15 ნოემბერი 2021 - 10:08

მიგრანტები ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე: რისი გაკეთება შეუძლიათ ევროკავშირსა და ნატოს?

ფოტო: Reuters

ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე ვითარების გამწვავებამ ევროკავშირი აიძულა, მინსკის მონაწილეობით წარმოქმნილი მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად გზები ეძებოს. რა ნაბიჯები უნდა გადადგას ახლა ევროკავშირმა და ნატომ? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე პასუხები Deutsche Welle-მ მოიძია. 

რა ხდება?

ბრიუსელში პოლიტიკოსებისა და დიპლომატების განხილვის მთავარი თემა გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ათასობით მიგრანტი ბელარუსიდან პოლონეთში შეღწევას ცდილობს. მიგრაციული კრიზისი, რაშიც დასავლეთი ალექსანდრე ლუკაშენკოს ადანაშაულებს,  ივნისში დაიწყო. მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა პრობლემის გადაჭრის გზა აქამდე ვერ იპოვა.

ევროკავშირი ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმართული სანქციების მეხუთე პაკეტის შემოღებას ნოემბერში გეგმავს

ყველაზე თვალსაჩინო ინსტრუმენტი, რომელიც ამ სიტუაციაში ევროკავშირს გააჩნია, სანქციებია. სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი მინსკის წინააღმდეგ ასეთი ზომების მეხუთე პაკეტს ამზადებს. მოსალოდნელია, რომ საუბარი შეეხება იმ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან ბელარუსის გავლით მიგრანტების გადაყვანაზე არიან პასუხისმგებელი. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სანქციების ახალ პაკეტს ბრიუსელში 15 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ. შესაძლოა ეს დოკუმენტი იმავე დღეს მიიღონ, თუ ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა ყველა დეტალზე შეთანხმდება. 

კონკრეტულად ვინ მოხვდება სანქციების სიაში, ჯერჯერობით უცნობია. მოსალოდნელია, რომ ამ ჩამონათვალში იქნებიან ტურისტული სააგენტოები, რომლებიც ბელარუსში მიგრანტთა მოხვედრას უზრუნველყოფენ. თუმცა სანქციების მთავარი სამიზნეები მაინც მინსკის მიმართულებით მფრინავი ავიაკომპანიები იქნებიან. ყველაზე აქტიურად კი „ბელავიას“ წინააღმდეგ მიმართულ შეზღუდვებს განიხილავენ. სანქციების წინააღმდეგ პრინციპულად ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ საუბრობს, მაგრამ იყო დებატები, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს ზომები. 

საქმე ისაა, რომ „ბელავიას“ კომერციული ფლოტის ორ მესამედს დასავლური კომპანიებისგან, კერძოდ კი, ირლანდიიდან ლიზინგით აღებული თვითმფრინავები შეადგენენ. ოფიციალურმა დუბლინმა მხარი დაუჭირა სამომავლოდ „ბელავიასთვის“ ლიზინგის აკრძალვას, თუმცა არსებული კონტრაქტების დარღვევას რთული საკითხი უწოდა. 
 
შესაძლოა, სანქციები მხოლოდ „ბელავიათი“ არ შემოიფარგლოს. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი განიხილავს სანქციების დაწესების საკითხს „მესამე ქვეყნების ავიახაზების მიმართ, რომლებიც ადამიანების არალეგალურ გადაყვანაში მონაწილეობენ“. თუმცა ბელარუსში სხვა ავიაკომპანიებიც დაფრინავენ, მაგალითად, სირიული Cham Wings-ი ფრენებს დამასკოდან ახორციელებს.

ევროკავშირის საზღვრების დაცვა და Frontex-ი

ევროკავშირის საზღვრებზე წარმოქმნილ კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფად რეაგირებაზე სააგენტო Frontex-ი მუშაობს. ამ უკანასკნელს დახმარება ლიტვამ ჯერ კიდევ ივნისში სთხოვა და ახლა ქვეყანაში Frontex-ის რამდენიმე ათეული თანამშრომელი მუშაობს. ამ სააგენტოს წარმომადგენლები გვხვდებიან ლატვიაშიც. თუმცა პოლონეთი Frontex-ისთვის დახმარების თხოვნაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ მას აქვს საკმარისი ძალა და რესურსი, საკუთარი საზღვრები დაიცვას.


ისინი, ვინც ვარშავას ევროკავშირის დახმარების მიღებისკენ მოუწოდებენ, უპირველეს ყოვლისა, შეშფოთებული არიან ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარებით. თუმცა როგორც თავად ევროკავშირის, ისე მისი წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობები ვარშავის ქმედებების კრიტიკისგან ძირითადად თავს იკავებენ. თავად პოლონეთის ხელისუფლება მუდმივად ხაზს უსვამს იმას, რომ იცავს არა მხოლოდ საკუთარ საზღვრებს, არამედ - მთელ ევროკავშირს.

ევროკავშირი მიგრანტების წარმოშობის ქვეყნებთან დიალოგს აწარმოებს

ბელარუსი მიგრანტების წარმოშობის არცერთ ქვეყანას არ ესაზღვრება. ამიტომაც ბრიუსელი ცდილობს დაარწმუნოს თავად ეს სახელმწიფოები, რომ მიგრანტთა ნაკადი შეაჩერონ. ჯერჯერობით ერთადერთი დიდი წარმატება იყო ერაყის გადაწყვეტილება, რომელიც წლის ბოლომდე მინსკთან ფრენების შეჩერებას გულისხმობს. კიდევ ერთი მცდელობა, რომ დაარწმუნოს სხვა ქვეყნები ბაღდადის მაგალითს მიბაძონ, ექნება ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, მარგარიტის სქინასს. კონკრეტულად რომელ ქვეყნებში აქვს მას ვიზიტი დაგეგმილი, ჯერჯერობით უცნობია. 


ამავდროულად, ევროკომისიამ განაცხადა, რომ ანალოგიური თხოვნით მიმართეს ათზე მეტ ქვეყანას, კერძოდ, თურქეთს, ეგვიპტეს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საქართველოს, ტაჯიკეთს, კამერუნსა და პაკისტანს. გარდა ამისა, ბრიუსელში კიდევ 20-მდე ქვეყნის მონიტორინგი მიმდინარეობს. მათ შორის არის სირია, ირანი, ინდოეთი, ვენესუელა, ნიგერია, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი. კონკრეტულად რას აკვირდება ევროკომისია? ფრენების სიხშირეს, თვითმფრინავების რაოდენობას, რამდენი რეისია დაგეგმილი ბელარუსის მიმართულებით და რამდენი - უკან, - განმარტეს პრესსამსახურში. 


ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ ევროკომისია  გაეროსთან ერთად იმუშავებს იმაზე, თუ როგორ უნდა „ავიცილოთ თავიდან ჰუმანიტარული კრიზისის ესკალაცია და უზრუნველყოფილი იყოს მიგრანტების უსაფრთხოდ დაბრუნება მათი წარმოშობის ქვეყნებში, მათივე ნაციონალური ხელისუფლების მხარდაჭერით“. თუმცა ევროკავშირს მიგრანტების წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნებასთან დაკავშირებით პრობლემები უკვე წლებია აქვს, რადგან ეს შესაძლებელია მხოლოდ ამ სახელმწიფოების ან სატრანზიტო ქვეყნების თანხმობით. 

შეუძლია თუ არა ნატოს მიგრანტების შეჩერებაში დახმარება?

ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე არსებული სიტუაცია 10 ნოემბერს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა განიხილა. ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა DW-ს განუცხადა, რომ ალიანსის ქვეყნებმა ვარშავა მიგრაციული კრიზისის მიმართულებით სოლიდარულ დამოკიდებულებაში დაარწმუნეს. "ნატო მზად არის მხარდაჭერა გაუწიოს ჩვენს წევრ ქვეყნებსა და რეგიონში უსაფრთხოებას", - დასძინა ჩინოვნიკმა.

 
კონკრეტულად რა შეუძლია ნატოს დღევანდელ ვითარებაში? ალიანსის ჯარების პოლონეთში გაგზავნაზე საუბარიც კი ზედმეტია, რადგან ამ კრიზისს არანაირი სამხედრო კომპონენტი არ აქვს. მეორე მხრივ, სექტემბერში ნატომ ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირებისთვის  ლიტვაში ექსპერტთა ჯგუფი გაგზავნა. თუმცა ამას თავად ვილნიუსი ითხოვდა. 


რასაც ახლა ვარშავა ნატოს სთხოვს, პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერაა. კერძოდ ის, რომ ალიანსმა პარტნიორ ქვეყნებთან თავისი კავშირები გამოიყენოს, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში და დაარწმუნოს ისინი, ბელარუსის მიმართულებით ფრენები შეწყვიტონ, - განუცხადა DW-ს პოლონელმა დიპლომატმა ანონიმურობის დაცვის პირობით.

სხვა თემები