26 სექტემბერი 2021 - 10:29

ოპიუმი „თალიბანისთვის“. რა ელის ავღანურ ნარკობიზნესს მას შემდეგ, რაც აშშ-მ ქვეყანა დატოვა?

ფოტო: AP / Rahmat Gul

ავღანეთის კეთილდღეობის საფუძველი ნარკოტიკებია. ქვეყანაში ყოფნის ორი ათწლეულის განმავლობაში ამერიკელებმა ამ პრობლემასთან ვერაფერი გააწყვეს. ისინი ნარკობიზნესის განვითარებაში „თალიბანს“ ადანაშაულებდნენ, ჰეროინის ლაბორატორიებს ბომბავდნენ, თითქმის 10 მილიარდი დოლარი დახარჯეს, მაგრამ ნედლი ოპიუმისა და ჰეროინის წარმოება და ექსპორტი, მხოლოდ და მხოლოდ, გაიზარდა. ამ ბრძოლაში ამერიკელები დამარცხდნენ და რა მოხდება ახლა, როდესაც ხელისუფლებაში ისევ თალიბები არიან? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას BBC შეეცადა.

რა ხდება ავღანურ ნარკობიზნესში?

ჰეროინისა და ოპიატების მარაგის 80% -ზე მეტით მთელ მსოფლიოს ავღანეთი ამარაგებს. უფრო მეტიც, ეს მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება, თანაც იმ ფონზე, როცა ბოლო წლები საკმაოდ მოუსავლიანი იყო. სიღარიბის, ეპიდემიის, უმუშევრობისა და ძალადობის წინააღმდეგ ავღანელებს ერთადერთი რეცეპტი აქვთ: დათესეთ მეტი ყაყაჩო! გაეროს მონაცემებით, შარშან ამ მიმართულებით ათვისებული მიწის ფართობი 37% -ით გაიზარდა. 


თანამედროვეობის ისტორიაში ნარკოტიკებით ვაჭრობის დამარცხება ავღანეთმა ერთადერთხელ მოახერხა და ეს სწორედ „თალიბანის“ მმართველოს დროს მოხდა. მეოცე საუკუნის ბოლოს, როდესაც თალიბები ხელისუფლებაში პირველად მოვიდნენ, მათ ყაყაჩოს დათესვა აკრძალეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ნარკომოვაჭრეებისა და ტერორისტების იმიჯს მოიშორებდნენ და საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებდნენ. ეს აკრძალვა ზედიზედ სამი წლის განმავლობაში მოქმედებდა და მთელი ამ ხნის მანძილზე მათ ყურადღება არავინ მიაქცია. 


2000 წელს „თალიბანი“ საქმეს სერიოზულად შეუდგა. მათ ჟურნალისტებთან ერთად მინდვრებში ბულდოზერები გაგზავნეს და რამდენიმე გლეხი დემონსტრაციულად დააკავეს. ამან იმუშავა: ყაყაჩოს კულტურით ათვისებული მიწის ფართობის 90% გამოიფიტა, ხოლო მსოფლიო ბაზარზე ჰეროინის მიწოდება სამჯერ შემცირდა. თუმცა ახალი პოლიტიკა უკიდურესად არაპოპულარული აღმოჩნდა. ამ ნაბიჯმა „თალიბანის“ მხარდაჭერა შეარყია, რადგან უკვე ისედაც გაღატაკებულმა გლეხებმა შემოსავლის უკანასკნელი წყარო დაკარგეს. ამ ნაბიჯს წარმატება არც საგარეო პოლიტიკის ფრონტზე მოუტანია. თალიბები  მსოფლიო აღიარებას ვერ მოესწრნენ: მოხდა 11 სექტემბერი, ავღანეთში ამერიკელები შევიდნენ და „თალიბანმა“ ძალაუფლება დაკარგა. 


მომდევნო წელს კი ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა: ყაყაჩოს მოყვანა და მისი ექსპორტი საერთაშორისო ბაზარზე ისევ განახლდა. დაწვა, მოსავლის განადგურება, ზეწოლა,  აკრძალვა - ოპიუმის ყაყაჩოს კულტივირებასთან ბრძოლის არცერთი ძალისმიერი მეთოდი ეფექტიანი არ გამოდგა.


20 წლის შემდეგ ისტორია ჩვენ თვალწინ მეორდება. თალიბები ისევ ხელისუფლებაში არიან, მათ საერთაშორისო აღიარება კვლავინდებურად სურთ, მსოფლიო საზოგადოებას კი ძალიან უნდა, ავღანეთიდან ოპიატების ნაკადი შეწყდეს. შეიცვლება რამე ამჯერად მაინც? ამ კითხვაზე პასუხი ნარკოკრიზისის მიზეზების ანალიზსა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ორი ათწლეულის გამოცდილებას მოიცავს.

რატომ დამარცხდა ამერიკა ავღანურ ნარკობიზნესთან? 

"2001 წლიდან, ნარკოტიკების საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში, ყაყაჩოს კულტივაციის აღმოსაფხვრის ან სულ მცირე, ამ პროცესის დარეგულირების ყველა მცდელობა აშკარა მარცხით დამთავრდა",- აცხადებს Afghanistan Research and Evaluation Unit (AREU)-ის მეცნიერთა ჯგუფი, რომელსაც ავღანური სოფლის მეურნეობის სპეციალისტი ადამ პეინი ხელმძღვანელობს. თებერვალში გამოქვეყნებულ ნაშრომში, რომელიც ავღანეთიდან ამერიკელების ქაოტური ევაკუაციის დაწყებამდე ექვსი თვით ადრე გამოიცა, სპეციალისტები წარუმატებლობას თანმიმდევრული სტრატეგიის არ არსებობას მიაწერენ. 


ამ მიმართულებით არსებული პრობლემები იყო: სამოქალაქო ომი, კრიმინალი, ავღანელთა უმრავლესობისთვის შემოსავლის ალტერნატიული წყაროების არ არსებობა, სოციალური და სამედიცინო კრიზისი (რაც ძირითადად ნარკოტიკებზე დამოკიდებული ახალგაზრდა მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ გამოიწვია). როგორც ვაშინგტონს, ასევე ქაბულის პროამერიკულ ხელისუფლებას სჭირდებოდა პასუხი კრიტიკოსებისთვის, რომლებიც  ნარკოტიკებით ვაჭრობის აყვავებასა და ავღანური ჰეროინის მზარდ ნაკადზე საუბრობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა და ავღანეთში აშშ-ს ჯარები შევიდნენ.


საბოლოოდ, მთელი ამერიკული ანტინარკოტიკული პოლიტიკა ძალისმიერ მეთოდებამდე დავიდა: აკრძალვა და „პირისაგან მიწისა აღგვა“. ამერიკელებმა „თალიბანის“ ლაბორატორიები დაბომბეს და 2018 წლის აგვისტოსთვის განაცხადეს, რომ 500-მდე მათგანიდან დაახლოებით 200 გაანადგურეს. თუმცა ჰეროინის წარმოების მოცულობაზე ამას არანაირად არ უმოქმედია - ტექნოლოგია ძალიან მარტივია, ასე რომ, დანგრეული ლაბორატორიის ნაცვლად ახლის მოწყობაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. 


ავღანელებს სთავაზობდნენ მოეყვანათ ყველანაირი კულტურა, ოღონდ ყაყაჩო არა. თუმცა არც ამ პოლიტიკამ იმუშავა და ამაზე დაუნდობელი ციფრები მეტყველებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, თუ 1992-1993 წლებში ავღანეთში ყაყაჩო დაახლოებით 20 ათას ჰექტარზე დაითესა, 2000 წლისთვის ეს ფართობი სამჯერ მეტი - 65 ათასი ჰექტარი გახდა. ავღანეთში ამერიკული ჯარების ყოფნის პერიოდში კი ეს მაჩვენებელი კიდევ 4 -ჯერ გაიზარდა და 260 ათას ჰექტარს მიაღწია. 


გაეროს შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის დაახლოებით 10% -ს ოპიატები შეადგენს, მათი წარმოება, ექსპორტი და მოხმარება კი ორჯერ მეტია, ავღანეთიდან ყველა სხვა ოფიციალურ ექსპორტთან შედარებით. 2017 წელს, ფასისა და მოსავლიანობის პიკის პერიოდში, ავღანეთის ყველაზე პოპულარულმა სექტორმა მასში ჩართული ადამიანებისთვის 1,4 მილიარდი აშშ დოლარის წმინდა შემოსავალი შექმნა. თუმცა 2020 წლისთვის, სინთეზური ოპიატებისა და მეტამფეტამინის პოპულარობის ზრდის გამო, შემოსავლები სამჯერ შემცირდა.

შეძლებენ თუ არა თალიბები ნარკოტიკების აკრძალვას?

შარშან, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯონათან გუდჰენდის ხელმძღვანელობით მეცნიერთა ჯგუფმა მსგავსი კვლევა გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის აგვისტოში კი, როდესაც თალიბებმა ქალაქების პანტაპუნტით აღება დაიწყეს, გუდჰენდმა არც თუ ისე დამაიმედებელი პროგნოზი გაამხილა. "ნებისმიერ სცენარში, იქნება ეს „თალიბანის“ გამარჯვება, სამოქალაქო ომი თუ ცეცხლის შეწყვეტა, ავღანეთის ჩრდილოვან ნარკოეკონომიკაში ცვლილებები არ იგულისხმება. პრობლემის მოგვარებას ყველა გვპირდება, მაგრამ მისი ფესვები ძალიან ღრმად მიდის", - წერს მეცნიერი. 


ამერიკელების მმართველობის დროსაც, ქვეყნის მნიშვნელოვან ტერიტორიას „თალიბანი“აკონტროლებდა და ნარკოტიკებით ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის მესამედსაც იღებდა. თალიბები თავიანთი ორგანიზაციის (რომელიც ტერორისტულ გაერთიანებად არის აღიარებული ბევრ ქვეყანაში) წლიურ ბიუჯეტს არ ასაჯაროებენ. თუმცა გარკვეული მონაცემებით, ეს მაჩვენებელი წელიწადში 400 მილიონი აშშ დოლარიდან ერთ-ნახევარ მილიარდ აშშ დოლარამდე მერყეობს. ამ სავარაუდო თანხიდან პირობით მესამედ ნაწილს „თალიბანი“ ნარკოვაჭრობით მოიპოვებდა, დანარჩენს კი - ანონიმური უცხოური დონორებისგან, ავღანური ბიზნესის რეკეტიდან, ლეგალურად და არალეგალურად - ოქროს, ზურმუხტის, ქვანახშირის, მარმარილოს, სპილენძისა და სხვა მინერალების კუსტარული მოპოვებიდან. 


არცერთი დონორი და ვერცერთი მაღაროები ვერ მოუტანს „თალიბანს“ ან ავღანეთის რომელიმე სხვა მთავრობას საკმარის ფულს იმისთვის, რომ ცალსახად უარი თქვას ნარკობიზნესზე, რომელიც ქვეყნის ცხოვრებისა და ეკონომიკის საფუძველია. გარდა ამისა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ნარკოტიკებით მოვაჭრეებმა არა მხოლოდ გააფართოვეს ავღანური ოპიატების გარე ბაზარი, არამედ შექმნეს მნიშვნელოვანი შიდა ბაზარიც. ის, რაც ადრე პრობლემას მხოლოდ გარკვეული რეგიონებისა და მოსახლეობის ჯგუფებისთვის წარმოადგენდა, დღეს უკვე საერთო ნაციონალურ კრიზისად იქცა. 


ავღანეთის 40-მილიონიან მოსახლეობაში ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი 2.5 მილიონს აღწევს. აქ არ არსებობს სამკურნალო და სარეაბილიტაციო სისტემა, სინთეტიკური ნარკოტიკების ხელმისაწვდომობის სწრაფი ზრდა კი პრობლემას მხოლოდ ამძაფრებს. შესაბამისად, ქვეყანას  ნარკომანიის მსოფლიოში ერთ -ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

როგორც 1990-იანი წლების ბოლოს, “თალიბანს” ახლაც შეუძლია სახელმწიფოს მშენებლობა ყაყაჩოს კულტივირებისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის მკაცრი აკრძალვით დაიწყოს. თუმცა ექნებათ თუ არა თალიბებს საკმარისი ადმინისტრაციული რესურსი იმისთვის, რომ არეგულირონ კონკურენტუნარიანი და მომგებიანი ბაზარი, რომელიც ნატოს უმდიდრესი და უძლიერესი ქვეყნების ჯარების ადგილზე ყოფნის პერიოდშიც კი შემორჩა და გაძლიერდა?


ეკონომიკისა და საზოგადოების ნარკომანიისგან გასათავისუფლებლად „თალიბანს“ დასჭირდება ფული, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, ჯანდაცვის გამართული სისტემა, მშვიდობა ქვეყანაში და აღიარება მსოფლიოში. ამავდროულად, საჭიროა ტრადიციულ მომგებიან ბიზნესზე უარის თქმის გადაწყვეტილება და საკმარისი ძალა, რათა შეაჩერონ სხვები, ვისაც ამის გაკეთების სურვილი გაუჩნდება. თუმცა ნარკოტიკების აკრძალვის შესახებ ბრძანება საკმარისი შეიძლება არ იყოს. 

სხვა თემები