13 ოქტომბერი 2021 - 09:51

„კალმარის თამაში“ წლის ყველაზე მძაფრსიუჟეტიანი სერიალია, თუმცა მასში ახალი არც არაფერია. რატომ გახდა ის ძალიან პოპულარული 90 ქვეყანაში?

ფოტო: netflix

სამხრეთკორეული სერიალი „კალმარის თამაში“ (Squid Game) Netflix-ის მორიგი სენსაცია გახდა. სისხლიანი დრამა მსოფლიოს 90 ქვეყანაში სტრიმინგის ჩარტის სათავეში სულ რაღაც ნახევარ თვეში მოექცა. CNN-ის ჟურნალისტმა ბრაიან ლოურიმ იხუმრა, რომ სერიალის წარმატების ახსნის მცდელობა თავისთავად გადაიქცა თამაშად, რომელშიც სწორი პასუხის გაცემა შეუძლებელია.

რაზეა ეს სერიალი? 

მომხიბვლელი და კეთილი, მაგრამ საშინლად უიღბლო და დაუცველი სონგ გი-ჰუნი თავის მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობს. ის უმუშევარია, ხოლო ფულს, რომელსაც დედამისი შვილიშვილის დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად აძლევს, ცხენების რბოლაში კარგავს. სონ გი-ჰუნი ვალებშია ჩაფლული და უკვე მიაღწია სასოწარკვეთის იმ დონეს, როდესაც კაცი მზად არის დახმარება სთხოვოს ყოფილ ცოლსა და მის ახალ, ძალიან წარმატებული კარიერის მქონე ქმარს. თუმცა მეტროში ერთი „შემთხვევითი“ შეხვედრის შემდეგ, ამ ადამიანის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. 


კრედიტორებისგან გაქცეულ და გამფლანგველ სხვა 455 პირთან ერთად, სონ გი-ჰუნი თანახმაა საიდუმლო ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღოს. ზრდასრული ადამიანები ბავშვობიდან მათთვის კარგად ნაცნობ თამაშებში ჩაერთვებიან, მაგრამ ამჯერად მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ტურნირის ჩემპიონებს (ან ჩემპიონს) ენით აღუწერელი სიმდიდრე ელით, დამარცხებულებს კი - სასტიკი სიკვდილი. თუმცა სონ გი-ჰუნი და სხვა პერსონაჟები ფიზიკურ სიკვდილს რომც გადაურჩნენ, მათ ძალიან გაუჭირდებათ, რომ მორალური ღირებულებები არ დაკარგონ. „კალმარის თამაში“ მონაწილეებისგან მოითხოვს, რომ მათ უარი თქვან ყველაფერ ადამიანურზე, რაც კი არის მათში.

ნუთუ ეს რამე ახალი სიუჟეტია? 

არავითარ შემთხვევაში! ფანტასტიკური რეალითი შოუს შესახებ ფილმები და სერიალები, რომლებშიც ღარიბები ან მონები მდიდართა ან ბატონთა გასართობად ერთმანეთს კლავენ, სულ მცირე, 90 წელია არსებობს.


1932 წელს გამოვიდა ამერიკული საშინელებათა ფილმი „ყველაზე საშიში თამაში“ . ეს იყო მოთხრობის ეკრანიზაცია, რომლის მთავარი გმირიც ნიუიორკელი მონადირე გახლდათ. ეს უკანასკნელი უდაბურ კუნძულზე აღმოჩნდება და მოულოდნელად რუსი არისტოკრატის სათამაშო ხდება. გასულ წელს, „ყველაზე საშიში თამაშის“ მიხედვით სერიალიც გამოვიდა, მაგრამ ვერ გახდა ახალი „შიმშილის თამაშები“, „მორბენალი“, „ხერხი“ და „სამეფო ბრძოლა“. 


დახურულ სივრცეში სოციალური ექსპერიმენტების შესახებ კინო ასევე მდიდარი ტრადიციის მქონე ჟანრია. ამ მიმართულებით ყველაზე თვალსაჩინო ბოლოდროინდელი მაგალითი სწორედ Netflix-ზე - ზე გამოჩნდა. ეს არის ესპანური ჰორორი „პლატფორმა“, რომლის გმირებიც აღმოჩნდებიან მრავალიარუსიან ციხეში, ცენტრში კი ჭაა. სწორედ აქედან ყოველ დღე ეშვება საკვებით სავსე პლატფორმა. მოწოდებული რაოდენობა შეიძლება ყველასთვის საკმარისი იყოს, მაგრამ საამისოდ ზედა სართულების ბინადრებმა უნდა იფიქრონ მათზე, ვინც ქვემოთ არიან. თვეში ერთხელ პატიმრები ადგილებს ცვლიან, თუმცა ეს მათ შეთანხმების მიღწევაში სულაც არ ეხმარება. 


შედარება, რომელსაც კორეული დრამა ვერ გაექცევა, არის ბონგ ჯუნ-ჰოს "პარაზიტი" (ირონიულია, რომ ერთხელაც ის HBO-ს სერიალი გახდება). ორივე ნამუშევარს საერთო მახასიათებლები აქვს. ეს არის კორეული ემოციები, ამაღელვებელი თხრობა, ვიზუალური ექსპრესიულობა და ჰუმანისტური გზავნილი. 

რით არის უნიკალური „კალმარის თამაში“?

კინომცოდნეთა ვარაუდით, სერიალის წარმატების საიდუმლო ორ რამეში მდგომარეობს. პირველი არის არაპროგნოზირებადობა და მეორე - გმირი. ყველა თამაშს, რომელსაც ექსპერიმენტის მონაწილეები აწყდებიან, მკაფიო წესები აქვს. მაყურებელი ხვდება, რომ ამ სასიკვდილო მარათონს მთავარმა გმირმა ბოლომდე ან თითქმის ბოლომდე მაინც უნდა გაუძლოს. თუმცა მომდევნო თამაშის პროგნოზირება თითქმის არასოდეს არის შესაძლებელი. 
ეს არის წლის ყველაზე მძაფრსიუჟეტიანი სერიალი (თუ არა ათწლეულის ან საუკუნის) და მასში მაყურებლის მოლოდინი უკავშირდება არა იმდენად თხრობას, არამედ პერსონაჟების ქცევას. ყოველ წამს მათი კეთილშობილებისა და თავგანწირვის იმედი გვაქვს, მაგრამ თან სიმხდალისა და სისასტიკისთვის ვემზადებით. ბრწყინვალედ შექმნილი პერსონაჟების არჩევანი კი ყოველ ჯერზე ჩიხში გვაქცევს. 


შოურანერი ჰვან დონ-ჰეკი სერიალის იდეის განივთარებას ათი წლის განმავლობაში წარუმატებლად ცდილობდა. რაღაც მომენტში მან ეს საქმე მიატოვა კიდეც, რადგან ლეპტოპის გაყიდვა მოუწია. თავის ნამუშევარში ჰვან დონ-ჰეკი ქმნის ასობით სიტუაციას, როდესაც მაყურებელი საკუთარ თავს უსვამს კითხვას: ასეთ ვითარებაში მე რას გავაკეთებდი? 
მოთამაშეებს აიძულებენ, გუნდებად დაიყონ. კაცებს არ სურთ ქალებისა და მოხუცის თავიანთ ჯგუფებში აყვანა. მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა დაასრულონ ექსპერიმენტი, თუ უმრავლესობა საპრიზო ფონდზე უარს იტყვის და ამ გადაწყვეტილებას ხმის მიცემით დააფიქსირებს. თუმცა გააკეთებენ კი ისინი ამას? ცოლ -ქმარმა ნახევარ საათში უნდა გადაწყვიტოს, რომელი მათგანი მოკვდება. იდუმალ ბუნკერში, სადაც ექსპერიმენტის მონაწილეებს ამყოფებენ, ფრაქციები და ბანდები სწრაფად ყალიბდება. არავინ იცის როგორ ებრძოლოს რამდენიმე კარგად ორგანიზებულ და დაუნდობელ ბოროტმოქმედს. კარგი ადამიანები ერთად იკრიბებიან, მაგრამ სოციალური ექსპერიმენტის ლოგიკა ხომ ასეთია - ადრე თუ გვიან, მათაც მოუწევთ ერთმანეთის გაწირვა. მეხუთე და მეექვსე სერიებში ხდება ისეთი რამ, რაც მთელ მსოფლიოში ასევე ძალიან პოპულარულ სერიალ "სამეფო კარის თამაშებშიც" კი არ დაესიზმრებოდათ. 


და ბოლოს, სერიალი არა მხოლოდ ოსტატურად არის დაწერილი, არამედ ძალიან ვირტუოზულადაა გადაღებული: მაყურებელი ყოველ კადრს განიცდის და თითოეულ მოკლულს თანაუგრძნობს, თან ნერვიულად იცინის, რადგან „კალმარის თამაში“ შავი კომედიაცაა. 


სერიალის წარმატების ახსნა მხოლოდ ავტორის ოსტატობით, ძალიან მარტივია. შესაძლოა, საქმე მთავარ გმირშია. მას ირგვლივ ყველას ვალი აქვს და ეს თანამედროვე ადამიანების ნევროზულ მდგომარეობას საკმაოდ შეესაბამება. გადარჩენისა და გონიერების შესანარჩუნებლად, მთავარი პერსონაჟი მუდმივად იხსენებს ბავშვობას. ის მიჰყვება იმავე გზას, რომელსაც მრავალი ფსიქოთერაპევტი ურჩევს თავის პაციენტებს, რომლებიც ზრდასრულ ასაკში თავიანთი ცხოვრებით უკმაყოფილონი არიან. მთავარი გმირი ფიქრობდა, რომ სწორედ ეს ზრდასრული ცხოვრება იქნებოდა თამაში, რომლის გავლაც მას შეეძლო. თუმცა წესების მიხედვით თამაშმა, როგორც ფლეშბეკიდან ირკვევა, ის სიღარიბემდე და შერცხვენამდე მიიყვანა. 


სერიალის გმირებს ჯერ კიდევ არ ესმით, რა მართავს მათ - ბედისწერა თუ საკუთარი ნება? „კალმარის თამაში“ არ დაისვენებს მანამ, სანამ არ აიძულებს უბედურ სონ გი-ჰუნს,  ყველაზე მტანჯველ კითხვებს უპასუხოს. მაყურებელს მხოლოდ ფსონების დადებაღა დარჩენია: რომელი გამოცდის შემდეგ  გაქრება საბოლოოდ მთავარი პერსონაჟის მოღიმარი და კეთილი თვალები?

სხვა თემები