედავად იმისა, რომ ის გახლდათ შესანიშნავი არტისტი, ამ სიტყვის ყველაზე ძველმოდური გაგებით: იცვლიდა ნიღბებს, ირგებდა სხვადასხვა ამპლუას, ახერხებდა ყოფილიყო განსხვავებული, იქმნიდა მყარ იმიჯს და შეეძლო, ამაზე თავადვე ეცინა. თუმცა კინომცოდნეები ხშირად საუბრობენ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორ აქცია ეკრანის მაგიამ უბრალო მოკვდავი ზეციურ პიროვნებად და კლასიკური სილამაზისგან საკმაოდ შორს მყოფი ადამიანი ქარიზმატულობისა და სექსუალურობის სიმბოლოდ. 


თავის პირველ კინოროლში ბელმონდო ხან ბაძავდა, ნაწილობრივ კი პაროდიას უკეთებდა ჰემფრი ბოგარტს. ის თამაშობდა წვრილმან თაღლითსა და წარუმატებელ განგსტერს მიშელ პუაკარს ჟან-ლუკ გოდარის სადებიუტო შედევრში „უკანასკნელ სუნთქვამდე (1959)“. თუმცა წლები გავიდა და ომის შემდგომი ევროპული კინოსთვის ბელმონდო მართლაც გახდა ის, ვინც იყო ბოგარტი "ოქროს ხანის" ჰოლივუდისთვის: მამაკაცურობის ცოცხალი განსახიერება, მისი ყველა (მათ შორის საძაგელი) გამოვლინებით. ის იყო ყველა დროის გმირი და ანტიგმირი. 


საკმარისი იქნებოდა ერთი პუაკარიც კი, რომელიც თავხედურად უყურებდა კამერას, დაუდევრად ეხებოდა ტუჩებს და კვდებოდა პარიზის ასფალტზე, რათა ბელმონდო ისტორიაში შესულიყო. თუმცა ის, გოდარის წარდგინებით, "ახალი ტალღის" (არა ერთადერთი, მაგრამ ყველაზე ექსპრესიული) წარმომადგენელი გახდა. მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში იმ თაობის მრავალი ცნობილი რეჟისორის ფილმში მონაწილეობდა. ეს იყო: ვიტორიო დე სიკას "ჩოჩარა" (1961) სოფი ლორენთან ერთად, ჟან-პიერ მელვილის „ლეონ მორენი, მღვდელი“ (1961) ემანუელ რივასთან ერთად, „უფროსი ფერშო“  (1963) მიშელ მერსიესთან ერთად, ფრანსუა ტრიუფოს „ქალთევზა მისისიპიდან“ (1969) კატრინ დენევთან ერთად და სხვ. შემდეგ იყო ისევ გოდარი. ამ უკანასკნელმა ბელმონდოს, სულ ცოტა, ერთი უპირობოდ ისტორიული როლი მისცა. ეს იყო „შეშლილი პიერო“ (1965), რომლის შთაგონებული რადიკალიზმი აღემატებოდა ყველა სხვა დანარჩენ როლს, რაც კი აქამდე მსახიობმა შეასრულა. 

ბელმონდო - გმირი საყვარელი, ჯაშუში, ბანდიტი, დეტექტივი და ჯარისკაცი

1968 წლის რევოლუციონერები მისი "მახინჯი სილამაზით" აღფრთოვანებულები იყვნენ. თუმცა უსამართლო და ცოტა სასაცილოც იქნებოდა ბელმონდოს შეზღუდვა მხოლოდ ინტელექტუალური მაყურებლით. "ახალი ტალღის" გენიოს რეჟისორებთან თანამშრომლობის პარალელურად, მან ნამდვილი საერთაშორისო ვარსკვლავის კარიერა რაციონალურად და თანმიმდევრულად ააგო. როგორც ამბობდნენ, ის იყო სუპერმენი ფრანგული აქცენტით. ბელმონდო იყო გმირი საყვარელი, ჯაშუში, ბანდიტი, დეტექტივი და ჯარისკაცი. ტრიუკებს თავად ასრულებდა, ჰქონდა ძალიან კარგი იუმორის გრძნობა და არაფრის ეშინოდა. ბოლოს და ბოლოს, მან „სამი მუშკეტერის“ ერთ-ერთ კინოეკრანიზაციაში (თუმცა არა საუკეთესო) დარტანიანის რომლი შეასრულა იმავე 1959 წელს, როდესაც მას გოდარის ფილმში იღებდნენ. და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ჟორჟ ლოტნერის "პროფესიონალი" (1981) - ძველმოდური მელოდრამატულ- ჰეროიკული თრილერი, რომლის საუნდტრეკმაც გააცილა ბელმონდო უკანასკნელ გზაზე. როგორც ამბობენ, ენიო მორიკონემ უდავოდ სრულყოფილი რეკვიემი შექმნა. 


1995 წელს, როდესაც კინემატოგრაფის ასი წლის იუბილე აღინიშნა, ბელმონდო გამოჩნდა ანიეს ვარდას ფილმში „ასი და ერთი ღამე“ საკუთარი როლით - აქ მას პროფესორ ბებელს ეძახდნენ. ეს პოპულარული მეტსახელი ბელმონდოს უხსოვარი დროიდან შერჩა. იმავე წელს მან „საბრალონის“(გამოკითხვების თანახმად, ფრანგული ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელობანი ნაწარმოები) კლოდ ლელუშისეულ თავისუფალ ადაპტაციაში განასახიერა მთავარი გმირი - კატორღელი ჟან ვალჟანი. ამ როლმა ბელმონდოს სხვადასხვა იმიჯი გააერთიანა და მისი კარიერის ერთგვარი შეჯამება გახდა. 


ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდა, შეიძლება საუკუნის მეოთხედზე გაწელილ ეპილოგად ჩაითვალოს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პატრის ლეკონტის „ერთი შანსი ორისთვის" (1998). 2001 წელს ბებელმა გადაიტანა ინსულტი, რის შემდეგაც თეატრი და კინო დატოვა. მისი ხანმოკლე დაბრუნება აღინიშნა 2009 წელს, როდესაც ბელმონდომ ითამაშა ფრენსის ჰუსტერის არაჩვეულებრივ დრამაში "კაცი და მისი ძაღლი". კრიტიკოსთა შეფასებით, ეს ძალიან უღიმღამო ფილმია, თუმცა მისი გულგრილად ყურება თითქმის შეუძლებელია - ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ხანდაზმული მსახიობი საკუთარ სიკვდილს ესაუბრება. 


მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ბელმონდოს ფესტივალებზე არცერთი მნიშვნელოვანი ჯილდო არ მიუღია ბოლო ათწლეულამდე, როდესაც თითქოს კანსა და ვენეციაში მოულოდნელად გამოფხიზლდნენ. საპატიო „ოქროს პალმის რტო“ მას 2011 წელს მიენიჭა, „ოქროს ლომი“ კი - 2016 წელს.

სხვა თემები