13 ოქტომბერი 2021 - 09:40

როდის და როგორ დასრულდება COVID-პანდემია? რომელ 4 შესაძლო სცენარზე საუბრობენ მეცნიერები?

ფოტო: Facebook

განვითარებულ ქვეყნებში Covid -19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურ ფაზაშია. შესაბამისად,  სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - რა იქნება შემდეგ? საბოლოოდ გაიხსნება თუ არა ყველა საზღვარი და რამდენად შეაფერხებს ამ პროცესს კორონავირუსის ახალი შტამების წარმოქმნა? ბოლოს და ბოლოს, პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბებამდე კიდევ ბევრი დარჩა და შეძლებს თუ არა სამყარო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს მანამ, სანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტიანი სამკურნალო საშუალება გვექნება? BBC მოგვითხრობს პანდემიისგან თავის დაღწევის მთავარ შესაძლო სცენარებზე და რომელი მათგანი მიაჩნიათ მეცნიერებს დღეს ყველაზე რეალურად? 


ივლისის ბოლოს ჟურნალმა Lancet- მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორებიც (ევროპული მედიცინის სამი ათეული წამყვანი მეცნიერი) უახლოეს თვეებსა და წლებში Covid -19-ის პანდემიის განვითარების შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ. მთავარი შეკითხვა, რომელსაც მკვლევრები სვამენ, არის  დასრულდება თუ არა პანდემია 3-5 წლის განმავლობაში? ეს კი,  ევროპელი ექსპერტების აზრით, სამ ძირითად ფაქტორზე იქნება დამოკიდებული:


-    რამდენად სწრაფად წარიმართება აცრის პროცესი როგორც ცალკეულ ქვეყნებში (განვითარების სხვადასხვა დონის მიხედვით), ასევე - მთელი პლანეტის მასშტაბით;
-    როგორ წარიმართება ვირუსის მუტაცია? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენად საშიში აღმოჩნდება ახალი (ჯერ არ გამოჩენილი) ვარიანტები; 
-    რამდენად მკაცრად დაიცავს თითოეული ჩვენგანი (აცრილებიც და აუცრელებიც) ხელისუფლების რეკომენდაციებს და გავითვალისწინებთ აუცილებელ შემზღუდველ ზომებს.

რომელ 4 შესაძლო სცენარზეა საუბარი? 

უფრო დეტალურად, პანდემიის განვითარების შესაძლო სცენარები ამერიკის სამედიცინო საზოგადოება JAMA-ს ჟურნალში, ივლისის ბოლოს გამოქვეყნებულ სტატიაშია აღწერილი. როგორც პუბლიკაციის ავტორები წერენ, ვაქცინაციის ფართომასშტაბიანი კამპანია (აშშ-ის მაგალითზე) იძლევა იმედს, რომ მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას შედარებით ადრე დაუბრუნდეს. ”თუმცა ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მრავალი დაბრკოლება არსებობს: ვაქცინის უკიდურესად არათანაბარი ხელმისაწვდომობა, აცრისადმი მტკიცე ნეგატიური დამოკიდებულება, ვირუსის ახალი შტამების გამოჩენა და სასიკვდილო ინფექციის გლობალური ტალღები”, - დასძენენ მეცნიერები. ნაშრომში აღწერილი ოთხი შესაძლო სცენარი კი "წარმოადგენს პოტენციური შედეგების სპექტრს, რომელსაც შეუძლია Covid-19-ის პანდემია დაასრულოს“. 

პირველი სცენარი სრულ აღმოფხვრას გულისხმობს. ამ მოსაზრების მიხედვით, ექიმები Covid-19-ის „პირისაგან მიწისა აღგვას“ შეძლებენ, როგორც ეს თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, ჩუტყვავილას შემთხვევაში მოხდა. 
 

თუმცა ამ წარმატების განმეორება მხოლოდ ერთი პირობით არის შესაძლებელი. იმუნიტეტი (როგორც აცრის, ასევე დაავადების გადატანის შემდეგ) უნდა იყოს ძლიერი და გრძელვადიანი, რათა ადამიანი რეინფიცირებისგან დაიცვას და ამავდროულად, ინფექციის შემდგომი გავრცელება აღარ მოხდეს. Covid-19- ის შემთხვევაში ამის მცირე იმედი არსებობს. უფრო მეტიც, ვირუსის მიმდინარე მუტაციების გათვალისწინებით, მისი სრულად აღმოფხვრა  "შეიძლება თეორიული ექსპერიმენტისთვისაც კი ძალიან ამბიციური აღმოჩნდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიაში ამის გათვალისწინებაზე". 

"მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო რეალისტურ ამოცანად" კვლევის ავტორები მეორე სცენარს მიიჩნევენ. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ელიმინაციას - მასობრივი აცრებისა და შემზღუდავი ღონისძიებების მკაცრი სისტემის წყალობით, კონკრეტულ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის დროებით ნულამდე შემცირებას. ეს, ფაქტობრივად, საზღვრების სრულ ჩაკეტვასა და გარესამყაროსგან იზოლაციას გულისხმობს. დღეისათვის მსგავსი სიტუაციის ყველაზე ცნობილი მაგალითია წითელას ვირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა. ბავშვების მასობრივი ვაქცინაციის წყალობით, დაავადების გავრცელება უკვე იშვიათია და მისი კონტროლიც შედარებით სწრაფად ხდება. ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, აღნიშნული მეთოდის გატარება გარკვეული პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანამ შეძლო. ესენი იყვნენ: ავსტრალია, ვიეტნამი, ჩინეთი, ახალი ზელანდია და სინგაპური. 

მესამე სცენარი ვირუსთან თანაცხოვრებას გულისხმობს. ეს მოსაზრება ემყარება იმ ვარაუდს, რომ შემუშავებული ვაქცინები ადამიანს მხოლოდ Covid -19– ის მძიმე მიმდინარეობისა და ლეტალური შედეგისგან დაიცავს. ასეთ პირობებში, როდესაც ბევრი  ადამიანი აცრილი იქნება, ვირუსი მომაკვდინებელ საფრთხედ აღარ მოგვევლინება და ფაქტობრივად, Covid -19 სეზონურ გრიპად გადაიქცევა. რა თქმა უნდა, ხანდახან აცრილებიც დაავადდებიან. ამის მიზეზი იქნება მათი ზოგადი იმუნიტეტის დაქვეითება, დროთა განმავლობაში ანტისხეულების დონის ბუნებრივი შემცირება ან ვირუსის ახალი შტამების წარმოქმნა. ამასთანავე, მოსახლეობის უმეტესობა ნებისმიერ დროს საკმარისად დაცული იქნება, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობის ფართომასშტაბიანი გავრცელება. 

დაბოლოს, მეოთხე სცენარი არის ფართომასშტაბიანი ხანძარი. ეს ვარიანტი ყველაზე სავარაუდოა, თუ მსოფლიოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აუცრელი დარჩება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ვაქცინის ხელმისაწვდომობის პრობლემა, სამედიცინო უკუჩვენებები, დაბალი იმუნური სტატუსი ან უბრალოდ პირადი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში ვირუსი სწრაფ გავრცელებასა და შესაბამისად, მუტაციას გააგრძელებს. 

ერთი მხრივ, მეცნიერები აღიარებენ, რომ ვირუსის სრულად აღმოფხვრა ნაკლებად მოსალოდნელია. მკვლევართა განმარტებით, მაშინაც კი, თუ თითოეული კოვიდ პაციენტი გამოჯანმრთელდება, ინფექცია ცხოველებში გავრცელებას განაგრძობს და შესაძლოა, იქ მუტაცია მოულოდნელი ფორმებით განვითარდეს. მეორე მხრივ, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოიძებნება ეფექტიანი პრეპარატი არა მხოლოდ თავად დაავადებისთვის, არამედ ინფექციის გაჭიანურებულ ფორმასთან საბრძოლველად, რომელიც "ხანგრძლივი კოვიდის“ სახელით არის ცნობილი.

სხვა თემები