23 სექტემბერი 2021 - 08:10

უნდა აიცრათ თუ არა ატოპიური დერმატიტის დროს?

ფოტო: Facebook

უკვე მეორე წელია, რაც COVID-პანდემიამ მთელი მსოფლიოს ყოველდღიურობა რადიკალურად შეცვალა. თუმცა ჯერ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებამ, შემდეგ კი უშუალოდ აცრის პროცესის გააქტიურებამ გვირაბის ბოლოს სინათლე დაგვანახა. უფრო მეტიც, ვაქცინაციის წყალობით გარკვეული ქვეყნები ცხოვრების თითქმის ჩვეულ რიტმს უკვე დაუბრუნდნენ. ამ მოვლენების პარალელურად კი ჩნდება კითხვები, ამა თუ იმ კონკრეტული დაავადების დროს შეიძლება თუ არა აცრა და გამონაკლისი არც ატოპიური დერმატიტი აღმოჩნდა, რადგან ასე თუ ისე, ის ალერგიასთან არის დაკავშირებული.

რა არის ატოპიური დერმატიტი? 

ატოპიური დერმატიტი არის კანის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც კანის ანთება ვითარდება. ამ დროს კანი არის გამომშრალი, დაზიანებული და აღინიშნება ქავილი. ატოპიური დერმატიტის სხვა სახელწოდებებია ეგზემა და ნეიროდერმატიტი. ხშირად მას  მოძველებულ ტერმინით - „დიათეზითაც“ მოიხსენიებენ.


ყველაზე ხშირად, ატოპიური დერმატიტი ბავშვებში ჩნდება და დროთა განმავლობაში ისინი მას „ძლევენ“. თუმცა ატოპიური დერმატიტი ზრდასრულებშიც გვხვდება, მაგრამ შედარებით იშვიათად. უფრო მეტიც, ის შეიძლება სწორედ ზრდასრულ ასაკშიც გამოვლინდეს. 

ატოპიური დერმატიტის დროს კანი კარგი დამცავი ბარიერის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ის უფრო ადვილად კარგავს წყალს და ხდება უფრო გამტარი ისეთი გარე მოლეკულების მიმართ, როგორიცაა ალერგენები და პათოგენები. ამ დროს კანი წარმოქმნის ანთებით მოლეკულებს, რომლებიც იწვევენ ქავილს.

ატოპიური დერმატიტი ალერგიის ერთ-ერთი ფორმაა? 

ეს დაავადება ალერგიასთან ასოცირდება, მაგრამ როგორც წესი, ატოპიური დერმატიტი კვებითი ალერგიის შედეგი არ არის, როგორც ამას ხშირად ფიქრობენ. ის ძირითადად ატოპიის ანუ ალერგიული დაავადებების მიმართ ზოგადი გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე ადამიანებში ვითარდება. ამ კატეგორიის წარმომადგენლები ალერგიის, ატოპიური დერმატიტისა და ბრონქული ასთმის განვითარების მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან. თუმცა ატოპიური დერმატიტის დროს ადამიანს შეიძლება ალერგია საერთოდ არ ჰქონდეს და ეს ძალიან ხშირად ხდება.

ეს დაავადება გადამდებია?

არა, ეს ინფექციური დაავადება არ არის. თუ ატოპიური დერმატიტი სხვა ადამიანს შეიძლება გადაეცეს, მაშინ აქ მხოლოდ მემკვიდრეობითი ფაქტორი იმუშავებს. შესაბამისად, ეს იქნება გენეტიკური წინასწარგანწყობა და არა თავად დაავადება. 


უფრო დეტალურად ატოპიური დერმატიტის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

ატოპიური დერმატიტი მაქვს. შემიძლია თუ არა, ავიცრა?

თავისთავად ატოპიური დერმატიტი ვაქცინაციის უკუჩვენება არ არის. თუმცა არის სიტუაციები, როდესაც აცრის გადადებაა რეკომენდებული. მაგალითად, როდესაც ატოპიური დერმატიტი გამწვავებულია. სპეციალისტების განმარტებით, ეს განპირობებულია იმით, რომ ძირითადი დაავადების გართულების განვითარება ან მისი არახელსაყრელი შედეგი შეიძლება განისაზღვროს როგორც ვაქცინაციის შედეგი. ასეთ შემთხვევებში ექიმები გვირჩევენ ორი კვირის განმავლობაში ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებას და მხოლოდ ამის შემდეგ აცრას. 


თუმცა სპეციალისტები იმასაც დასძენენ, რომ თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ვაქცინაცია აუცილებელია, უმჯობესია აიცრათ იმის მიუხედავად, გამწვავებულია თუ არა ატოპიური დერმატიტი. ამ მიდგომას სხვადასხვა ქვეყნის ექიმები იყენებენ. მაგალითად, თუ ადამიანს ჩუტყვავილა არ აქვს გადატანილი და არც აცრილია ამ ინფექციური დაავადების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ინფიცირებულ პირთან კომუნიკაცია ჰქონდა, მაშინ შეიძლება მიიღოს პოსტკონტაქტური პროფილაქტიკის ზომები ანუ სასწრაფო ვაქცინაცია, თუნდაც ატოპიური დერმატიტის გამწვავების პირობებში. ვინაიდან ატოპიური დერმატიტის მქონე ადამიანისთვის ჩუტყვავილა უფრო საშიშია. ის იწვევს უფრო მეტ ქავილსა და ბაქტერიული ინფექციების განვითარების გაცილებით მაღალ რისკს, რაც განსაკუთრებით უსიამოვნოა ატოპიური დერმატიტის მქონე ადამიანებისთვის. 


თუ ადამიანი, ატოპიური დერმატიტის გამო იღებს ციკლოსპორინს ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც იმუნური სისტემის მუშაობას აქვეითებენ, მაშინ ცოცხალი ვაქცინის გაკეთებამდე,  ექიმთან კონსულტაცია არის რეკომენდებული. ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებისთვის კოვიდზე ვაქცინაციის ცალკეული რეკომენდაციები არ არსებობს - თითოეულ შემთხვევაში ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა იყოს.

სხვა თემები