26 ნოემბერი 2021 - 10:54

რა შეთქმულებას აწყობდა Google-ი Facebook-თან ერთად, რათა კონკურენტები გაენადგურებინა? რას მოიცავს კორპორაციის წინააღმდეგ მიმართული ანტიმონოპოლიური სარჩელი?

Google-მა ანტიმონოპოლიური სარეკლამო  კანონები არაერთხელ დაარღვია, -  ნათქვამია სარჩელში, რომელიც აშშ-ის ათზე მეტი შტატის გენერალურ პროკურორთა კოალიციამ წარადგინა. სამართლებრივი წარმოება კორპორაციასთან ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. ამჯერად კი განცხადების ახალი, უფრო სრულყოფილი ვერსია გამოქვეყნდა. სარჩელი მოიცავს Google-ის შიდა დოკუმენტებს, თანამშრომლების მიმოწერასა და სხვა მტკიცებულებებს, რაც პროკურორთა კოალიციის მტკიცებით, სარეკლამო ბაზარზე კომპანიის არაკეთილსინდისიერ ქცევას ადასტურებს. რაში ადანაშაულებენ Google-ს? 

ონლაინ-რეკლამების გამყიდველთა განადგურება 

2007 წელს Google-მა იყიდა DoubleClick-ი, რომელიც აშშ-ში იმ დროისთვის საბანერო რეკლამის წამყვან კომპანიას წარმოადგენდა. კორპორაციამ მასზე ორჯერ მეტი დახარჯა, ვიდრე ვიდეოჰოსტინგ YouTube-ზე - 3 მილიარდ დოლარზე მეტი. ონლაინ რეკლამის სხვა პროვაიდერები ამ გარიგებით აღშფოთებული იყვნენ. მათ Google-ი კონკურენციის განადგურებასა და ბაზრის მონოპოლიზებაში დაადანაშაულეს. 


კორპორაციასთან კონკურენციის მიზნით, რეკლამის პროვაიდერები გაერთიანდნენ და შეიმუშავეს ღია სარეკლამო აუქციონის საკუთარი მექანიზმი, რომელსაც header bidding-ი უწოდეს. რეკლამის განმთავსებლები საკუთარ მოთხოვნებს აქ დადებდნენ და ონლაინ სარეკლამო ბანერების მფლობელები არჩევანს აკეთებდნენ მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებდა. უკვე 2016 წლისთვის, აშშ-ს ონლაინ სარეკლამო ბანერების მფლობელთა დაახლოებით 70%-ი სწორედ header bidding-ით სარგებლობდა. აღნიშნული მოდელი რეკლამის განმთავსებლებმაც მასობრივად მიიღეს, რადგან ამან მათ საშუალება მისცა, ბირჟაზე რეკლამა გაცილებით უკეთეს ფასად ეყიდათ, ვიდრე Google სთავაზობდა. კორპორაციამ ეს მექანიზმი საფრთხედ მიიჩნია და გააკრიტიკა კიდეც. Google-ი ამტკიცებდა, რომ header bidding-ი ვებგვერდების მუშაობას ანელებდა. 

შეთქმულება Facebook-თან

მალე კომპანიებს, რომლებიც  header bidding-ს იყენებდნენ, ინტერნეტ-გიგანტი Facebook-იც შეუერთდა. ამის შესახებ 2017 წლის მარტში გახდა ცნობილი. ამავდროულად, Google-მა შექმნა header bidding-ის მსგავსი პლატფორმა - open bidding-ი. აქ სარეკლამო ბირჟებს სამომხმარებლო cookies ფაილებზე წვდომა არ ჰქონდათ და რეკლამისთვის ოპტიმალური ადგილის შესარჩევად ინფორმაციას ვერ აგროვებდნენ. 


თუმცა უკვე 2018 წელს, ორივე კორპორაციამ ხელი მოაწერა საიდუმლო ხელშეკრულებას, რომელსაც ჰქონდა კოდური სახელწოდება - "Jedi blue". ეს უკანასკნელი გულისხმობდა, რომ Facebook-ს header bidding-ის გამოყენებაზე უარი უნდა ეთქვა. Google-ის წინააღმდეგ სარჩელის ავტორებმა დაასკვნეს, რომ Facebook-ის განცხადება header bidding-თან თანამშრომლობის შესახებ დაგეგმილი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი იყო.


Facebook-ის თანამშრომელთა მიმოწერიდან ირკვევა, რომ Google-ის მიზანი „header bidding-ის მოკვლა“ იყო. სარჩელის ავტორთა მტკიცებით, ამის შესახებ სოციალური ქსელის ხელმძღვანელობამ იცოდა. შეთანხმების თანახმად, Facebook-მა header bidding- ით სარგებლობაზე უარი open bidding-ის აუქციონებში უპირატესობის სანაცვლოდ თქვა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, Facebook-ს ეკისრება დაბალი გადასახადი, მას მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციას უზიარებენ და სარეკლამო აუქციონებში გარკვეული შეღავათები აქვს - ეს ყველაფერი კი Google-ის პლატფორმის მხარდაჭერის სანაცვლოდ.

ზეწოლა რეკლამის განმთავსებლებზე

სარჩელის ავტორთა მტკიცებით, სარეკლამო ბირჟა Google AdX-ი რეკლამის განმთავსებლებს აკისრებს, სულ ცოტა, ორჯერ ან ოთხჯერ მეტ საკომისიოსაც კი, ვიდრე -  კონკურენტი პლატფორმები. Google-ის თანამშრომლების საუბრები, რომლებიც სარჩელში მაგალითად არის მოყვანილი, აჩვენებს, რომ აღნიშნული საკომისიო არაგონივრულად მაღალია. თავის მხრივ, მაღალი საკომისიო, ამტკიცებენ სარჩელის ავტორები, საბოლოოდ ამერიკელ მომხმარებლებს დააწვათ მხრებზე. ამის მიზეზი კი გაზრდილი ფასებია. 


კონკურენციის გასანადგურებლად Google-მა ასევე შექმნა Google AMP. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც მობილურ ტელეფონებზე გვერდების სწრაფად ჩატვირთვისთვის არის შექმნილი. სარჩელში ნათქვამია, რომ Google-მა  AMP ისე დააპროექტა, რომ მისი მეშვეობით header bidding-ს ცუდად ემუშავა. 


ონლაინ სარეკლამო ბანერების მფლობელებს თავდაპირველად არ სურდათ Google AMP-ის გამოყენება, რადგან მათ კორპორაციის მიერ დარიცხული კოლოსალური საკომისიოს გამო, მის კონკურენტებთან შედარებით, 40%-ით მეტი უნდა გადაეხადათ. თუმცა Google Search-მა დაიწყო ძიების შედეგებში არა-AMP გვერდების დაბლა ჩაჩოჩება და საუკეთესო ადგილების დაჯავშნა მათთვის, ვინც AMP-ს იყენებდა.

ფასებით მანიპულაცია

სარეკლამო ბირჟებზე ფსონების მანიპულირებისთვის, Google-მა შეიმუშავა პროგრამა Bernanke, რომელსაც ეს სახელი აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი თავმჯდომარის, ბენ ბერნანკეს პატივსაცემად ეწოდა. ასე რომ, Google-ი ფულს იღებდა როგორც თავისი ბირჟის გამოყენების საფასურს, ასევე- რეკლამის ყიდვის ინსტრუმენტით სარგებლობის გადასახადს. მხოლოდ ამ უკანასკნელი პუნქტის წყალობით, Google-ის მოგება  20%-ზე მეტით- დაახლოებით 230 მილიონი დოლარით გაიზარდა - ამტკიცებენ სარჩელის ავტორები.

Cookies-თან ბრძოლა საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით 

სარჩელის ავტორები ამტკიცებენ, რომ რეკლამის გონივრულ ფასად გაყიდვის მიზნით, ონლაინ სარეკლამო ბანერების მფლობელებს (და ბირჟებს, რომლებიც ამ ადგილებს მათი სახელით ყიდიან) უნდა შეეძლოთ მომხმარებლის იდენტიფიცირება, რათა მათ იცოდნენ რამდენი ნახვა აქვს კონკრეტულ რეკლამას, ეფექტიანად განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორია და სარეკლამო კამპანიებს თვალი ადევნონ. ამის გაკეთება შეიძლება cookies ფაილებით, რომლებიც ვებგერდებზე გროვდება. Google-ის შიდა კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ბირჟებს მომხმარებლების იდენტიფიცირება არ შეუძლიათ,  სარეკლამო ბირჟებზე ფასები შეიძლება დაახლოებით 50%-ით შემცირდეს. 


სარჩელის თანახმად, cookies  შეგროვების გასაკონტროლებლად Google-მა შექმნა ტექნოლოგია, რომელსაც Privacy Sandbox-ი ეწოდება. მისი მიზანია სარეკლამო გამომცემლების შესაძლებლობები შეზღუდოს. ამისთვის Google იყენებს საკუთარ ბრაუზერს -  Google Chrome-ს. სარჩელის თანახმად, 2022 წლის ბოლოსთვის Google გეგმავს, წაშალოს ბრაუზერში cookies მხარდაჭერა, რაც  მომხმარებელთა ინტერესების შესასწავლად აუცილებელია. თავად Google-ი ამ მონაცემების შეგროვებას გააგრძელებს. თუმცა ამჯერად რეკლამის გამომცემლებსა და განმთავსებლებს მასზე დამოუკიდებელი წვდომა არ ექნებათ - ის მხოლოდ Google-ისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

რით ემუქრება Google-ს ეს სარჩელი?

პროკურორები ითხოვენ, რომ კომპანია ანტიმონოპოლიური კანონების დამრღვევად აღიარონ და უკანონოდ მიღებული ყველა მოგება უკან დააბრუნოს. ისინი ასევე მოითხოვენ Google-ისგან, რომ მომხმარებლებისგან უკანონოდ მიღებული ყველა მონაცემი გაანადგუროს. სავარაუდოდ, საქმე სასამართლოს 2023 წელს გადაეცემა. 


თავის მხრივ, Google-მა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სარჩელს "სრული უზუსტობა" უწოდა და განაცხადა, რომ კომპანია "მტკიცედ დაიცავს თავს" მის მიმართ წაყენებული პრეტენზიებისგან, ამჯერად უკვე -სასამართლოში. 

ბოლო წლებში Google-ი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის რამდენჯერმე დაჯარიმდა. 2017 წელს ევროკავშირმა კომპანია Google Shopping-ისთვის უკანონო უპირატესობის მინიჭების გამო 2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა. 2018 წელს Google-ი მობილური მოწყობილობების ოპერაციული სისტემების ბაზარზე კონკურენციის ჩახშობის გამო  4,34 მილიარდი ევროთი დაჯარიმდა. 1,49 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი ჯარიმა კორპორაციამ 2019 წელს სარეკლამო პლატფორმა AdSense-ზე კონკურენტების წვდომის შეზღუდვისთვის მიიღო.  

სხვა თემები