25 ოქტომბერი 2021 - 09:24

ისლამი თურქეთში: რა ემუქრება სეკულარიზმს?

ფოტო: shutterstock.com

რელიგიის საკითხთა სამმართველო თურქეთში სულ უფრო მძლავრი სტრუქტურა ხდება. კრიტიკოსები ამბობენ, რომ მისი ხელმძღვანელი ცდილობს, რელიგიასა და სახელმწიფოს შორის გავლებული მკვეთრი ზღვარი გააქროს. რა საფრთხე ემუქრება თურქეთში სეკულარიზმს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას Deutsche Welle შეეცადა.

რა ხდება თურქეთში?

თურქეთის რელიგიის საკითხთა სამმართველოს ხელმძღვანელი ალი ერბასი ცნობილია ისლამის კონსერვატიული ინტერპრეტაციითა და ისეთი შეხედულებებით, რომლებიც ბევრი თურქისთვის თანამედროვეობას აღარ შეესაბამება. COVID-19-ის პანდემიაში ერბასი ადანაშაულებდა ჰომოსექსუალებსა და იმ ადამიანებს, რომელთაც განქორწინება გადაწყვიტეს. ეს ერთ-ერთია იმ საეჭვო განცხადებებიდან, რომლებმაც კრიტიკის ქარ-ცეცხლი გამოიწვია.  მიუხედავად ამისა, 2017 წლიდან ერბასი, როგორც მთავარი ისლამური ავტორიტეტი, თურქულ საზოგადოებაში სულ უფრო დიდ როლს ასრულებს. 


მისი ყველაზე ხმამაღალი გამოსვლა იყო 2020 წლის ივლისში, როდესაც მას აია სოფიაში მეჩეთის გახსნის ცერემონია მიჰყავდა. თავისი პარასკევის ქადაგებისას ერბასს ხელში ხმალი ეჭირა. ოსმალეთის ტრადიციებზე დაფუძნებულმა ამ ჟესტმა საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა. ბევრმა ამაში თურქეთის რესპუბლიკური მემკვიდრეობიდან გასვლის გაცნობიერებული მცდელობა დაინახა.

ყურანის შესწავლის კურსები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის 

ამ ფაქტის შემდეგ ერბანი ქვეყნის კონსერვატიული ძალების ყველაზე მნიშვნელოვანი რუპორი გახდა. ამჟამად მისi ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული რელიგიის საკითხთა სამმართველო მოითხოვს, 4 -დან 6-წლამდე ასაკის ბავშვები ყურანის შემსწავლელ სავალდებულო კურსებს დაესწრონ. ამ მიზნის მისაღწევად კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან  მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იმავდროულად, ეს იდეა ბევრმა გააკრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი გამუდმებით იმეორებდა, რომ მას სურს მომავალი თაობა იყოს უფრო რელიგიური და ისლამურ-კონსერვატიული ღირებულებებით აღზრდილი. 


ერბასის უწყება ცდილობს, ციფრულ სამყაროშიც ჩაერთოს. რელიგიის საკითხთა სამმართველოს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, სახელწოდებით - „სოციალური ქსელების ეთიკა“ ნათქვამია, რომ სოციალური მედია უნდა დარეგულირდეს ისლამური სტრუქტურების მეშვეობით, რომლებიც მოსამართლეების როლს ასრულებენ და მათ იყენებენ ისეთი „არასწორი ქმედების“ დასასჯელად, რომელთაც კანონი არ ითვალისწინებს. თურქეთის ხელისუფლება ძალიან ცდილობს, ინტერნეტში თავისი ზეგავლენა მაქსიმალურად გაზარდოს.

"ისლამი ყველა სფეროში უნდა იყოს!"

ორი კვირის წინ ერბასმა ერდოღანთან ერთად თურქეთში მოსამართლეებისთვის ყოველწლიური ცერემონია გახსნა. ქვეყნის ისტორიაში პირველად ამ პროცესს თან ახლდა ლოცვა, რომელიც ქვეყნის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელმა აღავლინა. ოპოზიციისა და ლიბერალური ძალებისთვის ამ უწყების მზარდი გავლენა არის იმის სიგნალი, რომ თურქეთში რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპი იშლება. თუმცა ერბასი ცალსახად მხარს უჭერს თავისი სამმართველოს როლის გაძლიერებას და სვამს კითხვას: "რატომ არ უნდა იყოს რელიგია საზოგადოების თვალსაჩინო ნაწილი?" ის მხარს უჭერს ისლამის არსებობას საზოგადოების ყველა სფეროში, მათ შორის მართლმსაჯულებაში.

თურქეთში სეკულარიზმს ებრძვიან

ჟურნალისტი ბურჩუ კარაკასი, რომელიც რელიგიის საკითხთა სამმართველოს საქმიანობას შეისწავლის, ამ ტენდენციაზე შეშფოთებით საუბრობს. „ერბასის სიტყვები აჩვენებს, რომ სახელმწიფოს სურს, საზოგადოების ყველა სფერო რელიგიის მეშვეობით აკონტროლოს. თუ იქამდე ამ უწყების კომპეტენცია მხოლოდ ღვთისმსახურებით შემოიფარგლებოდა, დღეს უკვე ბევრად გაფართოებულია. მთავრობა სეკულარიზმის წინააღმდეგ ომს აწარმოებს და ამ ორგანიზაციას ინსტრუმენტად იყენებს“,-  წერს ჟურნალისტი. აღნიშნული უწყების გავლენის გაფართოებაზე მისი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდაც მიუთითებს. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 12.9 მილიარდ ლირას შეადგენს, 10 წლის წინ კი მხოლოდ 3 მილიარდი ლირა იყო. ამის ფონზე, ერბასის უფლებამოსილებაც გაფართოვდა, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს კი ის უწყების ხელმძღვანელად ხელახლა დაინიშნა.

სხვა თემები