31 ოქტომბერი 2021 - 16:49

COVID-19 ლატვიაში: როგორ მივიდა ქვეყანა მკაცრ ლოქდაუნამდე? 

ფოტო: Facebook

ლატვია, რომელიც პანდემიას აქამდე შედარებით წარმატებით უმკლავდებოდა, ამ შემოდგომაზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, მოსახლეობა კი ვაქცინაციას არ ჩქარობს. რატომ? საკითხში გარკვევას Deutsche Welle შეეცადა.

რა ხდება?

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ლატვია მკაცრი ლოქდაუნის პირობებში ცხოვრობს. ნებადართულია მხოლოდ პირველადი მოხმარების პროდუქციის მაღაზიები, საჯარო ღონისძიებები და შეკრებები კი აკრძალულია. რესტორნები, თეატრები და კინოთეატრები დაკეტილია, სწავლისა და მუშაობის პროცესი კი ძირითადად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. ქვეყანაში საღამოს 8-დან დილის 5 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს. ერთადერთი შეზღუდვა, რომელზეც ხელისუფლებამ უარი თქვა, საზღვრების ჩაკეტვაა. ექიმები კრიზისის მართვაში დაშვებული შეცდომების გამო, ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ. 

ლატვიაში მოსახლეობის მხოლოდ ნახევარია აცრილი

21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ლატვიაში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ეხება ყველას - როგორც აცრილებს, ასევე მათ, ვისაც ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებია. შეზღუდვების დარღვევისთვის ქვეყანაში მოქმედებს ჯარიმა, რომელიც 2 ათას ევრომდეა. ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ლატვიის თითქმის ორმილიონიანი მოსახლეობიდან მხოლოდ ნახევარია აცრილი და ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. რისკ-ჯგუფში არიან პენსიონერები. ისინი COVID-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოებში სხვებთან შედარებით უფრო ხშირად ხვდებიან. თუმცა აღნიშნული კატეგორიის წარმომადგენლები აცრას სულაც არ ჩქარობენ:  60 წელს გადაცილებულთა დაახლოებით 60%-ია  მხოლოდ აცრილი. 80 წელს გადაცილებულთა შორის კი ვაქცინირებულთა რაოდენობა ნახევარზე ნაკლებია. 

ექსპერტების განცხადებით, ახლა ლატვიას სასწრაფოდ ესაჭიროება ვაქცინაციის საკითხის მოგვარება. სპეციალისტების შეფასებით, პირველ რიგში, ქვეყნის ხანდაზმული მცხოვრებლები უნდა აიცრან, ეს  კი სპეციალურ სტრატეგიასა და სხვა არგუმენტებს მოითხოვს. „პენსიონერები ანტივაქსერები კი არ არიან, მანდ სხვა პრობლემებია. არ მჯერა, რომ ისინი აცრაზე მასობრივად  უარს იტყვიან, თუ მათთან მიზანმიმართულად ვიმუშავებთ. შეცდომა იყო ვაქცინაციის პროცესის ახალგაზრდებით დაწყება. უნდა მიგვემართა საზოგადოების ასაკოვანი ნაწილისთვის, მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების მეშვეობით“, - აღნიშნავს რიგის საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენელი უგა დუმფისი.

ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ლოქდაუნი საავადმყოფოებს მცირე დოზით მაინც განტვირთავს და  იმ ადამიანებს, რომელთაც ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებიათ, აცრის საშუალებას მისცემს. თუმცა სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ ლატვიამ სხვა ქვეყნების შეცდომები არ გაითვალისწინა და შეზღუდვების დაწესებაც დააგვიანა. არა და, ჯერ კიდევ ივლისში ექსპერტები ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ შემოდგომაზე სერიოზული პრობლემები დაიწყებოდა. ქვეყანაში იზრდება იმ პაციენტების რიცხვიც, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, მაგრამ ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის გამო შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ. როგორც ცნობილია, 18 ოქტომბრიდან ლატვიის საავადმყოფოების უმეტესობამ გეგმური სამედიცინო მომსახურება შეწყვიტა.

კორონავირუსი და ენობრივი ბარიერი

მედიაპორტალ rus.lsm.lv-ის ცნობით, ლატვიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ვაქცინაციის მიმართ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი რუსულენოვანი ლატვიელები არიან. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები ამა თუ იმ მიზეზით ინფორმაციას ლატვიურ ენაზე არ იღებენ. პოლიტიკოსები აგრძელებენ მუშაობას, თუ როგორ უნდა მიაწოდონ მათ ინფორმაცია სახელმწიფო ენის გარდა სხვა ენაზე და თან კანონი არ დაარღვიონ. 

„თუმცა ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია როგორც ლატვიურ, ასევე რუსულ ენაზე, ფაქტობრივად, ჩავარდა“, - დარწმუნებულია ლატვიელი პოლიტოლოგი ფილიპ რაევსკი. მისი აზრით, პანდემიის პირობებში ჩაკეტვების სერიისა და გარკვეული წარუმატებელი გადაწყვეტილებების გამო, ვითარებას ხელისუფლებისადმი ნდობის პრობლემაც ართულებს. თუმცა რაევსკის აზრით, ამჟამინდელმა ლოქდაუნმა შეიძლება ზოგადად შეარყიოს ვაქცინაციის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელზეც ლატვიის მთავრობა იმედებს ამყარებს.

"თუ ვაქცინაციის პროცესი წარუმატებელი იქნება და შეფერხდება, ვფიქრობ, რომ ლოქდაუნის გახანგრძლივების რისკი არსებობს. ენობრივ ბარიერზე ვისაუბრებდი იმ შემთხვევაში, ლატვიურ ენაზე წარმოებული კამპანია რომ წარმატებული ყოფილიყო. თუმცა ეს ასე არ მოხდა, ამიტომაც ლინგვისტურ საფუძველზე საზოგადოების დაყოფას არ ვისურვებდი“, - ამბობს DW-სთან ინტერვიუში ფილიპ რაევსკი.

ხელისუფლებისადმი ნდობა კორონავირუსის ეპოქაში

სოციოანთროპოლოგისა და რიგის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, კლავს სედლენიექსის აზრით, ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ერთთვიანი ლოქდაუნის განმავლობაში მოსახლეობა აზრს მკვეთრად შეიცვლის და სასწრაფო წესით აიცრება. მეცნიერი თვლის, რომ კრიზისმა აჩვენა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მთავრობის, პარლამენტისა და პარტიებისადმი დაბალ ნდობას. „ეს არ არის მხოლოდ სოციოლოგიური კურიოზები. როცა საზოგადოების ნორმალურ ცხოვრებას საფრთხე ემუქრება და პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა ცენტრალიზებული ქმედება, ხელისუფლების ინსტიტუტებისადმი ნდობის დაბალი დონე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი ხდება. ჩვენ ამას ადრე ყურადღებას არ ვაქცევდით და დარწმუნებული არ ვარ, რომ ახლა მაინც ვაქცევთ“, - აცხადებს სედლენიექსი.

სხვა თემები