30 ნოემბერი 2021 - 11:20

გსურთ წარმატებული დიზაინერი გახდეთ? მოკლე გზამკვლევი, თუ როგორ უნდა გაიკეთოთ ამ სფეროში კარიერა

ფოტო: Facebook

თანამედროვე შრომის ბაზარზე გრაფიკული დიზაინერი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ამ სპეციალობის ადამიანები მუშაობენ ბანკებსა და მედიაორგანიზაციებში, მუშაობენ ამა თუ იმ ბრენდის ვიზუალზე ან ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების შეფუთვას ქმნიან. თუ თქვენ დიზაინერობაზე დიდი ხანია ფიქრობთ, სწორედ რომ ამ იდეის რეალიზაციის დროა. რით უნდა დაიწყოთ და როგორ შეძლებთ ამ სფეროში საკუთარი თავის სწრაფად და წარმატებულად დამკვიდრებას?- ამაში უკვე ჩვენი გზამკვლევი დაგეხმარებათ.

დაიწყეთ პორტფოლიოს შექმნა, მაშინაც კი, თუ ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ხართ!

ცხადია, რომ დიზაინერის პროფესიის დაუფლებისთვის მნიშვნელოვანია ფუნდამენტური ბაზის არსებობა და ტექნიკური ინსტრუმენტების დაუფლება. როგორც კი შეისწავლით ისეთ პროგრამებს, როგორიცაა Photoshop-ი, Illustrator-ი და Figma, შეეცადეთ დაუყოვნებლივ შექმნათ თქვენი ნამუშევრების პორტფოლიო. მოიფიქრეთ საკუთარი პროექტი (თუნდაც ეს იყოს გამოგონილი ბრენდი ან პროდუქტი) და დაიწყეთ მისი განხორციელება. სამომავლოდ, სტაჟირების პროგრამის ან სამსახურის მოძებნა ბევრად გაგიადვილდებათ, თუ თვალსაჩინოებისთვის მზა ნამუშევრები გექნებათ.

საკუთარი შესაძლებლობები დიზაინის სხვადასხვა მიმართულებაში გამოსცადეთ!

გრაფიკული დიზაინი ვრცელი სფეროა. მაგალითად, გრაფიკულ დიზაინერს შეუძლია აიდენტიკისა და შეფუთვის დიზაინის შექმნა, ვებგვერდებსა და ანიმაციებზე მუშაობა, ასევე, სამგანზომილებიანი მოდელირება. უმარტივესი გზა იმის გასაგებად, თუ რომელია თქვენი მიმართულება არის ის, რომ ყველა მათგანი სცადოთ. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, რომელს უნდა ჩაუღრმავდეთ და თქვენი თვალთახედვის არეალი სწორედ იქ გაიფართოვოთ. აქვე უნდა გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტ მიმართულებას დაეუფლებით, მით უფრო ფართომასშტაბიანი პროექტების შექმნას შეძლებთ დამოუკიდებლად. 

აიმაღლეთ პროფესიული დონე

როგორც წესი, ამ პროფესიაში გამოიყოფა უმცროსი (junior), საშუალო (middle) და უფროსი (senior) დიზაინერი. მათთვის ფორმალური კრიტერიუმები არ არსებობს. მაგალითად, პატარა სტუდიის senior -დიზაინერი, დიდ სტუდიაში გადასვლისას შეიძლება junior-სპეციალისტი გახდეს. თუმცა უფრო ხშირად, თითოეული დონე გარკვეული უნარების ფლობა გულისხმობს.


-     როგორც წესი, დამწყებმა დიზაინერმა იცის ძირითადი პროგრამები, აქვს მცირე პორტფოლიო და შეუძლია გაუმკლავდეს მკაფიოდ დასახულ ამოცანებს. 


-    Middle- დიზაინერი უფრო ავტონომიურია. მას სამუშაოს სპეციფიკა და კლიენტის მოთხოვნები უკეთ ესმის, ასევე იცის როგორ წარმოადგინოს თავისი ნამუშევარი და თავისი ვიზუალური გადაწყვეტილებები დამაჯერებლად ახსნას. 


-    Senior- დიზაინერი არის ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტი. ის ძალიან კარგად იცნობს კლიენტს, გუნდთან ერთად ბევრს მუშაობს  და აქვს ორგანიზატორული ნიჭი. ასეთ პროფესიონალს მხოლოდ დავალებასა და მიმართულებას აძლევენ, შემდეგ კი გამოსავალს თავად იპოვის.

სწავლა არასდროს შეწყვიტოთ!

რამდენად სწრაფად გადახვალთ ერთი დონიდან მეორეზე, ეს თქვენს შესაძლებლობებსა და მიზანდასახულობაზეა დამოკიდებულია. მაღალ პროფესიულ დონემდე მიღწევას შეიძლება 3-დან 10-წლამდე მოანდომოთ, თუმცა ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი რამდენიმე კურსს გაივლის, სწავლების პარალელურად მუშაობს და რამდენიმე წელიწადში დიდი დიზაინ-სტუდიის პარტნიორი ხდება. 


პროცესის დასაჩქარებლად, თქვენ რაც შეიძლება მეტი პროექტის განხორციელება უნდა სცადოთ, თვალყური ადევნოთ ბაზარს და დიზაინერებს, რომელთა ნამუშევრებიც გაინტერესებთ. იდეალურ შემთხვევაში, სცადეთ მათთან სტაჟირების გავლა ან სამუშაოს მიღება (დიზაინის სტუდიები ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდებზე აქვეყნებენ). 
 

იფიქრეთ პერსპექტივაზე!

დიზაინერს აქვს ბევრი ვარიანტი, თუ სად შეიძლება განვითარდეს. ამიტომაც კარგი იქნებოდა წინასწარ გეფიქრათ იმაზე, თუ რომელი მიმართულებაა პოტენციურად თქვენს ინტერესებთან ყველაზე ახლოს. თუ ვიზიონერული აზროვნების მომძლავრებას გრძნობთ, შეგიძლიათ არტ-დირექტორი გახდეთ. ასეთი სპეციალისტი არსებითად შემოქმედებითი ლიდერია. ის საკუთარი ხელებით ცოტას მუშაობს: როგორც წესი, თავისი ხედვისა და მოსაზრებების წყალობით, არტ-დირექტორი კრეატივზე მუშაობს, მის იდეებს კი სხვა ადამიანები განახორციელებენ.

თუ გაინტერესებთ ბიზნესი და ოცნებობთ, რომ ერთ დღეს საკუთარი სტუდია გახსნათ, ოპტიმალური საწყისი წერტილია, გახდეთ კრეატიული პროდიუსერი, რომელიც სამუშაო პროცესს მართავს. ასეთი სპეციალისტი ურთიერთობს კლიენტსა და საკუთარ გუნდთან, ასევე კარგად ერკვევა ბაზრის სპეციფიკაში. მან იცის, კონკრეტული პროექტისთვის რომელი კონტრაქტორები შეიძლება დასჭირდეს, რამდენი იქნება მათი ანაზღაურება და სად შეიძლება მათი პოვნა.

თუ მენეჯერული პოზიცია დიდად არ გაღელვებთ, შეგიძლიათ უბრალოდ განავითაროთ დიზაინერული უნარ-ჩვევები და თქვენს სფეროში საუკეთესო იყოთ. კარგია, თუ სხვადასხვა მიმართულებით დაგროვილი გამოცდილების გაერთიანებას შეძლებთ. მაგალითად, საინტერესო იქნებოდა ბრენდინგისა და მოუშენის სინთეზი. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ვიწროა სპეციალიზაცია, მით მეტის გამომუშავება შეუძლია სპეციალისტს. ორ დაკავშირებულ სფეროში შეძენილი უნარების შერწყმით კი, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდოთ თქვენზე მოთხოვნა შრომის ბაზარზე და ამავე დროს  ინდივიდუალური სტილიც გაიუმჯობესოთ.

სხვა თემები