25 ოქტომბერი 2021 - 09:14

რატომ ინფიცირდებიან COVID-19-ით სრულად აცრილი ადამიანები? ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა არ მუშაობს?

ფოტო: shutterstock.com

სრული იმუნიზაციის მიუხედავად, კორონავირუსით ინფიცირება და დაავადების ყველა სიმპტომის გამოვლინება იმ იშვიათ შემთხვევებს მიეკუთვნება, როდესაც ვაქცინა არაეფექტიანი აღმოჩნდა. თუმცა არის თუ არა ეს იმის მტკიცებულება, რომ აცრა არ გჭირდებათ, რადგან ის მაინც არაფერში გეხმარებათ? რა თქმა უნდა, არა! სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაქცინა, რომელიც ინფიცირებისგან არ იცავს, არაეფექტიანია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რეალობაა მხოლოდ ის, რომ კაცობრიობისთვის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი კორონავირუსის საწინააღმდეგო არცერთი ვაქცინა 100%-იან დაცვას არ იძლევა. რამდენად ეფექტიანია აცრა? როდის შეიძლება მან სასურველი შედეგი არ გამოიღოს და ამ პროცესში რა ფაქტორებია მნიშვნელოვანი? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს Deutsche Welle-მ უპასუხა.

რამდენად ეფექტიანია ვაქცინები?

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის (RKI) მონაცემებით, გერმანიაში დაშვებული ვაქცინების საშუალო ეფექტიანობამ 18-59 წლის ადამიანებისთვის გასული ცხრა თვის განმავლობაში 83%-ს მიაღწია. 60 წელს გადაცილებულ პირებთან მიმართებით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 82%-ს შეადგენს. ამ ასაკობრივი კატეგორიებისთვის, აცრილთა შემთხვევაში, დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან დაცვა 95% და 93%  იყო.


ამავდროულად, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შედეგად მიღებულ დაცვაზე დროის ფაქტორი ზემოქმედებს. "ჯერჯერობით, ერთი წელზე მეტი ხნის ვადით არცერთი ადამიანი არ არის აცრილი. ამიტომაც ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით, რამდენად ხანგრძლივია ვაქცინის ეფექტი", - განმარტავს იმუნოლოგიის გერმანული საზოგადოების პრეზიდენტი, ქრისტინ ფალკი DW-სთან ინტერვიუში. თუმცა, ამ ეტაპზე დანამდვილებით რაც უკვე ცნობილია არის ის, რომ ანტისხეულების რაოდენობა აცრიდან 6-9 თვის შემდეგ იკლებს. „ეს ფაქტი საერთოდ არ შემაწუხებდა, რომ არ გვქონდეს დელტა ვარიანტი, რომელიც უფრო გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის ყველა წინა მუტაცია”, - აცხადებს ფალკი.

როდის შეიძლება ვაქცინა არაეფექტიანი აღმოჩნდეს?

”თუ აცრის შედეგად წარმოქმნილი იმუნური დაცვა ვერ შეძლებს ანტისხეულების დახმარებით სპაიკ-ანტიგენებს წინააღმდეგობა გაუწიოს, ვირუსს შეუძლია ეს ბარიერი გადალახოს, უჯრედში შეაღწიოს და ინფექცია გამოიწვიოს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვაქცინამ არ იმუშავა“, - განმარტავს ჰანოვერის უმაღლესი სამედიცინო სკოლის ტრანსპლანტოიმუნოლოგიის ინსტიტუტის იმუნოლოგი.


რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, 67 661 პაციენტიდან მხოლოდ 0,56%-ის (ეს მაჩვენებელი 2021 წლის 1 თებერვლიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს) შემთხვევაში აღმოჩნდა ვაქცინაცია არაეფექტიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ დაავადება მძიმე ფორმით განუვითარდათ. გერმანიის მაგალითზე, აცრილ პაციენტებში გარდაცვლილთა რიცხვმა 1.06% შეადგინა. შედარებისთვის, იმავე გერმანიაში კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, როდესაც ვაქცინაცია ჯერ არ იყო დაწყებული, RKI-მ სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის 6.2%-ით შეაფასა.


გარდა ამისა, რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია: ”722 პაციენტიდან,  რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მიუხედავად, COVID-19-ით დაავადდნენ და გარდაიცვალნენ, 75%-ი 80 წელს გადაცილებული იყო. ეს ასახავს ამ დაავადების მაღალი სიკვდილიანობის რისკს, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინა ეფექტიანია“.

მართალია თუ არა, რომ აცრის არაეფექტიანობაზე პასუხისმგებლები აუცრელი პირები არიან?

არა, მაგრამ მათი ქცევა დიდ გავლენას ახდენს კორონავირუსის გავრცელებაზე, პანდემიასა და ჯანდაცვის სისტემების დატვირთვაზე. „RKI- ს ყოველკვირეული ანგარიშების თანახმად, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა ზრდა ძირითადად ფიქსირდება 60 წელს გადაცილებულ, აუცრელ პაციენტებში", - განმარტავს იმუნოლოგი ქრისტინ ფალკი.

თუ შემოდგომაზე ინფიცირების რაოდენობა გაიზრდება, მაშინ უპირველეს ყოვლისა, რისკის ქვეშ აუცრელი ადამიანები იქნებიან. თუმცა ფალკის განმარტებით, ასევე სავსებით შესაძლებელია აცრილი ადამიანებიც ადვილად დაინფიცირდნენ, რადგან ვირუსი არსად წასულა, ის კიდევ უფრო გაძლიერდა. გარდა ამისა, იმუნური დაცვა ყველა ადამიანს ერთნაირი არ აქვს. თუ აცრიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ იმუნიტეტი თანდათან სუსტდება, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის არის ასაკი, ქრონიკული დაავადებების არსებობა, აცრებს შორის ინტერვალი და თავად ვაქცინა. განსაკუთრებით ხშირად ამ პრობლემის წინაშე დგებიან მოხუცები და ონკოპაციენტები. 

ამიტომაც ვაქცინაციის მუდმივმოქმედმა კომისიამ (Stiko) 7 ოქტომბერს რეკომენდაცია გასცა, რომ 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის აცრის მესამე დოზა გაეკეთებინათ. ეგრეთ წოდებულ ბუსტერს სთავაზობენ საავადმყოფოებისა და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალს. ისრაელში კი მილიონზე მეტმა ადამიანმა კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზა უკვე გაიკეთა.

სხვა თემები