18 ოქტომბერი 2021 - 10:37

არის თუ არა მერკელის წასვლა მაკრონისთვის შანსი? შეძლებს თუ არა საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ევროპის ლიდერი გახდეს?

ფოტო: shutterstock.com

ანგელა მერკელი თანამდებობას 16-წლიანი მმართველობის შემდეგ ტოვებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას "თავისუფალი მსოფლიოს კანცლერს", ევროპის ლიდერსა და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს - "ლიბერალური დასავლეთის უკანასკნელ დამცველსაც" კი უწოდებდნენ. თუმცა ევროპულ პოლიტიკაზე არანაკლები გავლენა ჰქონდა საფრანგეთს. ახლა, როდესაც მერკელი ხელისუფლებაში აღარ არის, ემანუელ მაკრონს შანსი გამოუჩნდა. რამდენად დიდია ალბათობა, რომ საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ევროპის ლიდერობას შეძლებს, ამას პასუხი BBC-მ გასცა.

მისტერ ბინი და მისის პრაგმატულობა

კრიზისთან გამკლავების სიმტკიცით - საბერძნეთის ეკონომიკის კრიზისიდან კორონავირუსის პანდემიამდე - ანგელა მერკელმა ევროპის ლიდერის იმიჯი თითქმის ჩამოაყალიბა. გერმანიის ეკონომიკური მდგომარეობა და მერკელის ადამიანური თვისებები ამ სტატუსს მხოლოდ და მხოლოდ ამყარებდა. საბერძნეთსა და იტალიაში სახელმწიფო ვალის ძალიან დიდი მოცულობის გამო, 2010 წელს ევროზონა აღმოჩნდა მძიმე კრიზისში, რომელიც მალე მთელ ევროპაზე გავრცელდა. 2012 წლის ზაფხულისთვის კი მთავარი პრობლემა იყო ესპანეთის ეკონომიკური პრობლემები, რაც ფინანსურ დახმარებას მოითხოვდა. ევროზონის კრიზისიდან გამოყვანის მიმართულებით შეთანხმების მიღწევაში ანგელა მერკელმა წამყვანი როლი შეასრულა.

მერკელსა და საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის შორის საკმაოდ რთული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჟურნალისტებმა მათ "უცნაური წყვილი" უწოდეს. მერკელი - კონცენტრირებული, პრაგმატული და სერიოზული იყო, სარკოზი კი- ენერგიული, ემოციური და მოუთმენელი. გერმანიის კანცლერი საფრანგეთის იმდროინდელი პრეზიდენტის მისამართით მკვეთრ შენიშვნებს აკეთებდა. მერკელი ხაზს უსვამდა სარკოზის მეტყველების მანერას, მის აქტიურ მიმიკებსა და მკვეთრ ჟესტიკულაციას. გერმანიის კანცლერი საფრანგეთის იმდროინდელ პრეზიდენტს მისტერ ბინსა და ფრანგ კომიკოსს, ლუი დე ფიუნესს ადარებდა. თუმცა მერკელს სარკოზი სჭირდებოდა: ევროპული კრიზისის ქარცეცხლში მერკელს არ სურდა ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს გერმანიამ თავი მთელი ევროპის ლიდერად წარმოიდგინა, სარკოზის კი უნდა დაემტკიცებინა, რომ საფრანგეთი კვლავ ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე იყო. 

შემთხვევითი არ იყო, რომ თავისი პირველი უცხოური ვიზიტის ფარგლებში (ინაუგურაციის დღესვე) სარკოზი სწორედ მერკელს ესტუმრა და ჟურნალისტებს "წმინდა ფრანკო -გერმანული მეგობრობის" შესახებ ესაუბრა. "ანგელა მერკელი ლიდერი ერთ საათში არ გამხდარა. ძლიერ მმართველად ჩამოყალიბებისთვის მას დრო დასჭირდა, მაგრამ შეძლო. ის მართლაც იყო ევროკავშირის მთავარი ანტიკრიზისული მენეჯერი", - აცხადებს დანიის ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და ევროპული პოლიტიკის ექსპერტი, ლუკ ფრიისი. ბევრი დრო გავიდა იმ პერიოდიდან, როდესაც მერკელი სარკოზის აკრიტიკებდა და მის ექსცენტრიულობას ითმენდა, წლების განმავლობაში საფრანგეთმა ევროპული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულება დაიწყო და ამას უფრო თავდაჯერებულადაც აკეთებს. ასე რომ, მერკელის წასვლა ზუსტად ის მოვლენაა, რომელსაც პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დიდი ხანია ელოდება. 

ევროპის პრეზიდენტი

2017 წელს ემანუელ მაკრონს საფრანგეთის უძველესი უნივერსიტეტის, სორბონის კათედრიდან ჰქონდა გამოსვლა, რომელსაც მისი ქვეყნის ბედთან საკმაოდ არაპირდაპირი კავშირი ჰქონდა. მაშინ პრეზიდენტმა მთელი ევროპის მომავალი შეცვალა: მან ევროპულ ინსტიტუტებს ნელი და არაეფექტიანი უწოდა, მათ შესთავაზა რეფორმა, რომლის არსიც თავდაცვისა და განათლების სფეროს მჭიდრო ინტეგრაციამდე დაიყვანა. მაკრონმა ერთობლივი სამხედრო ძალების შექმნაზე, თავდაცვის ერთიანი ევროპული ბიუჯეტის შემოღებასა და ევროპული სადაზვერვო აკადემიის აუცილებლობაზე ისაუბრა. 

”მე არ ვფიქრობ, რომ თქვენ შეძლებთ მოძებნოთ ანგელა მერკელის ერთი გამოსვლაც კი, რომელშიც ის ევროპის განვითარების საკუთარ ხედვაზე საუბრობს. მას ეს გერმანიის შემთხვევაშიც კი არ გაუკეთებისა“, - ამბობს ლუკ ფრიისი. თავის გამოსვლაში, რომელიც ორიენტირებული იყო ევროპელებისთვის გასაგებ თემებზე და ოსტატურად არიდებდა ისეთ საკითხებს, რომლებიც ტრადიციულად ევროპას ჰყოფს, მაკრონმა აჩვენა, რომ მას აქვს მთავარი თვისება, რაც მერკელთან შედარებით მის უპირატესობას უსვამს ხაზს. ეს არის სამომავლო პერსპექტივის დანახვის უნარი და განვითარების გზების შეთავაზება. ამით კი ანგელა მერკელი ვერასდროს დაიკვეხნიდა.

საგარეო ურთიერთობათა ევროპულმა საბჭომ (ECFR) ევროპელებს შორის ჩაატარა გამოკითხვა, რომ არსებულიყო „ევროპის პრეზიდენტის“ პოსტი და კანდიდატები მხოლოდ ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი ყოფილიყვნენ, ვის აირჩევდნენ ისინი. გამოკითხულთა 41% -მა საკუთარი არჩევანი მერკელზე შეაჩერა, მაკრონზე კი - მხოლოდ 14% - მა (დანარჩენებმა ან ვერ გადაწყვიტეს, ან განაცხადეს, რომ არჩევნებზე საერთოდ არ წავიდოდნენ). მაკრონმა "გამარჯვება" ვერ შეძლო მშობლიურ საფრანგეთშიც კი, სადაც მას მხოლოდ 12%-მა დაუჭირა მხარი. აქედან გამომდინარე ირკვევა, რომ მერკელის ტექნოკრატიული მმართველობის სტილი ევროპელებში უფრო მეტ ნდობას იწვევს, ვიდრე მაკრონის გამოსვლები ევროპის მომავალზე. ამის მიუხედავად, ახლა მაკრონისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა. ის ევროპის მომავლის იდეებით არის სავსე. თავის მხრივ, მერკელი ამ გარდამავალ პერიოდში, როდესაც გერმანია ახალ კანცლერს ირჩევს, აშკარად არ გეგმავს ევროკავშირის განვითარებისათვის რევოლუციური იდეებით გამოსვლას. რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა და იმავე ავტორიტეტის მქონე ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. 

2022 წელს ევროკავშირს საფრანგეთი უხელმძღვანელებს. ეს არის დიდი შესაძლებლობა მაკრონისთვის, რათა თავისი იდეებით  ევროპელი კოლეგებიც შთააგონოს. მისდა საბედნიეროდ მისთვის, ბრიუსელში საფრანგეთის პრეზიდენტისადმი ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურაა დადებითად განწყობილი. „ევროპული რეფორმების ცენტრის“ დირექტორი, ჩარლზ გრანტი გვახსენებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მიმართულების ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა თავიანთი პოსტები მეტწილად სწორედ მაკრონის მხარდაჭერის წყალობით მიიღეს. ასე რომ, მაშინაც კი, თუ მაკრონის ყველა იდეას აპლოდისმენტებით არ შეხვდებიან, სულ ცოტა, მას მოუსმენენ მაინც. 

ეს იმას ნიშნავს, რომ მაკრონი ევროპის პრეზიდენტი გახდება?

 "ვინც უნდა გახდეს გერმანიის ახალი კანცლერი, ამ ადამიანს ნდობის მოსაპოვებლად დრო დასჭირდება. ასე რომ, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ საქმე გვექნება „ფრანგულ ევროკავშირთან“, - დარწმუნებულია ჩარლზ გრანტი. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, მერკელის წასვლის მიუხედავად, "მაკრონის ეპოქა" დიდად მოსალოდნელი არ არის.

ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ არც მაკრონს და არც სხვას, ვინც გერმანიის კანცლერის თანამდებობას დაიკავებს, არ ექნება იგივე მხარდაჭერა და პოპულარობა, როგორიც ანგელა მერკელს. ევროპელები მიჩვეულები არიან, რომ ფინანსურ, ეკონომიკურ და დემოკრატიული პრინციპების საკითხებს სწორედ ბერლინს ანდობენ. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ ანგელა მერკელმა, რომელმაც სხვა ევროპულ ქვეყნებთან დაბალანსებული ურთიერთობები დაამყარა და ბევრი მას ევროპის ლიდერად მიიჩნევდა, შეძლო მეზობლებისთვის ეჩვენებინა, რომ გერმანია დომინანტობას არ ცდილობდა და ამით მან  კიდევ უფრო მეტი ნდობა დაიმსახურა. 

მერკელის წასვლით, შესაძლოა, ევროკავშირს გაურკვევლობის ხანგრძლივი პერიოდი ელის. მაკრონიც კი, გერმანიაში ძლიერი და გამგები კანცლერის არ არსებობისას ბევრს რისკავს - მას პარტნიორი ნამდვილად სჭირდება. "თუ საფრანგეთს გერმანიაში პარტნიორი არ ეყოლება, მაკრონს ძალიან გაუჭირდება. თავად საფრანგეთი ისეთი ძლიერი ჯერ კიდევ არ არის, რომ თავისი იდეები გერმანიის მხარდაჭერის გარეშე განავითაროს. ბერლინის პოლიტიკურ კორიდორში ახლა დიდი ვაკუუმია, რომელიც შეიძლება იანვრამდე ან თებერვლამდე გაგრძელდეს, სანამ ქვეყანაში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება. რაც უფრო დიდი ხანი დასჭირდება ბერლინში კოალიციის შექმნას, მით ნაკლებია შანსი იმისა, რომ მაკრონმა ევროკავშირის პრეზიდენტობით სარგებლობა შეძლოს", - განაცხადა ლუკ ფრიისმა. 

მაკრონის შეფერხება როგორც გარე, ისე შიდა ფაქტორებს შეუძლია. საფრანგეთი ემზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც 2022 წელს ჩატარდება. თუ მაკრონი ამჯერადაც გაიმარჯვებს, მას უფრო მეტი პოლიტიკური წონა ექნება, ვიდრე გერმანიის ახალ კანცლერს - ვინც უნდა იყოს ის. „რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები იტალიისა და ესპანეთის გავლენებს ზღუდავს. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე მათგანი საფრანგეთთან ერთად ევროპულ პოლიტიკაზე ხშირად საუბრობს. პოლონეთს კი კანონის უზენაესობის შეუსრულებლობის გამო სერიოზული პრობლემები აქვს, ამიტომ მას ევროკავშირის დღის წესრიგის განსაზღვრა არ შეუძლია",- ამბობს ჩარლზ გრანტი. 

ის უპირატესობა, რაც მაკრონს ყოველთვის ჰქონდა - სამომავლო ხედვისა და იდეების განვითარების შეთავაზების უნარი - შეიძლება მისთვის პრობლემა გახდეს. საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) წარმომადგენელი ულრიკე ფრანკი მიიჩნევს: "თუ თქვენ რამეს კი არ სთავაზობთ, არამედ მხოლოდ პრობლემებს წყვეტთ, მაშინ ადამიანები უმეტესად კმაყოფილები არიან. მაგრამ თუ წინადადებას წამოაყენებთ, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ამაში ვიღაც დაგეთანხმებათ, სხვას კი არ მოეწონება. ევროპაში კი საკმაოდ არიან ადამიანები, რომლებიც მაკრონის იდეებს არ იზიარებენ." ევროპელებს ნაკლებად აქვთ წარმოდგენილი, თუ როგორ გადაწყდება ყველა ეს საკითხი ანგელა მერკელის გარეშე, რომელმაც არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთელ ევროპას მისცა მთავარი - სტაბილურობა და პროგნოზირებადობა.  

სხვა თემები