15 სექტემბერი 2021 - 09:55

„თალიბანი“ ავღანეთს სრულად აკონტროლებს. რატომ დაეცა სულ რაღაც სამ დღეში პანჯშირის ხეობა, რომლის აღებასაც თალიბები წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ?

ფოტო: Twitter

“თალიბანმა“ აიღო ავღანეთის ბოლო პროვინცია პანჯშირიც, რომელსაც იქამდე ვერ აკონტროლებდნენ. თალიბებს მხოლოდ სამი დღე დასჭირდათ, რომ ეს მაღალმთიანი ხეობა სრულად დაეკავებინათ. ასე დასრულდა რეალურად ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის ისტორია, რომლის წევრებიც  “თალიბანის" მთავრობის დამხობასა და ავღანეთში დემოკრატიის მშენებლობას გეგმავდნენ.

რატომ დამარცხდა ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა ასე სწრაფად? 

რეალობის გათვალისწინებით, 2021 წელს პანჯშირში დაწყებულ ამბოხებას, როგორც ჩანს, წარმატების შანსი თავიდანვე არ ჰქონდა. 


1980 -იან და 1990 -იან წლებში აჰმად-შაჰ მასუდს ჰქონდა (თითქმის) თავისუფალი კომუნიკაციის შესაძლებლობა როგორც პაკისტანთან, ასევე- ტაჯიკეთთან. ამ გზით მას შეეძლო ხეობაში მოპოვებული ძვირფასი ქვები გაეყიდა მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც წინააღმდეგობის ლიდერს სანაცვლოდ იარაღს აძლევდნენ. 2021 წელს კი, მისი ვაჟი გარესამყაროს სრულად იყო მოწყვეტილი, ბაზარაქის ბაზაზე არსებული რამდენიმე Mi-17 ვერტმფრენით საჰაერო მიმოსვლას თუ არ ჩავთვლით. ტაჯიკეთისა და პაკისტანის საზღვარზე მდებარე ყველა პროვინციას კი “თალიბანი“ სრულად აკონტროლებდა. 


მასუდ-უმცროსსა და მის თანამოაზრეებს მხარს არ უჭერდა მსოფლიოს არცერთი ქვეყანა - არც აშკარად და როგორც ჩანს, არც ფარულად. ავღანეთის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა მიანიშნა, რომ აშშ-მ მის თხოვნას დახმარების შესახებ არ უპასუხა. ქვეყნის ტაჯიკური და უზბეკური უმცირესობების ლიდერები ავღანეთიდან 15 აგვისტოს გაიქცნენ. ამის შემდეგ კი მათი წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დახმარება აღარ შეეძლოთ, რადგან ირანის, თურქეთისა და უზბეკეთის მთავრობებიდან პარტნიორებმა მსგავსი ქმედებები აუკრძალეს. 


ნაციონალური რუკა (ტაჯიკებსა და პუშტუნებს შორის ტრადიციული მეტოქეობა) ამჯერად არც თუ ისე ძლიერი ფაქტორი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, ავღანეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელობაში არიან ტაჯიკებიც, ისევე როგორც ყოფილი ავღანელი სამხედროები - პუშტუნები წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებად ირიცხებიან. პანჯშირის ხეობაზე თავდასხმას კი ქვეყანაში ცნობილი ტაჯიკი თალიბი - ქარი ფასიჰუდინი მეთაურობდა. 


მასუდ-უმცროსის ოპონენტებს აშკარად მხარს უჭერდა რეგიონის მთავარი მოთამაშე - პაკისტანი. თუმცა წინააღმდეგობის მოძრაობამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში პაკისტანის მონაწილეობა გადააფასა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს 5 სექტემბერს პანჯშირი პაკისტანურმა თვითმფრინავებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა დაბომბეს, ბაზარაქში პაკისტანის სპეცრაზმი შეიჭრა და ხეობის აღების ოპერაციას ქაბულში საგანგებოდ ჩამოფრენილი, პაკისტანის დაზვერვის მეთაური ხელმძღვანელობდა. თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს (მაგალითად, ჩამოვარდნილი F16 თვითმფრინავის ფოტო გადაღებულია არა პანჯშირში, არამედ - უელსში). მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ პაკისტანის დაზვერვის უფროსი, გენერალი ფაიზ ჰამიდი ხეობაზე თავდასხმის წინა დღეს ავღანეთის დედაქალაქში ნამდვილად ჩაფრინდა. 


სამწუხაროდ, მასუდის დამარცხების მთავარ მიზეზად ექსპერტები მაინც ასახელებენ იმ პროექტის პოპულარობას, რომელსაც, ქაბულის აღების შემდეგ, თალიბები ავღანელებს სთავაზობენ. აღნიშნული გეგმის ორი ძირითადი კომპონენტია ომის დასრულება და წინააღმდეგობის მოძრაობის შესუსტება. ბევრი ავღანელი პანჯშირში გამაგრებულებს ახალი და გაუთავებელი სამოქალაქო ომის საფრთხედ მიიჩნევდა. მათთვის ეს საფრთხე „თალიბანმა“ სწრაფად და მცირე მსხვერპლით მოსპო. გარდა ამისა, თალიბების მშვიდობისმოყვარე განცხადებების ბევრს სჯერა. „თალიბანში“ აცხადებენ: პანჯშირის მცხოვრებნი "არიან ჩვენი სხეულის ნაწილი, ჩვენი ძმები, რომლებსაც აქვთ იგივე უფლებები, რაც დანარჩენი ავღანეთის მოსახლეობას“.

ეს იმას ნიშნავს, რომ თალიბები ავღანეთის მართვას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ?

ამის ცალსახად თქმა რთულია, რადგან ძალაუფლების შენარჩუნება მარტივი ნამდვილად არ იქნება. მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ფინანსურ დახმარებაზე ავღანეთს უარი უთხრა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა აბსოლუტურად კატასტროფული გახდა. თალიბებს ჩინეთის დახმარების იმედი აქვთ, თუმცა რამდენად სწრაფად მოხდება ეს, ამის თქმაც რთულია. ირანი, რომელიც პანჯშირის ხეობაში გამაგრებულ მეამბოხეებს ღიად მხარს არ უჭერდა, ახლა უკვე ოფიციალურად აცხადებს, რომ პროვინციის აღებით კმაყოფილი სულაც არ არის. საზღვარგარეთ არსებული ეროვნული უმცირესობების ლიდერებიც კვლავ გააქტიურდნენ (თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვებით). ეს ყველაფერი ერთად იმას ნიშნავს, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის ახალი კერების წარმოქმნა შეიძლება მხოლოდ დროის საკითხი იყოს და ავღანეთის დაუსრულებელი ომის დასრულების იმედიც ილუზორული აღმოჩნდეს.

სხვა თემები