28 ოქტომბერი 2021 - 11:03

მართალია თუ არა, რომ Covid-19-ის ვაქცინის შემდეგ მენსტრუალური ციკლი იცვლება?

ფოტო: shutterstock.coml,

უკვე რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელებსა და მედიაში სხვადასხვა ენაზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ მენსტრუალური ციკლი წყდება და / ან მისი რეჟიმი იცვლება. მაგალითად, ციკლი უფრო ჭარბი ხდება. ზოგიერთები ამას საგანგაშო ნიშნად მიიჩნევენ. შეშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და მენსტრუალურ ციკლს შორის ურთიერკავშირი ცუდად არის შესწავლილი. რა არის ცნობილი ამ ფენომენის შესახებ და მიიჩნევენ თუ არა ექიმები ციკლის ჩავარდნას შეშფოთების მიზეზად?

მოქმედებს თუ არა ვაქცინა მენსტრუაციაზე?

ჯერჯერობით, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ზოგიერთ საერთაშორისო სპეციალიზებულ ორგანიზაციაში მართლაც ბევრი ინფორმაცია შევიდა იმის შესახებ, რომ აცრის შემდეგ მენსტრუაცია მოულოდნელად დაიწყო ან პირიქით, ციკლი დაგვიანდა. თუმცა, აქ მთავარი და ძირითადი პრობლემა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარებაა. 

მენსტრუალურ ციკლზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს.  ეს შეიძლება იყოს როგორც ემოციური სტრესი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, ასევე, ტვინის სიმსივნე და თავად Covid-19. რადგან მენსტრუალური ციკლის ცვლილებები საკმაოდ ხშირია, უნდა ჩატარდეს კვლევა იმის გასაგებად, თუ რამდენად ხშირად ხდება ეს აცრის შემდეგ. 

სწორედ ამ მიზნით, აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა ხუთ ორგანიზაციას 1,67 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის  გრანტი გამოუყო. თუმცა ეს  მხოლოდ 2021 წლის აგვისტოში მოხდა და მკვლევრები ამ საკითხს ერთი წლის განმავლობაში შეისწავლიან. 

და ამ დროისთვის გვაქვს რამე ინფორმაცია, რასაც შეგვიძლია დავეყრდნოთ?

ჯერჯერობით, შეგვიძლია მხოლოდ ექსპერტთა დროებით დასკვნებს დავეყრდნოთ. ევროპის წამლის სააგენტომ ბოლო ორი თვის განმავლობაში Covid-ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ ახალი მონაცემები გამოქვეყნა. ორგანიზაციის ფარმაკოვიგილაციის რისკის შეფასების კომიტეტმა დაასკვნა: არანაირი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ Pfizer-BioNTech-ის, Moderna-ს, AstraZeneca-სა და Johnson & Johnson– ის მიერ წარმოებული ვაქცინები მენსტრუალურ ციკლზე გავლენას ახდენენ. გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო პრეპარატებისა და ჯანდაცვის  საკითხთა მარეგულირებელმა დეპარტამენტმა 2021 წლის 7 ოქტომბერს განახლებულ ანგარიშში ასევე დაასკვნა, რომ არ არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, თითქოს Covid- ვაქცინაციასა და მენსტრუალური ციკლის ცვლილებებს შორის რაიმე კავშირი არსებობს.

პრინციპში, არის თუ არა შესაძლო ცვლილებები საშიში?

როგორც ჩანს, არა. ჩვეულებისამებრ, ცვლილებები, რომლებსაც აცრილები უჩიოდნენ, დროებითი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილური ციკლი შეიძლება  ოვულაციის ჩავარდნაზე მიუთითებდეს, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ Covid-ვაქცინაცია ნაყოფიერებაზე გავლენას ახდენს. უფრო მეტიც, ადამიანებისთვის, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, რეკომენდირებულია აცრა, რადგან ფეხმძიმე ქალებში დაავადება ხშირად რთულად მიმდინარეობს. ამავე დროს, არაპროგნოზირებადი ციკლი და მენსტრუაცია, რა თქმა უნდა, შეიძლება არასასიამოვნო  იყოს ან არასასურველი ორსულობა გამოიწვიოს, თუ კონტრაცეფცია კალენდარული მეთოდით მიმდინარეობს.

თუმცა მენსტრუალური ციკლის დარღვევაზე რაღაც დროის მერე ნამდვილად ხომ უნდა ვინერვიულოთ?

Რა თქმა უნდა. მიზეზი შეიძლება იყოს მტკივნეული ციკლი, რომელიც ტკივილგამაყუჩებლების მიღების მიუხედავად, დისკომფორტს იწვევს. ასევე უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ორსულობის ტესტი უარყოფითია და მენსტრუაცია სამი თვე არ გქონიათ. თუ ციკლი ერთ კვირაზე მეტხანს გრძელდება, ესეც ექიმთან ვიზიტის მიზეზი უნდა გახდეს. სინამდვილეში, სპეციალისტთან კონსულტაციისთვის კიდევ ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეგიძლიათ ცოტა დაელოდოთ ან სცადოთ ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატები ან არამედიკამენტური საშუალებები.

სხვა თემები